გესტაციური დიაბეტის დროს ქალს, რომელსაც მანამდე არ ჰქონია დიაბეტი, ორსულობის დროს უვითარდება შაქრის დონის მომატება სისხლში.
შაქრიანი დიაბეტის სხვა ტიპების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც დაავადება არღვევს ორგანიზმის უჯრედების მიერ გლუკოზას ათვისება/მოხმარების მექანიზმებს.
გესტაციური დიაბეტის მიერ გამოწვეული ჰიპერგლიკემია (შაქრის მომატებული დონე სისხლში) უარყოფითად მოქმედებს დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობაზე.
ნებისმიერი გართულება ორსულობის დროს საფრთხილოა, მაგრამ შედარებით სიმარტივე ამ შემთხვევაში ისაა, რომ დაავადების გაკონტროლება ადვილად ხდება კვების რეჟიმის შეცვლის, ფიზიკური აქტივობის გაუმჯობესების ან საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტების გამოყენების საფუძველზე.
შაქრის დონე სისხლში მალევე უბრუნდება ნორმას მშობიარობის შემდეგ.
თუმცა ანამნეზში გესტაციური დიაბეტის მქონე ქალებში მაღალია მომავალში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკი, ამიტომ აუცილებელია შენარჩუნდეს გლიკემიის მუდმივი მონიტორინგის რეჟიმი.
უმეტეს შემთხვევაში გესტაციურ დიაბეტს არ ახლავს გამოხატული ნიშნები და სიმპტომები.
როდის უნდა ჩატარდეს გამოკვლევა
სასურველია ჯერ კიდევ ორსულობის დაგეგმვის პროცესში მოხდეს გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკების შეფასება ენდოკრინოლოგის მიერ.
CAUSES
კვების დროს მიღებული ნახშირწყლები გარდაიქმნება გლუკოზად (შაქრად) და შეწოვის შემდეგ გადადის სისხლში, საიდანაც ინსულინის დახმარებით ხვდება სხვადასხვა უჯრედებში და მათ მიერ გამოიყენება ენერგიის წყაროდ.
ინსულინის ნაკლებობის ან მოქმედების მექანიზმის სხვადასხვა დარღვევების დროს აუთვისებელი გლუკოზა ჭარბად გროვდება სისხლში და ვითარდება ჰიპერგლიკემია.
ორსულობის დროს პლაცენტა გამოყოფს დიდი რაოდენობით სხვადასხვა ჰორმონს, რომელთაგან უმრავლესობა იწვევს ინსულინის მოქმედების დარღვევას.
თუ პანკრეასი ჯანმრთელია და მწყობრშია, ის ადვილად უმკლავდება ამ შემაფერხებელ მოქმედებას და აძლიერებს ინსულინის გამოყოფას.
პლაცენტის გაზრდასთან ერთად იზრდება მის მიერ ინსულინის საწინააღმდეგო მოქმედების მქონე ჰორმონების გამოყოფის ინტენსივობაც, ამიტომ გესტაციური დიაბეტი, როგორც წესი, ყალიბდება ორსულობის მეორე ნახევრიდან, უმეტესად მესამე ტრიმესტრში.
რისკ-ფაქტორები
გესტაციური დიაბეტი ნებისმიერ ქალს შეიძლება დაემართოს, მაგრამ ზოგი ორსული უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება.
რისკ-ფაქტორებში შედის:
?25 წელზე მეტი ასაკი;
?ოჯახური ან პერსონალური ანამნეზი: გესტაციური დიაბეტის განვითარების ალბათობა იზრდება, თუ ფიქსირდება პრედიაბეტის არსებობა ორსულობამდე; ან შაქრიანი დიაბეტით ავადობა მშობლებში ან დედმამიშვილებში; ან წინა ორსულობების დროს გესტაციური დიაბეტის დიაგნოზი, 4,1კგ-ზე მეტი წონის ნაყოფის დაბადება ან მკვდრადშობადობა.
?ჭარბი წონა: სმი>30კგ/მ2.
?რასობრივი კუთვნილება: აუხსნელი მიზეზის გამო ფერადკანიანებში უფრო ხშირია გესტაციური დიაბეტის შემთხვევები.
რა გართულებები შეიძლება მოყვეს გესტაციურ დიაბეტს
გესტაციური დიაბეტის მქონე დედებს უმეტესად ჯანმრთელი შვილები უჩნდებათ, თუმცა უყურადღებოდ დატოვებულმა დაავადებამ შეიძლება სათავე დაუდოს სერიოზულ გართულებებს, როგორიცაა:
დიდი წონა დაბადებისას – დედის სისხლში არსებული ჭარბი შაქარი აიძულებს ნაყოფის პანკრეასს გამოყოს დამატებითი რაოდენობის ინსულინი, რომელიც თავის მხრივ პასუხისმგებელია ნაყოფის ჭარბ ზრდაზე. დიდი ზომის ნაყოფი იწვევს გართულებებს მშობიარობის დროს და ზრდის საკეისრო კვეთის საჭიროებას.
ნაადრევი მშობიარობა და რესპირატორული დისტრეს სინდრომი – დედის ჰიპერგლიკემიამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა ან დიდი ზომის ნაყოფის გამო ექიმის გაწყვეტილებით მოხდეს მშობიარობის დაჩქარება. ასეთ შემთხვევაში რესპირატორული დისტრეს სინდრომის გამო ბავშვს შეიძლება დასჭირდეს დახმარება სუნთქვაში, ვიდრე მისი ფილტვები სათანადოდ ჩამოყალიბდება. ეს სინდრომი გესტაციური დიაბეტის მქონე დედის ახალშობილებს შეიძლება ნაადრევი მშობიარობის გარეშეც აღენიშნებოდეთ.
ნაყოფის ჰიპოგლიკემია – ნაყოფის პანკრეასის მიერ დიდი რაოდენობით გამოყოფილი ინსულინის მოქმედებით დაბადების პირველ წუთებში შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემიის ეპიზოდები.
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის და სიმსუქნის განვითარების რისკის მომატება მოგვიანებით მოზრდილობის პერიოდში.
უკონტროლოდ დატოვებულმა დიაბეტმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაღუპვა და მკვდრადშობადობა.
დედის მხრივი გართულებები
- არტერიული წნევის მატება და პრეეკლამპსია ორსულობის პერიოდში
- შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მომატებული რისკი მოგვიანებით პერიოდში
პრევენცია
პრევენციული მექანიზმები ვერ იძლევა გარანტიას, რომ სრულად იქნება თავიდან აცილებული გესტაციური დიაბეტი, მაგრამ მათი დაცვა უზრუნველყოფს მომავალი ორსულობების დროს რისკის შემცირებას და ასევე მომავალში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკის შემცირებას.
ეს მექანიზმებია:
ჯანმრთელი კვება: აირჩიეთ უჯრედისით მდიდარი და უცხიმო, დაბალკალორიული საკვები. უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულს, ხილს და მსხვილმარცვლოვან ნახშირწყლებს. აკონტროლეთ ულუფის ზომა.
შეინარჩუნეთ ფიზიკური აქტივობა ორსულობამდე და ორსულობის პერიოდშიც. იარეთ ფეხით. გახსოვდეთ, რომ ფეხით გადადგმული ყოველი ნაბიჯი ჯანმრთელობას გმატებთ.
მოიშორეთ ზედმეტი კილოგრამები დაორსულებამდე!
გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკები უნდა შეფასდეს ორსულობის ადრეულ ვადაზე.
თუ ორსული მიეკუთვნება მაღალი რისკის ჯგუფს ანუ მისი სხეულის მასის ინდექსი დაორსულებამდე იყო 30 კგ/მ2-ზე მეტი, ან ყავს დიაბეტით დაავადებული დედა, მამა, დედმამიშვილი ან შვილი, გესტაციური დიაბეტის სკრინინგი უნდა ჩატარდეს პირველივე ვიზიტზე.
ხოლო მაღალი რისკის არმქონე ორსულებს სკრინინგული გამოკვლევა უტარდებათ 24-28 კვირის ვადაზე.
გამოკვლევა მოიცავს ორალური გლუკოზატოლერანტობის ტესტის ჩატარებას.
გამოსაკვლევი პირი სვამს წყალში გახსნილ გლუკოზას და ერთი საათის შემდეგ იზომება სისხლში შაქრის დონე.
ნორმალურ მაჩვენებლად ითვლება 130-140მგ/დლ-ზე ნაკლები, თუ დაფიქსირდა უფრო მაღალი დონე, ტარდება ტესტის მეორე ეტაპი: მომდევნო დღეს იზომება გლუკოზა უზმოზე, და გლუკოზას ხსნარის დალევიდან ყოველ ერთ საათში სამჯერ.
თუ ორ ან მეტ მაჩვენებელში დაფიქსირდა შაქრის ნორმაზე მაღალი რაოდენობა, დასტურდება გესტაციური დიაბეტის დიაგნოზი.
მკურნალობის სტრატეგიები
გლიკემიის ხშირი კონტროლი – ექიმთან ყოველ ვიზიტზე შემოწმების გარდა უნდა მოხდეს სისხლში შაქრის დონის თვითკონტროლი სახლის პირობებში გლუკომეტრის საშუალებით.
სისხლში გლუკოზას კონტროლი უნდა მოხდეს ასევე მშობიარობის დროს ექიმთა გუნდის მიერ, რათა მოხდეს ახალშობილის ჰიპოგლიკემიის პრევენცია.
არანაკლებ მნიშვნელოვანია მშობიარობის შემდეგ გლიკემიის მონიტორინგი. ჯანმრთელი კვება და რეგულარული ფიზიკური აქტივობა ამცირებს მომავალში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკებს.
ჯანმრთელი კვება – ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს ბოსტნეულზე, ხილზე და მთლიანი მარცვლეულის შემცველ პროდუქტზე, ნაკლებკალორიულ და ნაკლებცხიმინ საკვებზე, მინიმუმამდე უნდა შემცირდეს ნაჯერი ნახშირწყლების მოხმარება (შაქარი, ცომეული).
ფიზიკური აქტივობა – ფეხით სეირნობა და ცურვა საუკეთესო ვარიანტებია. გარდა იმისა, რომ რეგულარული ფიზიკური დატვირთვა აუმჯობესებს უჯრედების მიერ გლუკოზას ათვისებას და ზრდის ინსულინის მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობას, რის გამოც პანკრეასს ნაკლები დატვირთვა უწევს, მას აგრეთვე აქვს ზოგადი დადებითი ეფექტები ორსულობის თანმხლები არასასიამოვნო შეგრძნებების შემცირების თვალსზრისით, როგორიცაა ზურგის და კუნთების ტკივილი, შეშუპება, ყაბზობა და ძილის დარღვევა.
medications – თუ დიეტა და ფიზიკური აქტივობა არ არის საკმარისი შაქრის დონის დასარეგულირებლად, ინიშნება მედიკამენტური მკურნალობა, ორალური ტაბლეტის ან ინსულინის სახით.
ნაყოფის მდგომარეობის ხშირი მონიტორინგი – იმის შესაფასებლად, რამდენად ადეკვატურად მარაგდება პატარას ორგანიზმი პლაცენტიდან სისხლით და საკვები ნივთიერებებით.
ავტორი: ელგა გიორგაძე (ელგა გიორგაძე)