ზოგადი

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

კოვიდ ვაქცინა

უსაფრთხოება

რის საფუძველზე შეიძლება ვენდოთ მოკლე დროში შექმნილ COVID-19 ვაქცინებს?

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები არ არის ექსპერიმენტული. მართალია ისინი დაჩქარებული ტემპით შეიქმნა, მაგრამ მათი ტესტირების პროცესში არ მომხდარა უსაფრთხოებისა და ეფექტურობის განმსაზღვრელი არც ერთი სატესტო საფეხურის გამოტოვება.

ვაქცინები შეიქმნა იმ ტექნოლოგიების საშუალებით, რომლებიც უკვე ათეული წლების წინ არის გამოგონებული და ტესტირებული და რომელთა დამუშავება თავის დროზე მოხდა სწორედ იმ მიზნით, რომ მომხდარიყო ვაქცინის ოპერატიული შექმნა ახალი ინფექციური დაავადებების უცაბედი გავრცელების შემთხვევაში, როგორი სიტუაციაც არის სწორედ COVID-19-ის პანდემია.

სატესტო კვლევების ჩატარება მოხდა ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფებზე. მათში შედიოდნენ: თეთრკანიანები, ფერადკანიანები, ხანდაზმულები, ორსულები, თანმხლები დაავადებების: სიმსუქნე, დიაბეტი, გულის და სასუნთქი სისტემის პათოლოგიების მქონე პირები. სამომავლო დასკვნებისთვის კვლევები მიმდინარეობს 12 წლამდე ბავშვთა ჯგუფებშიც.

ეფექტურობა

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა დიდწილად იცავს დაინფიცირებისგან და შესაბამისად, ამცირებს ვირუსის გავრცელებას. ვაქცინირებულის ინფიცირების შემთხვევაში კი ის უზრუნველყოფს დაავადების მძიმე ფორმებისგან დაცვას.

ახალი დელტა შტამის შემთხვევაშიც ვაქცინა განაგრძობს იყოს მაღალეფექტური ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების პრევენციისთვის. გარდა ამისა, სრულად ვაქცინირებული პირების დელტა შტამით ინფიცირების დროს მცირდება ვირუსის გადამტანობის პერიოდის ხანგრძლივობა, რითიც ასევე მცირდება ვირუსის გავრცელება.

ვაქცინის გაკეთების უკუჩვენება

ალერგიის არსებობა სხვადასხვა საკვების, მწერების, მტვრის, ლატექსის მიმართ არ არის აცრის უკუჩვენება. თუ ოდესმე გქონიათ სერიოზული ალერგიული რეაქცია სხვა ვაქცინის მიმართ, მაშინ საჭიროა კონსულტაციის გავლა ექიმთან, რომელიც მოახდენს რისკების შეფასებას და გადაწყვეტს ვაქცინაციის შესაძლებლობას. ზოგადად კი ვაქცინის გაკეთების უკუჩვენებაა მხოლოდ მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ ალერგია.

გვერდითი მოვლენები

ანფილაქსიური რეაქცია – უიშვიათესი ალერგიული რეაქციაა (11 შემთხვევა ერთი მილიონი აცრიდან) , რომელიც შეიძლება განვითარდეს ვაქცინის გაკეთებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, ამიტომ ყველა ვაქცინირებული რჩება დაკვირვების ქვეშ 45 წუთის განმავლობაში, რათა ასეთი გამოვლინების არსებობის შემთხვევაში დროული და ეფექტური ჩარევით მოხდეს მისი კუპირება.

უფრო ხშირია ისეთი გარდამავალი სიმპტომების გამოვლენა, როგორიცაა: ტკივილი და შეშუპება ინექციის ადგილას, ტემპერატურის მომატება, კუნთების და სახსრების ტკივილი. ვაქცინაზე რეაქცია დროებითია და ეს არ ნიშნავს რომ ავად ხართ. ეს სიმპტომები ბუნებრივი გამოხატულებაა იმის, რომ იმუნური სისტემა სწავლობს მისთვის მიცემულ ახალ დავალებას. მათი გამოვლინება გრძელდება ერთი ან ორი დღე. არცერთი ვაქცინა შეიცავს ცოცხალ ვირუსს, ამიტომ ვაქცინაციის შედეგად კორონავირუსით დაავადება არის შეუძლებელი.

როგორ მივიღო გადაწყვეტილება ვაქცინაციის პროცესში ჩართვის შესახებ?

აუცილებელია ინფორმაციის მოძიება მხოლოდ სარწმუნო წყაროდან. ასეთი შეიძლება იყოს სამედიცინო ასოციაციების, მსოფლიოს წამყვანი კლინიკების და სამედიცინო ჟურნალების ვებ-გვერდები. გახსოვდეთ, რომ ინტერნეტსივრცეში ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის გამოგონება, ინტერპრეტაცია და ეფექტურად გავრცელება არის შესაძლებელი.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ხანი ინარჩუნებს ვაქცინა დამცველობით უნარს, მაგრამ ჩვენ უკვე კარგად ვიცით, რომ კოვიდ ინფექციით ჩვენს გარშემო ყოველდღიურად იღუპებიან ადამიანები.

მედიცინაში კი ყველანაირი ჩარევის და მკურნალობის გადაწყვეტილების მიღება ხდება რისკის და სარგებლის აწონდაწონვის პრინციპით. ამ შემთხვევაშიც, მართალია კოვიდ ვაქცინებს შესაძლოა ჰქონდეს იშვიათი გვერდითი მოვლენები, მაგრამ მათი გამოყენების სარგებლიანობა ამჟამინდელ ვითარებაში გაცილებით აჭარბებს გამოყენების რისკებს. მეტი თვალსაჩინოებისთვის შეგვიძლია შევადაროთ ერთმანეთს ამ დროისთვის ცნობილი ვაქცინაციის მოგვიანებითი გვერდითი მოვლენები და კორონავირუსული ინფექციის გართულებები:

ვაქცინაციის გართულებები

ამ ეტაპზე მსოფლიოში ასეულობით მილიონი აცრაა ჩატარებული, მათგან შედარებით სერიოზული გვერდითი მოვლენა, რაც შესაძლოა mRNA ვაქცინებთან იყოს ასოცირებული, დაფიქსირებულია მხოლოდ გულის ქსოვილის ანთებითი დაავადებები: მიოკარდიტი – გულის კუნთის ანთება, ან პერიკარდიტი – გულის გარსის ანთება. შემთხვევები გამოვლინდა მამაკაცებში 16-24 წლამდე ჯგუფში. ამ ჯგუფში შემავალი 170 მილიონი ადამიანიდან ეს მოვლენა აღენიშნა 500-მდე პირს, რაც პროცენტულად შეადგენს 0.00025 პროცენტს, რაც იძლევა საფუძველს, მას მივაკუთვნოთ ძალიან იშვიათი გართულების სტატუსი. ამასთან, ყველა შემთხვევა იყო მსუბუქი, ყველა ეს პირი დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს რამდენიმე დღის შემდეგ (ასეთი ფორმის მკურნალობა მოიცავს რამდენიმე დღე მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნას და ფიზიკური აქტივობისგან თავის შეკავებას) და არ ყოფილა არცერთი გართულების ან გახანგრძლივების შემთხვევა.

ასტრაზენეკას ვაქცინების გამოყენების დაწყების შემდეგ მალევე ახალგაზრდა ქალებში დაფიქსირდა თრომბოზული გართულების რამდენიმე შემთხვევა, რომელსაც შესაძლოა კავშირი ჰქონოდა ვაქცინის მიღებასთან. ამ შემთხვევათა განხილვის შედეგად სწრაფადვე დაკორექტირდა ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენების კრიტერიუმები და მისი მიღება ხელმისაწვდომი გახდა მხოლოდ მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში.

ზოგადად, გამოყენებაში აქამდე არსებული და ხანგრძლივ პერიოდში გამოცდილი ვაქცინების მონიტორინგი უჩვენებს, რომ გვერდითი ეფექტების გამოვლენა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხდება აცრის ჩატარებიდან პირველი 6 კვირის განმავლობაში. ამიტომ COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრების შემთხვევაშიც უფრო ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ გვერდითი მოვლენების განვითარება არ არის მოსალოდნელი.

კორონავირუსული ინფექციის გართულებები

ამის საპირწონედ, კორონავირუსული ინფექცია არის სიკვდილიანობის გამომწვევი შემთხვევათა 1,3%-ში ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელი სტატისტიკით.

COVID-19-ით ინფიცირების პერიოდში დაახლოებით 6-დან 1 ადამიანს შეიძლება განუვითარდეს გართულებები, რომელთაგან ზოგი სიცოცხლისთვის საშიშია. ესენია:

  • სუნთქვის მწვავე უკმარისობა
  • ფილტვების ორმხრივი ანთება
  • მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი
  • ღვიძლის მწვავე დაზიანება
  • გულის მწვავე დაზიანება
  • მეორეული ინფექციის თანდართვა
  • თირკმლის მწვავე დაზიანება
  • სეფსისი
  • დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომი
  • კოაგულოპათია
  • მულტისისტემური ანთებითი დაავადება ბავშვებში
  • გონებრივი პრობლემები
  • რაბდომიოლიზისი

ინფიცირების პერიოდის ჩავლის შემდეგ:

  • კორონავირუსულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს გულის შეუქცევადი დაზიანება. ვირუსის გადატანიდან რამდენიმე თვის შემდეგ ინსტრუმენტული გამოკვლევები პაციენტთა გარკვეულ ნაწილში უჩვენებს გულის კუნთის ისეთი ტიპის დაზიანებას, რაც შეიძლება მომავალში გულის ინფარქტის ან გულის უკმარისობის გამომწვევი გახდეს.
  • COVID-19 იწვევს ფილტვების პერმანენტულ დაზიანებას და სუნთქვის პრობლემებს.
  • ახალგაზრდა ასაკშიც კი შეიძლება გახდეს გულის შეტევის, კრუნჩხვების და გილიან-ბარის სინდრომის გამომწვევი.
  • ზრდის პარკონსონის და ალცჰაიმერის დაავადებების რისკებს.
  • ზრდის თრომბოზის რისკებს, რაც ხშირად ფატალურად მთავრდება.
  • იწვევს ფსიქოლოგიურ პრობლემებს: სტრესი, შფოთვა, დეპრესია.

ბევრი რამ ამ ვირუსის ქმედების შესახებ ჯერ კიდევ არ არის ცნობილი და დროთა განმავლობაში ეს სია ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება.

რატომ უნდა აიცრას რაც შეიძლება მეტი ადამიანი?

საზოგადოების აუცრელ ნაწილში ხშირად ჩნდება კითხვა, თუ რატომ ითხოვს მათგან აცრას ამავე საზოგადოების აცრილი და დაცული ნაწილი. აი პასუხებიც:

  1. სამწუხაროდ ერთეულების აცრა და უსაფრთხოდ ყოფნა ვერ დაასრულებს პანდემიას.
  2. მოზრდილების მასობრივი აცრით საჭიროა დავიცვათ ბავშვები, რომელთა აცრის შესაძლებლობაც ჯერ არ გვაქვს.
  3. აუცრელი ადამიანები არიან ვირუსის ახალი შტამების წარმოქმნის წყარო, რომლებზეც უკვე შექმნილმა ვაქცინებმა შეიძლება ვეღარ იმოქმედოს.
  4. აუცილებელია ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვა, რათა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი როგორც კოვიდ-ინფიცირებული, ასევე არა კოვიდ-პაციენტები არ დარჩნენ სასიცოცხლოდ აუცილებელი დახმარების მიღმა კლინიკებში თავისუფალი ადგილების არარსებობის გამო.
  5. რათა საგანმანათლებლო პროცესები დაუბრუნდეს ბაღს, სკოლას, უნივერსიტეტს.
  6. რათა შესაძლებელი გახდეს ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობის სრულფასოვანი აღდგენა.

ვაქცინაცია და ენდოკრინული დაავადებები

ვაქცინის გაკეთება შეუფერხებლად შეუძლიათ სტაბილურად მიმდინარე ენდოკრინული დაავადებების მქონე პირებს, როგორიცაა:

  • აუტოიმუნური თირეოიდიტი
  • გრეივსის დაავადება
  • ადისონის დაავადება
  • ჰიპოფიზის ადენომა
  • ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტი
  • სიმსუქნე

ამათგან, დიაბეტი და სიმსუქნე განსაკუთრებით მაღალ რისკ ფაქტორს წარმოადგენს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში გართულებებისა და სიკვდილიანობის გამოწვევის თვალსაზრისით. ამიტომ ამ პირების ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ევროპის ენდოკრინოლოგთა ასოციაცია (ESE) ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გავრცელებული მოსაზრება, თითქოს აუტოიმუნური თირეოიდიტი ვაქცინაციის უკუჩვენებაა, არ არის სწორი და ეს მდგომარეობა ვაქცინაციისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს.

მითები COVID-19-ის ვაქცინებზე

რეალობაა ის, რომ:

  • ვაქცინა არ შეიცავს მიკროჩიპს
  • ვაქცინა არ არის მაგნიტური
  • ვაქცინა არ იწვევს დნმ-ის ცვლილებას
  • არცერთი კოვიდ ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს
  • ვაქცინა არ ახდენს გავლენას შვილოსნობის უნარზე

ავტორი: ელგა გიორგაძე