ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნები ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პათოლოგიაა ენდოკრინოლოგიაში.
უმეტეს შემთხვევაში კვანძები ზომით დიდი არ არის და არ იწვევს დისკომფორტს. ამიტომ მისი აღმოჩენა, როგორც წესი, ხდება შემთხვევით, ფარისებრი ჯირკვლის პროექციაზე ხელით გასინჯვის ან ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს.
გამომწვევი მიზეზი და მახასიათებლები
ფარისებრ ჯირკვალში კვანძის წარმოქნას სხვადასხვა მიზეზი აქვს. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს იოდის დეფიციტთან, ჯირკვლის აუტოიმუნურ დაავადებებთან, გენეტიკურ განწყობასთან, კისრის მიდამოს რადიაციასთან და სხვა.
ფარისებრი ჯირკვლის კვანძები შეიძლება იყოს:
- ერთეული ან მრავლობითი
- სითხოვანი შემცველობით ან ქსოვილოვანი შენებით
- ფუნქციურად აქტიური ან არააქტიური
- კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი.
აქედან გამომდინარეობს ის მნიშვნელოვანი კითხვები, რაც ჩნდება ფარისებრი ჯირკვლის კვანძის ან კვანძების აღმოჩენის შემდეგ:
- არის თუ არა კვანძი ავთვისებიანი?
- ახდენს თუ არა კვანძი ზეწოლას კისრის არეში მდებარე სხვა სტრუქტურებზე?
- წარმოქმნის თუ არა კვანძი ზედმეტი რაოდენობით თირეოიდულ ჰორმონებს?
- რა ზომები უნდა იქნას მიღებული მის წინააღმდეგ?
სტატისტიკურად ფარისებრი ჯირკვლის ყოველი 100 კვანძიდან 5 არის ავთვისებიანი. აგრესიული სიმსივნე იშვიათია. მას ახასიათებს დიდი ზომები, ზრდის სწრაფი ტემპი, მკვრივი და ფიქსირებული სტრუქტურა. კვანძების უმეტესობა კი ნაკლებად აგრესიულია, ხასიათდება ნელი ზრდით და აღმოჩენის დროს, როგორც წესი, მცირე ზომისაა.
კვანძის ავთვისებიანობაზე ეჭვის მიტანა ხდება ულტრაბგერითი მახასიათებლების საფუძველზე. თუ მყარად ვერ დასტურდება კვანძის კეთილთვისებიანი ბუნება, აუცილებელია ასპირაციული ბიოფსიის ჩატარება ანუ კვანძის ქსოვილიდან ნიმუშის აღება ნემსით და ამ მასალის მიკროსკოპული გამოკვლევა.
კვანძების აბსოლუტური უმრავლესობა არ არის ისეთი ზომის, რომ მოახდინოს ზეწოლა ირგვლივ მდებარე კისრის სხვა ანატომიურ სტრუქტურებზე, მაგრამ თუ კვანძმა მიაღწია საკმარისად დიდ ზომებს, მას შეუძლია გამოიწვიოს მასის შეგრძნება კისრის მიდამოში, ყლაპვის გაძნელება საყლაპავზე ზეწოლის გამო, სუნთქვის უკმარისობა ტრაქეის კომპრესიის გამო და ძალიან იშვიათად – ხმის შეცვლა.
გამოკვლევა
ულტრაბგერითი გამოკვლევის პარალელურად აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ლაბორატორიული ტესტირებაც, რათა დადგინდეს აქვს თუ არა ადგილი მათ სიჭარბეს. თუ ანალიზების საფუძველზე აღმოჩნდა თირეოტოქსიკოზი, საეჭვო შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ასევე სცინტიგრაფიით დადასტურება იმისა, რომ სწორედ კვანძი არის ზედმეტი ჰორმონების პროდუქციის წყარო. ასეთი ფუნქციურად აქტიური კვანძები თითქმის ყველა შემთხვევაში კეთილთვისებინია.
მკურნალობა
კვანძების მკურნალობა დამოკიდებულია მის ტიპსა და მახასიათებლებზე. კეთილთვისებიანი კვანძების მართვა უმეტესად მოიცავს დაკვირვებას, პერიოდულ განმეორებით კვლევებს. ზოგ შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს თიროქსინის პრეპარატები, ზომაში შემცირების ან შემდგომი ზრდის შეჩერების მიზნით.
ქირურგიული ჩარევა საჭირო ხდება, როცა აღინიშნება:
- დიდი ზომები და მისგან გამოწვეული სიმპტომები;
- ფუნქციურად აქტიური კვანძი, რომელიც გამოყოფს დიდი რაოდენობით თირეოიდულ ჰორმონებს და იწვევს ჰიპერთირეოზს;
- საეჭვო ორაზროვანი პასუხი ბიოფსიური კვლევის შედეგად;
- მრავალკვანძოვანი ჩიყვი სიმპტომების თანხლებით;
- ავთვისებიანი კვანძი _ ამ დროს, როგორც წესი, ხდება ჯირკვლის ქსოვილის მთლიანად მოშორება, ხოლო შემდეგ ტარდება რადიოიოდთერაპია ნარჩენი უჯრედების გასანადგურებლად.
შემაჯამებელი ფაქტები ფარისებრი ჯირკვლის კვანძების შესახებ
- ფარისებრი ჯირკვლის კვანძები სამჯერ უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე კაცებში;
- 30 წლის ქალების 30%-ს აღენიშნება კვანძი ფარისებრ ჯირკვალში;
- 60 წლის ქალების 60%-ს აღენიშნება მინიმუმ ერთი კვანძი ფარისებრ ჯირკვალში;
- ფარისებრი ჯირკვლის კვანძი ყოველი 40 ახალგაზრდა მამაკაციდან აღენიშნება ერთს;
- მათი 95% კეთილთვისებიანია;
- ზოგი მათგანი არის ცისტა, ანუ შეიცავს სითხეს და არა ქსოვილს, ასეთი კვანძები თითქმის ყოველთვის კეთილთვისებიანია;
- ჰორმონულად აქტიური კვანძი თითქმის ყოველთვის კეთილთვისებიანია;
- ასაკის მატებასთან ერთად კვანძის გაჩენის ალბათობა იზრდება;
- კვანძის ავთვისებიანობის შანსი უფრო მეტია 20-დან 50 წლამდე ასაკში.
Author: Elga Giorgadze (MD of Endocrinology)
Read also: