ჰიპოგლიკემია არის სისხლში შაქრის შემცველობის დაქვეითება ნორმაზე დაბლა.
სხვადასხვა ფაქტორების გავლენით დღის განმავლობაში სისხლში შაქრის დონე მუდმივად ცვალებადობს როგორც დიაბეტის დროს, ისე მის გარეშე და ეს სრულიად ნორმალურია, როცა ცვლილება არ სცდება მაჩვენებლების ნორმის საზღვრებს.
ჰიპოგლიკემიის კრიტერიუმები
სისხლში შაქრის შემცველობის დაქვეითებაზე ორგანიზმის რეაგირება გარკვეულწილად ინდივიდუალურია.
უმეტეს შემთხვევაში სიმპტომები თავს იჩენს, როდესაც გლუკოზა მცირდება 70 მგ/დლ-მდე და ქვემოთ. სწორედ ეს მაჩვენებელი ითვლება ადამიანთა პოპულაციის უმეტესი ნაწილისთვის მაჩვენებლის ქვედა ზღვრად.
ჰიპოგლიკემიის მიზეზები დიაბეტის დროს
ჰიპოგლიკემია უფრო ხშირად ვითარდება ტიპი 1 დიაბეტის დროს, ხოლო ტიპი 2 დიაბეტს ახლავს მაშინ, როცა მკურნალობაში ჩართულია ინსულინის ინექციები ან ისეთი ჯგუფის მედიკამენტები, რომლებიც პანკრეასის მიერ ინსულინის გამოყოფას ასტიმულირებენ.
ჰიპოგლიკემიის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია ზედმეტი რაოდენობით ინსულინის მოხვედრა ორგანიზმში მისი ინექციის გზით.
ინსულინოთერაპიის ფონზე ამას შეიძლება ადგილი ჰქონდეს, როცა ხდება:
- სხვადასხვა სახის ინსულინის ინექციების შემთხვევით არევა
- დოზის გადაჭარბება
- ინსულინის ნემსის მოხვედრა კუნთში კანქვეშა მიდამოს ნაცვლად, საიდანაც ის უფრო სწრაფად შეიწოვება.
მეორე მნიშვნელოვანი მიზეზია საკვები. არასაკმარისი ნახშირწყლების შემცველობა კვებაში და ნახშირწყლების რაოდენობასთან შეუსაბამო ინსულინის დოზა ჰიპოგლიკემიის მიზეზი შეიძლება გახდეს.
მესამე ფაქტორია ფიზიკური აქტივობა, რომელიც ჰიპოგლიკემიის ერთ-ერთი ხშირი გამომწვევია ტიპი 1 დიაბეტის დროს. ცხადია, ეს არ წარმოადგენს მასზე უარის თქმის მიზეზს. მთავარია, ფიზიკურ აქტივობასთან მიმართებაში კვებისა და ინსულინის ინექციების სწორად დაგეგმვა.
აღსანიშნავია, რომ ჰიპოგლიკემიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები შესაძლებელია გამოვლინდეს მაშინაც, როცა შაქრის დონე ნორმაზე დაბლა არ არის, მაგრამ ხდება მაღალი მაჩვენებლის სწრაფი და მკვეთრი შემცირება.
ჰიპოგლიკემიის სიმპტომები
ჰიპოგლიკემიის მახასიათებელი სიმპტომების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია.
რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი, რომ ყველა სიმპტომი ერთდროულად იყოს წარმოდგენილი, რადგან ყოველი ადამიანის ორგანიზმის რეაგირება სისხლში შაქრის დონის დაქვეითებაზე განსხვავებულია.
ჰიპოგლიკემიის სპეციფიკური მახასიათებელია მისი სიმპტომების უეცრად და სწრაფად გამოვლენა.
ესენია:
- კანკალი
- ნერვული აღგზნება, გაღიზიანებადობის შეგრძნება
- ოფლიანობა, შემცივნება
- დაბნეულობა
- გულისცემის აჩქარება
- თავბრუსხვევა
- ძლიერი შიმშილის შეგრძნება
- ღებინება
- კანის გაფერმკრთალება
- ძილიანობა
- ზოგადი სისუსტე
- მხედველობის დაბინდვა
- ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება ტუჩებზე, ენაზე, ლოყაზე
- თავის ტკივილი
- კოორდინაციის დარღვევა
- ძილის დროს – კოშმარული სიზმრები ან ყვირილით გაღვიძება
- კრუნჩხვები
ამ სიმპტომების ფონზე სისხლში შაქრის გაზომვა არის ერთადერთი მექანიზმი, რითიც სარწმუნოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰიპოგლიკემიას აქვს ადგილი.
სისხლში შაქრის დონის დაქვეითების საპასუხოდ ჭარბი რაოდენობით გამომუშვადება სტრესული ჰორმონი – ადრენალინი, რომელიც პასუხისმგებელია ისეთ სიმპტომებზე, როგორიცაა გულისცემის აჩქარება, კანკალი, ოფლიანობა, გაღიზიანებადობა.
ცნობიერებასთან დაკავშირებული სიმპტომების გამოვლენის მიზეზი კი არის თავის ტვინში გლუკოზას, როგორც ენერგიის წყაროს მიწოდების შეფერხება.
ჰიპოგლიკემიის მართვა
დიაბეტის მქონე პირმა, ასევე მის გარშემო მყოფებმა უნდა იცოდნენ ჰიპოგლიკემიის ამოცნობა და ეჭვის მიტანა. როგორც უკვე აღინიშნა, თითოეული ადამიანისთვის მისი გამოვლინება განსხვავებულია, ამიტომ მნიშვნელოვანია სისხლში შაქრის დონის დაქვეითებაზე ორგანიზმის ინდივიდუალურ რეაქციაზე დაკვირვება, შესწავლა, ცოდნა და გათვალისწინება.
რადგან, თუ ჰიპოგლიკემია და თავის ტვინის შიმშილი გაგრძელდა მეტისმეტად დიდხანს, ეს უკვე სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობას ქმნის.
ჰიპოგლიკემიის ამოცნობის და დადასტურების შემდეგ მომდევნი ნაბიჯია მისი დროული კუპირება – სისხლში შაქრის დონის აწევა.
როგორ ავწიოთ სისხლში გლუკოზას შემცველობა
მკურნალობისთვის გამოდგება ე.წ. 15-15 წესი, რაც გულისხმობს შემდეგს:
უნდა იქნას მიღებული 15 გრ მარტივი ნახშირწყალი და გაიზომოს სისხლში შაქრის შემცველობა 15 წუთის შემდეგ. თუ მაჩვენებელი ისევ 70 მგ/დლ-ზე ნაკლებია, კიდევ ვამატებთ 15 გრ ნახშირწყალს და ისევ ვზომავთ შაქარს 15 წუთის შემდეგ.
ეს ციკლი უნდა განმეორდეს მანამ, სანამ არ იქნება მიღწეული გლიკემია 70 მგ/დლ და მეტი. ამის შემდეგ საჭიროა სტანდარტული კვების მიღება, რათა არ განმეორდეს ჰიპოგლიკემიის ეპიზოდი.
15 გრ მარტივი ნახშირწყალი შეიძლება იყოს:
- 120 მლ ხილის წვენი ან გაზიანი სასმელი (არ უნდა იყოს დიეტური და უშაქრო)
- 1 სუფრის კოვზი შაქარი ან თაფლი
- საწუწნი კამფეტი, მარმელადი ან მსგავსი ტკბილეული – რაოდენობის სწორად შესარჩევად გაეცანით ნახშირწყლების შემადგენლობას პროდუქტის ეტიკეტზე.
15-15 წესის დაცვით შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული საკვების უკონტროლო რაოდენობით მიღება, რასაც სისხლში შაქრის მკვეთრი მატება შეიძლება მოჰყვეს.
ბავშვთა ასაკში განსხვავებულია ნახშირწყლების საჭირო რაოდენობა. ჩვილებისთვის ის შეადგენს 6 გრ-ს, პატარა ასაკის ბავშვებისთვის – 8 გრ-ს, უფრო მოზრდილებისთვის კი 10 გრ-ს. ცხადია, ამის განსაზღვრა და რეკომენდაციის გაცემა პერსონალური ექიმის პრეროგატივაა.
მნიშვნელოვანია ის დეტალი, რომ ყველა ტიპის ნახშირწყალი არ გამოდგება ჰიპოგლიკემიის სამკურნალოდ.
კერძოდ, არ უნდა იქნას გამოყენებული რთული ნახშირწყლები ან პროდუქტი, რომელიც ნახშირწყალთან ერთად შეიცავს ცხიმებს (მაგალითად შოკოლადი), რადგან ამ ტიპის საკვები უფრო ნელა შეიწოვება და შაქრის სწრაფი აწევისთვის არ გამოდგება.
მწვავე ჰიპოგლიკემია
როცა ჰიპოგლიკემია ცნობიერების დარღვევით რთულდება, ეს უკვე მწვავე ფორმაა და ცხადია, ამ შემთხვევაში ადამიანს მდგომარეობიდან გამოსასვლელად ესაჭიროება გარშემომყოფთა დახმარება.
მწვავე ჰიპოგლიკემიის შემთხვევებისთვის განკუთვნილია გლუკაგონის ინექცია. თუ ის ხელმისაწვდომია საჭირო მომენტისთვის და ახლოს მყოფ ადამიანს შეუძლია მისი გამოყენება, ინექცია უნდა გაკეთდეს დუნდულოს კუნთში, მხარზე ან ბარძაყზე.
გლუკაგონის არარსებობის პირობებში კი აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება.
ასეთ შემთხვევებში არასწორი ქმედებაა ინსულინის ინექციის გაკეთება, რადგან ეს სისხლში შაქრის კიდევ უფრო შემცირებას შეუწყობს ხელს. ასევე დაუშვებელია საკვების პირში მოთავსების მცდელობა, რადგან ამან უგონო მდგომარეობაში შესაძლოა სასუნთქი გზების დახშობა გამოიწვიოს.
პრევენცია
ჰიპოგლიკემიის ყოველი ეპიზოდი უნდა იქნას ჩანიშნული და განხილული ექიმთან ერთად, რათა მოხერხდეს მისი რისკების შემცირება მომავალში.
ჰიპოგლიკემიის პრევენციისთვის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია სისხლში შაქრის შემცველობის მონიტორინგი.
არაერთი კვლევა უჩვენებს, რომ რაც უფრო ხშირია შაქრის დონის კონტროლი, მით ნაკლებია ჰიპოგლიკემიის შემთხვევები.
გლიკემიის ხშირი ტესტირება შესაძლებლობას იძლევა საწყის ეტაპზე დაფიქსირდეს და აღიკვეთოს ჰიპოგლიკემიის განვითარება.
ამას გარდა, ის მნიშვნელოვანია საკუთარი ორგანიზმის რეაქციების და სხვადასხვა ფაქტორთან მიმართებაში თავისებურებების შესასწავლად, რაც გაითვალისწინებული უნდა იყოს მომავალში დაავადების მართვის ეფექტურობის ასამაღლებლად.
რეკომენდაციების მიხედვით სისხლში შაქრის მონიტორინგისთვის ყველაზე საჭირო დროებია:
- ჭამამდე და ჭამის შემდეგ
- ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ (თუ ვარჯიში ხანგრძლივია ან ინტენსიური უშუალოდ პროცესის დროსაც)
- დაძინებამდე
- თუ დღის განმავლობაში მაღალი ინტენსივობის ფიზიკურ დატვირთვას ჰქონდა ადგილი, უმჯობესია ღამის საათებშიც გატესტვა
- ხშირი გასინჯვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც დღის რეჟიმში შედის ცვლილებები. ასე მაგალითად, იცვლება ინსულინოთერაპიის გეგმა, ან სხვაგვარი ხდება სამუშო გარემო პირობები, ფიზიკური დატვირთვის რეჟიმი, ან იგეგმება მოგზაურობა განსხვავებულ სასაათო სარტყელში.
დიაბეტის მართვის პროცესში სამიზნე მაჩვენებლის ქვედა დონე, როგორც წესი, ჩვეულებრივზე უფრო მაღალია, რაც ჰიპოგლიკემიის ეპიზოდების პრევენციას ემსახურება.
კერძოდ, დიაგნოზის მქონე პირთა უმეტესობისთვის რეკომენდირებულია შაქრის დონის შენარჩუნება 80 მგ/დლ-დან ზემოთ.
თუმცა, ინდივიდუალურ შემთხვევებში რეკომენდაცია შეიძლება განსხვავებული იყოს. ეს დამოკიდებულია ასაკზე, დიაბეტის ტიპზე, თანმხლებ გართულებებზე, ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე, გადატანილი ჰიპოგლიკემიის ეპიზოდების თავისებურებებზე.
ამიტომ, უმჯობესია პირადმა ექიმმა გასცეს რეკომენდაცია კონკრეტულ პაციენტზე მორგებული სამიზნე მაჩვენებლების შესახებ, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს გლიკემიის შენარჩუნება.
ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)