ჩვენს მიერ კვების დროს მიღებული ნახშირწყლები ორგანიზმში იშლება და გარდაიქმნება სპეციალურ შაქრად, რომელსაც გლუკოზა ჰქვია.
გლუკოზა წარმოადგენს ენერგიის წყაროს უჯრედებისთვის, თუმცა მისი ამ მიზნით მოხმარების პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ჰორმონი INSULIN.
ინსულინის მოქმედების მექანიზმი იხილეთ აქ.
დაავადების განვითარების მექანიზმი
შაქრიანი დიაბეტი არის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმი ვერ წარმოქმნის საჭირო რაოდენობით ინსულინს, ან ვერ იყენებს მას სათანადოდ, რასაც შედეგად მოსდევს აუთვისებელი გლუკოზას სისხლში დაგროვება და მისი დონის მომატება, ე. წ. ჰიპერგლიკემია.
ჰიპერგლიკემიის გახანგრძლივებული არსებობა, თავის მხრივ, დასაბამს აძლევს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს გულის, სისხლძარღვების, თვალების, თირკმლების, ნერვული სისტემის დაზიანების შედეგად.
დაავადების განვითარების აღწერილი მექანიზმი საერთოა შაქრიანი დიაბეტის სხვადასხვა ფორმებისთვის. ესენია:
- TYPE 1 DIABETES
- type 2 diabetes
- გესტაციური (ორსულთა) დიაბეტი
- სხვა იშვიათი ფორმები.
შაქრიანი დიაბეტის გამომწვევი მიზეზები მოიცავს სხვადასხვა გარემო და/ან გენეტიკურ ფაქტორებს და განსხვავებულია თითოეული ტიპის შემთხვევაში.
სიმპტომები
შაქრიანი დიაბეტის ზოგადი სიმპტომებია:
- გაძლიერებული წყურვილის გრძნობა
- ხშირი შარდვა
- შიმშილის გრძნობის გამძაფრება
- წონის აუხსნელი კლება
- სისუსტე
- გაღიზიანებადობა
- მხედველობის სიმახვილის დაქვეითება
- ჭრილობის შეხორცების გაჭიანურება
- ხშირი ინფექციები, განსაკუთრებით ღრძილების, კანის და სასქესო ორგანოების მიდამოში.
დაავადების მახასიათებელი სიმპტომების გამოხატვა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მაღალია გლუკოზას დონე სისხლში. ზოგჯერ, განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის შემთხვევაში, ეს სიმპტომები საერთოდ არ არის გამოხატული, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის დროს კი, როგორც წესი, მკვეთრად, უეცრად და მწვავედ გამოვლინდება.
ისტორიული ცნობები
დაავადების არსებობა ისტორიულად ჯერ კიდევ უძველესი დროიდან არის ცნობილი.
აღმოჩენილია ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1550 წლით დათარიღებული ეგვიპტური პაპირუსი, სადაც მოცემულია ცნობები შაქრიანი დიაბეტის შესახებ, კერძოდ ის, რომ დაავადებისთვის დამახასიათებელია დიდი რაოდენობით შარდის გამოყოფა.
ასევე ცნობილია, რომ მედიცინის მამად წოდებული ჰიპოკრატე (460-377 ჩვწა) იყო პირველი მკურნალი, ვინც სვამდა შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზს. მისი დიაგნოსტირების მეთოდი მოიცავდა პაციენტის შარდის „დაგემოვნებას“ ზედმეტი სიტკბოს აღმოსაჩენად.
ეპიდემიოლოგია
დღესდღეობით კი შაქრიანი დიაბეტი თანამედროვე მსოფლიოს უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი 1980 წელს დაფიქსირებული 108 მილიონიდან 2014 წლისთვის გაიზარდა 422 მილიონამდე. განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში.
შაქრიანი დიაბეტი არის წამყვანი მიზეზი:
- თირკმლის ტერმინალური უკმარისობის
- სიბრმავის (40-60 წლის ასაკობრივ ჯგუფში)
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანების
- ქვედა კიდურების არატრავმატული ამპუტაციის.
ჯანდაცვის წარმომადგენელთა მოლოდინით 2030 წლისთვის შაქრიანი დიაბეტი სიკვდილიანობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი იქნება.
ვინაიდან დაავადების გამომწვევ მიზეზთა შორის სოლიდური ადგილი უკავია ე. წ. მოდიფიცირებად ფაქტორს, როგორიცაა არასწორი ცხოვრების და კვების წესი, ეპიდემიის შესაჩერებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, ამ მიზნით არის შემოღებული დიაბეტის მსოფლიო დღის აღნიშვნა 14 ნოემბერს.
ჯანმრთელი კვება, რეგულარული ფიზიკური აქტივობა, სხეულის ნორმალური მასის შენარჩუნება და stop smoking არის მთავარი გზა თავიდან აცილებული ან გადავადებული იქნას დიაბეტის განვითარება.
ასევე შესაბამისი დიეტით, ფიზიკური აქტივობით, სათანადო მედიკამენტების გამოყენებით და რეგულარული მონიტორინგით ხდება ფატალური გართულებების განვითარებისგან თავდაცვა უკვე დაავადებულ პირებში.
Author: Elga Giorgadze (MD of Endocrinology)