GENERAL

10 RECOMMENDATIONS FOR HORMONAL HEALTH

ჰორმონული

ჰორმონული ბალანსის როლი უმნიშვნელოვანესია ზოგადი ჯანმრთელობისთვის.

ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოებისა და ევროპის ჰორმონისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის მიერ შემუშავებული იქნა 10 მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, თუ როგორ შეიძლება შედარებით მარტივი და ხელმისაწვდომი ქმედებებით გავაკონტროლოთ ჩვენი ჰორმონები და ჯანმრთელობა.

ჯანსაღი ცხოვრების წესი

ფიზიკური აქტივობა, ბალანსირებული კვება, მოწესრიგებული ძილის რეჟიმი – სამივე ფაქტორი აუცილებელი პირობაა ენდოკრინული სისტემის გამართული მუშაობისთვის.

1. ფიზიკური აქტივობა – მნიშვნელოვანი ფაქტორია ჰორმონული ბალანსისთვის. ფიზიკური დატვირთვა 1,5-2,5 სთ/კვირაში ხანგრძლივობით ეხმარება ორგანიზმს ჰორმონების სინთეზის სწორად წარმართვაში და მათი რაოდენობის რეგულირებაში. მჯდომარე ცხოვრების რეჟიმში შეტანილი მცირედი ცვლილებაც კი ჯანმრთელობის თვალსაჩინო გაუმჯობესებას იძლევა. ეს მცირედი ცვლილება კი შეიძლება იყოს თუნდაც ფეხით ან ველოსიპედით სიარული მანქანის გამოყენების ნაცვლად, როცა ეს შესაძლებელია. ან ლიფტის ჩანაცვლება კიბით და სხვ.

სტატია ფიზიკური აქტოვობის შესახებ:

2. ბალანსირებული ჯანსაღი კვება – ჰორმონული ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ან გაუმჯობესებისთვის აუცილებელი პირობაა. კვების რაციონში დიდი ადგილი უნდა ეკავოს ცოცხალ ხილს და ბოსტნეულს, მთლიანი მარცვლისგან დამზადებულ საკვებს. რაფინირებული პროდუქტის წილი კი მინიმუმადე უნდა იქნას დაყვანილი.

სტატიები ჯანსაღი კვების შესახებ:

3. მოწესრიგებული ძილის რეჟიმი – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ჰორმონული ბალანსისთვის. უწყვეტი ძილი მინიმუმ 7 საათით ღამის ერთიდაიგივე მონაკვეთში, უზრუნველყოფს ენერგიის სრულყოფილად აღდგენას მომდევნო დღისთვის. სწორი რეჟიმის შესანარჩუნებლად რეკომენდირებულია დაძინებამდე რამდენიმე საათის განმავლობაში ნოყიერი საკვების მიღებისგან და ეკრანის გამოყენებისგან თავის შეკავება.

სტატიები ძილის რეჟიმის შესახებ:

ჰორმონების დეფიციტის პრევენცია, როცა მისი თავიდან აცილება შესაძლებელია

D ვიტამინი, იოდი და კალციუმი ძირითადი ელემენტებია ენდოკრინული სისტემის გამართული მუშაობისთვის.

4. D ვიტამინის ოპტიმალური რაოდენობის შენარჩუნება – ამ მიზნის მისაღწევად უნდა მოხდეს შემოდგომა-ზამთრის პერიოდში საჭიროების შემთხვევაში ვიტამინის დანამატის სახით მიღება, დანარჩენ თბილ პერიოდში კი საკმარისია მზის აბაზანები. დამატებით, D ვიტამინის მარაგის შევსება შესაძლებელია ცხიმიანი სახეობის თევზების ჩართვით რაციონში, როგორიცაა ორაგული და სარდინი.

სტატიები D ვიტამინის შესახებ:

5. იოდის მიღების უზრუნველყოფა – ეს შესაძლებელია ისეთი საკვებით, როგორიცაა ზღვის პროდუქტები, კვერცხი, რძის ნაწარმი. იოდის დეფიციტის რეგიონებში მნიშვნელოვანია კვებაში იოდირებული მარილის გამოყენება, განსაკუთრებით ორსულებში.

სტატია იოდის შესახებ:

6. კალციუმით მდიდარი საკვების მიღება – როგორიც არის რძის ნაწარმი, ნუში, ლობიო, მუქი მწვანე შეფერილობის ბოსტნეული. ეს უზრუნველყოფს ძვლების და კბილების დაცვას. საჭიროების შემთხვევაში მიიღება ასევე დანამატის სახით ექიმის დანიშნულების საფუძველზე.

სტატია კალციუმის შესახებ:

ენდოკრინული სისტემის გამართული მუშაობის დამრღვევ ფაქტორებთან კონტაქტის არიდება

7. პლასტიკური შეფუთვები და ჭურჭელი – პლასტიკატში შემავალ ნივთიერებებს შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს ენდოკრინულ ორგანოთა ფუნქციონირებაზე . ამიტომ პლასტმასის ნივთების შეძენისას ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ის აუცილებლად იყოს BPA -free და BPS – free. უმჯობესია პლასტმასის კონტეინერები და ბოთლები ჩანაცვლებული იქნას შუშისგან ან უჟანგავი რკინისგან დამზადებული ჭურჭლით. უპირატესობა უნდა მიენიჭოს ონკანის წყლის გამოყენებას პლასტმასის ბოთლში ჩამოსხმული წყლის ნაცვლად. დაუშვებელია პლასტმასის მიკროტალღურ ღუმელში მოთავსება.

8. ჰაერის დაბინძურება სახლში და მის გარეთ – ჰაერი შეიძლება შეიცავდეს მავნე ნაერთებს. მათთან კონტაქტის შესამცირებლად სახლში რეგულარულად უნდა იწმინდებოდეს მტვერი და კარგად ნიავდებოდეს ოთახები.

9. თავის მოვლის საშუალებების და კოსმეტიკის შემადგენლობა – ასეთი პროდუქცია შეიძლება შეიცავდეს ჯანმრთელობისთვის არასასურველ კომპონენტებს. მათი შეძენისას საჭიროა შემოწმდეს შემადგენლობა და უარი ითქვას ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც შეიცავს შემდეგ ნივთიერებებს: ფტალატები, პარაბენები და ტრიკლოზანი.

ყურადღების გამახვილება ენდოკრინული დაავადებების ადრეულ გამოვლინებებზე

საწყისი დარღვევის დროული აღმოჩენა და მკურნალობა უფრო სერიოზული დაავადების ჩამოყალიბების პრევენციაა.

10. თუ აღინიშნება ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე , მაშინ მნიშვნელოვანია ექიმთან ვიზიტი და ზუსტი დიაგნოზის დადგენა:

  • წონაში კლება ან მატება აუხსნელი მიზეზით
  • სიცივის მიმართ აუტანლობა
  • მადის ცვლილებები
  • მტვრევადი ფრჩხილები და თმები
  • სისუსტე/დაღლილობა
  • კანის სიმშრალე
  • დეპრესია
  • გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება
  • ნაადრევი ან გვიანი სქესობრივი მომწიფების ნიშნები (გოგოებში 8-13 წლის და ბიჭებში 9-14 წლის ასაკის გარეთ)
  • მხოლოდ ზრდასრულებში: ლიბიდოს დაქვეითება, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, უშვილობა.

Author: Elga Giorgadze (MD of Endocrinology)