მულტივიტამინი – მინერალების და ვიტამინების კომპლექსი, საქართველოში და დანარჩენ მსოფლიოშიც ყველაზე პოპულარული და ხშირად გამოყენებადი საკვები დანამატია.
მახასიათებლები
მათი მრავალი ფორმა არსებობს და იწარმოება ტაბლეტის, კაფსულის, ჟელეს, ფხვნილის, საღეჭის და სითხის სახით.
განსხვავებულია შემადგენლობაც და გვხვდება, როგორც:
- ერთკომპონენტიანი (მაგალითად, მხოლოდ რკინის შემცველი)
- ორკომპონენტიანი (მაგალითად, D ვიტამინი და კალციუმი ერთად)
- ერთ ჯგუფში შემავალი ვიტამინების ნაკრები (მაგალითად, B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი)
- მულტივიტამინი, რომელიც შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო ყველა ვიტამინს და მინერალს ან მათგან უმეტესობას.
აღსანიშნავია, რომ ისევე, როგორც სხვა საკვები დანამატების, მულტივიტამინების წარმოება და უსაფრთხოება არ რეგულირდება წამლების მსგავსად.
ასევე, არ არსებობს ერთიანი დოზირების ნიმუში, თუ რომელი კომპონენტი რა რაოდენობით უნდა იყოს წარმოდგენილი და ამას თავად მწარმოებელი კომპანია წყვეტს.
ამიტომ გამოყენებამდე შემადგენლობის და დოზირებების გადახედვა მნიშვნელოვანია.
ვიტამინების და მინერალების როლი ორგანიზმში
თითოეულ ვიტამინს და მინერალს თავისი განსაკუთრებული ფუნქცია აკისრია. მათი ადეკვატური რაოდენობა საჭიროა სხვადასხვა ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური პროცესების შეუფერხებლად განხორციელებისთვის. მათი მონაწილეობით მიმდინარეობს:
- ენერგიის წარმოქმნა, ჰორმონების სინთეზი
- უჯრედებისა და ქსოვილების დაზიანების აღდგენა ან მისი პრევენცია
- ბავშვებსა და მოზარდებში ზრდა-განვითარების ნორმალური მიმდინარეობა
- ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლა
- ძვლების სიჯანსაღის შენარჩუნება და სხვა.
აღსანიშნავია, რომ თუ არ აქვს ადგილი კვებით დარღვევებს და ამა თუ იმ ვიტამინის/ მინერალის დადასტურებულ უკმარისობას, სხვა შემთხვევაში ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესების და სხვადასხვა დაავადების პრევენციის მიზნით მათი მედიკამენტის სახით მიღების სარგებლიანობას სამედიცინო კვლევები არ ადასტურებს. არასაჭირო შემთხვევებში მათმა გამოყენებამ კი საკმაოდ სერიოზული უარყოფითი შედეგები შეიძლება მოიტანოს.
ორგანიზმის მოთხოვნილების უზრუნველყოფა
ვიტამინებსა და მინერალებზე მოთხოვნილება დამოკიდებულია: სამედიცინო სტატუსზე, ასაკზე, სქესზე, სხეულის მასაზე და ფიზიკური აქტივობის დონეზე.
ბალანსირებური ჯანსაღი კვება უმრავლეს შემთხვევაში უზრუნველყოფს როგორც ბავშვის, ასევე მოზრდილის ორგანიზმს საჭირო რაოდენობის ვიტამინებით და მინერალებით, რაც იმას ნიშნავს, რომ დანამატის სახით მათი მიღების საჭიროება ასეთ შემთხვევაში არ არსებობს.
ამ მიზნის მისაღწევად საკვებ რაციონში უნდა იყოს ბევრი ხილი, ბოსტნეული, მთლიანი მარცვლისგან დამზადებული, ცილოვანი და ჯანსაღი ცხიმის შემცველი პროდუქტები.
ზოგ პროდუქტში ხელოვნურად არის დამატებული ესა თუ ის ვიტამინი და მინერალი, რათა თავიდან იქნას აცილებული დეფიციტის მასიური შემთხვევები. ამის კარგ მაგალითს წარმოადგენს მარილის იოდიზირება.
როდის ხდება საჭირო საკვები დანამატის გამოყენება
ვიტამინები და მინერალები ინდივიდუალურ შემთხვევებში ინიშნება, თუ კვება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ არის სრულფასოვანი და არ შეესაბამება ნუტრიენტებზე მოთხოვნილებას. ან აღინიშნება მალაბსორბცია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ისეთი დაავადებები, რომლებიც ხელს უშლის მიღებული საკვების სრულფასოვან შეწოვას.
გარდა ამისა, ადამიანთა გარკვეული ჯგუფები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ვიტამინების დეფიციტის მიმართ და აქაც საჭირო ხდება სხვადასხვა დანამატის გამოყენება. ესენი არიან:
- 50 წელზე მეტი ასაკის პირები – მათთვის პრობლემურია საკვებიდან B12 ვიტამინის ათვისება. ამიტომ სხვადასხვა სამედიცინო ასოციაციის რეკომენდაციით, 50 წელს გადაცილებულმა პირებმა უნდა მიიღონ B12 ვიტამინით გამდიდრებული საკვები ან ვიტამინი ტაბლეტის სახით, რომელიც უფრო უკეთ შეიწოვება, ვიდრე საკვებ რესურსში არსებული. უფრო ხანშიშესულებს ასევე შესაძლოა ჰქონდეთ საკვების მიღების პრობლემებიც სხვადასხვა მიზეზით, როგორიცაა მაგალითად, ღეჭვის და ყლაპვის სირთულეები, ბევრი პრეპარატის მიღების ფონზე გემოს რეცეპტორების ცვლილები და სხვ.
- ორსულები – ყველა ქალმა, რომელსაც დაგეგმილი აქვს ორსულობა და ემზადება დედობისთვის, უნდა დაიწყოს ფოლიუმის მჟავის (B9 ვიტამინი) მიღება 400-დან 800 მკგ-მდე დღეში და მიღება გაგრძელდეს პირველი ტრიმესტრის განმავლობაში. ეს მნიშვნელოვანია ნაყოფში ნერვული არხის დეფექტების თავიდან ასაცილებლად.
- ერთ წლამდე ასაკის ბავშვები – დაბადებიდან პირველი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზის დანიშვნა. სხვა ასაკობრივ ჯგუფებში კი ამ ვიტამინის მიღების საჭიროებას განსაზღვრავს დეფიციტის რისკ-ფაქტორების არსებობა (ვრცლად >> D ვიტამინი)
- მალაბსორბციის მდგომარეობა – როდესაც დაზიანება გავლენას ახდენს ნაწლავებიდან საკვები ნივთიერებების ადექვატურად შეწოვაზე. ამ ჯგუფს მიეკუთვნება:
- დაავადებები: ცელიაკია, წყლულოვანი კოლიტი, ცისტური ფიბროზი
- ქირურგიული ჩარევები კუჭ-ნაწლავის სისტემაზე
- ისეთი მდგომარეობები, რომლებიც იწვევენ ჭარბ ღებინებას და დიარეას
- ალკოჰოლიზმი, რა დროსაც იბლოკება B ჯგუფის ზოგიერთი ვიტამინის და C ვიტამინის შეწოვა.
- სხვადასხვა მედიკამენტის გამოყენება
- შარდმდენი პრეპარატები – ინიშნება ძირითადად არტერიული წნევის საწინააღმდეგოდ და შეიძლება გახდეს ორგანიზმში მაგნიუმის, კალიუმის და კალციუმის მარაგების შემცირების მიზეზი.
- პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი (მაგ. ომეპრაზოლი) – ინიშნება კუჭის მჟავიანობის შესამცირებლად, გულძმარვის საწინააღმდეგოდ და შესაძლოა აფერხებდეს B12 ვიტამინის, კალციუმის და მაგნიუმის შეწოვას.
- ლევოდოფა და კარბიდოფა – ინიშნება პარკინსონის დაავადების დროს და შეიძლება შეამციროს ფოლიუმის მჟავის, B6 და B12 ვიტამინების შეწოვა.
- მეტფორმინი – გამოიყენება სისხლში შაქრის დონის დასაქვეითებლად და ინსულინ რეზისტენტობის საწინააღმდეგოდ. ხანგრძლივად მიღების შემდეგ შეუძლია შეამციროს ნაწლავიდან B12 ვიტამინის შეწოვა.
გარდა ამ ჩვენებებისა, მულტივიტამინების კომპლექსის მიღება გამართლებულია ასევე, თუ:
- სხვადასხვა მიზეზის გამო აღინიშნება მადის დაქვეითება და ისე სრულფასოვანად ვეღარ ხდება საკვები ნივთიერებების მიღება, როგორც ადრე.
- თუ საჭიროა შეზღუდული კვებითი რეჟიმის დაცვა ერთ კვირაზე მეტ ხანს. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ თხევადი ფორმით საკვების მიღების რეკომენდაცია სხვადასხვა ქირურგიული ჩარევების შემდეგ, ან არაჯანსაღი მონოდიეტების თვითნებური დაცვა წონაში კლების მიზნით.
- თუ დროის უკმარისობის გამო ყოველდღიურად ბალანსირებული კვება ვერ ხერხდება.
როდის არ არის საჭირო მულტივიტამინის მიღება
ხანგრძლივი არასათანადო კვების პირობებში მულტივიტამინების დანამატის სახით გამოყენების სარგებლობა, ცხადია, ეჭვქვეშ არ დგას.
მაგრამ, როცა კვება ადეკვატურია, მათ მიღებას ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესების და სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით, ამ დროისთვის არსებული კვლევების ანალიზის მიხედვით, არანაირი დადებითი ეფექტი აქვს. პირიქით, შეიძლება საზიანოც აღმოჩნდეს ორგანიზმისთვის.
ამიტომ, მათი მიღება არ არის რეკომენდირებული, როცა:
- კვება სრულფასოვანია, მაგრამ აღინიშნება მუდმივი დაღლილობის შეგრძნება ან სხვა ზოგადი ხასიათის სიმპტომი. ამ შემთხვევაში სხვა მიზეზები უნდა იქნას გამოკვლეული.
- კვება აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, მაგრამ პიროვნებას სურვილი აქვს, რომ რაც შეიძლება მეტად გაიჯანსაღოს ორგანიზმი და ფიქრობს, რომ ვიტამინების დამატებით მიღება მას მხოლოდ სარგებელს მოუტანს.
- აღინიშნება ოსტეოპოროზი და საჭიროა მეტი კალციუმი, ან რკინადეფიციტური ანემიაა და მეტი რკინის მიღებაა აუცილებელი – ამ დროს უნდა დაინიშნოს მხოლოდ ის ერთი კონკრეტული მინერალი თუ ვიტამინი რისი დეფიციტიც არის დადასტურებული და შეირჩეს ინდივიდუალური საჭირო დოზა.
უარყოფითი შედეგები
ცალკეული ვიტამინების და მინერალების სიჭარბე სხვადასხვა სერიოზული დაავადებების და გართულებების მიზეზი ხდება.
ზოგიერთ მათგანს აქვს უნარი ზემოქმედება იქონიოს გარკვეული მედიკამენტების ეფექტურობაზე, ან შეცვალოს ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგები. ასევე სახიფათო გავლენა მოახდინოს ქირურგიული ჩარევის დროს.
ამიტომ, თუ დანამატების მიღება თვითნებურად ხდება, ნებისმიერ ექიმთან ვიზიტისას უნდა მოხდეს მისი ინფორმირება ამის შესახებ.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის და არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, უნდა შეწყდეს მიღება და მოხდეს ექიმთან დაკავშირება.
შეიძლება თუ არა მულტივიტამინის მიღებამ გამოიწვიოს წონაში მატება
ვიტამინების მიღება ხშირად იწვევს პირდაპირ ასოციაციას წონაში მატებასთან.
ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ვიტამინის დეფიციტს ახასითებს მადის დაქვეითება. როცა იწყება ამ ვიტამინის მიღება და მისი მარაგების შევსება ორგანიზმში, მადაც უბრუნდება ნორმას და ამას შესაძლოა მოჰყვეს რამდენიმე კილოგრამის მატებაც.
სხვა მხრივ კი ვიტამინები არ შეიცავენ კალორიებს და ამ გზით წონაში მომატების მიზეზი ვერ გახდებიან.
უფრო მეტიც, კვლევების თანახმად, სხვადასხვა ვიტამინის (მაგალითად, D ვიტამინის) ნაკლებობა წარმოადგენს წონაში მატების ხელშემწყობ ფაქტორს. მათი ნორმულ რაოდენობამდე შევსებას კი წონაში კლებისკენ მივყავართ.
გახსოვდეთ, რომ ვიტამინების და მინერალების ნაკრების მიღებას არ შეუძლია სრულად ჩაანაცვლოს ჯანსაღი კვება და მათი გამოყენების მიზანი არის მხოლოდ არსებული ნუტრიციული ხარვეზების შევსება. ჯანსაღ, ბალანსირებულ, მრავალფეროვან კვებას ალტერნატივა არ აქვს ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.
ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)