Thyroid gland

ჰიპოთირეოზის მკურნალობის თავისებურებები

ჰიპოთირეოზის

საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენდოკრინოლოგიური დარღვევაა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური უკმარისობა, ანუ მდგომარეობა, როცა ჯირკვალი სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ უზრუნველყოფს ორგანიზმის მომარაგებას საჭირო რაოდენობის ჰორმონებით. ეს დაავადება ჰიპოთირეოზის სახელითაა ცნობილი.

ფარისებრი ჯირკვლის მიერ ჰორმონების ნორმალური წარმოება უმნიშვნელოვანესია ყველა უჯრედის გამართული მუშაობისთვის.

მკურნალობის მიზნები

უმეტეს შემთხვევაში პათოლოგიური ცვლილება ჯირკვალში შეუქცევადია და მისი ბუნებრივი ფუნქციონირების აღდგენა ვერ ხერხდება.

ამიტომ ჰიპოთირეოზის მკურნალობის მთავარი მიზანია მაქსიმალურად ნორმის ფარგლებში ჩანაცვლდეს ჯირკვლის დარღვეული ფუნქცია.

ეს მიიღწევა ლევოთიროქსინის პრეპარატებით, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივი ჰორმონის ხელოვნურად შექმნილ ანალოგს და ეს პრეპარატები მოქმედებს ზუსტად ისევე, როგორც ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი ორიგინალი ჰორმონი.

აქედან გამომდინარე, ლევოთიროქსინის პრეპარატები მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა მედიკამენტებისგან და მისი მისიაა იმ ნივთიერების ჩანაცვლება, რომელიც ისედაც უნდა იყოს ჯანმრთელ ორგანიზმში.

სწორედ აქედან მომდინარეობს მკურნალობის სტრატეგიული სახელწოდება „ჩანაცვლებითი თერაპია“.

მედიკამენტის დოზის შერჩევა და კონტროლის ინტენსივობა

მთავარი სიფრთხილე, რაც საჭიროა მედიკამენტის გამოყენებისას, დაკავშირებულია საჭირო დოზის სწორად შერჩევასთან.

არ უნდა მოხდეს დოზის გადამეტება ან პირიქით, ნაკლებობა. ამის კონტროლი ექიმის მიერ ხორციელდება.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ თითოეული ორგანიზმის მგრძნობელობა ლევოთიროქსინის მიმართ მკვეთრად განსხვავებულია.

როდესაც პაციენტთან პირველად ხდება პრეპარატის დანიშვნა საწყისი საორიენტაციო დოზა უნდა შეირჩეს სიფრთხილით და გათვალისწინებული უნდა იქნას წონა, ასაკი, თანმხლები დაავადებები და მდგომარეობები.

დოზის შემდგომი შემოწმება და კორექცია ხდება ფიზიკური გასინჯვის და TSH-ის გამოკვლევის საფუძველზე.

პირველი ვიზიტი ამ მიზნით ინიშნება დაახლოებით ერთ თვეში.

შესაფერისი დოზის მიგნების შემდეგ უკვე შეიძლება კონტროლის ინტენსივობის შემცირება და წელიწადის განმავლობაში ერთი ან ორი შემოწმების განხორციელება.

პრეპარატების შენაცვლება და მკურნალობის ეფექტურობის გამოვლინების ვადები

ლევოთიროქსინის პრეპარატი ხელმისაწვდომია რამდენიმე ბრენდული სახელწოდებით (საქართველოში ყველაზე ხშირად ინიშნება ეუთიროქსი და L-თიროქსინი).

ყველა მათგანის შემადგენლობაში ძირითადი ნივთიერება თიროქსინია, განსხავებულია მხოლოდ არააქტიური დამხმარე ნივთიერებები.

მიუხედავად ამისა, უმჯობესია მკურნალობა წარიმართოს ერთი დასახელების მედიკამენტით. პრეპარატის შეცვლის შემთხვევაში უნდა მოხდეს ხელახალი კონტროლი და დარწმუნება იმაში რომ დოზის შეცვლა არ არის საჭირო.

ეფექტის გამოვლინების ვადები ასევე ინდივიდუალურია, ზოგიერთ შემთხვევაში მკურნალობის დაწყებიდან ერთ-ორ კვირაში შეიმჩნევა სიმპტომების შემსუბუქება, მაგრამ თერაპიაზე სრული პასუხის მიღებას და მეტაბოლიზმის აღდგენას ადგილი აქვს ერთი ან ორი თვის შემდეგ.

საინტერესო ისტორიული ფაქტია ის, რომ მე-19 საუკუნეში ჰიპოთირეოზის მკურნალობისთვის გამოიყენებოდა ცხვრის ფარისებრი ჯირკვალი, იღებდნენ მის ექსტრაქტს ან პირდაპირ შემწვარს მიირთმევდნენ. უკვე მეოცე საუკუნეში ამავე მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა ღორის ფარისებრი ჯირკვალი, მისი შემცველობით პრეპარატები დღემდე არის ხელმისაწვდომი.

ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)

კონსულტაცია:

დიაგნოსტიკური ცენტრი დნმ პოლისი – თბილისი, მირიან მეფის ქ. 11ა, ტელ.: +995591523434


Read also: