Thyroid gland

ასპირაციული ბიოფსია და ციტოლოგია

ასპირაციული

ასპირაციული ბიოფსიის პროცედურის დროს ხდება ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილიდან მცირე ზომის ნიმუშის აღება, რათა მოხდეს მისი დათვალიერება/გამოკვლევა მიკროსკოპით  სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტირების მიზნით.

გამოსაკვლევი მასალის მიღების რამდენიმე მეთოდი არსებობს, მათგან ყველაზე ხშირად კეთდება წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია ულტრაბგერითი კონტროლით.

ბიოფსიის წარმოების მიზანია ფარისებრ ჯირკვალში არსებული კვანძის ან კვანძების წარმომავლობის დადგენა.

კვანძების პირველადი აღმოჩენა ხდება ხელით გასინჯვის, ულტრასონოგრაფიის ან რადიონუკლიდური სკანირების დროს.

ბიოფსიისთვის კვანძის შერჩევის კრიტერიუმები განისაზღვრება ზომებით, ულტრაბგერითი მახასიათებლებით, გამოსაკვლევი პირის ოჯახური ანამნეზით და სხვა.

თუ კვანძოვან წარმონაქმნს თან ახლავს ჯირკვლის ფუნქციის პათოლოგიურად მომატებული აქტივობა, ბიოფსიის გაკეთებამდე ტარდება რადიონუკლიდური გამოკვლევა, რითიც დგინდება, არის თუ არა კვანძი ზედმეტი ჰორმონების წარმოების წყარო. ამგვარი ფუნქციურად აქტიური კვანძი როგორც წესი კეთილთვისებიანია და ბიოფსიას აღარ საჭიროებს.

გამოკვლევის სავარაუდო შედეგებია:

?კეთილთვისებიანი კვანძი – აღინიშნება შემთხვევათა 70%-ში. საჭიროა ულტრაბგერითი კონტროლი პერიოდულად.

?ავთვისებიანი სიმსივნე – შემთხვევათა 3-7%. აუცილებელია ქირურგიული მკურნალობა და მომდევნო პერიოდში შესაბამისი მეთვალყურეობა.

?ავთვისებიანობაზე საეჭვო კვანძი – ავთვისებიანი სიმსივნის რისკი ასეთი კვანძის შემთხვევაში 60-70%-ია. საჭიროებს ქირურგიულ მკურნალობას.

?სხვადასხვა სახის ფოლიკულური დაზიანებები, მათ შორის ფოლიკულური ნეოპლაზია – ამ შემთხვევაში რთულია გადაჭრით თქმა არის თუ არა კვანძი ავთვისებიანი, ავთვისებიანობის რისკი 15-30%-ია. საბოლოო დასკვნის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ ქირურგიული ჩარევის დროს ამოკვეთილი ქსოვილის შესწავლით.

?არადიაგნოსტირებადი – როდესაც შეუძლებელია დიაგნოზის დასმა აღებულ მასალაში უჯრედების არასაკმარისი რაოდენობის გამო.

ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)