პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის (PCOS) სახელით ცნობილი მდგომარეობა სტატისტიკის მიხედვით ყოველი 8 ქალიდან 1-ს აღენიშნება. გავრცელების საერთო რაოდენობა კი მსოფლიოს მასშტაბით 170 მილიონს აღწევს.
სამედიცინო საზოგადოების წევრები უკვე დიდი ხანია მიუთითებენ დაავადების სახელწოდების ცვლილების საჭიროებაზე (NIH რეკომენდაცია 2012 წელს), იმ ნაკლოვანებების გამო, რასაც სახელწოდება ..პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი” მოიცავს და იმ პოტენციური დამაზიანებელი ზეგავლენის გამო, რაც არასწორ ნომენკლატურას დაავადების მართვაზე და გამოსავალზე შეიძლება ჰქონდეს.
რატომ დადგა საკითხი დღის წესრიგში
პირველ რიგში, სახელწოდება ,,პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი” ხაზს უსვამს საკვერცხეში პათოლოგიური ცისტური წარმონაქმნების არსებობას, რაც სინამდვილეში არ არის ცისტა – ეს არის ნორმალური ფოლიკული, რომლის ზრდა გარკვეულ ეტაპზე შეფერხებულია.
სახელწოდება ვერ ასახავს დაავადების კომპლექსურ ეტიოლოგიას, რაშიც შედის: გენეტიკური, ენდოკრინული, მეტაბოლური კომპონენტები.
ის ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ ერთ ორგანოზე – საკვერცხეზე, მაშინ როცა დაავადება მრავალ სისტემას მოიცავს.
მასში გამოტოვებულია მულტისისტემური საფუძველი და მიდგომა – მაშინ, როცა მის ქვეშ მოიაზრება მთელი რიგი დარღვევების არსებობა, როგორიცაა:
მეტაბოლური – სიმსუქნე, დისგლიკემია, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტენზია, დისლიპიდემია, სტეატოჰეპატოზი, კარდიოვასკულური დაავადებები, ძილის აპნოე.
რეპროდუქციული – ოვულაციის დარღვევები, არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, უშვილობა, ორსულობის გართულებები, ენდომეტრიული სიმსივნე.
ფსიქოლოგიური – დეპრესია, შფოთვა, ცხოვრების ხარისხის დაქვეითება, კვებითი აშლილობა.
დერმატოლოგიური – აკნე, ალოპეცია, ჰირსუტიზმი.
ამ მნიშვნელოვანი აქცენტების არარსებობა სახელწოდებაში ხშირად ხდება მიზეზი: დაგვიანებული დიაგნოსტირების, ფრაგმენტული მართვის, საზოგადოებრივი სტიგმის გაძლიერების, ასევე კვლევით ნაწილში შეზრუდვების არსებობის. სტატისტიკის მიხედვით, დაავადების შემთხვევათა 70%-ზე მეტი დიაგნოსტირების მიღმა რჩება.
კონსესუსის პროცესი
სახელწოდების შესაცვლელად დაიგეგმა და შესრულდა უპრეცენდენტო გლობალური მასშტაბის, მკაცრად თანმიმდევრული, მრავალსაფეხურიანი შეთანხმების პროცესი.
ორგანიზატორები: Monash University, Verity PCOS UK, AE-PCOS Society.
კოლაბორაცია: 56 წამყვანი აკადემიური, კლინიკური, პაციენტთა ორგანიზაცია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
ჩართული დისციპლინები: მეანობა/გინეკოლოგია, ენდოკრინოლოგია, მეტაბოლური ჯანმრთელობა, შვილოსნობა, პედიატრია, დერმატოლოგია, პირველადი ჯანდაცვა, ფსიქოლოგია, ნუტრიციოლოგია, რადიოლოგია, საექთნო საქმე.
პაციენტთა ორგანიზაციები: ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, ევროპა, აზია, აფრიკა, სამხრეთ ამერიკა, შუა აღმოსავლეთი.
ახალი სახელწოდების შერჩევის პროცესში გათვალისწინებული პრინციპები
მეცნიერული სიზუსტე: პოლიენდოკრინული და მეტაბოლური პათოფიზიოლოგიის ასახვა, არაზუსტი ტერმინის ,,ცისტის” ამოღება.
სიცხადე კომუნიკაციის პროცესში: ადვილად გასაგები ფორმულირება პაციენტებისთვის, კლინიცისტებისთვის, მკვლევარებისთვის და საზოგადოებისთვის.
პაციენტთა შედეგები და გამოსავლები: დიაგნოსტირების, ცნობიერების ამაღლების, მტკიცებულებებზე დაყრდნობილი მართვის ხელშეწყობა.
მულტიკულტურული შესაბამისობა: გლობალური მასშტაბით მისაღები და ადვილად ინტერპრეტირებადი ტერმინების გამოყენება.
სტიგმის თავიდან აცილება: რეპროდუქციული და ფერტილობასთან დაკავშირებული ტერმინების გამორიცხვა უშვილობასთან დაკავშირებული სტიგმის კონტექსტში მოწყვლადი რეგიონებისთვის.
დანერგვის განხორციელება: კოორდინირებული ტრანზაქციის შესაძლებლობა კლინიკურ და კვლევით პრაქტიკებში.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით შემუშავდა ტერმინი ახალი სახელწოდებისთვის: პოლიენდოკრინული მეტაბოლურ ოვარიული სინდრომი (PMOS)
პოლიენდოკრინული (P) – ასახავს ჰორმონების კომპლექსურ დარღვევებს (ინსულინი, ანდროგენები, მალუთეინიზებელი ჰორმონი, ანტიმიულერის ჰორმონი, ადიპოკინები). ევოლუციურად მიმსგავსებულია ძველ სახელწოდებაში პირველ ინიციალს.
მეტაბოლური (M) – კარდიომეტაბოლური დატვირთვის ასახვა: ინსულინრეზისტენტობის, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის, კარდიოვასკულური დაავადებების, სტეატოჰეპატოზის, ჰიპერტენზიის მომატებული რისკები.
ოვარიული (O) – ანტიმიულერის ჰორმონის, ფოლიკულოგენეზის დარღვევა და სტეროიდოგენეზი. ტერმინი უფრო ფართო გაგებისაა, ვიდრე უბრალოდ საკვერცხე.
დიაგნოსტირება
უცვლელი რჩება დიაგნოსტირების კრიტერიუმები:
20 წელზე მეტი ასაკის ზრდასრულებში დიაგნოზი დასტურდება, როცა გამორიცხულია სხვა ნოზოლოგიები და მოცემული საერთაშორისო გაიდლაინებით განსაზღვრული კრიტერიუმებიდან აღინიშნება მინიმუმ ორი მათგანი:
- (1) ოლიგო- ან ანოვულაცია
- (2) კლინიკური და/ან ბიოქიმიური ჰიპერანდროგენიზმი
- (3) პოლიცისტური საკვერცხეები ულტრაბგერითი კვლევით ან მომატებული ანტიმიულერის ჰორმონი.
მოზარდებში (10-დან 19 წლამდე ასაკში) დიაგნოსტირებისთვის საჭიროა აღინიშნებოდეს:
- (1) ოლიგო- ან ანოვულაცია; და
- (2) კლინიკური და/ან ბიოქიმიური ჰიპერანდროგენიზმი
- სხვა ეტიოლოგიის გამორიცხვა
მაშ ასე: პოლიენდოკრინული მეტაბოლურ ოვარიული სინდრომი (PMOS)
ორგანიზატორების რწმენით, ნომენკლატურის მეცნიერული ევოლუცია და გაუმჯობესებული სიზუსტე აამაღლებს ცნობიერებას, დიაგნოზტირების სიზუსტეს, მართვის ხარისხს, კვლევის თანმიმდევრულობას და ჯანმრთელობის საერთო გამოსავალს.
სრული გადასვლა და ახალი სახელწოდების საერთაშორისო გაიდლაინში ინტეგრაცია 2028 წელს დასრულდება.
წყარო:
ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)
(სტატიის კოპირება ავტორის ნებართვის გარეშე დაუშვებელია)






