ჰიპოთირეოზი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ენდოკრინული დაავადებაა, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვალი ვერ გამოიმუშავებს საჭირო რაოდენობით ჰორმონებს: თიროქსინს და ტრიიოდთირონინს, რაც უარყოფითად აისახება ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედის მუშაობაზე.
აქედან გამომდინარეობს სიმპტომების მრავალფეროვნება, რომლებიც სხვადასხვა ინდივიდში სხვადასხვა ხარისხით და თანხვედრით გამოვლინდება დაავადების სხვადასხვა ეტაპზე.
ესენია:
- დაღლილობის შეგრძნება
- სიცივის მიმართ აუტანლობის მომატება
- ყაბზობა
- კანის სიმშრალე
- თმის ცვენა
- ფრჩხილების მტვრევადობა
- წონაში მატება ან წონის კლების გაძნელება
- გულის რიტმის შენელება – ბრადიკარდია
- ხმის შეცვლა
- ქუთუთოების შეშუპება
- წარბის გარეთა მესამედის გათხელება/ გაცვენა
- მენსტრუალური ციკლის დარღვევები
- მეხსიერების დაქვეითება
- დეპრესია
უფრო ვრცლად ჰიპოთირეოზის შესახებ წაიკითხეთ აქ.
უშლის თუ არა ჰიპოთირეოზი ხელს დაორსულებას
ჰიპოთირეოზის შედეგად ფერხდება საკვერცხეების გამართული მუშაობა, კერძოდ, ირღვევა ოვულაციის პროცესი (კვერცხუჯრედის გამონთავისუფლება ფოლიკულიდან), რის გარეშეც ნაყოფის ჩასახვა შეუძლებელია.
ამიტომ უშვილობის მკურნალობის ერთ-ერთი პირველი საფეხურია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის აღმოჩენა და გამოსწორება.
თუ ჰიპოთირეოზის კორექციის მიუხედავად მაინც რჩება უშვილობის პრობლემა, უნდა გაგრძელდეს გამოკვლევები სხვა შესაძლო მიზეზების დასადგენად და აღმოსაფხვრელად.
უსაფრთხოა თუ არა ჰიპოთირეოზის ფონზე დაორსულება
ჰიპოთირეოზის მკურნალობისთვის გამოყენებული პრეპარატი – ჰორმონ თიროქსინის სინთეზური ანალოგი, სრულიად უსაფრთხოა ჩანასახისთვის.
სათანადო მონიტორინგის და მართვის პირობებში ჰიპოთირეოზის ფონზე ორსულობა ყოველგვარი დამატებითი რისკების გარეშე მიმდინარეობს.
რა უარყოფითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ნაყოფზე მკურნალობის გარეშე დატოვებულ ჰიპოთირეოზს
მუცლადყოფნის პერიოდში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები კრიტიკულ როლს ასრულებენ ჩანასახის თავის ტვინის განვითარებაში.
პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე ჩამოყალიბდება საკუთარი ფარისებრი ჯირკვალი, ნაყოფის ორგანიზმი მთლიანად არის დამოკიდებული დედის თირეოიდულ ჰორმონებზე.
ამიტომ, მისი ნაკლებობა ბავშვის გონებრივი განვითარების მძიმე და შეუქცევადი შეფერხების მიზეზი შეიძლება გახდეს.
იწვევს თუ არა ჰიპოთირეოზი ორსულობის შეწყვეტას
მკურნალობის გარეშე დატოვებული ჰიპოთირეოზი, გარდა მსუბუქი შემთხვევებისა, შეიძლება გახდეს პირველ ან მეორე ტრიმესტრში ორსულობის შეწყვეტის მიზეზი.
როგორ მიმდინარეობს ჰიპოთირეოზის მკურნალობა/ მართვა ორსულობის პერიოდში
მას შემდეგ, რაც დგება ორსულობა, ფარისებრ ჯირკვალს უწევს გაუმკლავდეს როგორც ნაყოფის, ასევე თავად დედის ორგანიზმის გაზრდილ მოთხოვნილებას თირეოიდული ჰორმონების მიმართ.
ჯანმრთელი ჯირკვალი უპრობლემოდ ართმევს თავს ამ დავალებას, მაგრამ თუ აღინიშნება ჰაშიმოტოს თირეოიდიტის საწყისი ეტაპი, როცა ჯირკვლის ფუნქცია ჯერ შენარჩუნებულია, ან მსუბუქი ჰიპოთირეოზი, რომელიც ჯერ არ გამოვლენილა, დაორსულების შემდეგ ასეთ ქალებს უკვე მანიფესტირებული ჰიპოთირეოზი უნვითარდებათ.
ჰიპოთირეოზის მართვა ორსულობის პერიოდში
როცა ჰიპოთირეოზის დიაგნოზი უკვე დადგენილია, ამ შემთხვევაში ორსულობის დაგეგმვა უნდა მოხდეს მკურნალ ენდოკრინოლოგთან ერთად.
თუ ორსულობა დგება დაუგეგმავად, მისი დადასტურებისთანავე ასევე აუცილებელია ენდოკრინოლოგს მიეწოდოს ეს ინფორმაცია და დროულად მოხდეს შესაბამისი ცვლილებები მკურნალობის მიმდინარეობაში, კერძოდ, გაიზარდოს დანიშნული თიროქსინის პრეპარატის დოზა.
მთელი ორსულობის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს ფარისებრი ჯირკვლის ანალიზების ხშირი კონტროლი (ყოველ 6 კვირაში ერთხელ) და წამლის დოზის შესაბამისი ცვლილებები.
მშობიარობიდან მეორე დღესვე პრეპარატის დოზა ისევ მცირდება.
სკრინინგი
საჭიროა თუ არა, ყველა ორსულს რუტინულად ჩაუტარდეს ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა, ამ საკითხზე ექიმებს შორის ერთიანი აზრი არ არსებობს.
თუმცა, ჰიპოთირეოზთან ასოცირებული სერიოზული რისკების გათვალისწინებით, მაინც უმჯობესია, არა თუ ორსულებში, არამედ დაორსულებამდეც რეპროდუქციული ასაკის ქალებში წინასწარ გამოირიცხოს ამ დარღვევის არსებობა.
ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)