HEALTHY EATING, DIABETES MELLITUS

DIABTES AND FRUIT

ხილი და დიაბეტი

შაქრიანი დიაბეტის ეფექტური მართვის პროცესში წამყვანი კომპონენტია დიეტოთერაპია, რომლის მთავარი პრინციპია ნახშირწყლების რაოდენობის შემცირება კვების რაციონში.

დიეტის დანიშვნის შემდეგ პაციენტთა შორის განსაკუთრებით მაღალია ინტერესი ხილთან დაკავშირებით: თუ რომელი სახეობის მიღება შეიძლება და რა რაოდენობით, რომლის მიღება არ არის სასურველი და ა.შ.

ხილის კვებითი ღირებულება

ხილი არის საკვების ის კატეგორია, რომელიც ჩვენი ყოველდღიური რაციონის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს მისი მაღალი კვებითი ღირებულების გამო, რასაც განაპირობებენ მასში არსებული ვიტამინები, მინერალები და უჯრედისი.

მაგრამ ხილი ასევე შეიცავს შაქარს, ზოგი მათგანი საკმაოდ დიდი რაოდენობითაც, რაც ბადებს კითხვას, რამდენად შესაფერისია ესა თუ ის სახეობა დიაბეტის მქონე ადამიანისთვის.

ხილის გავლენა შაქრიანი დიაბეტის მიმდინარეობაზე

შაქრიანი დიაბეტი არის ქრონიკული, მაგრამ მართვადი დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმს უჭირს მიღებული შაქრის განეიტრალება და მისი დონის კონტროლი სისხლში.

ამერიკის დიაბეტის ასოციაციის მტკიცებით, ნებისმიერი ხილი ძალიან სასარგებლო და მისაღებია დიაბეტიანისთვის, თუ არ აღინიშნება კონკრეტულ სახეობაზე ალერგია.

მთავარია რაოდენობის სწორად განსაზღვრა.

ზოგადად კი, კვლევები უჩვენებს, რომ ხილის ადეკვატური მოხმარება დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკების შემცირებასთან არის ასოცირებული.

გარდა დიაბეტისა, ხილის დიდი წილით შემცველი დიეტა ამცირებს სიმსუქნის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკებს.

ხილის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა ის, რომ მას შეუძლია დააკამაყოფილოს ტკბილზე მოთხოვნილება და დაეხმაროს პაციენტს, თავი აარიდოს ტკბილეულის და სხვა დაბალი კვებითი ღირებულების პროდუქტის მიღებას.

რა ფორმით არის უმჯობესი ხილის მიღება

დიაბეტის მქონე პაციენტები უნდა იღებდნენ მრავალფეროვან და ბალანსირებულ კვებას, რომელიც მიაწოდებს ორგანიზმს საკმარის ენერგიას და ამავე დროს უზრუნველყოფს ჯანმრთელი წონის შენარჩუნებას.

სწორედ ამ თვალსაზრისით, კვების დაგეგმვისას ხილი საუკეთესო არჩევანია.

თუმცა, დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა სახით ვიღებთ მას.

მაგალითად, დამუშავებული ხილის პროდუქტები, როგორიც არის: ჯემი, მურაბა, ხილის წვენი, გამომშრალი ხილი_ აღარ არის ისეთი სასარგებლო, როგორც ცოცხალი ან გაყინული.

ეს განპირობებულია იმით, რომ დამუშავების პროცესში ხილი კარგავს მნიშვნელოვან კომპონენტებს: ვიტამინებს და უჯრედისს.

უჯრედისის გარეშე ის სწრაფად შეიწოვება სისხლში და სწრაფადვე სწევს მაღლა შაქრის დონეს.

ეს იწვევს პანკრეასის გადაძაბვას, რაც თავისთავად უარყოფითი მოვლენაა დიაბეტიანებისთვის.

ამიტომ ხილის ასეთი სახით მიღება უნდა შეიზღუდოს, მითუმეტეს, თუ პროდუქტს შაქარი აქვს დამატებული.

უჯრედისის მნიშვნელობა

დიდი რაოდენობით უჯრედისის მიღება მნიშვნელოვანია დიაბეტის მართვისთვის.

მას შეუძლია შეანელოს შაქრის შეწოვის პროცესი ნაწლავებიდან და ამ გზით ხელი შეუწყოს სისხლში მისი მაჩვენებლის დარეგულირებას.

ხილის უმრავლესობა უჯრედისს შეიცავს საკმარისი რაოდენობით, განსაკუთრებით კი ისეთი ხილი, სადაც კანის შემცველობა პროცენტულად უფრო მეტია, ვიდრე შიგთავსის (მაგ.: მოცვი), შესაბამისად, მისი სარგებლიანობაც გაცილებით მაღალია.

ასევე უჯრედისის შემცველობა განაპირობებს იმას, რომ ხილს დანაყრების კარგი უნარი აქვს.

ფრუქტოზა ხილში

რაც შეეხება ხილში ბუნებრივად შემავალ შაქარს, რომელიც ფრუქტოზას სახელითაა ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგ ხილში მისი კონცენტრაცია მაღალია, ასეთი სახეობები მაინც შეიძლება შედიოდეს დიაბეტიანის რაციონში, ოღონდ უფრო შეზღუდული რაოდენობით.

ხილის არჩევა გლიკემიური ინდექსის მიხედვით

ღირს თუ არა დიაბეტის დროს ამა თუ იმ საკვების, მათ შორის ხილის, მიღება, საორიენტაციოდ შესაძლებელია გამოყენებული იქნას გლიკემიური ინდექსის ცხრილი.

გლიკემიური ინდექსი არის საკვების მახასიათებელი, რომელიც ქულებით აფასებს, თუ რამდენად მაღლა და სწრაფად იწევს შაქრის დონე სისხლში მისი მიღების შემდეგ.

დიაბეტის ეფექტური კონტროლისთვის საჭიროა დაბალი გლიკემიური ინდექსის საკვების გამოყენება და მაღალი ინდექსის მქონე პროდუქტებზე თავის არიდება.

გლიკემიური ინდექსის მიხედვით გამოიყოფა პროდუქტის ოთხი კატეგორია:

  • დაბალი გლიკემიური ინდექსით: 55 და ნაკლები – საუკეთესო არჩევანია (მწვანე ზონა).
  • საშუალო გლიკემიური ინდექსით: 56-დან 70-მდე – ეს პროდუქტები ნაკლები სიხშირით და რაოდენობით უნდა იქნას გამოყენებული (ყვითელი ზონა).
  • მაღალი გლიკემიური ინდექსით: 70 და მეტი – მათი გამოყენება უნდა შეიზღუდოს (წითელი ზონა).
  • გლიკემიური ინდექსის გარეშე – ეს პროდუქტები შეიცავს ნახშირწყლების იმდენად მცირე რაოდენობას, რომ შაქრის დონეზე არ ახდენენ გავლენას. ხილიდან ასეთია ლიმონი და ლაიმი.

დაბალი გლიკემიური ინდექსი: ვაშლი, მსხალი, ატამი, გარგარი, მარწყვი, მაყვალი, ჟოლო, მოცვი, ფორთოხალი, გრეიფრუტი, მანდარინი, ავოკადო, კივი, ქლიავი, ბროწეული, ფეიხოა.

საშუალო გლიკემიური ინდექსი: ნესვი, ყურძენი, ალუბალი, ბანანი, მანგო, ანანასი, ლეღვი, კარალიოკი, ხურმა.

შაქრის მაღალი შემცველობა: ბანანი (გადამწიფებული ყავისფერი), საზამთრო.

გლიკემიური ინდექსის ნაკლოვანებები

გასათვალისწინებელია, რომ გლიკემიური ინდექსის ცხრილს აქვს გარკვეული ნაკლოვანებები.

შესაძლებელია სხვადასხვა ლიტერატურაში განსხვავებული მონაცემები ფიქსირდებოდეს ამა თუ იმ საკვების გლიკემიური მახასიათებლის შესახებ, რაც განპირობებულია იმით, რომ ინდექსზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორები.

ხილის შემთხვევაში ერთ-ერთია სიმწიფის ხარისხი.

თუ მაგალითისთვის ავიღებთ ბანანს, ის შეიძლება მოთავსდეს სამივე ზონაში: უმწიფარ, მწვანე შეფერილობის ბანანს აქვს დაბალი ინდექსი, ნორმალური სიმწიფის ყვითელ ბანანს – საშუალო, ხოლო გადამწიფებული, ყავისფერი შეფერილობის ბანანი მაღალი გლიკემიური ინდექსის ჯგუფში ხვდება.

გარდა ამისა, სხვადასხვა ორგანიზმის მგრძნობელობა ნახშირწყლების მიმართ შეიძლება არ იყოს იდენტური.

ამიტომ ყოველ საეჭვო შემთხვევაში, ან ისეთი პროდუქტით დაინტერესებისას, რომლის გლიკემიურ ინდექსს ვერ პოულობთ, შეფასების საუკეთესო საშუალებაა HOW TO USE A GLUCOMETER შემდეგნაირად:

პროდუქტის მიღებამდე უნდა გაიზომოს შაქარი სისხლში და ის უნდა იყოს ნორმაში ანუ სამიზნე მაჩვენებელზე ნაკლები, რაც 130 mg/dl. 2 hours after eating ისევ უნდა გაიზომოს გლუკოზა და თუ ის არის ასევე სამიზნე მაჩვენებელზე ნაკლები – below 180 mg/dl, მისი მირთმევა მომავალშიც თამამად შეგიძლიათ იგივე რაოდენობით. თუ ოდნავ აჭარბებს ნორმას – უნდა შემცირდეს რაოდენობა, ხოლო თუ მოხდა შაქრის მკვეთრი მატება – ამოღებული უნდა იქნას რაციონიდან.

Author: Elga Giorgadze (MD of Endocrinology)