რა არის ანტისხეული
ორგანიზმში ისეთი უცხო სხეულის მოხვედრის საპასუხოდ, როგორიცაა: ბაქტერიები, ვირუსები, სხვადასხვა ქიმიური ნაერთები _ იმუნური სისტემის მიერ გამომუშავდება სპეციალური ნივთიერება _ ანტისხეული, რომელიც უზრუნველყოფს ამ უცხო აგენტის აღმოჩენას და განეიტრალებას.
გამართულად მუშაობის პირობებში იმუნური სისტემა უშეცდომოდ ანსხვავებს უცხო უჯრედებს საკუთარისგან.
მაგრამ მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ის იწყებს ორგანიზმის შემადგენელი უჯრედების უცხოდ აღქმას და მის წინააღმდეგ საბრძოლველად წარმოქმნის ანტისხეულებს, რომელთაც აუტოანტისხეულები ეწოდებათ.
აუტოანტისხეულების შეტევა იწვევს კონკრეტული ორგანოს ქსოვილში ანთებით პროცესს, რაც განაპირობებს ამ ორგანოს სტრუქტურულ და ფუნქციურ დაზიანებას.
სწორედ ეს პროცესი უდევს საფუძვლად ამა თუ იმ აუტოიმუნური დაავადების განვითარებას.
რა არის აუტოაგრესიის გამომწვევი მიზეზი
ეს ჯერ კიდევ შესწავლის საგანია.
ცნობილია, რომ მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ განწყობას და სხვადასხვა გარემო ფაქტორის ზემოქმედებას, როგორიცაა, მაგალითად, ვირუსული ინფექცია, ან სხვადასხვა ქიმიური აგენტის ხანგრძლივი უარყოფითი ზემოქმედება.
ასევე ვარაუდობენ, რომ გარკვეული წვლილი მიუძღვის ჰორმონებსაც, რადგან აუტოიმუნური დაავადებები გაცილებით ხშირია რეპროდუქციული ასაკის ქალებში.
რას წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვლის აუტოანტისხეულები
ისევე როგორც სხვა ორგანოები, ფარისებრი ჯირკვალიც ხშირად ხდება იმუნური სისტემის აუტოაგრესიის მსხვერპლი.
მის საწინააღმდეგოდ გამომუშავებული ანტისხეულებიდან ცნობილია: თირეოპეროქსიდაზას საწინააღმდეგო ანტისხეულები – TPO-Ab, თირეოგლობულინის საწინააღმდეგო ანტისხეულები TG-Ab, თირეოტროპული ჰორმონის რეცეპტორების საწინააღმდეგო ანტისხეული – TSHr-Ab.
თირეოპეროქსიდაზა, თირეოგლობულინი და თირეოტროპული ჰორმონის რეცეპტორები წარმოადგენენ ჯირკვლის გამართული ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვან კომპონენტებს.
რას ნიშნავს ფარისებრი ჯირკვლის საწინააღმდეგო ანტისხეულების მომატება
როდესაც ეჭვი არის ფარისებრი ჯირკვლის დაავადებაზე ან უკვე დადასტურებულია ფუნქციური დარღვევების არსებობა, კეთდება დამატებით ფარისებრი ჯირკვლის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოკვლევა, რათა დადგინდეს დაავადების გამომწვევი მიზეზი არის თუ არა აუტოიმუნური პროცესები.
ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადებებია:
- ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტი, იგივე ჰაშიმოტოს თირეოიდიტი, რომელიც ხასიათდება TPO-Ab და TG-Ab-ს მომატებით და ასოცირებულია ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებასთან, რაც ჰიპოთირეოზის სიმპტომების კომპლექსით გამოიხატება. გაცილებით ხშირ შემთხვევაში ფიქსირდება TPO-Ab-ს მატება ცალკე ან TG-Ab-სთან ერთად, ვიდრე იზოლირებულად TG-Ab-ს მომატება, ამიტომ ფინანსური ფაქტორის გათვალისწინებით შესაძლებელია მხოლოდ TPO-Ab-ს კვლევის ჩატარება.
- გრეივსის დაავადება, იგივე დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი – ამ დროს მაღალია TSHr-Ab -ს რაოდენობა, თუმცა შემთხვევათა 50-70%-ში მომატებულია ასევე TPO-AB და TG-Ab მაჩვენებელიც. დაავადებას ჰაშიმოტოს თირეოიდიტისგან კლინიკურად და ლაბორატორიულად განასხვავებს ის ფაქტი, რომ ადგილი აქვს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გააქტიურებას – ჰიპერთირეოზს.
როგორი შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევის შედეგები
სიტუაცია N1:
- მაღალია TPO- Ab და/ან TG-Ab;
- TSH და fT4 ნორმის ფარგლებშია;
- ფარისებრი ჯირკვალი ექოსკოპიურად ნორმალური მოცულობისაა, ან გადიდებულია ზომაში.
ეს მონაცემები ნიშნავს, რომ ფარისებრი ჯირკვალი ამ ეტაპზე გამართულად ფუნქციონირებს, მაგრამ მაღალია მომავალში ფუნქციური უკმარისობის განვითარების რისკი, რადგან ანტისხეულებმა დროთა განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების კვდომა. ამ შემთხვევაში უნდა შენარჩუნდეს პაციენტთან პერიოდული მონიტორინგის რეჟიმი 6-12 თვეში ერთხელ სიხშირით, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად დაიწყოს თერაპია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტის შესავსებად.
სიტუაცია N2:
- მომატებულია ანტისხეულები;
- მაღალია TSH-ის მაჩვენებელი;
- fT4 არის ნორმა ან ნორმაზე დაბალი;
- ფარისებრი ჯირკვალი ექოსკოპიაზე ნორმალური მოცულობისაა ან დაპატარავებულია, მასში შეიძლება აღინიშნებოდეს შეცვლილი სტრუქტურის მქონე უბნები და/ან კვანძებიც.
ეს მონაცემები ნიშნავს, რომ ანტისხეულების მოქმედების შედეგად უკვე დაზიანებულია ჯირკვლის ფუნქციური ნაწილი და ადგილი აქვს მის მიერ გამომუშავებული ჰორმონების დეფიციტს. მდგომარეობა მოითხოვს კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე მკურნალობის დაწყებას თიროქსინის პრეპარატით, რომელიც არის ფარისებრი ჯირკვლის ბუნებრივი ჰორმონის ანალოგი. პრეპარატის მიღება, როგორც წესი, მუდმივად არის საჭირო, შესაძლოა პერიოდულად აუცილებელი იყოს დოზის ცვლილება, ამიტომ უნდა მოხდეს მუდმივი მონიტორინგი, ანალიზების პერიოდული კონტროლი, კვანძების არსებობის შემთხვევაში – დაკვირვება და სათანადო ყურადღება.
მიუხედავად იმისა, რომ დაავადების ქრონიკული მიმდინარეობა, წამლის მუდმივი მიღების საჭიროება და ექიმის ხანგრძლივი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა საკმაოდ შემაშფოთებლად ჟღერს, დაავადება სულაც არ არის ასეთი საშიში, რადგან უმეტესად ის კარგად ემორჩილება სათანადო მკურნალობას და მისი მართვა საკმაოდ მარტივია.
რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან ანტისხეულების მავნე მოქმედება, როგორ დავიცვათ ჯირკვალი და შევამციროთ ანტისხეულების რაოდენობა _ თანამედროვე მედიცინას ჯერჯერობით ამ კითხვებზე არ აქვს პასუხი.
ანტისხეულების საწინააღმდეგო მკურნალობა დღეისთვის არ არის მოწოდებული. ამასთანავე, თუ ერთხელ დაფიქსირდა ანტისხეულების მომატებული მაჩვენებელი, როგორც წესი, ის მუდმივად მაღალი რჩება.
რა გავლენა აქვს ორსულობაზე ფარისებრი ჯირკვლის საწინააღმდეგო ანტისხეულებს
იმ პირობებში, როდესაც უზრუნველყოფილია TSH – ის დონის ორსულობისთვის შესაფერის ფარგლებში შენარჩუნება, ფარისებრი ჯირკვლის ანტისხეულები TPO-Ab და TG-Ab ხელს არ უშლის დაორსულებას და თავად ორსულობის მიმდინარეობაზეც არ აქვს პირდაპირი უარყოფითი გავლენა.
თუმცა ცნობილია, რომ მათი მაღალი მაჩვენებელი ასოცირებულია ორსულობის ადრეულ ეტაპზე შეწყვეტის შედარებით მომატებულ რისკთან.
ამის უშუალო მიზეზი არის არა თავად ფარისებრის საწინააღმდეგო ანტისხეულები, არამედ ის ფაქტი, რომ ამ დროს ორგანიზმში ზოგადად მომატებულია აუტოაგრესიისკენ მიდრეკილება და უარყოფითი ზემოქმედების უშუალო გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს რომელიმე რეპროდუქციული ორგანოს ან თავად ნაყოფის მიმართ განვითარებული აუტოაგრესია.
როგორც წესი, აღნიშნული მიზეზით ორსულობის შეწყვეტის შემდეგ მომდევნო ორსულობები უკვე ნორმალურად მიმდინარეობს.
ვის აქვს ფარისებრი ჯირკვლის საწინააღმდეგო ანტისხეულების მომატების მაღალი რისკი
გარკვეული ფაქტორები განაპირობებენ ზოგად პოპულაციასთან შედარებით კონკრეტულ პირებში ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმინური დაავადებების მიმართ უფრო მაღალი მიდრეკილების არსებობას. რისკ-ფაქტორების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- ოჯახური ანამნეზი – როცა ერთ ან რამდენიმე გენეტიკურ ნათესავს აქვს დადასტურებული ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადება
- სხვა აუტოიმუნური დაავადებების დიაგოზი – როგორიცაა: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1, ვიტილიგო, ალოპეცია, რევმატოიდული ართრიტი
- სქესი – უფრო მეტად ემართებათ ქალებს
- ასაკი – ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, მაგრამ განსაკუთრებით ხშირია საშუალო ასაკში
- რადიაცია – რისკის ქვეშ არიან რადიაციის ხშირი ზემოქმედების ქვეშ მყოფნი.
თემატური პოსტერი:
ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)