რა არის სიყვარული?
თუ აქამდე ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ტრადიციულად პოეტები, მწერლები, მსახიობები თუ მომღერლები ცდილობდნენ, დღეს უკვე შედარებით ნაკლებად რომანტიული პროფესიის წარმომადგენლებს – ენდოკრინოლოგებსაც საკმაოდ ბევრი სათქმელი დაგვიგროვდა იმის შესახებ, თუ რა არის სიყვარული.
საუკუნეების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ სიყვარული და ასევე სხვა ემოციებიც აღმოცენდება გულიდან. სინამდვილეში კი მის წარმოქმნას თავის ტვინი განაგებს.
ქიმიური თვალსაზრისით სიყვარული არის სხვადასხვა ნივთიერებების – ნეიროპეპტიდებისა და ნეიროტრანსმისტერების კოქტეილი.
მეცნიერებს შორის არის მოსაზრებაც, რომ სიყვარული არ არის პირდაპირი ემოცია, არამედ ის წარმოადგენს მოტივაციურ სისტემას, (ანუ სისტემა, რომელიც ორიენტირებულია სპეციფიკური სურვილების და საჭიროებების მიღწევაზე), რომელიც მოწოდებულია დაამყაროს და შეინარჩუნოს ურთიერთობები შესაფერის პარტნიორთან.
მართალია, სიყვარულის ქიმიური ფორმულის სრული სურათის მისაღებად ჯერ კიდევ ბევრი ინფორმაციის მოპოვებაა საჭირო, თუმცა უკვე კარგადაა ცნობილი მასში ჰორმონების წამყვანი როლი.
სიყვარულის ჰორმონები
სიყვარულის ყველაზე ადრეული ფაზა დაკავშირებულია ჰორმონ კორტიზოლთან.
ის სტრესული ჰორმონია და მისი ძირითადი ფუნქცია არის ორგანიზმის ძალების მობილიზება სტრესის წინააღმდეგ.
მსუბუქი ინტენსივობის სტრესი არის გამშვები მექანიზმის იმისთვის, რომ ადამიანმა დაიწყოს სიამოვნების, სიახლოვის, სოციალური კავშირების ძებნა.
კვლევების შედეგების მიხედვით, შეყვარებულ პირებში კორტიზოლის დონე უფრო მომატებული აღმოჩნდა, ვიდრე საკონტროლო ჯგუფში.
ეს “სიყვარულით განპირობებული ჰიპერკორტიზოლემია” არის გამომწვევი სიყვარულთან ხშირად ასოცირებული ისეთ გამოვლინებების, როგორიცაა აღელვება, ცახცახი, ნაწლავების გაზრდილი პერისტალტიკა.
ამრიგად, კორტიზოლი საფუძველს უყრის სიყვარულის ძიებისთვის მზაობას.
ამის შემდეგ კი, მკვლევარების აზრით, რომანტიული სიყვარული იყოფა სამ კატეგორიად. ესენია: ვნება, მიზიდულობა, შეკავშირება.
თითოეული მათგანის წარმოქმნაში ჰორმონების განსაზღვრული კომპლექტი მონაწილეობს.
ვნება
ამ გრძნობის ევოლუციურ საფუძველს წარმოადენს გამრავლების მოთხოვნილება, რაც ყველა ცოცხალ არსებას აერთიანებს.
მასზე პასუხისმგებელია სასქესო ჰორმონები: ტესტოსტერონი და ესტროგენი, რომელთა გამოყოფა ხდება სათესლე ჯირკვლების და საკვერცხეების მიერ თავის ტვინიდან მიღებული სტიმულების შედეგად.
ვნების ჩამოყალიბების პროცესში სასქესო ჰორმონების როლებიდან წამყვანია ლიბიდოს, ანუ სექსუალური ლტოლვის გაძლიერება.
მართალია, ხშირად შევხვდებით ამ ჰორმონების დაყოფას კაცის და ქალის ჰორმონებად (ტესტოსტერონი მიჩნეულია კაცის და ესტროგენი – ქალის ჰორმონად), მაგრამ ეს დიფერენცირება გარკვეულწილად ფორმალურია.
ორივე მათგანის არსებობა აუცილებელია როგორც კაცის, ასევე ქალის ორგანიზმში და სექსუალური თუ სხვა ტიპის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია დაცული იყოს მათი სწორი თანაფარდობა – ბალანსი.
მიზიდულობა
დოფამინი და ნორეპინეფრინი ის ჰორმონებია, რომლებიც მიზიდულობის შეგრძნების ჩამოყალიბებაში იღებენ მონაწილეობას.
მათი მოქმედება იწვევს ეიფორიულ მდგომარეობას, მოტივაციის გაზრდას, სიამოვნების და კმაყოფილების შეგრძნებას.
ნორეპინეფრინის აქტივობის მომატებით ხდება ენერგიის მოზღვავება, მადის დაქვეითება და უძილობა, ადამიანი ხდება უფრო მობილიზებული და ყურადღებიანი.
ის ასევე გავლენას ახდენს პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე და იწვევს გულისცემის აჩქარებას, ოფლიანობის მომატებას, ცახაცხის შეგრძნებას.
აღსანიშნავია, რომ დოფამინის როლი აღმოჩენილია სხვადასხვა ტიპის ფსიქოლოგიური დამოკიდებულებების შესწავლისას.
მაგალითად, ნარკოტიკული საშუალებების ან ტკბილეულის მიღებისას აქტიურდება თავის ტვინის იგივე უბანი, რომელიც მიზიდულობის შექმნას და დოფამინის გამომუშავებას უზრუნველყოფს.
მიზიდულობის პროცესში მონაწილეობს ასევე ჰორმონი სეროტონინი, რომელიც გუნება-განწყობის მაკონტროლებლად მიიჩნევა.
შეკავშირება
ეს კომპონენტი წამყვანია ხანგრძლივი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის.
სხვა ორი კომპონენტისგან განსხვავებით, ის არ არის ექსკლუზიურად რომანტიული სიყვარულის მახასიათებელი, არამედ ასევე განაპირობებს მეგობრულ, დედა-შვილურ და სხვა კავშირებს.
ორი მთავარი ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია სიყვარულის ამ ფაზაზე, არის: ოქსიტოცინი და ვაზოპრესინი.
ოქსიტოცინის როლი სიყვარულის შეგრძნების ჩამოყალიბებაში და შენარჩუნებაში ყველაზე მეტი ინტერესის და დაკვირვების ქვეშ არის მოქცეული.
ის თავის ტვინში ააქტიურებს მოტივაციის და სიამოვნების ცენტრებს და საფუძველს უყრის მონოგამიურ ურთიერთობებს.
მონოგამიის ჩამოყალიბება ევოლუციურად გახდა საჭირო იმ სახეობებში, რომელთა ნაყოფისთვის ორივე მშობლის მზრუნველობა არის კრიტიკულად აუცილებელი.
ასეთი ურთიერთობა დადებითად აისახება თავად მშობლებზეც.
სტაბილურ ქორწინებაში მყოფი პირების სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მეტია მარტოხელებთან შედარებით. ხანგრძლივი ოჯახური კავშირები უარყოფით კორელაციაშია დეპრესიასთან და დადებითად აისახება იმუნურ და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.
ოქსიტოცინს ჩახუტების ჰორმონსაც უწოდებენ. დოფამინის მსგავსად ისიც წარმოიქმნება თავის ტვინში, კერძოდ, ჰიპოთალამუსში და მისი გამოყოფა განსაკუთრებულად აქტიურდება სექსის, ძუძუთი კვების და მშობიარობის დროს.
მართალია, ამ ჩამოთვლილთაგან ყველა მდგომარეობა სიამოვნებასთან არ ასოცირდება, მაგრამ მთავარი ფაქტორი აქ არის ის, რომ ყველა ეს პროცესი წარმოადგენს სხვადასხვა ტიპის მყარი კავშირების ჩამოყალიბების წინაპირობას.
დაკვირვებების შედეგების მიხედვით, იმ წყვილებს, ვისაც უფრო ხშირად აქვთ სექსი, უფრო მყარი კავშირები აქვთ ერთმანეთთან, რაც სწორედ ოქსიტოცინის ეფექტითაა განპირობებული.
დროთა განმავლობაში, როცა ინტიმის სიხშირე მცირდება, მეწყვილეებს შორის კავშირი შეიძლება შესუსტდეს, მაგრამ მის აღდგენაში დახმარების გაწევა შეუძლია ისეთ ქმედებებს, რომლებიც ოქსიტოცინის გამომუშავების სტუმულირებას ახდენენ.
ესენია: პარტნიორის თვალებში ყურება, ხელების ჩაკიდება, კოცნა, ჩახუტება და სექსით დაკავება. მკვლევარების აზრით, ეს ის მექანიზმებია, რომლებიც უზრუნველყოფენ ოქსიტოცინის დიდი რაოდენობით გამომუშავებას და წყვილს შორის კავშირების გამყარებას.
ერთი ყნოსვით შეყვარება?
კიდევ ერთი ქიმიური ნაერთი, რომელიც შესაძლოა ჩართული იყოს პარტნიორის შერჩევის პროცესში, ეს არის ფერომონი.
მისი გამოყოფა ხდება კანის ზედაპირზე ოფლთან ერთად საოფლე ჯირკვლების სპეციფიკური ქვეჯგუფის მიერ და ის ქმნის სხეულის არამკვეთრ სპეციფიკურ სურნელს.
ფერომონების მოქმედება კარგადაა შესწავლილი ცხოველებში და ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ერთი სახეობის წარმომადგენლებს შორის პარტნიორის შერჩევის და ასევე სხვა ტიპის კომუნიკაციის პროცესებში.
ადამიანებში კი, მართალია სათანადო მტკიცებულებები ჯერ არ გვაქვს, მაგრამ მიიჩნევა, რომ ფერომონების მიერ შექმნილი სურნელი შესაძლოა მნიშვნელოვან როლს თამაშობდეს ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას.
Written by: Elga Giorgadze, MD (ექიმი ენდოკრინოლოგი)
სამუშაო ადგილი:
დიაგნოსტიკური ცენტრი დნმ პოლისი – თბილისი, მირიან მეფის ქ. 11ა, ტელ.: +995591523434