ჰიპოთირეოზის მკურნალობა თიროქსინის (ლევოთიროქსინის) პრეპარატებით საკმაოდ მარტივად მართვადი პროცესია.
მთავარია პაციენტის მიერ გათვალისწინებული და დაცული იყოს რამდენიმე აუცილებელი წესი, რათა ექიმმა შეძლოს სასურველი შედეგის დროულად მიღება.
ლევოთიროქსინი საქართველოში სხვადასხვა ბრენდული სახელწოდებით იყიდება.
ძირითადი მოქმედი ნივთიერება მათში იდენტურია, განსხვავდება მხოლოდ დამხმარე არააქტიური დანამატები.
მიუხედავად ამისა, მკურნალობის პროცესში არ არის სასურველი სხვა სახელწოდების ლევოთიროქსინზე გადასვლა ექიმთან შეთანხმების გარეშე.
მიღების თავისებურებები
წამლის დაშლა ორგანიზმში ნელა მიმდინარეობს, დიდხანს რჩება სისხლში და ამიტომ საკმარისია მისი დალევა დღეში მხოლოდ ერთხელ.
პირველი მითითება, რაც წამლის სწორად გამოყენებას უკავშირდება, არის ის, რომ მიღება უნდა მოხდეს უზმოზე ჭამამდე მინიმუმ 45-60 წუთით ადრე, რადგან საკვებთან მისი შერევა აფერხებს პრეპარატის შეწოვას და აქვეითებს ეფექტურობას.
ასევე დაუშვებელია ყავის დალევა აღნიშნული დროის გასვლამდე, რადგან მასაც ანალოგიური უარყოფითი მოქმედება აქვს პრეპარატზე. დაშვებულია მხოლოდ წყლის დაყოლება.
მნიშვნელოვანია პრეპარატის მიღება მუდმივად ერთიდაიგივე დროს.
თუმცა, იშვიათ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდა მისი ჩვეულ დროს მიღება, დაშვებულია დალევა დღის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ბოლო ჭამიდან გასული იყოს 3 საათი და მომდევნო კვება არ მოხდეს 45-60 წუთის განმავლობაში.
მეორე ვარიანტია მიღება მოხდეს მეორე დღეს, ოღონდ არა გაორმაგებული დოზით, არამედ ერთი ჩვეული დოზა _ დილით, მეორე გამოტოვებული კი საღამოს.
მკურნალობის მონიტორინგი
უმეტეს შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვლის დაავადება ქრონიკულია და პრეპარატის პერმანენტული მიღება აუცილებლობას წარმოადგენს.
ამიტომ დიდ მნიშვნელობას იძენს რეგულარული კონსულტაცია და ჰორმონული კვლევა წელიწადში მინიმუმ ერთხელ ან ორჯერ, ან ენდოკრინოლოგის მიერ მითითებულ ვადებში.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ და ანალიზის შედეგებიც დამაკმაყოფილებელია, არ უნდა შეწყდეს წამლის მიღება თვითნებურად ექიმთან შეთანხმების გარეშე.
ამ დროს მკურნალობის შეწყვეტა ერთ-ერთი გავრცელებული შეცდომაა. რასაც შედეგად მოსდევს დაავადების საწყის ეტაპზე დაბრუნება და განვლილი მკურნალობის პერიოდის სრულად „წყალში ჩაყრა“.
ექიმს უნდა მიეწოდოს სრული ინფორმაცია იმ წამლების შესახებ, რომელთა მიღებაც ხდება ლევოთიროქსინის პარალელურად, რადგან ზოგიერთი მათგანი იწვევს თიროქსინის ეფექტურობის დაქვეითებას ან გავლენას ახდენს შეწოვის პროცესზე.
ასეთია, მაგალითად, რკინის და კალციუმის შემცველი პრეპარატები და მათი და თიროქსინის მიღების დროებს შორის ინტერვალი მინიმუმ 4 საათი მაინც უნდა იყოს.
ლევოთიროქსინი უნდა ინახებოდეს მშრალ, გრილ, მზისგან დაცულ ადგილას დაბალი ტენიანობის პირობებში. შენახვის ამ წესების დარღვევამ შეიძლება წამლის აუხსნელი არაეფექტურობა გამოიწვიოს.
გამოყენება ორსულობის დროს
რაც შეეხება ორსულობის პერიოდს, რადგან თიროქსინი ის ნივთიერებაა რაც ისედაც უნდა იყოს ორგანიზმში, მისი მიღება ორსულობისას არათუ უსაფრთხო, აუცილებელიც კია ნაყოფის ნორმალური განვითარებისთვის.
თუ უკვე ჰიპოთირეოზის მკურნალობის პროცესში მოხდა დაორსულება, როგორც წესი, დოზის მომატება არის საჭირო.
ამიტომ აუცილებელია ექიმს მიეწოდოს ინფორმაცია ორსულობის შესახებ.
ასევე საჭიროა კონტროლის გახშირებაც _ მინიმუმ ყოველ ტრიმესტრში, იდეალურია 8 კვირაში ერთხელ. მშობიარობის შემდეგ კი დოზის შემცირება უნდა მოხდეს.
ზეგავლენა სხეულის მასაზე
თიროქსინის პრეპარატები არ იწვევს სხეულის მასის მომატებას.
რადგან ლევოთიროქსინი ჰორმონული პრეპარატია, პაციენტი მას ხშირად აიგივებს სხვა ჰორმონული ტიპის სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც იწვევს წონაში მატებას და მისი დანიშვნა ხშირად იწვევს შეშფოთებას და ამ საკითხით დაინტერესებას.
ლევოთიროქსინის მოქმედება სრულიად განსხვავდება ამ პრეპარატების მოქმედების სპეციფიკიდან და არ იწვევს წონაში მატებას.
პირიქით, ის ხელს უწყობს მეტაბოლიზმის აჩქარებას და ჰიპოთირეოზის გამო მომატებული მასის ნორმალიზაციას.
დაუშვებელია წამლის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე.
ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)