DIABETES MELLITUS

დიაბეტი და საყვარელი ტკბილეული

ტკბილეული

რამდენად თავსებადი შეიძლება იყოს დიაბეტი და ტკბილეული ერთმანეთთან?

ნიშნავს თუ არა დიაბეტის დიაგნოზი იმას, რომ ვეღარასდროს შევძლებთ დავაგემოვნოთ ჩვენი საყვარელი ნამცხვრის ნაჭერი დანაშაულის შეგრძნების გარეშე?

რა თქმა უნდა, ამ შეკითხვის პასუხია – NO.

მთავარი საკითხია, როგორ გავაკეთოთ ეს ისე, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ორგანიზმზე ზიანის მიყენების რისკები.

თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ტკბილეული აკრძალული პროდუქტების ზონაში გვაქვს და მისი სისტემატური მიღება დიაბეტის დროს დაუშვებელია.

იდეალური ვარიანტია, რომ საერთოდ არ იქნას გამოყენებული.

რატომ?

რადგან ეს არის ნახშირწყლის ყველაზე მარტივი ფორმა, რომლის დამუშავებაც ორგანიზმს არ უწევს და ის სწრაფად შეიწოვება სისხლში, სწრაფად იწვევს გლუკოზას მატებას და მოითხოვს ინსულინის სწრაფ საპასუხო გამომუშავებას, რაც დიაბეტის პირობებში პრობლემას ქმნის.

ამასთანავე, პროდუქტი, რომელიც ასეთ მარტივ შაქრებს შეიცავს, უმეტესად ნულოვანი ნუტრიენტული ღირებულებისაა, ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს სასარგებლო ვიტამინებს, მინერალებს, მაკროელემენტებს.

სამაგიეროდ აქვს მაღალი ენერგეტიკული ღირებულება, ანუ შეიცავს ბევრ კალორიას, რომელიც ადვილად მარაგდება ორგანიზმში ცხიმის სახით. ამის გამო მსგავსი საკვები ცნობილია ,,ცარიელი კალორიების’’ ზედმეტსახელით.

ასეთი პროდუქტების მაგალითებია:

  • ლიმონათები და სხვა გაზიანი ტკბილი სასმელები, ენერგეტიკული სასმელი
  • კამფეტები, შოკოლადები
  • ნამცხვარი, დონატი, სხვა საკონდიტრო ნაწარმი.

რეკომენდაციები, თუ როგორ ჩავრთოთ ჩვენი საყვარელი დესერტი დიაბეტური კვების რაციონში მაქსიმალურად უსაფრთხოდ

დესერტის შემცველი კვება უნდა დაიგეგმოს წინასწარ, მხოლოდ გამონაკლისის სახით, ,,განსაკუთრებულ’’ დღეებში და არა ყოველდღე.

მისი მიღება უმჯობესია არა ცალკე, არამედ ძირითადი კერძის მირთმევის შემდეგ, როგორც თავად სიტყვა ,,დესერტის’’ განმარტება გულისხმობს.

ამ ძირითადი კერძიდან კი ამოღებული უნდა იქნას სხვა ნახშირწყლები, როგორიცაა: პური, ბრინჯი, წიწიბურა, კარტოფილი, ჭარხალი, ხილი, რძის პროდუქტი, ან შემცირდეს რაოდენობა.

ანუ ვახდენთ მათ ,,გადაცვლას’’ ტკბილეულში შემავალ ნახშირწყლებზე, რათა ერთ ჯერზე მიღებული ნახშირწყლების საერთო რაოდენობა არ აღემატებოდეს იმ ზომას, რასაც ჩვეულებრივ უნდა ვიღებდეთ.

ამერიკის დიაბეტის ასოციაციის რეკომენდაციის თანახმად კი ერთ კვებაზე დაშვებულია 45-60 გრ ნახშირწყლის მიღება.

>>DIABETES MEAL PLANNING

ამ ძირითად კვებაში უნდა შედიოდეს ცილა და უჯრედისით მდიდარი ბოსტნეული, მცირე რაოდენობით ჯანსაღი ცხიმი.

ტკბილეულის რაოდენობა უნდა იყოს მცირე და აირჩეს შეძლებისდაგვარად ნაკლებად კალორიული და ნაკლები ნახშირწყლის შემცველი ვარიანტი.

ამ მიზნით შესაძლებელია გამოყენებული იქნას ხელოვნური დამატკბობლით დამზადებული დესერტი.

ასევე უპირატესობა მიანიჭეთ კარგი ხარისხის შავ შოკოლადს.

ტკბილეულის ,,სპეციალური” კატეგორია

უნდა გაითვალისწინოთ, რომ პროდუქტები, რომლებიც შეგხვდებათ მარკეტში და რომლებსაც აწერია უშაქრო, ან დამატებული შაქრის გარეშე, დიაბეტური, უცხიმო, უგლუტენო და სხვ. – ისინი შესაძლოა მაინც შეიცავდეს კალორიების დიდ რაოდენობას ან ისეთი ტიპის ნახშირწყლებს, რომელიც გლუკოზას სწრაფ მატებას იწვევს.

ამას გარდა, როცა პროდუქტს გამოცლილი აქვს შაქარი, ცხიმი, ანუ ის ინგრედიენტები, რაც მის მიმზიდველ გემოს განაპირობებს, მწარმოებელს ამ გემოს შესანარჩუნებლად უწევს მასში არომატიზატორების და კონსერვანტების რაოდენობის გაზრდა, რის გამოც საბოლოო ჯამში ე.წ. დიაბეტური პროდუქტი შესაძლებელია უფრო მავნე ზეგავლენას გვაძლევდეს, ვიდრე მისი შაქრიანი ანალოგი.

ამიტომ, უმჯობესია, უპირატესობა მიანიჭოთ დესერტის სახლში მომზადებას.

ამ შემთხვევაში გამოიყენეთ ხელოვნური დამატკბობელი და მოიძიეთ რეცეპტები, სადაც ფიგურირებს პროდუქტები, როგორიცაა apple და სხვა ხილი, chia seed, დარიჩინი, cottage cheese.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ ხელოვნური დამატკბობელი არ არის ბოლომდე უსაფრთხო ვარიანტი და არ უნდა მოხდეს მისი ,,ბოროტად’’ გამოყენება უკონტროლო რაოდენობით, რადგან მას აქვს თავისი უარყოფითი თვისებებიც, მაგალითად, შეუძლია გაზარდოს მოთხოვნილება ტკბილზე, გავლენა მოახდინოს ნაწლავურ ფლორაზე და სხვ. ამიტომ ამ პროდუქტების გამოყენებისას ზომიერების დაცვა აუცილებელია.

>>SUGAR, HONEY AND SUGAR SUBSTITUTES

რეკომენდაცია მათთვის, ვისაც ახალახანს დაესვა დიაგნოზი, ან დიაგნოზის მიუხედავად უჭირს ერთბაშად უარის თქმა და მაინც აგრძელებს ტკბილეულის ჩვეულ რეჟიმში მოხმარებას – შეამცირეთ მისი მიღება თანდათანობით, მაგალითად, დაგეგმეთ, რომ ყოველ მეორე დღეს გაანახევროთ მიღებული ტკბილეულის რაოდენობა. ამ გზით შეძლებთ ნელა, მაგრამ შედარებით უმტკივნეულოდ მოიხსნათ დაუძლეველი მოთხოვნილება ტკბილეულზე.

Author: Elga Giorgadze (MD of Endocrinology)