CARBOHYDRATE METABOLISM, DIABETES MELLITUS

INSULIN

კუჭქვეშა ჯირკვალი ანუ პანკრეასი არის ორგანო, სადაც ხდება ინსულინზე შეკვეთის მიღება და დამზადება. ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმონის მთავარი დანიშნულებაა დაეხმაროს ორგანიზმს საკვებიდან შაქრის (გლუკოზას) ათვისებასა და ენერგიის წყაროდ გამოყენებაში, ასევე, შექმნას გლუკოზას მარაგი შემდგომი საჭიროებისთვის. ამ გზით ინსულინი იცავს ორგანიზმს სისხლში შაქრის როგორც მაღალი (ჰიპერგლიკემია) , ისე დაბალი (ჰიპოგლიკემია) შემცველობისგან.

ინსულინის მოქმედების მექანიზმი

ყველა უჯრედს ფუნქციონირებისთვის ესაჭიროება ენერგია. საკვების მიღების შემდეგ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნახშირწყლები იშლება მარტივ შაქრებად, რომელიც გადადის სისხლში, ამის შედეგად სისხლში გლუკოზას დონის მომატება წარმოადგენს სიგნალს პანკრეასის ბეტა უჯრედებისთვის , რომ გამოყოს შესაბამისი რაოდენობით ინსულინი და სისხლში შაქრის მაჩვენებელი დააბრუნოს ნორმალურ ფარგლებში. უჯრედების უმეტესობას არ აქვს უნარი ინსულინის დახმარების გარეშე მოიხმაროს გლუკოზა. ამიტომ ინსულინს ხშირად ახასიათებენ, როგორც გასაღებს, რომელიც „აღებს“ უჯრედების კარს , რათა მისცეს საშუალება გლუკოზას შეაღწიოს მასში და გამოყენებულ იქნას , როგორც ენერგია.

თუ ორგანიზმში მოხვდა იმაზე მეტი შაქარი, ვიდრე მას იმ მომენტში ესაჭიროება, ინსულინი ახდენს მის დამარაგებას ღვიძლში, რათა გამოიყენოს ისეთ დროს, როდესაც სისხლში შაქრის დონე იქნება დაბალი (საკვების მიღებებს შორის შუალედში), ან საჭირო გახდება დამატებითი ენერგია (ფიზიკური დატვირთვის დროს). რაც მეტი გლუკოზა ხვდება ორგანიზმში, მით მეტი ინსულინის გამომუშავება უწევს პანკრეასს, რათა უზრუნველყოს სისხლში შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნება. ამიტომ დიდი რაოდენობით შაქრიანი საკვების მოხმრება, ცხადია, პანკრეასის გადატვირთვის მიზეზი ხდება.

სამედიცინო პრობლემა დიაბეტის სახით თავს იჩენს, როცა პანკრეასი ვეღარ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით ინსულინს, ან უჯრედები სხვადასხვა მიზეზის გამო კარგავს მგრძნობელობას ინსულინის მოქმედების მიმართ. ამ დროს ორგანიზმში ვითარდებს ჰიპერგლიკემია. თუ შაქრის დონე სისხლში დიდი ხნის განმავლობაში დარჩა მომატებული, ის იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს.

დიაბეტის ტიპები

დიაბეტი ტიპი 1 -ით დაავადებულთა პანკრეასის ინსულინის წარმომქმნელი უჯრედები დაზიანებული ან განადგურებულია, რის გამოც იქმნება ინსულინის სრული დეფიციტი და ორგანიზმი მთლიანად დამოკიდებული ხდება ინსულინის ინექციებზე. სხვაგვარად გლუკოზას ათვისება უჯრედების მიერ და ჰიპერგლიკემიის გართულებების თავიდან აცილება შეუძლებელია.

დიაბეტი ტიპი 2 -ის დროს უჯრედები არ პასუხობს სათანადოდ ინსულინის მოქმედებას ანუ დაქვეითებულია მგრძნობელობა მის მიმართ, ამას თან ერთვის პანკრეასის მიერ ინსულინის სათანადო რაოდენობით გამომუშავების შეუძლებლობა. დიაბეტის ამ ტიპის  მკურნალობა, როგორც წესი, მედიკამენტებით და ცხოვრების წესის ცვლილებით იწყება, თუმცა, რადგან დაავადება პროგრესირებადია, არასათანადო თერაპიის პირობებში მოგვიანებით ეტაპებზე თავს იჩენს ინსულინის დეფიციტი და აქაც ინსულინის ინექციების დამატება ხდება ხოლმე საჭირო.