GENERAL

THE IMPACT OF STRESS ON ENDOCRINE SYSTEM

სტრესის

სტრესი შეიძლება განისაზღვროს, როგორც რეაქცია ნებისმიერ ისეთ სიტუაციაზე, რომელიც არღვევს წონასწორობას ორგანიზმსა და მის გარემომცველ გარემოს შორის.

ზოგადად სტრესი ადამიანის არსებობის ბუნებრივი თანმდევია და ბევრ რამეში ეხმარება მას, თუმცა დღევანდელი ცხოვრება ზედმეტად გადატვირთულია სტრესული სიტუაციებით, რის გამოც ის ხშირად სხვადასხვა პრობლემის სათავედ გვევლინება.

ყველაზე გავრცელებული სტრესორებია:

  • არაადეკვატური დატვირთვა სამუშაო ადგილას
  • გამოცდები
  • ფსიქოსოციალური ტრავმა
  • ფიზიკური ტრავმა, მათ შორის ქირურგიული ჩარევები
  • ნებისმიერი დაავადება

როგორ ზემოქმედებს სტრესი ორგანიზმზე

სტრესს შეუძლია მისი აღმოცენების საპასუხად შეცვალოს ბევრი სხვადასხვა ჰორმონის კონცენტრაცია სისხლში.

ესენია: გლუკოკორტიკოიდები, კატექოლამინები, ზრდის ჰორმონი, პროლაქტინი, სასქესო ჰორმონები, ვაზოპრესინი, ინსულინი.

ამ ცვლილების ფიზიოლოგიური მიზანია ენერგიის მობილიზება იმისთვის, რომ ორგანიზმმა შეძლოს თავის დაცვა და ახალ პირობებთან შეგუება.

ამ მხრივ მწვავე სტრესი ერთჯერადად სასარგებლოა ორგანიზმისთვის, თუმცა, როდესაც ის იღებს ქრონიკულ ხასიათს, ეს კომპენსატორული პროცესები შეიძლება პათოლოგიურში გადაიზარდოს და გამოიწვიოს როგორც უკვე არსებული დაავადებების კლინიკურ სტატუსზე ზემოქმედება, ასევე ახალი დარღვევების აღმოცენებაც.

სტრესთან ასოცირებული ენდოკრინული დაავადებებია:

სტრესი და ფარისებრი ჯირკვალი

უკვე დიდი ხანია ცნობილია გრეივსის დაავადების და მისი თანმხლები თირეოტოქსიკოზის კავშირი სტრესთან.

ერთ-ერთი კვლევის შედეგების მიხედვით აღმოჩნდა, რომ თირეოტოქსიკოზის მქონე ახალგაზრდების 65%-ს ჰქონდა მიღებული ფსიქოლოგიური სტრესი ახლო წარსულში, ხოლო უფრო ასაკოვნებში მეტად გამოხატული იყო კავშირი ფიზიკურ სტრესთან.

არაერთი სხვა კვლევაც მიუთითებს, რომ გრეივსის თირეოტოქსიკოზის მქონე პირებს აქვს ბევრად უფრო სტრესული ცხოვრება და ასეთ პაციენტებში დაავადებაც უფრო აგრესიულად მიმდინარეობს.

გენეტიკური მიდრეკილების მქონე პირებში ქრონიკული სტრესი იწვევს თირეოტროპული ჰორმონის რეცეპტორების მიმართ აუტოაგრესიის დაწყებას, რაც უდევს კიდეც საფუძვლად ამ დაავადების აღმოცენებას.

უკვე არსებული გრეივსის დაავადების და მწვავე სტრესის თანხვედრა ასოცირებულია დაავადების პროგრესირების დაჩქარებასთან და თირეოტიქსიკოზის სიმპტომების გაუარესებასთან.

შედარებით ნაკლები მონაცემები არსებობს სტრესის და ჰაშიმოტოს თირეოიდიტის ურთიერთკავშირზე.

თუმცა სტრესთან დაკავშირებული ცვლილებები თირეოტროპული და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავების პროცესში მიუთითებს იმაზე, რომ სტრესს შეუძლია ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის გამოწვევა ჰიპოთირეოზის მიმართულებით.

თავის მხრივ, ჰიპოთირეოზსაც აქვს ნეგატიური გავლენა სტრესის მართვაზე.

შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი მდგომარეობა კვებავს ერთმანეთს: სტრესი აძლიერებს ჰიპოთირეოზს და ჰიპოთირეოზი შეიძლება იყო სტრესის დამძიმების მიზეზი.

ეს ფაქტი გათვალისწინებული უნდა იქნას მკურნალობის პროცესშიც და საჭიროების შემთხვევაში ამ ორი მდგომარეობის მართვა პარალელურ რეჟიმში უნდა მოხდეს.

სტრესი და შაქრიანი დიაბეტი

კვლევების მიხედვით, სტრესი შესაძლოა იყოს დიაბეტი ტიპი-1 ის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი მხოლოდ 5-დან 9 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში.

ქრონიკული სტრესის პირობებში განსაკუთრებულად იმატებს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკებიც.

სტრესი როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი გზით ახდენს მნიშვნელოვან გავლენას შაქრის რეგულირების პროცესზე და პრობლემას ქმნის დიაბეტიანისთვის.

თავის მხრივ, დიაბეტიც შეიძლება იყოს ქრონიკული სტრესის აღმოცენების მიზეზი, რაც დაკავშირებულია დიაგნოზის გაგებისას უარყოფით ემოციებთან, ხანგრძლივი მკურნალობის, ცხოვრების სტილის შეცვლის აუცილებლობასთან, შაქრის მუდმივი კონტროლის საჭიროებასთან და ინსულინის ინექციებთან.

ამასთან, უახლესი კვლევის თანახმად შაქრიანი დიაბეტის დროს დარღვეულია ერთ-ერთი მთავარი სტრესული ჰორმონის – კორტიზოლის დონის ნორმალური რეგულაცია ორგანიზმში.

ამიტომ, ამერიკის დიაბეტის ასოციაციის მტკიცებით, დიაბეტის მქონე პირმა ისევე უნდა იზრუნოს სულიერ ჯანმრთელობაზე, როგორც ფიზიკურზე. დიაბეტის ეფექტურ მართვაში ამ ორი კომპონენტის წილი 50/50-ზეა.

სასქესო ორგანოების ფუნქციის დარღვევა

ქალებში სტრესი ხდება მენსტრუალური ციკლის დარღვევების მიზეზი, რაც შვილოსნობის უნარზე ახდენს გავლენას, ასევე მამაკაცებშიც იწვევს უშვილობას სპერმატოზოიდების წარმოქმნის პროცესის დარღვევით, ზოგ შემთხვევაში იმპოტენციასაც კი.

სიმაღლეში ზრდის ფსიქოსოციალური შეფერხება

გენეტიკური განწყობის მქონე ბავშვებში განმეორებადი სტრესი სხვადასხვა ენდოკრინული ჰორმონის გამომუშავებაზე ახდენს ისეთ გავლენას, რისი შედეგიც არის სიმაღლეში ზრდის შეფერხება.

ერთ-ერთ კვლევაში დაფიქსირდა ზრდის ჰორმონის დეფიციტის აღდგენა სამ კვირის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ბავშვი გადავიდა არასტრესულ გარემოში.

Obesity

სტრესის ზეგავლენით განვითარებულ ნეიროენდოკრინულ ცვლილებებს შედეგად მოჰყვება მადის გაზრდა და მიღებული ცხიმების ჭარბი დამარაგება. ისე, რომ სტრესი შეიძლება ჩაითვალოს დღეისთვის არსებული სიმსუქნის პანდემიის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად.

სტრესი ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სხვა ენდოკრინული დაავადებების მიმდინარეობაზე და მართვაზე, მაგალითად, როდესაც აღინიშნება ადრენალური უკმარისობა, სასიცოცხლოდ აუცილებელია ძლიერი სტრესის შემთხვევაში მკურნალობის პროცესში შესაბამისი ცვლილებების შეტანა და გლუკოკორტიკოიდების დოზის გაზრდა.

ქრონიკული სტრესის არაენდოკრინული შედეგები

  • კუჭ-ნაწლავის პრობლემები
  • იმუნური სისტემის დასუსტება
  • ნერვული სისტემის დარღვევები: გაღიზიანებადობა, უძილობა, შფოთვა, დეპრესია, ინტერესების დაკარგვა, მეხსიერების პრობლემები
  • კარდიოვასკულური დარღვევები: გულისცემის გახშირება, არტერიული წნევის მატება, ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების მატება

სტრესის შემცირება

ცხადია, შეუძლებელია ჩვენს გარშემო არსებული სტრესორებისგან სრულად თავის არიდება, მაგრამ შესაძლებელია ჩვენი რეაგირება მასზე გავხადოთ განსხვავებული. ამ მიზნით შეიძლება კარგი დახმარება გაგვიწიოს შემდეგმა მეთოდებმა:

ღრმად სუნთქვა – ყოველ ჯერზე, როცა თავს სტრესის ზემოქმედების ქვეშ იგრძნობთ, რამდენიმე წუთის განმავლობაში ისუნთქეთ ნელა და ღრმად. კარგი იქნება თუ სტრესის გარეშეც ყოველდღიურად გამოყოფთ ამისთვის მცირე დროს. ამასთან, ეცადეთ ყოველი ამოსუნთქვისას თანმიმდევრობით მოადუნოთ სხვადასხვა ჯგუფის კუნთები: პირველ ამოსუნთქვაზე – ქვედა ყბის კუნთები, მეორე ამოსუნთქვაზე – კისრის კუნთები, შემდეგ მხრები და ასე თანმიმდევრობით, ვიდრე თავს დამშვიდებულად არ იგრძნობთ.

ფოკუსირება მიმდინარე მომენტზე – სტრესში ყოფნის დროს, როგორც წესი, გონებრივად ან წარსულში ვართ და განვიცდით იმას, რაც მოხდა, ან – მომავალში და ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ მოვიქცეთ. ასეთ დროს გარკვეული შვების მომტანია ფოკუსირება იმ მოქმედებაზე, რასაც აწმყოში, კონკრეტულ მომენტში ვაკეთებთ, მაგალითად, თუ მივირთმევთ, ვკონცენტრირდეთ საკვების გემოზე, თუ ვსეირნობთ, შევიგრძნოთ ფეხების მოძრაობა და ა. შ.

სიტუაციის გადაფასება – თუ მაგალითად თქვენ მოხვდით დიდ საცობში და შუძლებელია ამ მოცემულობის შეცვლა, შეხედეთ სიტუაციას სხვა მხრიდან: ჩათვალეთ, რომ ეს არის რამდენიმე წუთი გამოყოფილი საკუთარი თავისთვის, როდესაც თავისუფალი ხართ ყველანაირი ვალდებულებებისგან.

გადაერთეთ პოზიტიურ ფიქრებზე – სტრესის შესამსუბუქებლად გაიხსენეთ ყველა ის დეტალი, რისთვისაც ცხოვრების მადლობელი უნდა იყოთ: გაიხსენეთ, რომ გყავთ ოჯახი, მეგობრები, შეგიძლიათ სიარული, შეგიძლიათ საგნების დანახვა და ა. შ.

ჩამოთვლილ ქმედებებს შეუძლია დახმარება გაგვიწიოს უშუალოდ შფოთვის მომენტში. ხოლო უფრო გრძელვადიანი სიმშვიდის მოსაპოვებლად შეგვიძლია ყოველდღიურად ვიზრუნოთ სხვადასხვა მეთოდებით, როგორიცაა:

  • რეგულარული ფიზიკური დატვირთვა
  • სრულფასოვანი ძილი
  • მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან სოციალური მხარდაჭერის ძიება
  • თამბაქოს შეწყვეტა
  • ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებაზე უარის თქმა
  • ჯანსაღი კვება დაბალი ცხიმიანობის საკვებით
  • მედიტაცია
  • იოგა
  • ხშირი ღიმილი და სიცილი
  • წიგნის კითხვა
  • მუსიკის მოსმენა
  • არდადეგების მოწყობა
  • მოგზაურობა
  • საყიდლებზე სიარული
  • ხატვა
  • რაიმე ახალი ჰობის მოძებნა ან შესწავლა

ჯანსაღი ცხოვრების წესის გარდა, ჩამოთვლილთაგან ის, რაც ერთი პიროვნების შემთხვევაში კარგად მუშაობს, შეიძლება მეორესთვის ნაკლებ ეფექტური იყოს, ამიტომ ღირს სხვადასხვა ვარიანტების მოსინჯვა და საკუთარი თავისთვის შესაფერისის ამორჩევა.

ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)