ზოგადი

დიაბეტური კვების დაგეგმვა

კვების

კვება ცენტრალური კომპონენტია დიაბეტის მართვაში. კვების კარგი რეჟიმი უნდა შეესაბამებოდეს პიროვნების მიზნებს, გემოვნებას, ცხოვრების სტილს და მედიკამენტებს, რომლებსაც ის იღებს.

დიაბეტური კვების რეჟიმთან დაკავშირებით სხვადასხვა რეკომენდაციები არსებობს. ზოგადი სქემა კი შეიძლება იყოს ასეთი:

კვების ჯერადობა დღის განმავლობაში

კვების განრიგის დაცვა და მისი მუდმივობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, ეს აუმჯობესებს გლიკემიის კონტროლს.

დღის განმავლობაში იგეგმება სამი ძირითადი კვება. ისე, რომ მათ შორის შუალედი არ აღემატებოდეს 6 საათს.

კვების ასეთი რეჟიმი შესაძლებელია ყველასთვის არ იყოს დამაკმაყოფილებელი. იმ შემთხვევაში, თუ კვებიდან კვებამდე შიმშილის შეგრძნება ძლიერია, დასაშვებია შუალედებში დაემატოს წახემსება.

აქაც მნიშვნელოვანია, კვების დროებს შორის დაცული იყოს მინიმუმ 2 საათის შუალედი. სასურველია დაყოვნება 2-3 საათით.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დიაბეტურ და ზოგადი ჯანსაღი კვების რეჟიმშიც ცენტრალურ კომპონენტს წარმოადგენს საუზმე და მისი გამოტოვება დაუშვებელია.

მეტი თვალსაჩინოებისთვის, მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ კვების განაწილების ასეთი ვარიანტი:

  • 09:00 სთ – საუზმე
  • 11:30 სთ – მცირე ხემსი
  • 14:00 სთ – სადილი
  • 16:30 სთ – მცირე ხემსი
  • 19:00 სთ – ვახშამი

რაციონის შემადგენლობა

დიაბეტით თუ მის გარეშე ნებისმიერი ადამიანის კვება ინდივიდუალურია.

უნივერსალური დიეტა კონკრეტული რაციონით, რომელიც ყველას ერთნაირად მოერგება, არ არსებობს.

რამდენიმე დღეზე გათვლილი კვების გეგმებით, სადაც დეტალურად არის გაწერი დღიური რაციონი, შესაძლოა მნიშვნელოვნად გართულდეს კვებითი თერაპია, რადგან რეჟიმი, რომელიც მკაცრ ჩარჩოში და შეზღუდვებში აქცევს კვებას, რომელიც ერთფეროვანია და არ არის მორგებული კონკრეტული ადამიანის გემოვნებას, ამცირებს მისი ხანგრძლივად დაცვის მოტივაციას და საბოლოოდ მძიმე ტვირთად აწვება პაციენტს. ხშირად ის შეიძლება გახდეს დიეტაზე უარის თქმის მიზეზიც.

ამიტომ, უმჯობესია შემუშავდეს მოქნილი სქემა, სადაც პაციენტს შეეძლება თავად აირჩიოს დაშვებული პროდუქტებიდან მისთვის სასურველი და პერიოდულად ჰქონდეს საყვარელი აკრძალული კერძის დაგემოვნების შესაძლებლობაც დანაშაულის შეგრძნების გარეშე.

პირველ რიგში, დიაბეტის მართვის პროცესში მყოფი თითოეული ადამიანისთვის საჭიროა, ზუსტად იცოდეს, როგორ შეიძლება იმოქმედოს ამა თუ იმ პროდუქტმა ან კერძმა კონკრეტულად მის ორგანიზმზე.

ამისთვის საუკეთესო საშუალებაა გლიკემიის მონიტორინგის გამოყენება, ჩანაწერების წარმოება თუ რომელი პროდუქტის/კერძის რა რაოდენობაზე და დღის რა მონაკვეთში როგორ იცვლება საპასუხოდ გლიკემიის (სისხლში შაქრის შემცველობის) დონე, მომავალში კი მოხდეს ამ საორიენტაციო ინფორმაციის გამოყენება კვების დასაგეგმად.

როგორ შეიძლება ამის გაკეთება:

  • პროდუქტის მიღებამდე უნდა შემოწმდეს შაქრის შემცველობა სისხლში და ის უნდა იყოს ნორმაში, ანუ სამიზნე მაჩვენებელზე ნაკლები, რაც დიაბეტიანებისთვის ჭამამდე არის <130 მგ/დლ
  • პროდუქტის მიღებიდან ზუსტად 2 საათში ისევ ხდება გლუკოზას გაზომვა და თუ ის არის სამიზნე მაჩვენებელზე ნაკლები, ანუ ჭამის შემდეგ <180 მგ/დლ, მისი მირთმევა მომავალშიც თამამად შეგიძლიათ იგივე რაოდენობით. თუ ოდნავ აჭარბებს ნორმას – უნდა შემცირდეს რაოდენობა, ხოლო თუ კერძმა გამოიწვია შაქრის მკვეთრი მატება – სასურველია ამოღებული იქნას რაციონიდან.

პროდუქტები თითოეულ კვებაზე

გთავაზობთ ნიმუშს, თუ რომელი პროდუქტები შეიძლება შევუსაბამოთ თითოეულ კვებას.

საუზმე: კვერცხი, მთლიანი მარცვლეულის პროდუქტები, შვრია, ცეხვილი პური, ავოკადო, ჩიას მარცვლები, თხილეული, ხილი, ხაჭო, იოგურტი (დანამატების გარეშე), უცხიმო ან დაბალცხიმიანი ყველი და რძის სხვა ნაწარმი, ბოსტნეული, უშაქრო ყავა, ჩაი (უმჯობესია მწვანე), დაბალცხიმიანი რძე.

სადილი: უცხიმო ხორცი, თევზი, მთლიანი მარცვლეული, ცეხვილი პური, წიწიბურა, ბრინჯი, ბოსტნეული, რძის ნაწარმი, ხილი, პარკოსნები, სოკო, ჯანსაღი ცხიმი.

ვახშამი: ხორცი, თევზი, ბოსტნეული, რძის ნაწარმი.

ხემსი: ხილი, ბოსტნეული, რძის ნაწარმი (უცხიმო ან ნაკლებცხიმიანი) ან სხვა ცილოვანი პროდუქტი.

ნახშირწყლების რაოდენობა

თუ პერსონალური ექიმისგან სხვაგვარი რეკომენდაცია არ არის მიღებული, დიაბეტის მართვის პირობებში კარგი ვარიანტია ნახშირწყლების რაოდენობა შეადგენდეს თითოეულ მთავარ კვებაში 45-60 გრ-ს, ხოლო წახემსებაზე – 20-30 გრ-ს.

ნახშირწყლების საერთო დღიური რაოდენობა კი შესაბამისად 180 – 240 გრამამდეა.

თუ დიაბეტის მართვის პარალელურად წონაში კლების მიზნებიც არის დასახული, უმჯობესია ნახშირწყლების რაოდენობა იყოს შედარებით მცირე.

1 გრ ნახშირწყალი შეიცავს 4 კილოკალორიას.

ნახშირწყლების წყარო არის შემდეგი პროდუქტები:

  • მარცვლეული და მათი ნაწარმი, შაქარი, ბოსტნეული, ხილი, რძე და მისი ნაწარმი, პარკოსნები.

გახსოვდეთ, რომ დიაბეტურ კვებაში ნახშირწყლები არის სამიზნე ჯგუფი, რადგან სწორედ ისინი ზემოქმედებენ პირდაპირი გზით სისხლში გლუკოზას შემცველობაზე. მნიშვნელოვანია, ნახშირწყლების არა მხოლოდ რაოდენობრივი კონტროლი, არამედ იმის გათვალისწინება, თუ პროდუქტის რომელ სახეობას ვიღებთ. არჩევანი უნდა გაკეთდეს რთულ ნახშირწყლებზე, რადგან ისინი ნაკლებად იწვევენ გლიკემიის პიკურ მატებას. მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იპოვოთ სტატიაში: ნახშირწყლები.

ზოგიერთ ფართოდ მოხმარებად პროდუქტში ნახშირწყლების შემცველობის ცხრილი საორიენტაციოდ ასეთია:

პროდუქტის დასახელებანახშირწყლების შემცველობა 100 გრამში
ცეხვილი პური42 გრ
თეთრი პური50 გრ
მაკარონი (სპაგეტი)31 გრ
თეთრი ბრინჯი34 გრ
ბრინჯი (ბასმათი)25 გრ
ბრინჯი (ყავისფერი)23 გრ
შვრია12 გრ
წიწიბურა17 გრ
პურის ფქვილი82 გრ
მჭადის ფქვილი82 გრ
კარტოფილი20 გრ
ლობიო23 გრ
რძე5 გრ
სტაფილო10 გრ
ჭარხალი10 გრ
ვაშლი14 გრ
ბანანი23 გრ
კივი15 გრ
ფორთოხალი12 გრ
მსხალი15 გრ

სტატია – საყვარელი ტკბილეული დიაბეტურ კვებაში – კი თუ არა?

ცილის რაოდენობა

ცილის დღიური შემცველობა რაციონში დიაბეტის პირობებში ისეთ ფაქტორებზეა დამოკიდებული, როგორიცაა სქესი, ასაკი, ფიზიკური აქტივობის დონე და სხვ. მათ შორის მნიშვნელოვანია თირკმლების ფუნქციური მდგომარეობაც.

იმ შემთხვევაში, თუ თირკმელი გამართულად მუშაობს, ცილის შემცველობა რაციონში შეიძლება იყოს 1.0-1.5 გრ სხეულის ერთ კილოგრამ მასაზე. ანუ, პირობითად, 70 კგ სხეულის მასის მქონე ადამიანს შეუძლია დღის განმავლობაში მიიღოს 70-105 გრ ცილა.

თუ სახეზეა თირკმლის დიაბეტური დაზიანება (დიაბეტური ნეფროპათია), რეკომენდირებულია ცილის რაოდენობის შეზღუდვა, ისე რომ დღიური წილი არ აღემატებოდეს 0,8 გრ/კგ-ს. (70 კგ მასის მქონე ადამიანისთვის – 56 გრ-ს).

1 გრ ცილაში არის 4 კილოკალორია.

ცილის შემცველი პროდუქტებია:

  • ცხოველური: ხორცი, კვერცხი, რძე და მისი ნაწარმი.
  • მცენარეული: თხილეული, პარკოსნები, სოკო.

ცილის შემცველობის ნიმუში ზოგიერთ ხშირად გამოყენებად პროდუქტში ასეთია:

პროდუქტის დასახელებაცილის შემცველობა 100 გრ-ში
საქონლის ხორცი26 გრ
ფრინველის ხორცი11 გრ
თევზი22 გრ
კვერცხი13 გრ
რძე4 გრ
ყველი25 გრ
ხაჭო11 გრ
პარკოსნები6-20 გრ
სოკო4 გრ
თხილეული20 გრ

ცხიმის რაოდენობა

ცხიმის ჩვეული შემცველობა რაციონში შეიძლება იყოს 45-დან 78 გრამამდე დღის განმავლობაში. მათ შორის ნაჯერი ცხიმების წილი არ უნდა აღემატებოდეს 10 გრამს.

უჯერი (,,კარგი”) ცხიმის წყაროა:

  • ავოკადო
  • ნუში, ნიგოზი, არაქისი
  • ზეთისხილი და მისი ზეთი
  • ცხიმიანი თევზი (ორაგული, სარდინი, ქაშაყი, სკუმბრია, ტუნა)
  • სელის თესლი და მისი ზეთი
  • ჩიას თესლი
  • მზესუმზირას თესლი და მისი ზეთი

პროდუქტები, რომლებიც ნაჯერი (,,ცუდი”) ცხიმის მაღალი შემცველობით გამოირჩევა, რის გამოც მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს მათი გამოყენება, არის:

  • ცხიმიანი ხორცი, სოსისი, ბეკონი, ძეხვი
  • რძის პროდუქტები 2% და მეტი ცხიმიანობით
  • კარაქი
  • მაიონეზი და სხვადასხვა ,,დრესინგები”
  • ხორცის და ძვლის ნახარში ბულიონები
  • ფრინველის კანი
  • პალმის ზეთი
  • ქოქოსის ზეთი
  • მარგარინი
  • ყველა მზა პროდუქტი, რომლის შემადგენლობაშიც ტრანსცხიმებია ნახსენები.

1 გრამ ცხიმში 9 კილოკალორიაა.

პროდუქტის დასახელებაცხიმების შემცველობა 100 გრამში
ავოკადო14,7 გრ
თხილეული50-70 გრ
ზეთისხილი10,7 გრ
თევზი7-10 გრ
ჩია27 გრ

კვების დაგეგმვის ერთ-ერთი მარტივი და გავრცელებული მეთოდია დიაბეტური თეფშის ვარიანტიც.

დიაბეტური თეფშის აწყობა

,,დიაბეტური თეფში” არის ვიზუალიზაციაზე დაყრდნობილი კვების მარტივი მეთოდი, რომელიც არ საჭიროებს გრამების დათვლას, აწონვას, ზედმეტ კალკულაციებს და სადაც ,,თვალის ზომით” ვანაწილებთ პროდუქტებს.

როგორ ხდება ეს:

  1. ვიღებთ 23 სმ დიამეტრის თეფშს.
  2. თვალით ვყოფთ ორ თანაბარ ნაწილად. აქედან ერთ ნაწილს ვავსებთ ბოსტნეულით, რომელიც არ შეიცავს სახამებელს.
  3. თეფშის დარჩენილ ნახევარს ვყოფთ ასევე ორ ნაწილად. ერთ ნაწილზე ვათავსებთ ცილოვან პროდუქტს, მეორე ნაწილს კი ვუთმობთ ნახშირწყლების შემცველ პროდუქტებს.
  4. სასმელად ვიყენებთ წყალს ან სხვა რომელიმე უშაქრო სასმელს.

რაც შეეხება ხილს, მას შეიძლება მივაკუთვნოთ თეფშზე ადგილი ბოსტნეულის ან ნახშირწყლებისთვის განკუთვნილ ნაწილში.

ცხიმები კი თეფშზე ხვდება სხვა ჯგუფის პროდუქტის შემადგენლობაში, როგორიცაა მაგალითად თევზი, კვერცხი, თხილეული, რძის ნაწარმი, ავოკადო, ზეთისხილი და სხვ.

დიაბეტური თეფში

კვების ახალი რეჟიმის დანერგვა

ცხოვრების სტილის რადიკალურად შეცვლა რთული პროცესია. ზოგისთვის ერთი შეხედვით შეუძლებელიც კი.

იმისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული დაავადების მართვაზე უარის თქმა, ასეთ შემთხვევებში უმჯობესია ცვლილებები განხორციელდეს ნაბიჯ-ნაბიჯ.

მაგალითად, მოცემული რეკომენდაციებიდან საწყის ეტაპზე შეიძლება შეირჩეს ერთი ან ორი პუნქტი, რომლის ,,დანერგვა” დაიწყება უკვე დღეიდან. მას შემდეგ, რაც ამ პირველი ცვლილების თანმხლები დისკომფორტი გაქრება, განხორციელდეს მომდევნო ნაბიჯებიც იგივე პრინციპით.

ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)