ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის და სტრუქტურის შეფასებისთვის საჭირო ძირითად კვლევებში შედის: ჰორმონალური, იმუნოლოგიური და ინსტრუმენტული გამოკვლევები.
ჰორმონალური კვლევა
- თირეოტროპული ჰორმონი (TSH)
- თავისუფალი თიროქსინი (fT4)
- თავისუფალი ტრიიოდთირონინი (fT3)
გამოკვლევის მიზანია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის დადგენა, პათოლოგიური ცვლილებების აღმოჩენა და მიმდინარე მკურნალობის ეფექტურობის შეფასება.
საჭირო სისხლის ნიმუშის აღება ხდება ვენიდან.
TSH (თირეოტროპული ჰორმონი) არ არის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი, მაგრამ ის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჯირკვლის ფუნქციონირების პროცესში. ეს ჰორმონი გამომუშავდება თავის ტვინში არსებულ ენდოკრინულ ჯირკვალ ჰიპოფიზში და უზრუნველყოფს ფარისებრი ჯირკვლის მიერ ჰორმონების: თიროქსინისა (T4) და ტრიიოდთირონინის (T3) ადეკვატური და სტაბილური რაოდენობით წარმოებას.
ფუნქციური კვლევა შეიძლება წარიმართოს ორი მიმართულებით: შესაძლებელია პირველ ეტაპზე მხოლოდ TSH გაკეთდეს და თუ დაფიქსირდება ნორმიდან გადახრა, შემდეგ ჩატარდეს სხვა ჰორმონალური კვლევები, ან თავიდანვე გაკეთდეს ერთდროულად TSH + fT4, საჭიროების შემთხვევაში fT3 გამოკვლევა.
მიღებული შედეგები განიხილება ენდოკრინოლოგის მიერ ულტრასონოგრაფიულ სურათთან კომბინაციაში და ხდება გადაწყვეტილების მიღება შემდგომი დამატებითი ტესტირების საჭიროების შესახებ.
შედეგების სავარაუდო ინტერპრეტაცია:
- TSH ნორმა + FT4 ნორმა + FT3 ნორმა _ ეუთირეოზი
- TSH მაღალი + FT4 ნორმა + FT3 ნორმა _ მსუბუქი (სუბკლინიკური) ჰიპოთირეოზი
- TSH მაღალი + FT4 დაბალი + FT3 დაბალი ან ნორმა _ ჰიპოთირეოზი
- TSH დაბალი + FT4 ნორმა + FT3 ნორმა _ მსუბუქი (სუბკლინიკური) ჰიპერთირეოზი
- TSH დაბალი + FT4 მაღალი ან ნორმა + FT3 მაღალი ან ნორმა _ ჰიპერთირეოზი
- TSH დაბალი + FT4 დაბალი + FT3 დაბალი _ ჰიპოფიზიდან მომდინარე (მეორადი) ჰიპოთირეოზი
ჰიპოთირეოზით აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება;
ჰიპერთირეოზით – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის პათოლოგიური გააქტიურება;
ეუთირეოზი კი ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური აქტივობაა.
იმუნოლოგიური კვლევა
- თირეოპეროქსიდაზას საწინააღმდეგო ანტისხეულები (Anti-TPO)
- თირეოგლობულინის საწინააღმდეგო ანტისხეულები (Anti-TG)
- თირეოტროპული ჰორმონის რეცეპტორის საწინააღმდეგო ანტისხეულები (TSHr-Ab)
ანტისხეულების გამოკვლევის მიზანია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური დარღვევის აუტოიმუნური ხასიათის დადგენა, რაც განსაზღვრავს მკურნალობის მიმდინარეობის თავისებურებებს. ამიტომ ანალიზის ჩატარების ჩვენებაა გადიდებული ფარისებრი ჯირკვლის ან ჰორმონალური გამოკვლევების საფუძველზე ფუნქციის სხვადასხვა დარღვევების აღმოჩენა.
აუტოიმუნური დაავადების დროს იმუნური სისტემა, რომლის დანიშნულებაც ორგანიზმში მოხვედრილ უცხო სხეულებთან ბრძოლაა, შეცდომით თავს ესხმის საკუთარ უჯრედებს და იწვევს ქრონიკული ანთებითი პროცესის განვითარებას, ორგანოს ქსოვილის დაზიანებას და/ან ფუნქციის მოშლას.
ამრიგად, თირეოიდული ანტისხეულები იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების ჩამოყალიბებას, როგორიცაა ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტი ანუ ჰაშიმოტოს თირეოიდიტი და დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი ანუ გრეივსის დაავადება.
- Anti-TPO – ისაზღვრება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების დროს და ჰაშიმოტოს თირეოიდიტის მარკერია. ის მომატებულია ასევე გრეივსის დაავადების დროსაც.
- Anti-TG – მომატებულია ჰაშიმოტოს თირეოიდიტის დროს. ტესტი გამოიყენება ასევე ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის პოსტოპერაციული მართვის პროცესში.
- TSHr-Ab – მისი მომატება ასოცირებულია გრეივსის დაავადებასთან და გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის პათოლოგიური მომატებით მიმდინარე დარღვევების დიფერენციული დიაგნოზისთვის.
შესაძლებელია ანტისხეულების მომატება დაფიქსირდეს სრულიად ჯანმრთელი ფარისებრი ჯირკვლის ფონზე, ეს ნიშნავს მომავალში დაავადების განვითარების მაღალი რისკის არსებობას, ამიტომ ასეთ შემთხვევაში გარკვეული პერიოდულობით საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობის მონიტორინგი.
სისხლის ნიმუშის აღება ხდება ვენიდან და სპეციალურ მომზადებას არ საჭიროებს.
ინსტრუმენტული კვლევა
- ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფია
მეთოდი გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის და მისი მიმდებარე სტრუქტურების ვიზუალიზაციისთვის, რათა დაფიქსირდეს ორგანოს ზომის, კონტურის, ქსოვილისა და სისხლძარღვების ცვლილებები და მოხდეს პათოლოგიური კვანძოვანი წარმონაქმნების აღმოჩენა.
გამოკვლევის გამოყენების ყველაზე ხშირი მიზნებია:
- დადგინდეს კისრის მიდამოში ხელით გასინჯვისას აღმოჩენილი კვანძოვანი წარმონაქმნი ფარისებრ ჯირკვალშია თუ ირგვლივ მდებარე ქსოვილში
- კვანძის შეფასება: აქვს თუ არა ისეთი მახასიათებლები, რომელიც მიუთითებს მის კეთილთვისებიან ბუნებას ან პირიქით, ბიოფსიის საჭიროებას
- კვანძოვანი წარმონაქმნების რაოდენობის დაზუსტება
- კვანძის ზომების ცვლილების შეფასება დინამიკაში
კვანძის ზოგიერთი ულტრაბგერითი მახასიათებელი მკაცრად მიუთითებს მის კეთილთვისებიანობაზე, ზოგი კი ბადებს ეჭვს, რომ ის შეიძლება ავთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნი იყოს.
ასევე ხშირია შემთხვევები, როცა რადიოლოგისთვის შეუძლებელია კვანძის ხასიათის დიფერენცირება სრული სიზუსტით.
პირველ შემთხვევაში საკმარისია ხოლმე პერიოდულად ულტრასონოგრაფიული დაკვირვება, ბოლო ორი სიტუაციისთვის კი მოწოდებულია ბიოფსიით პათოლოგიური წარმონაქმნიდან ნიმუშის აღება და მიკროსკოპით დათვალიერება/შეფასება.
ულტრაბგერითი გამოკვლევით შეუძლებელია ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის დადგენა, ამისთვის საჭიროა დამატებით ჰორმონალური ტესტების ჩატარება და ზოგ შემთხვევაში რადიონუკლიდური სკანირება.
დამატებითი კვლევები
- ფარისებრი ჯირკვლის რადიონუკლიდური სკანირება
- პუნქციური ბიოფსია
- კალციტონინი
- თირეოგლობულინი
Related Poster:
Written by: Elga Giorgadze, MD (ექიმი ენდოკრინოლოგი)