CARBOHYDRATE METABOLISM, DIABETES MELLITUS

სისხლში გლუკოზას დონეზე მოქმედი ფაქტორები

გლუკოზა სისხლში

გლუკოზას დონე სისხლში არასდროს არის მუდმივი. მას ახასიათებს ცვალებადობა დღის განმავლობაში როგორც ჯანმრთელი, ასევე დიაბეტით დაავადებული ადამიანის ორგანიზმში.

წამყვანი ფაქტორი, რაც კონკრეტულ მომენტში სისხლში შაქრის რაოდენობას განსაზღვრავს, არის ბოლოს მიღებული საკვები: მისი შემადგენლობა, რაოდენობა, მიღებიდან გასული დრო. მნიშვნელოვანია ასევე ფიზიკური აქტივობის, სხვადასხვა დაავადების, სტრესის გავლენაც.

ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში ნებისმიერი ფაქტორის ზემოქმედების მიუხედავად შაქრის დონე არასდროს სცდება ნორმის ზღვარს, ანუ შენარჩუნებულია 70-100 მგ/დლ-ის ფარგლებში როგორც უზმოზე, ასევე დღის უმეტეს ნაწილში.

მაქსიმალურ ნორმალურ მაჩვენებელს გლუკოზამ სისხლში შეიძლება მიაღწიოს იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ნახშირწყლებით დიდი რაოდენობით დატვირთვა და ეს მაჩვენებელი შეადგენს არაუმეტეს 140 მგ/დლ-ს ჭამიდან 2 საათის განმავლობაში.

სისხლში შაქრის დონის შენარჩუნების რეგულირება ხორციელდება პანკრეასის ჰორმონების: ინსულინისა და გლუკაგონის გამართული მოქმედების შედეგად.

ამრიგად, ვიდრე არ მოხდება შაქრიანი დიაბეტით დაავადება, კვების, ფიზიკური აქტივობის თუ სხვა ფაქტორების მიუხედავად, გლუკოზა ყოველთვის რჩება ნორმის ფარგლებში.

თუ სისხლში შაქრის დონემ გადააჭარბა უზმოდ 100 მგ/დლ-ს, ხოლო ჭამის შემდეგ 140 მგ/დლ-ს, ეს უკვე მიანიშნებს დიაბეტის  ან პრედიაბეტის არსებობაზე. შაქრის ნორმალური მაჩვენებლის მიღწევა გაცილებით უფრო რთულდება ამ დროს, რადგან დარღვეულია ჰორმონების კოორდინირებული და ეფექტური მუშაობა.

დიაბეტით დაავადებული პაციენტისთვის ხშირად აუხსნელი რჩება, თუ რატომ ვერ ხერხდება შაქრის სტაბილურად ნორმალურ დონეზე შენარჩუნება, მაშინ, როცა მეტნაკლებად უცვლელია კვება, მიღებული ნახშირწყლების რაოდენობა, მედიკამენტების მიღების რეჟიმი.

საქმე იმაშია, რომ გარდა კვების დროს მიღებული ნახშირწყლების რაოდენობისა, შაქრის დონეზე კიდევ ბევრი სხვა ფაქტორი ახდენს გავლენას. მათი ცოდნა და გათვალისწინება კი მნიშვნელოვნად აიოლებს დიაბეტით დაავადებულისთვის შაქრის დონის კონტროლს.

რა იწვევს სისხლში შაქრის დონის მომატებას:

  • მიღებული საკვები და სასმელი: ნახშირწყლების დიდი რაოდენობის შემცველობა მასში
  • არასათანადო ფიზიკური აქტივობა ან სხვა დღეებთან შედარებით უფრო მცირე დატვირთვა
  • დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები: დოზის შემცირება, გამოტოვება, არასწორად მიღება
  • სტრესი: როგორც მენტალური, ასევე ფიზიკური, რაც იწვევს ისეთი ჰორმონების დონის მატებას, რომლებიც გლუკოზას რაოდენობის გაზრდას განაპირობებენ
  • სხვადასხვა დაავადება: სურდო, გრიპი, ინფქცია და სხვა. ამ დროს ორგანიზმი დაავადებასთან საბრძოლველად ზრდის იმ ჰორმონების გამოყოფას, რომლებიც შაქრის მატებას იწვევენ
  • ნებისმიერი სახის ტკივილი
  • მენსტრუალური პერიოდი ან მენოპაუზა, რაც ასევე ჰორმონულ ცვლილებებთანაა კავშირში
  • სხვადასხვა პრეპარატები, როგორიცაა სტეროიდები და ფსიქოტროპული მედიკამენტები
  • არასაკმარისი ძილი
  • დეჰიდრატაცია: არასკმარისი სითხის მიღება

რა იწვევს სისხლში შაქრის დონის შემცირებას:

  • საკვების გამოტოვება, ან არასაკმარისი რაოდენობით ნახშირწყლების მიღება, ან უფრო მცირე რაოდენობით ნახშირწყლების მიღება, ვიდრე სხვა დღეებში
  • ინსულინის ან დიაბეტის სამკურნალო სხვა მედიკამენტების დოზის გადაჭარბება
  • ალკოჰოლის მიღება, განსაკუთრებით უჭმელზე
  • ჩვეულზე უფრო მეტი ფიზიკური დატვირთვა _ ფიზიკური აქტივობა ზრდის ორგანიზმის მგრძნობელობას ინსულინის მიმართ და შესაძლოა ამის გამო ჰიპოგლიკემიის გამომწვევი გახდეს.

მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინებაც, რომ თითოეული ორგანიზმი მკვეთრად ინდივიდუალურია და ჩამოთვლილი ფაქტორების გავლენაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებულია.

პაციენტის მიერ გლუკომეტრის გამოყენებით ადვილად არის შესაძლებელი დადგინდეს, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს შაქრის დონე ამა თუ იმ ფაქტორის ზემოქმედების შედეგად, მაგალითად, მეტი რაოდენობით ნახშირწყლების მიღების, ფიზიკური აქტივობის გაზრდის, ალკოჰოლის მოხმარების დროს და სხვა. მიღებული ინფორმაცია კი გამოყენებული უნდა იქნას მომავალში დიაბეტის ეფექტური მართვისთვის.

ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)


Read also: