რადიოაქტიური იოდით თერაპია ბირთვული მედიცინის ერთ-ერთი მიმართულებაა.
მეთოდის არსი არის რადიოაქტიური იოდის (I 131) გამოყენება ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების განადგურების მიზნით.
თერაპია უკვე ათწლეულებია აქტიურადაა დანერგილი ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა დაავადებების, კერძოდ, ჰიპერთირეოზის და სიმსივნის ზოგიერთი სახეობის მკურნალობაში.
მოქმედების მექანიზმი
ფარისებრი ჯირკვალი პეპლის ფორმის ორგანოა. ის მდებარეობს კისრის წინა ქვედა ზედაპირზე და გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომელთა როლი უმნიშვნელოვანესია ჩვენს ორგანიზმში სასიცოცხლო პროცესების ნორმალური მიმდინარეობისთვის.
ამ ჰორმონების წარმოსაქმნელად ჯირკვალი იყენებს მიკროელემენტ იოდს.
ორგანიზმში საკვებით მოხვედრილი იოდი შთაინთქმება არჩევითად ფარისებრი ჯირკვლის მიერ და ერთვება ჰორმონების სინთეზში.
სწორედ ამ ფიზიოლოგიურ მექანიზმს ემყარება რადიოაქტიური იოდით მკურნალობის მეთოდი.
ჯირკვალი ვერ არჩევს ჩვეულებრივ იოდს რადიოაქტიურისგან. ფარისებრ ჯირკვალში მოხვედრილი რადიოაქტიური იოდი კი მისი უჯრედების კვდომას იწვევს.
რადიოიოდთერაპიის როლი ჰიპერთირეოზის მკურნალობაში
ჰიპერთირეოზის დროს ადგილი აქვს ფარისებრი ჯირკვლის ზენორმულ გააქტიურებას და ჰორმონების ჭარბ პროდუქციას, ეს კი იწვევს ისეთ გამოვლინებებს, როგორიცაა აჩქარებული გულისცემა, ხელების კანკალი, წონაში კლება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა ქალებში, მომატებული გაღიზიანებადობა და სხვ.
ჰიპერთირეოზის ისეთი მიზეზები, როგორიცაა Graves' disease და ტოქსიკური კვანძოვანი ან მრავალკვანძოვანი ჩიყვი შეიძლება გახდეს რადიოაქტიური იოდით მკურნალობის ჩვენებები.
რადიოიოდთერაპიის როლი ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეების მკურნალობაში
ფარისებრი ჯირკვლის ყველაზე გავრცელებული სიმსივნის ტიპების (როგორიცაა პაპილარული და ფოლიკულური სიმსივნეები) ქირურგიული ამოკვეთის შემდეგ ჩვეულებრივ 3-6 კვირის ვადაში ტარდება რადიოაქტიური იოდით თერაპიის კურსი.
პროცედურის მიზანია ქირურგიული ჩარევის შემდეგ ფარისებრი ჯირკვლის დარჩენილი უჯრედების მთლიანად განადგურება, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი სიმსივნის რეციდივის რისკები. ასევე, ხდება სხვა ორგანოებში გავრცელებული სიმსივნური უჯრედების მოცილება.
რადიოიოდთერაპიის გვერდითი მოვლენები
რადიოაქტიური იოდის გამოყენებით ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების განადგურებას, ბუნებრივია, მოჰყვება პერმანენტული HYPOTHYROIDISM, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტი ორგანიზმში, რაც ამ თერაპიის ყველაზე მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენაა. თუმცა, საბედნიეროდ, ჰიპერთირეოზთან შედარებით ჰიპოთირეოზის მართვა გაცილებით უფრო მარტივია ჰორმონების სინთეზური ანალოგების გამოყენებით.
დროებითი გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს:
- შეშუპება და ტკივილი კისრის მიდამოში
- ღებინება
- სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება
- გემოს დაკარგვა ან ცვლილება
- პირის სიმშრალე, ნერწყვის არასაკმარისი წარმოქმნა
- თვალების სიმშრალე ან, პირიქით, ჭარბი ცრემლდენა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულებსა და მეძუძურ დედებში რადიოაქტიური იოდით თერაპია არ ტარდება.
რადიოიოდთერაპიის საჭიროებისას ამ მდგომარეობებთან მიმართებაში დაცული უნდა იქნას სათანადო დროითი ინტერვალები.
კერძოდ, სურვილის შემთხვევაში ორსულობა უნდა დაიგეგმოს ჩატარებული თერაპიიდან მინიმუმ 6-12 თვის შემდეგ. ასევე, კაცების შემთხვევაში ჩასახვა არ უნდა მოხდეს თერაპიიდან მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.
ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს თერაპიის გამოყენებამდე მინიმუმ 6 კვირით ადრე და აღარ უნდა გაგრძელდეს თერაპიის შემდეგ.
უსაფრთხოების დასაცავად აუცილებელი რეკომენდაციები რადიოიოდთერაპიის შემდეგ
რადიოაქტიური იოდის მიღება უმეტესად ტაბლეტის ფორმით ხდება.
ნივთიერების ის ნაწილი, რაც სისხლში მოხვედრის შემდეგ არ შთაინთქმება ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების მიერ, ორგანიზმს ტოვებს მისი სითხეების საშუალებით, როგორიცაა შარდი, განავალი, ოფლი, ნერწყვი, ვაგინალური გამონადენი, სპერმა, ცრემლი.
იმ მიზნით, რომ გარშემომყოფები არ მოხვდნენ ორგანიზმიდან გამოყოფილი რადიაციის ზემოქმედების ქვეშ, დაცული უნდა იქნას გარკვეული უსაფრთხოების რეკომენდაციები.
კერძოდ, თერაპიიდან მინიმუმ 1 კვირის განმავლობაში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს სხვებისგან იზოლირებულად.
თუ სრული იზოლაცია შეუძლებელია, იგივე პერიოდის განმავლობაში (მინიმუმ 1 კვირა) უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები:
- სხვა ადამიანებთან, განსაკუთრებით ბავშვებთან და ორსულებთან, დაცული უნდა იყოს დისტანცია მინიმუმ 2 მეტრამდე.
- უნდა მოხდეს ერთჯერადი ან მხოლოდ საკუთარი თეფშის, ჭიქის, პირსახოცის და სხვა ყოველდღიური მოხმარების პირადი ჰიგიენის და საყოფაცხოვრებო ნივთების გამოყენება.
- მათი გარეცხვა და გასუფთავება უნდა განხორციელდეს სხვისი ნივთებისგან განცალკევებით.
- ასევე ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს ცალკე.
- ძილისთვის უნდა გამოიყოს განცალკევებული ოთახი.
- ხშირი ბანაობა და ხელების ხშირად დაბანა აუცილებელია.
რადიოაქტივობის ზეგავლენა ორგანიზმზე
რადიოაქტიური იოდით თერაპია 1940 წლიდან გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკურნალოდ და დღემდე ითვლება ზოგადად უსაფრთხო და ეფექტურ საშუალებად.
თუმცა, ნივთიერების რადიოაქტიური ბუნებიდან გამომდინარე, ცხადია, არ წყდება დისკუსია მისი უსაფრთხოების შესახებ კარცეროგენული თვალსაზრისით. აღინიშნება გარკვეული აზრთა სხვადასხვაობაც, რადგან ბოლო დროინდელი კვლევების ანალიზით დაფიქსირდა, რომ გრეივსის დაავადების სამკურნალოდ განსაკუთრებულად მაღალი დოზებით რადიოაქტიური იოდის გამოყენებამ მსუბუქად გაზარდა სხვადასხვა ორგანოს სიმსივნური დაავადების განვითარების რისკები. ამ კორელაციის მყარად დასადასტურებლად უფრო მეტი კვლევებია საჭირო.
ნებისმიერ შემთხვევაში მკურნალობის მიმართულების არჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნას რადიაციული დასხივების ფაქტიც და გადაწყვეტილების მიღება მოხდეს რისკების და სარგებლის შედარების და შეფასების საფუძველზე.
Author: Elga Giorgadze (MD of Endocrinology)