სიტყვას დიდი ძალა აქვს. რეალობის ასახვის გარდა, მას შეუძლია თავადვე შექმნას რეალობა. სიტყვების შერჩევა და მათი გამოყენების ფორმა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც საუბარია ექიმსა და დიაბეტის დიაგნოზის მქონე ადამიანს შორის კომუნიკაციაზე.
დიაბეტის მართვა 24/7-ზე მიმდინარე პროცესია და მისთვის საჭირო ყოველდღიური აქტივობები (რაც მოიცავს გლიკემიის მონიტორინგს, კვების რეჟიმის დაცვას, ფიზიკურ აქტივობას და სხვ.) ხორციელდება ექიმის კაბინეტს გარეთ, თავად დიაბეტის მქონე პირის მიერ, ამიტომ თავდაჯერებულობა და მოტივაცია მისთვის აუცილებელია ინსტრუმენტებია.
ემოციური მხარდაჭერა და ფსიქოლოგიური ასპექტები დიდ როლს თამაშობს დიაბეტის მართვაში. ეს ყველაფერი კი უმეტესად სიტყვებში იყრის თავს.
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ფრაზები ათეული წლებია სამედიცინო ლექსიკონის შემადგენელი ნაწილია და მყარად არის გამჯდარი ჩვენს გონებაში, მათი გაგონება ექიმის კაბინეტში ადამიანისთვის შესაძლოა შიშის, დანაშაულის შეგრძნების, სირცხვილის გრძნობის გამომწვევი გახდეს.
ამიტომ თანამედროვე მედიცინა უპირატესობას ანიჭებს ისეთ სიტყვებს და ტერმინებს, რომელიც დაეხმარება ექიმს აჩვენოს თავისი ემპათია და მოიპოვოს პაციენტის კეთილგანწყობა, ნდობა.
ექიმის მისიაა ადამიანს, რომელსაც დიაბეტის დიაგნოზი აქვს, დაეხმაროს საკუთარი მდგომარეობის მაქსიმალურად მართვაში, ჯანსაღი არჩევნის გაკეთებაში, ჯანმრთელობის პოზიტიური ცვლილებების მიღწევასა და სრულყოფილი და პროდუქტიული ცხოვრებით ცხოვრებაში.
ლექსიკა, რომელიც პაციენტს აყენებს პირველ ადგილზე
დიაბეტზე საუბრისას ეს ნიშნავს ისეთი ფრაზების გამოყენებას, რომელიც არ ატარებს განკითხვის და საყვედურის ხასიათს, არამედ ამის საპირისპიროდ იმედს უნერგავს პაციენტს და აძლიერებს მის მოტივაციას.
ასეთი ენით საუბარი ცხადს ხდის, რომ ჩვენ პირველ ადგილზე ვაყენებთ თავად ინდივიდს – პაციენტს და არა მის დაავადებას ან ლაბორატორიულ მაჩვენებლებს.
ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც ცხადს გახდის, თუ რა იგულისხმება ამაში, არის: არ გამოვიყენოთ სიტყვების ასეთი შეთანხმება – ,,დიაბეტიანი ადამიანი” ან უბრალოდ ,,დიაბეტიკი”, სადაც მთლიანი აქცენტი დიაგნოზზეა. ჩავანაცვლოთ ის ასეთი ფრაზებით: ,,ადამიანი, რომელსაც აქვს დიაბეტი”, ,,ქალი დიაბეტით” ან ,,კაცი, რომელიც ცხოვრობს დიაბეტის დიაგნოზით”.
მეორე ნიმუში: უმჯობესია ფოკუსირება გაკეთდეს ადამიანის ფიზიოლოგიაზე, თუ რა ხდება მის ორგანიზმში და არა ხაზი გავუსვათ იმას, თუ რას აკეთებს ის სწორად ან არასწორად. მაგალითად, არ ვთქვათ ასე: ,,ბატონ X-ს აქვს ცუდად კონტროლირებული ან ცუდად მართული დიაბეტი და მისი მაჩვენებლები მეტისმეტად მაღალია”. ამის სანაცვლოდ გამოვიყენოთ: ,,ბატონი X იმყოფება ჰიპერგლიკემიურ მდგომარეობაში, მისი გლიკირებული ჰემოგლობინის მაჩვენებელი 9,2%-ია”.
სხეულის მასასთან დაკავშირებული ლექსიკა
მეტად ფაქიზი საკითხია ასევე საუბარი სხეულის მასის შესახებ, რასაც ხშირი და მჭიდრო კავშირი აქვს დიაბეტის სიტუაციებთან.
ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში, მისი მონაწილეების მიერ დაფიქსირდა, რომ ტერმინები, როგორიცაა ,,ექსტრემალურად მსუქანი”, ,,მეტისმეტად მსუქანი” ან უბრალოდ ,,მსუქანი”, ექიმისგან გაგონილი ის სიტყვებია, რომელიც ყველაზე მეტად აღძრავს დატუქსვის, საყვედურის, დანაშაულის გრძნობებს.
ადამიანებისთვის ფსიქოლოგიური წნეხი ნაკლები აღმოჩნდა, როცა მათ მდგომარეობაზე საუბრის დროს ექიმი იყენებდა სიტყვებს: ,,არაჯანსაღი წონა” ან ,,ზედმეტი წონის არსებობა”.
ამრიგად, მნიშვნელოვანია ახალი სასაუბრო კულტურის დამკვიდრება, რაც ექიმის კაბინეტიდან უნდა დაიწყოს და აქედან მაგალითი მიეცეს საზოგადოებასაც.
როგორ გავაკეთოთ ეს – ზოგადი ფაქტორების შეჯამება
ადამიანი, პიროვნება დავაყენოთ პირველ ადგილზე.
გამოვიყენოთ ნეიტრალური, არაგამკიცხავი ენა, რომელიც დამყარებულია ფაქტებზე, მოქმედებაზე, ფიზიოლოგიაზე.
თავი ავარიდოთ ისეთი სიტყვების გამოყენებას, რაც ამა თუ იმ მდგომარეობის სტიგმატიზებას და ადამიანის დადანაშაულებას შეუწყობს ხელს.
არ ვუგულვებელვყოთ, რომ პირი, რომელიც ცხოვრობს დიაბეტით, არის პიროვნება თავისი პრიორიტეტებით და მას აქვს ცხოვრება დიაბეტის დიაგნოზის მიღმაც.
უკეთესია, კომუნიკაციაში მოვერიდოთ სიტყვა ,,ნორმალური”-ს გამოყენებას, რადგან მისი საპირისპირო სიტყვა – ,,არანორმალური”, საკმაოდ უხეშ და არასასიამოვნო შინაარსს შეიცავს. სჯობს შეირჩეს ,,ნორმალურის” სხვა სინონიმური სიტყვები.
მოერიდეთ თქმას: ,,უნდა გააკეთო”. ისაუბრეთ იმაზე, რისი მიღწევაც პაციენტისთვის რეალურია და ვიდრე ამას მისგან მოვითხოვდეთ, გვახსოვდეს, რომ დიაბეტის სრულად გაკონტროლება თითქმის შეუძლებელია. ასეთი მიდგომა თავიდან ააცილებს პაციენტს იმედგაცრუებას, თვითშეფასების და მოტივაციის დაქვეითებას.
უმჯობესია აქცენტის გაკეთება იმაზე, თუ რა შესაძლებლობები აქვს პაციენტს, რა ცვლილებების განხორციელება და უნარ_ჩვევების შეძენა შეძლო მან და არა იმაზე, თუ რა ვერ, ან არ გააკეთა.
ადამიანები არ განიცდიან წარუმატებლობას, არამედ მათი მკურნალობის რეჟიმია წარუმატებელი.
არ მოვახდინოთ პაციენტის მიღწევების მისაკუთრება – მაგალითად, ,,ექიმმა დააკლებინა 20კგ”, ამის ნაცვლად ჯობია ითქვას: ,,დაიკლო 20კგ ექიმის დახმარებით”.
დიაბეტზე საუბრისას მნიშვნელოვანია ვიყოთ სპეციფიკურები და დავაკონკრეტოთ, თუ მის რომელ ტიპზეა საუბარი, რათა არ მოხდეს ინფორმაციის არასწორი განზოგადება.
უფრო კონკრეტულად – რომელი ტერმინები ჩავანაცვლოთ და როგორ
- დიაბეტიკის ნაცვლად:
- ადამიანი დიაბეტით
- ადამიანი დიაბეტის დიაგნოზით
- ადამიანი, რომელსაც აქვს დიაბეტი
- მსუქნის ნაცვლად:
- არაჯანსაღი წონა
- ზედმეტი წონა
- ადამიანი, რომელსაც აქვს სიმსუქნე
- ნორმალური წონის ნაცვლად:
- ჯანსაღი წონა
- სამიზნე წონა
- გლუკოზას ნორმალური მაჩვენებლის ნაცვლად:
- გლუკოზას სამიზნე მაჩვენებელი
- უკონტროლო, ცუდი კონტროლის, დარღვეული მაჩვენებლის ნაცვლად:
- გლუკოზას მომატებული ან მაღალი მაჩვენებელი
- გლუკოზას არასტაბილური მაჩვენებელი
- დიაბეტის კონტროლის ნაცვლად:
- დიაბეტის მართვა
- დიეტის ნაცვლად:
- კვების რეჟიმი
- ვარჯიშის ნაცვლად:
- ფიზიკური აქტივობა
არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი სასაუბრო ენა მეტია ვიდრე მხოლოდ სიტყვები, მასში ასევე იგულისხმება ტონალობა, მიმიკები, ე.წ. სხეულის ენა, დამოკიდებულება.
სასაუბრო ენით ექიმები გავლენას ვახდენთ არა მხოლოდ უშუალოდ ჩვენს წინ მჯდომი ადამიანის ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე, არამედ იმაზეც, თუ როგორი დამოკიდებულება და სასაუბრო ლექსიკა აქვს სოციუმს დიაბეტის დიაგნოზით მცხოვრები ან მისი განვითარების რისკების მქონე პირების მიმართ.
ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)