ზოგადი

ნამზეური, მზე და ენდოკრინული ჯანმრთელობა

ნამზეური

ზაფხულის დადგომასთან ერთად აქტუალური ხდება ნამზეურით კანის შეფერვა. ბევრისთვის გარუჯული კანი ჯანმრთელობის, სილამაზისა და დასვენების სიმბოლოა. თუმცა მართლაც ასეა ეს?

რა ხდება კანში გარუჯვის დროს, რა გავლენას ახდენს მზე ენდოკრინულ სისტემაზე, არსებობს თუ არა უსაფრთხო რუჯი და რა არის დღეისთვის დადასტურებული მეცნიერების მიერ?

რა არის ნამზეური

რუჯი სინამდვილეში კანის დამცავი რეაქციაა მზის ულტრაიისფერი (UV) გამოსხივების მიმართ.

ამ ტიპის სხივები აღწევს კანში და მაღალი ინტენსივობის დროს იწვევს მისი უჯრედების დაზიანებას. საპასუხოდ აქტიურდება მელანოციტები, რომლებიც თავის დაცვის მიზნით გამოიმუშავებენ მელანინს.

მელანინს შეუძლია შთანთქოს და ნაწილობრივ გაანეიტრალოს ულტრაიისფერი გამოსხივება, რითიც ხელს უწყობს კანის უჯრედების შემდგომი დაზიანებისგან დაცვას. სწორედ მელანინის რაოდენობის გაზრდა იწვევს კანის გამუქებას, ანუ რუჯის წარმოქმნას.

როგორ აზიანებს მზის ულტრაიისფერი გამოსხივება კანს

ულტრაიისფერი (UV) გამოსხივება მზისგან მომდინარე სინათლის სპექტრია. მის UVA და UVB სხივებს შეუძლიათ კანის უჯრედების დნმ-ის დაზიანება.

დნმ არის თითოეული უჯრედის „ინსტრუქცია“, რომელიც განსაზღვრავს, როგორ უნდა იმუშაოს, გაიზარდოს და გამრავლდეს უჯრედი.

ნორმალურ პირობებში ორგანიზმს აქვს დნმ-ის აღდგენის მექანიზმები, რომლებიც ამ დაზიანებების უმეტესობას ასწორებს. თუმცა, თუ დაზიანება ხშირია ან ძალიან ინტენსიურია, ყველა შეცდომის გამოსწორება ვერ ხერხდება. შედეგად, დნმ-ში რჩება მუდმივი ცვლილებები — მუტაციები.

თუ ასეთი მუტაციები დაგროვდა იმ გენებში, რომლებიც აკონტროლებენ უჯრედის ზრდას, გაყოფასა და დაზიანებული უჯრედების განადგურებას, შეიძლება უჯრედმა დაკარგოს ზრდის კონტროლი და დროთა განმავლობაში განვითარდეს კანის სიმსივნე, მათ შორის მელანომა.

კანის გამუქება ნიშნავს, რომ უჯრედებმა უკვე მიიღეს ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედება და მელანინის გამომუშავებით ცდილობენ შემდგომი დაზიანებისგან დაცვას. თუმცა მელანინი ვერც სრულ დაცვას უზრუნველყოფს და ვერც დნმ-ის უკვე მიღებულ დაზიანებას აღადგენს.

ულტრაიისფერი გამოსხივება დადასტურებული კარცინოგენია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC) კლასიფიკაციით, მზის ულტრაიისფერი გამოსხივება მიეკუთვნება I ჯგუფის კარცინოგენებს, რაც ნიშნავს, რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულება მისი კიბოს გამომწვევი მოქმედების შესახებ ადამიანებში.

ამას გარდა, ულტრაიისფერი გამოსხივება ასევე ასოცირებულია: ნაადრევი დაბერების, ფოტოდაზიანების, ნაოჭების, მოშვებული კანის, მუქი ლაქების გაჩენის რისკების ზრდასთან.

მნიშვნელოვანი ფაქტები

ღრუბლიანი ამინდი არ ნიშნავს უსაფრთხოებას. ღრუბლები ულტრაიისფერი (UV) გამოსხივების მხოლოდ მცირე ნაწილს აკავებს, ამიტომ დედამიწის ზედაპირს UV სხივების დაახლოებით 80% მაინც აღწევს. შესაბამისად, მზისგან დაცვა ღრუბლიან ამინდშიც მნიშვნელოვანია.

ულტრაიისფერი გამოსხივებით მიღებული დაზიანება კუმულაციურია. ყოველი მზეზე გატარებული პერიოდი და თითოეული დამწვრობა ემატება წინა დაზიანებას და ადგილი აქვს დნმ-ის დაზიანების კუმულაციას.

ბავშვობაში მიღებული მზის დამწვრობა განსაკუთრებით სახიფათოა. კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდში მიღებული, განსაკუთრებით ბუშტუკოვანი მზის დამწვრობები, ზრდასრულ ასაკში მელანომის განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა მეტ-ნაკლებად ინფორმირებულია რუჯის ამ შესაძლო უარყოფითი ეფექტების მაღალი რისკების შესახებ, ის მაინც არ კარგავს თავის პოპულარობას.

ამაში შესაძლოა თავისი წვლილი შეჰქონდეს ბეტა-ენდორფინებს – ეს არის ნივთიერება, რომელიც ულტრაიისფერი სხივების საპასუხოდ განაპირობებს დადებითი შეგრძნებების, თავდაჯერებულობის გაჩენას და გარკვეულწილად გარუჯვაზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებასაც კი.

არსებობს თუ არა რუჯის დადებითი მხარე

მიუხედავად იმისა, რომ ჭარბი ულტრაიისფერი გამოსხივება კანისთვის მნიშვნელოვან რისკებთან არის დაკავშირებული, მზის სინათლეს ორგანიზმისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური ეფექტიც აქვს.

D ვიტამინის სინთეზი კანში

მზის ულტრაიისფერი B (UVB) სხივების ზემოქმედებით კანში ხდება D ვიტამინის წარმოქმნა. D ვიტამინი მნიშვნელოვანია:

  • ძვლების ჯანმრთელობისა და სიმტკიცისთვის;
  • კუნთების ნორმალური ფუნქციისთვის;
  • იმუნური სისტემის რეგულაციისთვის;
  • კალციუმისა და ფოსფორის ცვლისთვის.

მას დადებითი როლი აქვს ნახშირწყლოვანი ცვლის პროცესებშიც.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ D ვიტამინის მისაღებად ინტენსიური გარუჯვა ან მზის დამწვრობის მიღება საჭირო არ არის.

მზის სინათლე და ძილ-ღვიძილის ციკლი

მზის სინათლე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის ბიოლოგიური საათის – ცირკადული რიტმის რეგულაციაში.

დღის განმავლობაში საკმარისი ბუნებრივი სინათლის მიღება ხელს უწყობს ტვინს სწორად განსაზღვროს დღე-ღამის ციკლი, რაც საღამოს მელატონინის ბუნებრივ გამომუშავებას და ძილის ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

მელატონინი არის ჰორმონი, რომელიც მონაწილეობს ძილ-ღვიძილის რეგულაციაში.

მზის სინათლე და განწყობა

მზის სინათლის ზემოქმედება დაკავშირებულია თავის ტვინში ნეიროტრანსმიტერების, მათ შორის სეროტონინის, აქტივობის ცვლილებებთან.

სეროტონინი მონაწილეობს განწყობის, ემოციური მდგომარეობისა და კეთილდღეობის შეგრძნების რეგულაციაში. სწორედ ამიტომ, ბევრი ადამიანი მზიან დღეებში უფრო ენერგიულად და პოზიტიურად გრძნობს თავს.

მზის სხივები და ჰორმონული ბალანსი

მზის სინათლესა და სხვადასხვა ჰორმონულ პროცესს შორის კავშირი აქტიური კვლევის საგანია. არსებობს გარკვეული მონაცემები, რომ სეზონური ცვლილებები და მზის ექსპოზიცია შეიძლება დაკავშირებული იყოს ზოგიერთი ჰორმონის დონის ცვლილებებთან.

მნიშვნელოვანია, რომ ამ დადებითი ეფექტების მისაღებად ინტენსიური გარუჯვა საჭირო არ არის.

მოქმედებს თუ არა რუჯი ფარისებრ ჯირკვალზე

ჰიპოთირეოზი და ჰიპერთირეოზი

ამჟამად არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება და დადასტურება იმისა, რომ მზეზე გარუჯვა გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე – ზრდის ან ამცირებს მის მიერ ჰორმონების გამომუშავებას ან ცვლის ლევოთიროქსინის ეფექტურობას ჰიპოთირეოზის მკურნალობისას.

თუ ჰიპოთირეოზი სათანადოდ კონტროლდება და პაციენტი თავს კარგად გრძნობს, მზეზე ყოფნა, ზოგადი რეკომენდაციების დაცვით, შეზღუდული არ არის.

თუმცა გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი:

  • ჰიპოთირეოზის მქონე ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სითბოსადმი მომატებული ან შემცირებული მგრძნობელობა, რაც ინდივიდუალურია.
  • კანის სიმშრალე, რომელიც ჰიპოთირეოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომია, მზის ინტენსიური ზემოქმედებით შესაძლოა კიდევ უფრო გამოხატული გახდეს.
  • თუ პაციენტს ერთდროულად აქვს სხვა დაავადებებიც ან იღებს ფოტომგრძნობელობის გამომწვევ მედიკამენტებს, მზეზე ყოფნის რეკომენდაციები შესაძლოა განსხვავდებოდეს.

ჰიპერთირეოზის შემთხვევაში შესაძლოა პრობლემა იყოს ის, რომ ამ დროს ადამიანებს ხშირად აღენიშნებათ სიცხის აუტანლობა, ჭარბი ოფლიანობა და სხეულის ტემპერატურის მომატება. ამიტომ ზაფხულის ცხელ დღეებში ან მზეზე ხანგრძლივი ყოფნისას დისკომფორტი შესაძლოა უფრო გამოხატული იყოს.

განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ პაციენტები, რომელთა დაავადება ჯერ არ არის კარგად კონტროლირებული, რათა მაღალმა ტემპერატურამ და გაუწყლოებამ ზოგადი მდგომარეობა უფრო არ დაამძიმოს.

ჰიპერთირეოზის დროს რეკომენდებულია:

  • მზის პირდაპირ სხივებზე ხანგრძლივი ყოფნისგან თავის არიდება, განსაკუთრებით დღის ყველაზე ცხელ საათებში;
  • საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება;
  • მსუბუქი, ღია ფერის ტანსაცმლის ტარება;
  • მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება.

თუ ჰიპერთირეოზი სათანადოდ კონტროლდება და პაციენტი თავს კარგად გრძნობს, მზეზე ყოფნა ზოგადი რეკომენდაციების დაცვით აკრძალული არ არის.

აუტოიმუნური დაავადებები

მიუხედავად იმისა, რომ ულტრაიისფერი გამოსხივება გავლენას ახდენს იმუნური სისტემის ფუნქციაზე, ამჟამად არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მზეზე გარუჯვა აუმჯობესებს ან აუარესებს აუტოიმუნური ენდოკრინული დაავადებების მიმდინარეობას. ლაბორატორიულ კვლევებში აღწერილია მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც UV გამოსხივებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს აუტოიმუნურ პროცესებზე, თუმცა ეს შედეგები კლინიკურ პრაქტიკაში ჰაშიმოტოს თირეოიდიტის, გრეივსის დაავადების, ადისონის დაავადებისა და ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში ჯერ არ დადასტურებულა.

გრეივსის ორბიტოპათია

გრეივსის დაავადების დროს, ადამიანთა ნაწილს უვითარდება გრეივსის ორბიტოპათია (თვალის დაავადება), რომლის დროსაც ადგილი აქვს თვალბუდის ქსოვილების ანთებას. პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ:

  • თვალების სიმშრალე;
  • წვის ან ქვიშის შეგრძნება;
  • ცრემლდენა;
  • სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ფოტოფობია);
  • ქუთუთოების არასრული დახურვა;
  • თვალების წინ წამოწევა (ეგზოფთალმი).

მზის კაშკაშა სინათლემ, ქარმა და მშრალმა გარემომ შესაძლოა ეს სიმპტომები კიდევ უფრო გააძლიეროს.

ამიტომ გრეივსის ორბიტოპათიის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია:

  • ხარისხიანი მზის სათვალის გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს 100%-იან UVA და UVB დაცვას;
  • ხელოვნური ცრემლების გამოყენება ექიმის რეკომენდაციით, თუ თვალების სიმშრალე აწუხებთ;
  • მზეზე ხანგრძლივი ყოფნისა და ძლიერი ქარისგან თავის არიდება;
  • საკმარისი სითხის მიღება, განსაკუთრებით ცხელ ამინდში.

ფარისებრი ჯირკვლის კვანძები

დღემდე ჩატარებული კვლევებით არ არის დადასტურებული, რომ მზის ულტრაიისფერი გამოსხივება ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის კვანძების ზრდას, ახალი კვანძების წარმოქმნას ან კეთილთვისებიანი კვანძის ავთვისებიან გადაგვარებას.

ამიტომ, ფარისებრი ჯირკვლის კვანძების არსებობა თავისთავად არ წარმოადგენს მზეზე ყოფნის შეზღუდვის საფუძველს. ასეთ შემთხვევაშიც რეკომენდაციები იგივეა, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის: მოერიდეთ მზის ინტენსიურ ზემოქმედებას, გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები და თავიდან აიცილეთ მზის დამწვრობა.

თუ კვანძი ავთვისებიანია ან პაციენტს ჩატარებული აქვს ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია, მზეზე ყოფნის შეზღუდვა, როგორც წესი, ასევე არ არის საჭირო. თუმცა ოპერაციის შემდგომ პერიოდში მნიშვნელოვანია ქირურგიული ნაწიბურის დაცვა მზის პირდაპირი სხივებისგან, რადგან ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება ნაწიბური უფრო მუქი და შესამჩნევი გახადოს. ამ მიზნით რეკომენდებულია მაღალი SPF-ის მქონე მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება ან ნაწიბურის ტანსაცმლით დაფარვა, განსაკუთრებით ოპერაციიდან პირველი 6–12 თვის განმავლობაში.

შაქრიანი დიაბეტი და სიცხე

მაღალი ტემპერატურა და ხანგრძლივი მზის ზემოქმედება განსაკუთრებით საყურადღებოა შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის, რადგან სიცხემ შეიძლება გავლენა მოახდინოს როგორც სისხლში გლუკოზის დონეზე, ისე დიაბეტის სამკურნალო საშუალებების ეფექტურობაზე.

დეჰიდრატაციის რისკი

ცხელ ამინდში ორგანიზმი ოფლიანობის გზით კარგავს დიდი რაოდენობით სითხეს. დიაბეტის მქონე ადამიანებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სისხლში გლუკოზა მაღალია, გაუწყლოების რისკი უფრო მაღალია, რადგან ჭარბი გლუკოზა შარდით სითხის დაკარგვას ზრდის.

დეჰიდრატაციამ, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს სისხლში გლუკოზის დონის მომატება და გაართულოს დიაბეტის კონტროლი.

როგორ მოქმედებს სიცხე ინსულინზე

ინსულინი და ზოგიერთი სხვა დიაბეტის სამკურნალო საშუალება მგრძნობიარეა მაღალი ტემპერატურის მიმართ. ინსულინის გადახურებამ ან მზის პირდაპირ სხივებზე დატოვებამ შეიძლება შეცვალოს მისი მოქმედება და შეამციროს ეფექტურობა.

ინსულინი არ უნდა ინახებოდეს:

  • მზის პირდაპირ სხივებზე;
  • დახურულ ცხელ ავტომობილში;
  • ისეთ ადგილას, სადაც ტემპერატურა მაღალია.

სიცხემ შეიძლება შეცვალოს გლუკოზის მაჩვენებლები

მაღალი ტემპერატურა, ფიზიკური დატვირთვა სიცხეში და გაუწყლოება გავლენას ახდენს სისხლში გლუკოზის დონეზე. ამიტომ ზაფხულის პერიოდში შესაძლოა საჭირო გახდეს გლუკოზის უფრო ხშირი კონტროლი.

განსაკუთრებული ყურადღება საჭიროა:

  • ინსულინოთერაპიის დროს;
  • ხანგრძლივი ფიზიკური აქტივობისას;
  • მოგზაურობისას ან ცხელ კლიმატში ყოფნისას.

პრაქტიკული რჩევები დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის ცხელ ამინდში

  • მიიღეთ საკმარისი რაოდენობის სითხე, თუ ექიმს სითხის შეზღუდვა არ აქვს დანიშნული.
  • რეგულარულად აკონტროლეთ სისხლში გლუკოზის დონე.
  • შეინახეთ ინსულინი და სხვა მედიკამენტები ინსტრუქციის შესაბამისად.
  • მოერიდეთ მზის პიკურ აქტივობას (დაახლოებით 11:00-16:00 საათებში).
  • ატარეთ მსუბუქი, ჰაერგამტარი ტანსაცმელი და გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები.

შაქრიანი დიაბეტის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორიცაა უწყვეტი გლუკოზის მონიტორინგის (CGM) სისტემები და ინსულინის ტუმბოები, მნიშვნელოვნად ამარტივებს გლუკოზის კონტროლს. თუმცა მაღალი ტემპერატურა და მზის პირდაპირი ზემოქმედება შეიძლება გავლენას ახდენდეს მათ მუშაობაზე.

CGM სენსორები

მაღალმა ტემპერატურამ, ჭარბმა ოფლიანობამ და მზის სხივებმა შესაძლოა:

  • შეამციროს სენსორის წებოვანი ფენის ეფექტურობა და გამოიწვიოს მისი ნაადრევი მოცილება;
  • გაზარდოს კანის გაღიზიანების რისკი;
  • ზოგიერთ შემთხვევაში იმოქმედოს მოწყობილობის სიზუსტეზე.

ცურვის, ინტენსიური ოფლიანობის ან ხანგრძლივი მზის ზემოქმედებისას მნიშვნელოვანია სენსორის დაცვა მწარმოებლის რეკომენდაციების შესაბამისად.

ინსულინის ტუმბოები

ინსულინის ტუმბოში არსებული ინსულინი მაღალი ტემპერატურის მიმართ მგრძნობიარეა. გადახურებამ შესაძლოა შეამციროს ინსულინის ეფექტურობა, რაც გამოიწვევს სისხლში გლუკოზის მატებას.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო:

  • ტუმბოს პირდაპირ მზეზე დატოვებისას;
  • სანაპიროზე ან დახურულ ავტომობილში ყოფნისას;
  • ძალიან ცხელ გარემოში ხანგრძლივად ყოფნისას.

პრაქტიკული რეკომენდაციები

  • არ დატოვოთ CGM მოწყობილობა, ტუმბო ან ინსულინი პირდაპირ მზეზე.
  • არ დატოვოთ დიაბეტის მოწყობილობები მანქანაში ცხელ ამინდში.
  • საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ სპეციალური დამცავი ჩანთები ან თერმული ქეისები.
  • თუ გლუკოზის მაჩვენებლები მოულოდნელად იცვლება და მიზეზი გაურკვეველია, გაითვალისწინეთ ინსულინის გადახურების ან მოწყობილობის პრობლემის შესაძლებლობა.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: სიცხე არ არის მიზეზი, რომ დიაბეტის მქონე ადამიანმა უარი თქვას მოგზაურობაზე, მზეზე ყოფნაზე ან აქტივობებზე, თუმცა ზაფხულში საჭიროა დამატებითი სიფრთხილე და ტექნოლოგიების სწორად გამოყენება.

სოლარიუმი

სოლარიუმი არის ხელოვნური ულტრაიისფერი (UV) გამოსხივების წყარო, რომელიც ფართოდ გავრცელდა 1970-იანი წლების ბოლოსა და 1980-იან წლებში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC) მიერ როგორც მზის, ისე სოლარიუმის მიერ წარმოქმნილი ულტრაიისფერი გამოსხივებაც I ჯგუფის კარცინოგენად არის კლასიფიცირებული.

კვლევების მიხედვით, 35 წლამდე ასაკში სოლარიუმის გამოყენების დაწყება მელანომის განვითარების რისკს დაახლოებით 47%-ით ზრდის. გარდა ამისა, რისკი იზრდება სოლარიუმის გამოყენების სიხშირისა და მიღებული ულტრაიისფერი გამოსხივების ჯამური დოზის მატებასთან ერთად.

სოლარიუმი ასევე ასოცირებულია:

  • კანის სხვა ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების მომატებულ რისკთან;
  • კანის ნაადრევ დაბერებასთან (ფოტოდაბერება);
  • ნაოჭების, პიგმენტური ლაქებისა და ელასტიკურობის დაკარგვის უფრო სწრაფ განვითარებასთან;
  • თვალების დაზიანების რისკთან, თუ შესაბამისი დამცავი საშუალებები არ გამოიყენება.

სოლარიუმი არ არის D ვიტამინის მიღების რეკომენდებული წყარო. საჭიროების შემთხვევაში D ვიტამინის დონის კორექცია უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციით და პრეპარატების დახმარებით.

ავტორუჯი

ავტორუჯი არის კოსმეტიკური საშუალება, რომელიც კანს მზის სხივების ზემოქმედების გარეშე ანიჭებს გარუჯულ იერს. განსხვავებით ნამდვილი ნამზეურისგან, ის არ ასტიმულირებს მელანინის წარმოქმნას და არ წარმოადგენს კანის რეაქციას ულტრაიისფერ გამოსხივებაზე.

როგორ მოქმედებს ავტორუჯი

ავტორუჯის საშუალებების უმეტესობის მთავარი აქტიური ინგრედიენტია დიჰიდროქსიაცეტონი (Dihydroxyacetone, DHA).

DHA რეაგირებს კანის ყველაზე ზედაპირულ, უკვე მკვდარ უჯრედებში არსებულ ამინომჟავებთან და წარმოქმნის ყავისფერ პიგმენტებს.

შეფერვა, როგორც წესი, იწყება გამოყენებიდან 2–4 საათში, მაქსიმალურ ინტენსივობას აღწევს დაახლოებით 24 საათში და თანდათან ქრება 3–7 დღის განმავლობაში, კანის ბუნებრივი აქერცვლის შესაბამისად.

არის თუ არა ავტორუჯი უსაფრთხო

ამჟამინდელი მონაცემებით, კანზე სწორად გამოყენების შემთხვევაში DHA შემცველი ავტორუჯი უსაფრთხოდ მიიჩნევა.

თუმცა აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA) DHA-ს ამტკიცებს მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.

ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი არ უნდა მოხვდეს თვალებში, ტუჩებზე, პირის, ცხვირისა და სხვა ლორწოვან გარსებზე.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო სპრეის სახით გამოყენებისას, რადგან შესაძლებელია აეროზოლის შესუნთქვა. ამ გზით მიღებული DHA-ს ხანგრძლივი უსაფრთხოება ბოლომდე შესწავლილი არ არის, ამიტომ რეკომენდებულია ინჰალაციისა და ლორწოვან ზედაპირებთან კონტაქტის თავიდან აცილება.

ავტორუჯით მიღებული შეფერილობა მხოლოდ კოსმეტიკური ეფექტია და არ უზრუნველყოფს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვას.

თუ პროდუქტის ეტიკეტზე SPF მითითებული არ არის, აუცილებელია მზეზე გასვლის წინ ცალკე გამოიყენოთ მზისგან დამცავი საშუალება.

მზისგან დამცავი კრემები და ენდოკრინული სისტემა

მზისგან დამცავი საშუალებების ზოგიერთი ქიმიური UV-ფილტრი, როგორიცაა: ოქსიბენზონი, ოქტინოქსატი, ოქტოკრილენი – კანიდან ნაწილობრივ შეიწოვება და მცირე რაოდენობით შეიძლება აღმოჩნდეს სისხლში.

ლაბორატორიულ და ცხოველურ კვლევებში ზოგიერთმა ამ ნივთიერებამ გამოავლინა სუსტი ესტროგენული ან ანტიანდროგენული მოქმედება, რის გამოც ისინი შესაძლო ენდოკრინული დისრაპტორების (Endocrine Disrupting Chemicals) ჯგუფში მოექცა შესწავლის თვალსაზრისით.

დღემდე ჩატარებულმა კვლევებმა არ დაადასტურა, რომ მზისგან დამცავი კრემების ჩვეულებრივი გამოყენება ადამიანებში იწვევს:

  • უნაყოფობას;
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს;
  • ტესტოსტერონის ან ესტროგენის კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებებს;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევას;
  • სხვა კლინიკურად მნიშვნელოვან ჰორმონულ პრობლემებს.

ამიტომ, ამჟამად არც ერთი მსხვილი საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაცია არ ურჩევს მოსახლეობას მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენებაზე უარის თქმას ენდოკრინული რისკების გამო.

მზისგან დამცავი საშუალებები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა:

მინერალური (ფიზიკური) ფილტრები

  • თუთიის ოქსიდი (Zinc oxide);
  • ტიტანის დიოქსიდი (Titanium dioxide).

ისინი კანის ზედაპირზე ქმნიან დამცავ ფენას და ულტრაიისფერ სხივებს ირეკლავენ და შთანთქავენ. მათი სისტემური შეწოვა მინიმალურია და ისინი განსაკუთრებით ხშირად რეკომენდებულია მგრძნობიარე კანის, ბავშვებისა და ორსულებისთვის.

ქიმიური ფილტრები

ისინი შთანთქავენ ულტრაიისფერ ენერგიას და მას სითბოდ გარდაქმნიან. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი კანიდან ნაწილობრივ შეიწოვება, დღემდე არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს ჩვეულებრივი გამოყენებისას ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

ამრიგად, დღევანდელი სამეცნიერო მტკიცებულებების საფუძველზე მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენების სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება მათ პოტენციურ რისკებს. კანის კიბოსა და ფოტოდაბერების პრევენციის მიზნით მათი გამოყენება კვლავ რეკომენდებულია.

ქიმიური UV-ფილტრების ზემოქმედების მაქსიმალურად შესამცირებლად, კარგი ვარიანტია არჩევანი გაკეთდეს მინერალურ მზისგან დამცავ საშუალებებზე, რომლებიც შეიცავს თუთიის ოქსიდს ან ტიტანის დიოქსიდს.

მზის დამწვრობა

მზის დამწვრობა ვითარდება ულტრაიისფერი (უმთავრესად UVB) გამოსხივების ზედმეტი ზემოქმედების შედეგად.

კვლევებმა აჩვენა, რომ ცხოვრების განმავლობაში ხუთი ან მეტი მზის დამწვრობა თითქმის აორმაგებს მელანომის განვითარების რისკს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვობასა და მოზარდობაში მიღებული ბუშტუკოვანი დამწვრობები, რადგან ისინი ზრდასრულ ასაკში კანის სიმსივნის განვითარების მაღალ რისკთან არის დაკავშირებული.

დამწვრობა რამდენიმე დღეში ალაგდება, თუმცა უჯრედებში დნმ დაზიანებული რჩება.

რეკომენდაციები მზის დამწვრობის დროს

მკურნალობის მთავარი მიზანია ტკივილის შემცირება, ანთების კონტროლი და ორგანიზმის მხარდაჭერა.

რეკომენდებულია:

  • დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ მზეზე ყოფნა;
  • დაიდოთ გრილი (არა ყინულივით ცივი) კომპრესები;
  • გამოიყენოთ მსუბუქი, უსუნო დამატენიანებელი კრემი ან ლოსიონი;
  • მიიღოთ საკმარისი რაოდენობის სითხე;
  • საჭიროების შემთხვევაში, თუ უკუჩვენება არ არსებობს, გამოიყენოთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი (მაგალითად, იბუპროფენი) ტკივილისა და ანთების შესამცირებლად;
  • ატაროთ თავისუფალი, ღია ფერის, ბუნებრივი ქსოვილის ტანსაცმელი.

არ არის რეკომენდებული ბუშტუკების გახეთქვა, რადგან ეს ზრდის ინფექციის განვითარების რისკს.

ექიმთან მიმართვა აუცილებელია, თუ:

  • ბუშტუკები სხეულის დიდ ნაწილს მოიცავს;
  • აღინიშნება მაღალი ტემპერატურა, შემცივნება ან ძლიერი სისუსტე;
  • გაქვთ თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა ან ცნობიერების ცვლილება;
  • აღინიშნება დეჰიდრატაციის ნიშნები (ძლიერი წყურვილი, პირის სიმშრალე, იშვიათი შარდვა);
  • დამწვარია ჩვილი ან 1 წლამდე ასაკის ბავშვი.

მზე, მზის დამწვრობა და მზისგან დაცვა ბავშვებში

ბავშვის კანი ულტრაიისფერი (UV) გამოსხივების მიმართ უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე ზრდასრულის. ბავშვობაში მიღებული მზისგან გამოწვეული დაზიანება წლების განმავლობაში გროვდება და ზრდასრულ ასაკში კანის სიმსივნეების, მათ შორის მელანომის, განვითარების რისკს ზრდის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 6 თვემდე ასაკის ჩვილები მზის პირდაპირ სხივებს საერთოდ არ უნდა ექვემდებარებოდნენ. მათთვის საუკეთესო დაცვაა ჩრდილი, მსუბუქი ტანსაცმელი და ფართოფარფლებიანი ქუდი.

როგორ დავიცვათ ბავშვი მზისგან

  • მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, განსაკუთრებით 10:00-დან 16:00 საათამდე, როდესაც ულტრაიისფერი გამოსხივება ყველაზე ინტენსიურია.
  • გამოიყენეთ მსუბუქი, მჭიდროდ ნაქსოვი, გრძელმკლავიანი ტანსაცმელი და ფართოფარფლებიანი ქუდი.
  • დაიცავით თვალები ხარისხიანი მზის სათვალით, რომელიც 100%-ით ფილტრავს UVA და UVB სხივებს.
  • გახსოვდეთ, რომ ღრუბლები ულტრაიისფერი გამოსხივების დაახლოებით 80%-ს ვერ აჩერებს, ამიტომ დაცვა ღრუბლიან ამინდშიც აუცილებელია.
  • წყალი, ქვიშა და თოვლი ირეკლავს ულტრაიისფერ სხივებს, რის გამოც დამწვრობის რისკი იზრდება.

მზისგან დამცავი კრემები

6 თვემდე ასაკი

  • მზისგან დამცავი კრემი არ უნდა იყოს დაცვის ძირითადი საშუალება. უპირატესობა ენიჭება მზისგან ფიზიკურ დაცვას (ჩრდილი, ტანსაცმელი, ქუდი). თუ მზისგან სრულად დაცვა შეუძლებელია, მცირე რაოდენობით მინერალური მზისგან დამცავის გამოყენება მხოლოდ მცირე, დაუფარავ უბნებზე შეიძლება პედიატრის რეკომენდაციით.

6 თვიდან ზემოთ

  • რეკომენდებულია ფართო სპექტრის (Broad Spectrum) მზისგან დამცავი საშუალება SPF 30 ან მეტი.
  • ბავშვებისთვის ხშირად უპირატესობას ანიჭებენ მინერალურ ფილტრებს (თუთიის ოქსიდი ან ტიტანის დიოქსიდი), რადგან ისინი ნაკლებად იწვევს კანის გაღიზიანებას.
  • კრემი წაისვით მზეზე გასვლამდე დაახლოებით 15–30 წუთით ადრე (თუ ქიმიური ფილტრია) და განაახლეთ ყოველ 2 საათში ერთხელ, ასევე ცურვის ან ძლიერი ოფლიანობის შემდეგ.

მზის დამწვრობა ბავშვებში

მზის დამწვრობის შემთხვევაში:

  • დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ ბავშვი ჩრდილში;
  • გააგრილეთ კანი გრილი კომპრესებით ან გრილი შხაპით;
  • უზრუნველყავით საკმარისი სითხის მიღება;
  • გამოიყენეთ უსუნო დამატენიანებელი საშუალება.

არ გამოიყენოთ ყინული პირდაპირ კანზე და არ გახეთქოთ ბუშტუკები.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ:

  • დამწვრობა მიიღო 1 წლამდე ასაკის ბავშვმა;
  • გაჩნდა ფართო ბუშტუკები;
  • ბავშვს აქვს მაღალი ტემპერატურა, ძლიერი ტკივილი ან შემცივნება;
  • აღენიშნება ძილიანობა, დაბნეულობა ან ძლიერი სისუსტე;
  • აქვს გაუწყლოების ნიშნები (იშვიათი შარდვა, პირის სიმშრალე, უარის თქმა სითხეზე).

გახსოვდეთ

ბავშვობაში მიღებული ყოველი მზის დამწვრობა ზრდის მომავალში კანის სიმსივნის განვითარების რისკს. ამიტომ ბავშვებისთვის ყველაზე უსაფრთხო რუჯი არის არანაირი რუჯი — საუკეთესო დაცვაა ჩრდილი, ტანსაცმელი, ქუდი და მზისგან დამცავი საშუალებების სწორი გამოყენება.

როგორ შევამციროთ რუჯთან დაკავშირებული რისკები

თუ მაინც გადაწყვეტთ მზეზე ყოფნას, გახსოვდეთ, რომ ულტრაიისფერი გამოსხივების სრულიად უსაფრთხო დოზა, რომელიც რუჯის მიღებას უზრუნველყოფს, არ არსებობს. თუმცა შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ კანის დაზიანების რისკი:

  • მოერიდეთ მზეზე ყოფნას 10:00-დან 16:00 საათამდე, როდესაც UV გამოსხივება ყველაზე ინტენსიურია.
  • ყოველდღიურად გამოიყენეთ ფართო სპექტრის (UVA/UVB) მზისგან დამცავი კრემი SPF 30 ან SPF 50, წაისვით საკმარისი რაოდენობით და განაახლეთ ყოველ 2 საათში, ასევე ცურვის ან ოფლიანობის შემდეგ.
  • ატარეთ ფართოფარფლებიანი ქუდი, მზის სათვალე და სხეულის მაქსიმალურად დამფარავი, მსუბუქი ტანსაცმელი.
  • შეძლებისდაგვარად დარჩით ჩრდილში.
  • არ გამოიყენოთ სოლარიუმი.
  • გახსოვდეთ, რომ დამწვრობის არარსებობა არ ნიშნავს, რომ კანი არ ზიანდება.

ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)

წყაროები:

https://academic.oup.com/jcem/article/109/8/1907/7685305?login=false

https://link.springer.com/article/10.1186/s12902-021-00831-5?utm_source=chatgpt.com

https://jcadonline.com/a-review-of-common-tanning-methods/

https://www.skincancer.org/risk-factors/tanning/

https://www.aad.org/public/diseases/skin-cancer/surprising-facts-about-indoor-tanning

https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC2671032