DIABETES MELLITUS

შაქრიანი დიაბეტის გავლენა იმუნურ სისტემაზე და მისი სტიმულირების გზები

იდიაბეტის გავლენა მუნურ სისტემაზე

რა როლი აქვს იმუნურ სისტემას

იმუნური სისტემის დანიშნულებაა ორგანიზმი დაიცვას ყველა მისთვის უცხო მიკროსხეულისგან. ეს შეიძლება იყოს: ვირუსი, ბაქტერია, პარაზიტი, სოკო, ასევე საკუთარი დაზიანებული ან მკვდარი უჯრედი. იმუნური სისტემის კომპონენტები უზრუნველყოფენ ასეთი ნაწილაკების აღმოჩენას და მათ განადგურებას.

იმუნურ სისტემაში გაერთიანებულია ორგანოები: ძვლის ტვინი, თიმუსი, ელენთა, ლიმფური კვანძები. თითოეული მათგანი ამა თუ იმ გზით ჩართულია სისხლის თეთრი უჯრედების ანუ ლეიკოციტების მომზადების პროცესში, სწორედ ეს უჯრედები არის იმუნური სისტემის ყველა ბრძანების უშუალო შემსრულებელი.

თავის მხრივ, ლეიკოციტების რამდენიმე ჯგუფი არსებობს, რომელთაგან ყველას განსაზღვრული დანიშნულება აქვს.

შაქრიანი დიაბეტის გავლენა იმუნურ სისტემაზე

შაქრიანი დიაბეტი დამთრგუნველ ზეგავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე. ამ შედეგამდე მივყავართ შემდეგ მექანიზმებს:

  • ჰიპერგლიკემია – სისხლში შაქრის მომატებული რაოდენობა იწვევს სისხლის თეთრი უჯრედების ფუნქციის შესუსტებას რამდენიმე სხვადასხვა გზით;
  • დიაბეტის თანმხლები სისხლძარღვოვანი გართულებების გამო შემცირებულია პერიფერიულად სისხლის მიდინება ქსოვილებამდე, რაც ხელს უშლის ნორმალური იმუნური პასუხის მობილიზებას;
  • დამატებით როლს თამაშობს დიაბეტური ნეიროპათია, რაც წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთ გართულებას და გამოიხატება ნერვული ქსოვილების დაზიანებით. მისი ერთ-ერთი შედეგია კიდურებში მგრძნობელობის დაქვეითება, რაც ზრდის კანის ზედაპირის მთლიანობის დარღვევის და მასში ინფექციის შეჭრის ალბათობას. იგივე ხდება გამომშრალი, ადვილად დაზიანებადი კანის შემთხვევაშიც.

იმუნურ სისტემაზე არსებული შეტევის გამო შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე პირებისთვის უმნიშვნელო ინფექციაც კი შესაძლებელია ხანგრძლივი და გართულებული მკურნალობის და ჰოსპიტალიზაციის მიზეზი გახდეს. ამ მხრივ მცირედით მომატებული შაქრის დონეც კი უკვე მაღალი რისკის მატარებელია.

შაქრიანი დიაბეტის ფონზე ყველაზე ხშირია ტერფის, სოკოვანი, საშარდე სისტემის და ქირურგიული ჭრილობის ინფექციები.

ხშირად დიაბეტის პირველი მანიფესტაცია სწორედ ასეთ ინფექციურ პროცესებს უკავშირდება. ამიტომ, როდესაც დიაგნოზის არმქონე პირებს აღენიშნებათ ინფექცია, რომლის განკურნება გაჭიანურებულია ადეკვატური მკურნალობის მიუხედავად, აუცილებელია, გამოირიცხოს შაქრიანი დიაბეტი.

ინფექციისგან თავის დაცვა

დიაბეტის მქონე პირი უნდა ეცადოს მაქსიმალურად შემცირდეს ინფექციის გამომწვევ მიკროორგანიზმებთან კონტაქტის ალბათობა.

ამისთვის, პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს ჰიგიენას:

საჭიროა ხელების ხშირი დაბანა. ასევე, გარეთა სასქესო ორგანოების რეგულარული ჰიგიენის დაცვა, განსაკუთრებით ქალებისთვის, რადგან ანატომიური თავისებურებების გამო უფრო ადვილად ვითარდება აღმავალი ინფექციები.

უნდა მოხდეს ტერფის სათანადო მოვლა რეკომენდაციების მიხედვით: ყოველდღიური დათვალიერება, ფეხსაცმლის ყურადღებით შერჩევა, კანის სიმშრალის საწინააღმდეგო ზომების მიღება და ა. შ.

ასევე მნიშვნელოვანია სათანადო ყურადღება მიექცეს ინფექციის პირველ გამოვლინებებს. ეს შეიძლება იყოს:

  • ტემპერეტურის მომატება
  • სისხლში შაქრის რეგულირების გართულება
  • არასასიამოვნო სუნის მქონე გამონადენი საშოდან
  • ტკივილი შარდვის დროს, მღვრიე ან სისხლიანი შარდის გამოყოფა
  • კანის დაზიანების არსებობის შემთხვევაში მისი შეწითლება ან სიმხურვალე

იმუნური სისტემის გაძლიერება

უმთავრესი კომპონენტი იმუნური სისტემის სტიმულაციისთვის არის სისხლში შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნება.

იმუნური სისტემის გაძლიერების სხვა დამხმარე საშუალებებია:

კვება

დიაბეტური კვების დროს ყურადღება ექცევა ულუფის ზომას, ნახშირწყლების რაოდენობას, პროდუქტების მრავალფეროვნებას. მნიშვნელოვანია ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი ფერადი ბოსტნეულის და ხილის, ასევე, უჯრედისის შემცველი საკვების მიღება.

პროდუქტები, რომლებიც ზოგადად ასოცირებულია იმუნური სისტემის მოქმედების გაუმჯობესებასთან არის:

  • ხახვი, ნიორი, კურკუმა, ჯინჯერი, იოგურტი, ჩაი, სოკო, ქათმის წვნიანი;
  • C და E ვიტამინების შემცველი პროდუქტები: ციტრუსები, კივი, ბროკოლი, ისპანახი, პომიდორი, წითელი ბულგარული წიწაკა, თხილეული, მზესუმზირა;
  • ომეგა 3-ის შემცველი: ცხიმიანი თევზი.

მნიშვნელოვანია საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება.

ფიზიკური აქტივობა

აქციეთ ყოველდღიურობის ნაწილად ფიზიკური აქტივობა მზარდი ხანგრძლივობით.

30 წუთი კვირაში 5 დღე კარგი დასაწყისია.

საუკეთესო არჩევანია: ფეხით სიარული, ველოსიპედი, კარდიო ვარჯიშები.

მსგავსი აქტივობები, ცხადია, ხელს უწყობს წონის კორექციასაც, რაც, თავის მხრივ, ამცირებს სისხლში შაქრის მომატებულ დონეს.

რაც უფრო განვითარებულია კუნთოვანი ქსოვილი, მეტ კალორიას მოიხმარს ის თუნდაც მოსვენებულ მდგომარეობაშიც.

საკმარისი ძილი

ძილი აუცილებელი პროცესია ჩვენი ორგანიზმისთვის, რადგან ის უზრუნველყოფს დღის განმავლობაში გახარჯული ენერგიის აღდგენას და ძალების ხელახლა მობილიზებას მომდევნო დღისთვის, ამიტომ, სხვა სისტემების მსგავსად, იმუნური სისტემაც რთულად ეგუება ძილის ნაკლებობას. ამასთანავე, დადასტურებულია კავშირი არასაკმარის ძილსა და დიაბეტი ტიპი 2-ის, ასევე სიმსუქნის განვითარებას შორის.

ძილის გაუმჯობესებისთვის დაძინების წინ ნუ მიიღებთ ყავას ან ალკოჰოლს, ნუ მოწევთ თამბაქოს (თუ კიდევ არ გითქვამთ უარი მასზე).

თამბაქო და სხვა მავნე ჩვევები

თუ ჯერ კიდევ ეწევით თამბაქოს, დროა იზრუნოთ მის შეწყვეტაზე.

თამბაქოში შემავალი ნიკოტინი პირდაპირ ზეგავლენას ახდენს სისხლძარღვებზე, რომლებიც ისედაც დაზიანების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება დიაბეტის გამო.

მოწევა ასევე ასოცირებულია უამრავი სხვადასხვა ქრონიკული დაავადების და სიმსივნის განვითარებასთან.

ასევე უარი უნდა ითქვას ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებაზე. ის იწვევს ძილის დარღვევას და სისხლში შაქრის დონის რეგულირების გართულებას. შაქრიანი დიაბეტის დროს ალკოჰოლის უსაფრთხო დასაშვები რაოდენობა არის: 100 მლ ღვინო, 330 მლ ლუდი.

სტრესის მართვა

მართალია სტრესის ზოგიერთი სახეობა არ ექვემდებარება იგნორირებას, მაგრამ, როცა ეს შესაძლებელია, უნდა ვეცადოთ, თავი ავარიდოთ მას. სტრესული დღის შემდეგ ისევ და ისევ სრულყოფილი ძილი ენერგიის კარგი აღმდგენია.

დროთა განმავლობაში სხვადასხავა სტრესის დაგროვება იწევევს იმუნური სისტემის ეფექტურობის დაქვეითებას. სტრესული ჰორმონები, როგორიცაა კორტიზოლი და ადრენალინი, იწვევს სისხლში შაქრის დონის მატებას და ლეიკოციცების მოქმედების დათრგუნვას.

სტრესთან გამკლავებისთვის ეფექტურია: იოგა, სუნთქვითი ვარჯიშები, მედიტაცია, ფიზიკური აქტივობა, სუფთა ჰაერზე სეირნობა, ადეკვატური ძილი და დასვენება, საჭიროების შემთხვევაში – ფსიქოლოგის დახმარება.

Author: Elga Giorgadze (MD of Endocrinology)