სტატიის ბოლო განახლება: 11.10.2024
ჩვენს საკვებში შემავალი ნახშირწყლები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრის შემდეგ იშლება და გარდაიქმნება უფრო მარტივ შაქრად, რომელსაც გლუკოზა ჰქვია.
საკვებით მიღების გარდა, საჭიროების შემთხვევაში ის თავად ორგანიზმშიც წარმოიქმნება სხვა ნივთიერებების გარდაქმნის გზით.
გლუკოზა ენერგიის მთავარი წყაროა ჩვენი უჯრედებისთვის.
საკვების დაშლის და ნაწლავიდან შეწოვის შემდეგ გლუკოზა გადადის სისხლში და აქედან უკვე ხვდება უჯრედებში ჰორმონ ინსულინის დახმარებით.
ტერმინები და კვლევის ერთეულები
შაქრის დონე სისხლში ანუ გლიკემია იზომება ორი საერთაშორისო ერთეულით.
ესენია: მმოლ/ლ და მგ/დლ.
მათი კონვერტაციისთვის გამოიყენება შემდეგი წესი:
- მგ/დლ-ში გადასაყვანად მმოლ/ლ-ში მიღებული მაჩვენებელი მრავლდება 18-ზე.
- მმოლ/ლ-ში გადასაყვანად მგ/დლ-ის მაჩვენებელი იყოფა 18-ზე.
შაქრის დონის გაზომვა სისხლში მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური ინსტრუმენტია ნახშირწყლოვანი ცვლის შეფასებისთვის, შაქრიანი დიაბეტის ან მისი წინამორბედი მდგომარეობების აღმოჩენისთვის და უკვე დიაგნოსტირებული შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის პროცესის მონიტორინგისთვის.
შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის დასადასტურებლად გლუკოზას გაზომვა ხდება ვენიდან აღებულ სისხლში, ხოლო თითიდან მიღებულ – კაპილარულ სისხლში მისი რაოდენობის განსაზღვრა ძირითადად მოწოდებულია უკვე დადასტურებული დიაგნოზის დროს სახლის პირობებში თვითკონტროლისთვის.
- გლუკოზას ნორმაზე მაღალ შემცველობას სისხლში ჰიპერგლიკემია ჰქვია;
- ნორმაზე დაბალ შემცველობას – ჰიპოგლიკემია;
- ნორმალურ დონეს კი ნორმოგლიკემია.
სისხლში გლუკოზას დონის შეფასების რამდენიმე გზა არსებობს:
- გლუკოზას კვლევა უზმოზე
- გლუკოზას კვლევა ჭამიდან 2 საათში
- გლუკოზას მიმართ ტოლერანტობის ტესტი
- გლუკოზას კვლევა ჭამისგან დამოუკიდებლად დღის ნებისმიერ მონაკვეთში
- გლიკირებული ჰემოგლობინის კვლევა
გლუკოზას კვლევა უზმოზე
უზმოდ ითვლება მდგომარეობა, როდესაც ბოლო კვებიდან გასულია მინიმუმ 8 საათი.
შედეგების ინტერპრეტაცია ასეთია:
- ნორმალური მაჩვენებელი: 70 – 99 მგ/დლ (3.9 – 5.5 მმოლ/ლ)
- პრედიაბეტი: 100 -125 მგ/დლ (5.6 – 6.9 მმოლ/ლ)
- შაქრიანი დიაბეტი: > 126 მგ/დლ ( 7 მმოლ/ლ)
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ უზმოდ გლიკემიის ნორმად ითვლებოდა <110 მგ/დლ. თუმცა საერთაშორისო სამედიცინო ასოციაციების შეთანხმებით მოხდა მისი შემცირება 100 მგ/დლ-მდე. რათა უფრო ადრეულ ეტაპზე მოხდეს პრედიაბეტის დიაგნოსტირება და სათანადო ზომების გატარება. ადრეული ჩარევით კი უმჯობესდება საბოლოო პროგნოზი და შედეგები.
გლუკოზას კვლევა ჭამიდან 2 საათში
შედეგების ინტერპრეტაცია:
- ნორმა: < 140 მგ/დლ (7,8 მმოლ/ლ)
- პრედიაბეტი: 140 – 200 მგ/დლ ( 7,8 – 11,1 მმოლ/ლ)
- შაქრიანი დიაბეტი: > 200 მგ/დლ (11,1 მმოლ/ლ)
გლუკოზას მიმართ ტოლერანტობის ტესტი გულისხმობს შაქრის გამოკვლევას პირველად _ უზმოზე და მეორედ _ წყალში გახსნილი 75მგ გლუკოზას დალევიდან 2 საათში. ეს მეთოდი გამოიყენება საეჭვო შემთხვევებში დიაგნოზის დასაზუსტებლად და ორსულთა დიაბეტის აღმოსაჩენად.
გლუკოზას კვლევა ჭამისგან დამოუკიდებლად
დღის ნებისმიერ მონაკვეთში გაზომილი გლუკოზას ჩვეული დონე სისხლში არ უნდა აღემატებოდეს 140 მგ/დლ-ს.
გლიკირებული ჰემოგლობინის გამოკვლევა (HbA1C ან A1C)
ტესტი საშუალებას იძლევა დადგინდეს როგორი იყო სისხლში გლუკოზას საშუალო დონე ბოლო 2-3 თვის განმავლობაში.
ჰემოგლობინი არის სისხლის წითელი უჯრედების შემადგენლობაში შემავალი ცილა, რომელიც უზრუნველყოფს ჟანგბადის ტრანსპორტირებას ორგანიზმში. მას აქვს უნარი აგრეთვე შეიკავშიროს გლუკოზა.
ამ ტესტით კი დგინდება, თუ ჰემოგლობინის საერთო რაოდენობის რამდენი პროცენტია გლიკირებული ანუ გლუკოზასთან დაკავშირებული.
რაც უფრო მაღალია გლუკოზა სისხლში, მით მეტი ჰემოგლობინია გლუკოზასთან შეერთებული.
რადგან ჰემოგლობინის სიცოცხლის ხანგრძლივობა 2-3 თვეს შეადგენს, სწორედ აქედან გამომდინარეობს ამ გამოკვლევის არსი, დადგინდეს ბოლო თვეების განმავლობაში სისხლში არსებული შაქრის რაოდენობის საშუალო მაჩვენებელი.
- ნორმა: < 5,7%
- პრედიაბეტი: 5,7 – 6,4%
- შაქრიანი დიაბეტი: > 6,5%
გლიკემიის ,,ნორმები” დიაბეტის დიაგნოზის პირობებში
რაც შეეხება უკვე დიაბეტის დიაგნოზის მქონე პირებს, ამ შემთხვევაში მხოლოდ პირობითად ვუწოდებთ ნორმას, თუმცა, რეალურად ეს არის მკურნალობის სამიზნე მაჩვენებლები, რომელთა მიღწევით ითვლება, რომ დიაბეტის მართვა მიმდინარეობს წარმატებულად.
ეს მაჩვენებლები ზოგადად არის:
- გლიკემია უზმოზე: 80-130 მგ/დლ (4,4-7,2 მმოლ/ლ)
- ჭამიდან 2 საათში: 180 მგ/დლ-ზე (10 მმოლ/ლ-ზე) ნაკლები
- გლიკოზირებული ჰემოგლობინი: 7%-ზე ნაკლები
ეს ზოგადი სამიზნე მაჩვენებლები კონკრეტულ შემთხვევებში შესაძლებელია განსხვავებული იყოს (უფრო მეტი ან უფრო ნაკლები) და დამოკიდებულია: ასაკზე, თანმხლებ მდგომარეობებზე, ჰიპოგლიკემიის რისკის გარეშე სამიზნე მაჩვენებლების მიღწევის შესაძლებლობაზე და სხვა მსგავს დეტალებზე.
ამიტომ რეკომენდაციას სამიზნე ციფრების შესახებ გასცემს მკურნალი ექიმი.
ხოლო თუ ექიმისგან სხვაგვარი რეკომენდაცია არ არის მიღებული, დიაბეტის წარმატებული მართვისთვის გლიკემიის შენარჩუნება უნდა მოხდეს ამ ზოგადი სამიზნე მაჩვენებლების ფარგლებში.
ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)
განაგრძე კითხვა:
გლუკომეტრის გამოყენების წესები და რეკომენდაციები