GENERAL, Thyroid gland

ყელში გაჩხერილი ბურთის შეგრძნება – ფარინგეალური გლობუსი

ფარინგეალური გლობუსი

ყელის მიდამოში დისკომფორტის არსებობა ერთ-ერთი ხშირი ჩივილია, რის გამოც პაციენტი ენდოკრინოლოგის კაბინეტში ხვდება.

ეს მოვლენა სხვადასხვაგვარად შეიძლება იყოს აღწერილი. მაგალითად, როგორც მოჭერის, მოხრჩობის ან შეშუპების მსგავსი შეგრძნება, ან როგორც ყელის ჩაწმენდის სურვილი, რასაც ახლავს ხშირი ჩახველება და ყველაზე ხშირად, როგორც ყელში გაჩხერილი ბურთი, რაც ფარინგეალური გლობუსის სახელით არის ცნობილი.

ფარინგეალური გლობუსი ძალიან გავრცელებული მდგომარეობაა და დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევარს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია ის. სიმპტომი ასოცირებულია დაავადებათა საკმაოდ ფართო სპექტრთან, თუმცა მათგან გამომწვევი ფაქტორი იშვიათადაა სერიოზული ორგანული დარღვევა.

ამ ჩივილით კლინიკაში მოხვედრილი ადამიანის გამოკვლევა იწყება სწორედ ორგანული მიზეზების გამორიცხვით.

ფარინგეალური გლობუსის ენდოკრინული მიზეზები

სიმპტომის ენდოკრინული მიზეზი შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის გადიდება კვანძით ან მის გარეშე.

ფარისებრი ჯირკვალი არის პეპლის ფორმის ორგანო, რომელიც კისრის წინა ქვედა ნაწილში მდებარეობს, ანუ იმ არეალში, სადაც უხშირესად ყელის ამ ტიპის დისკომფორტი აღინიშნება.

ამიტომ ხშირად პაციენტს უჩნდება ეჭვი, რომ ეს შემაწუხებელი შეგრძნება შესაძლოა სწორედ ფარისებრ ჯირკვალთან იყოს დაკავშირებული.

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის გამორიცხვა ხდება კისრის მიდამოს ხელით გასინჯვის და ულტრასონოგრაფიული გამოკვლევის საფუძველზე.

ფარისებრი ჯირკვლის გადიდება შეიძლება ახლდეს შემდეგ დაავადებებს:

გადიდებული ჯირკვალი შეიძლება მიაწვეს საყლაპავ და ასევე სასუნთქ მილებს და გამოიწვიოს კომპრესიის სიმპტომები. სწორედ ასე ვლინდება ბურთის ან სხვაგვარი შეგრძნება ყელის მიდამოში, თუ ის ნამდვილად ფარისებრი ჯირკვლით არის გამოწვეული.

აღსანიშნავია, რომ ფარისებრ ჯირკვალში აღმოჩენილი ყველა კვანძი ვერ იქნება სიმპტომის მიზეზი. მნიშვნელობა აქვს მის ზომას და მდებარეობას. უმეტესად ფარინგეალურ გლობუსს იწვევს კვანძი, რომლის ზომა მეტია 3 სმ-ზე და რომლის უმეტესი ნაწილი განთავსებულია ფარისებრი ჯირკვლის უკანა კედელზე საყლაპავისკენ.

კვანძის ან გადიდებული ჯირკვლის ქირურგიული ამოკვეთა ან კონსერვატული მკურნალობა მისი ზომის შესამცირებლად (თუ ეს შესაძლებელია მოცემული დიაგნოზისთვის), იწვევს ყელის შეგრძნებების გაუმჯობესებას, თუმცა თუ მისი მიზეზი რეალურად ფსიქოლოგიური ფაქტორებია, ოპერაციამ შესაძლოა არათუ გაუმჯობესება, არამედ ფარინგეალური გლობუსის გაუარესებაც კი გამოიწვიოს.

ამრიგად, მართალია, ყელში გაჩხერილი ბურთის მიზეზებს შორის პირველი ადგილი არ უჭირავს, მაგრამ შემთხვევათა გარკვეულ ნაწილში გამომწვევი სწორედ ფარისებრი ჯირკვალია.

ფარინგეალური გლობუსის გამომწვევი სხვა ყველაზე ხშირი მდგომარეობებია:

გასტროეზოფაგური რეფლუქსი – როცა კუჭის მჟავე წვენი ხვდება საყლაპავში და იწვევს მის მუდმივ გაღიზიანებას – ქრონიკულ ანთებით რეაქციას.

ფსიქოლოგიური მიზეზები – სტრესი, შფოთვა, დეპრესია, დაძაბულობა – ფარინგეალური გლობუსის ერთ-ერთი ხშირი გამომწვევი მიზეზია. ჩივილის მქონე ადამიანთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ სიმპტომი ჩნდება ან ძლიერდება სწორედ ემოციური აღელვებისას. ამავე დროს, ამ შეგრძნების არსებობა თავადვე იწვევს ემოციურ აღელვებას და სტრესს. ყველაზე ხშირად ეს დაკავშირებულია სიმსივნური დაავადების შიშთან. გამოკვლევები და პაციენტის დარწმუნება, რომ მას სერიოზული არაფერი სჭირს, ხშირად საკმარისია, რომ პაციენტი დამშვიდდეს და შედეგად სიმპტომიც შემსუბუქდეს.

ორგანული ანუ ხილული მიზეზებიდან ასევე უნდა გამოირიცხოს:

  • ყელის ანთებითი დაავადებები: ფარინგიტი, ტონზილიტი, სინუსიტი
  • საყლაპავის სფინქტერის დისფუნქცია
  • კისრის მალების ოსტეოფიტები
  • ცხვირის ლორწოს მოხვედრა ხახაში
  • დიაფრაგმის თიაქარი
  • ნამდვილი უცხო სხეულის არსებობა
  • ყელის იშვიათი სახეობის სიმსივნეები.

ფარინგეალური გლობუსის წარმომავლობის სწორად შესაფასებლად მნიშვნელოვანია სხვა ანამნეზური მონაცემების შეკრება და გათვალისწინება, მაგალითად:

  • უნდა გაირკვეს, ყელის დისკომფორტი ხანგამოშვებით ჩნდება, თუ მუდმივია და პროგრესირებს;
  • არის თუ არა ტკივილის შეგრძნება საკვების გადაყლაპვის დროს;
  • აღინიშნება თუ არა ტემპერატურის მომატება, სურდო და ვირუსული ინფექციის სხვა სიმპტომები;
  • ახლავს თუ არა ფსიქოგენური მოვლენები: ხელების კანკალი, უძილობა, შფოთვის შეგრძნება.

განსაკუთრებით საყურადღებო თანმხლები სიმპტომებია:

  • მუდმივი ხველა
  • მყარი საკვების ყლაპვის გაძლენება, რომელიც პროგრესირებს
  • ტკივილის შეგრძნება ყლაპვისას
  • სისხლიანი ნახველი
  • წონაში კლება

ამ მონაცემების შეგროვების პარალელურად უნდა მოხდეს ცხვირის, პირის, ყელის, კისრის მიდამოს დეტალური გამოკვლევა.

ონლაინ კონსულტაცია

გლობუსის სინდრომი

მას შემდეგ, რაც გამოირიცხება ორგანული დაავადებები, მივდივართ დიაგნოზამდე – გლობუსის სინდრომი. ანუ გლობუსის სინდრომის დროს არ არსებობს მისი გამომწვევი ხილული ორგანული დაზიანება. ის არის საყლაპავის ფუნქციური ტიპის პათოლოგია, რომელიც ხასიათდება ხანგამოშვებით ან მუდმივად ყელში სისავსის, ბურთის მაგვარი ან სხვა უცხო სხეულის არსებობის შეგრძნებით, რასაც არ ახლავს ტკივილი.

გლობუსის სინდრომის მიმდინარეობა ხშირად უარესდება ალკოჰოლის და თამბაქოს ჭარბად გამოყენების ფონზე.

პაციენტების ნაწილი აღნიშნავს, რომ დისკომფორტი დროებით ქრება სითხის ან ზოგ შემთხვევაში საკვების მიღების შემდეგ.

ფარინგეალური გლობუსის მკურნალობის პრინციპები

მკურნალობა უნდა წარიმართოს დადგენილი მიზეზის შესაბამისად. მაგალითად, რეფლუქსის მკურნალობა უნდა მოხდეს ანტაციდური პრეპარატებით; ჩატარდეს ფსიქოთერაპია, როცა მიზეზი ფსიქოგენურია.

ხოლო გლობუსის სინდრომის დროს, როცა ყელში ბურთის შეგრძნება ერთადერთი გამოვლინებაა და სხვა სიმპტომი არ ახლავს თან, ხშირად საკმარისია მხოლოდ პაციენტის დამშვიდებაც, რომ მას არ აქვს საშიში დაავადება. დისკომფორტის შესამსუბუქებლად ზოგ შემთხვევაში დადებით შედეგს იძლევა თამბაქოს, ალკოჰოლის და კოფეინის მოხმარების შეზღუდვა, ასევე ხმის ჰიგიენა – მაღალ ხმაზე საუბრისგან თავის არიდება.

ამრიგად, ექიმთან ვიზიტი და დამატებითი კვლევების ჩატარება საჭიროა, როცა ყელში გაჩხერილი ბურთის შეგრძნებას თან ახლავს:

  • ტკივილი ყელის ან კისრის მიდამოში
  • წონაში კლება
  • სიმპტომის უეცრად აღმოცენება 50 წელმე მეტი ასაკის პირებში
  • ღებინება
  • ყლაპვის გაძნელება
  • ტკივილი ყლაპვის დროს
  • მოხრჩობის შეგრძნება ყლაპვის დროს
  • ხმის შეცვლა – გაუხეშება
  • კუნთოვანი სისუსტე კისრის მიდამოში ან სხეულის სხვა ნაწილებში
  • წარმონაქმნის არსებობა კისრის მიდამოში, რომლის დანახვა ან ხელით შეგრძნება შესაძლებელია
  • სიმპტომების პროგრესული გაუარესება
  • სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს ინფექციაზე: ცხელება, გადიდებული ლიმფური ჯირკვლები.

Written by: Elga Giorgadze, MD (ექიმი ენდოკრინოლოგი)