DIABETES MELLITUS

TYPE 1 DIABETES

დიაბეტი ტიპი 1

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 წარსულში ცნობილი, როგორც იუვენილური ან ინსულინდამოკიდებული დიაბეტი, არის ქრონიკული დაავადება, რომლის დროს პანკრეასი აუტოიმუნური დაზიანების გამო ვერ წარმოქმნის ინსულინს.

ინსულინი არის ჰორმონი, რომელიც უზრუნველყოფს გლუკოზას (შაქრის) შესვლას უჯრედებში და მის ენერგიის წყაროდ გამოყენებას.

გამომწვევი ფაქტორები

დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია.

ცნობილია ის, რომ იმუნური სისტემა, რომლის ფუნქციაც არის ორგანიზმში მოხვედრილი უცხო სხეულების: მავნე ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლა, შეცდომით თავს ესხმის საკუთარ უჯრედებს, ამ შემთხვევაში ინსულინის წარმომქმნელ პანკრეასის ბეტა უჯრედებს და იწვევს მათ შეუქცევად განადგურებას.

სხვა სავარაუდო მიზეზებია: გენეტიკური განწყობა და ვირუსების ან სხვა გარემო ფაქტორების გავლენა.

ზემოქმედება ორგანიზმზე


ინსულინის არარსებობის პირობებში ხდება გამოუყენებელი გლუკოზას დაგროვება სისხლში და ჰიპერგლიკემიის (შაქრის მაღალი დონე სისხლში) განვითარება.

ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებული ჰიპერგლიკემია იწვევს სისხლძარღვების, გულის, თირკმლების, თვალის, ნერვული სისტემის მძიმე ხარისხის დაზიანებებს.

გავრცელება

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 ძირითადად ბავშვების და ახალგაზრდების დაავადებაა, თუმცა შეიძლება ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს. რაც შეეხება მის გავრცელებას, ეს ფორმა დიაბეტით დაავადებულთა საერთო რიცხვის მხოლოდ 5%-ს შეადგენს.

სიმპტომური გამოვლინება

დაავადების სიმპტომებია:
🔸გაძლიერებული წყურვილის გრძნობა;
🔸ხშირი შარდვა;
🔸შიმშილის გრძნობის გამძაფრება;
🔸წონის აუხსნელი კლება;
🔸სისუსტე;
🔸გაღიზიანებადობა;
🔸მხედველობის სიმახვილის დაქვეითება;

დიაბეტის ამ ფორმის შემთხვევაში სიმპტომები როგორც წესი უეცრად და მწვავედ გამოვლინდება. ხშირი არის მისი მანიფესტაცია დიაბეტური კეტოაციდოზით.

დიაგნოსტიკა

დიაგნოზის დადასტურება ხდება შემდეგი გამოკვლევების საფუძველზე:
🔸გლიკირებული ჰემოგლობინი და/ან
🔸გლუკოზას გამოკვლევა სისხლში ჭამისგან დამოუკიდებელ დროს ან უზმოზე და ჭამიდან 2 სთ-ში.
🔸თუ დიაბეტის ტიპის განსაზღვრა გაძნელებულია, შესაძლებელია აგრეთვე სპეციფიკური ანტისხეულების გამოკვლევა დაავადების აუტოიმუნური ბუნების გამოსავლენად.

დიაგნოზის დადასტურების შემდეგ, გარდა სისხლში გლუკოზას დონის კონტროლისა, პერიოდულად საჭიროა ლიპიდური სპექტრის, ფარისებრი ჯირკვლის, თვალების, ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციური გამოკვლევები.

მკურნალობა

დაავადების განკურნება ჯერჯერობით შეუძლებელია, მაგრამ ხდება მისი მართვა. ეს პროცესი კი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
🔸ინსულინის ინექციები;
🔸ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების მიღების რაოდენობრივი კონტროლი;
🔸სისხლში შაქრის დონის ხშირი კონტროლი;
🔸ჯანსაღი საკვების მიღება;
🔸რეგულარული ფიზიკური აქტივობა და ჯანმრთელი წონის შენარჩუნება.

სკრინინგის მნიშვნელობა

სკრინინგი ანუ დაავადების განვითარების ალბათობის დადგენა შესაძლებელია დამახასიათებელი აუტოანტისხეულების გამოკვლევით, თუმცა ეს ანალიზი არ არის მოწოდებული დაბალი რისკის მქონე ადამიანებისთვის.
მაღალი რისკის მქონეებად კი განისაზღვრებიან პირები, რომელთაც აღენიშნებათ:
🔸ოჯახური ისტორია: როდესაც დაავადებულია პირველი რიგის ნათესავი ანუ დედ-მამა ან და-ძმა, ამ შემთხვევაში მსუბუქად იზრდება რისკი;
🔸გენეტიკა: გარკვეული გენების არსებობა ასოცირებულია დაავადებასთან;
🔸ასაკი: აღინიშნება გამოვლენის პიკები: 4-დან 7 წლამდე; 10-დან 14 წლამდე.

თუმცა მსგავს სკრინინგს გარკვეულწილად აზრს უკარგავს ის ფაქტი, რომ დაავადების განვითარების თავიდან აცილება – პრევენცია – ჯერჯერობით შეუძლებელია.

ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)