ზოგადი

მარხვის გავლენა ზოგად ჯანმრთელობაზე და შაქრიანი დიაბეტის მართვაზე

მარხვის გავლენა

მართლმადიდებელ ქრისტიანობაში წლის განმავლობაში ოთხი დიდი მარხვის პერიოდია, რასაც ემატება ორშაბათი და პარასკევი დღეები ყოველკვირეულად (გამონაკლისია მხოლოდ რამდენიმე კვირა, როცა ეს დღეებიც ხსნილია).

საერთო ჯამში, მემარხულე ქრისტიანები წელიწადში დაახლოებით 180-200 დღეს ატარებენ მარხვაში.

მართლმადიდებლური მარხვის ძირითადი პრინციპი თავშეკავებაა.

კვების მხრივ ეს მოიცავს: ხორცის, რძის პროდუქტების, კვერცხის, ზოგ დღეებში ასევე თევზის აკრძალვას რაციონში. 

ცვლილებები კვების რაციონში

მარხვის წესების თანახმად, კვების ძირითად შემადგენელ ნაწილად რჩება: ბოსტნეული, პარკოსნები, მარცვლეული, თხილეული, თესლეული, ხილი.

ეს პროდუქტები მდიდარია რთული ნახშირწყლებით და უჯრედისით და თავისუფალია ნაჯერი ცხიმების შემცველობისგან.

ზოგად ჭრილში, მართლმადიდებლური ქრისტიანული მარხვა არის დიეტური კვების ნიმუში, რომელშიც ნაკლებია რაფინირებული ნახშირწყალი და მეტი წილი უკავია რთულ ნახშირწყლებს და უჯრედისს, ეს კი ხელისშემწყობი ფაქტორია: ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის, მეტაბოლური დარღვევების და ქრონიკული დაავადებების პრევენციისთვის.

მარხვის სრულყოფილად დაცვის დროს მემარხულეები ასევე ერიდებიან დესერტების და სხვა გამორჩეულად გემრიელი პროდუქტების დაგემოვნებას, რითიც რაციონში ასევე მცირდება მარტივი ნახშირწყლების შემცველობა.

ზოგადი გავლენა ორგანიზმზე

რამდენიმე ათეული კვლევის შედეგების გაანალიზების საფუძველზე, მარხვამ აჩვენა დადებითი ეფექტები გლუკოზის და ლიპიდების კონტროლზე, ინსულინრეზისტენტობის შემცირებაზე. ბოლომდე დაზუსტებული ვერ იქნა მონაცემები არტერიული ჰიპერტენზიის შესახებ. თუმცა, ზოგი მცირე კვლევით, ამ მხრივაც მაჩვენებლების გაუმჯობესება აღინიშნება.

გავლენა ეხება სხეულის მასის კონტროლსაც. მარხვაზე მყოფ პირებში მისი დასრულების შემდეგ დაფიქსირდა ნაკლები კალორიული დატვირთვა და შემცირებული მასის ინდექსი.

მარხვა დადებითად აისახება მენტალურ ჯანმრთელობაზეც. საინტერესოა, რომ კვლევების შედეგების თანახმად, ბერების უმეტესობა გამოირჩევა ცხოვრების მაღალი ხარისხით და კარგი მენტალური ჯანმრთელობით.

მაკრო და მიკრონუტრიენტებით უზრუნველყოფა

როგორ იცვლება საკვების სხვადასხვა ჯგუფის მოხმარება მარხვის დროს:

ნახშირწყლები – მოხმარება იზრდება რთული ნახშირწყლების და უჯრედისის ზრდის ხარჯზე (მარცვლოვნები, ბოსტნეული, ხილი).

ცხიმები – მოხმარება მცირდება ძირითადად ცხოველური ნაჯერი ცხიმების შემცირების ხარჯზე. რაციონში რჩება უფრო ჯანსაღი – უჯერი ცხიმის წყაროები (თხილეული, მცენარეული ზეთები).

ცილები – მოხმარება მცირდება, თუმცა, ამის მიუხედავად, კვლევებით არ ფიქსირდება ძირითადი ამინომაჟავების დეფიციტი. ყველა შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ცილის დაშვებული წყაროები საკმარისად იქნას ჩართული რაციონში (პარკოსნები, თხილეული, სოკო, მცენარეული რძე, თევზი და ზღვის პროდუქტი – როცა მისი მიღება დაშვებულია).

ვიტამინების და მინერალების მოხმარება:

რკინა – მოხმარება რჩება ადეკვატური და მარხვის შედეგად დეფიციტის განვითარების შემთხვევები ნაკლებად ფიქსირდება.

ფოლიუმი – მოხმარება რჩება ადეკვატური ან შეიძლება გაიზარდოს კიდეც.

მაგნიუმი – მოხმარება იზრდება.

კალციუმი – მოხმარება მცირდება რძის პროდუქტების აკრძალვის გამო. შესაძლოა დაფიქსირდეს დეფიციტის შემთხვევებიც, თუმცა ეს, როგორც წესი, არ აისახება ძვლის მეტაბოლიზმზე და მის მინერალურ სიმკვრივეზე.

B ჯგუფის ვიტამინებიB2 და B12 ვიტამინების მოხმარების შემცირების გამო, შესაძლოა დაფიქსირდეს მათი კონცენტრაციის დაქვეითება სისხლში, განსაკუთრებით იმ პირებში, ვისაც მარხვის დაწყებამდე უკვე აღენიშნებოდა ამ მიკროელემენტების დეფიციტი. ამიტომ, ამ მხრივ ყურადღების გამოჩენაა საჭირო.

მარხვა და შაქრიანი დიაბეტი

აღწერილი ზოგადი ეფექტები, ცხადია, მოქმედებს დიაბეტის დიაგნოზის პირობებშიც.

უფრო კონკრეტულად, დიაბეტთან მიმართებაში:

  • მარხვა აუმჯობესებს ორგანიზმის მგრძნობელობას ინსულინზე ინსულინრეზისტენტობის შემცირებით;
  • ამცირებს სხეულის მასის ინდექსს;
  • ამცირებს ქოლესტერინის დონეს;
  • აქვს პოტენციალი შეამციროს უზმოდ გლიკემიის მაჩვენებელი და გლიკოზირებული ჰემოგლობინის მაჩვენებელიც.

თუმცა, სწორედ აქ არის საჭირო ყურადღების და სიფრთხილის გამოჩენა, რათა ამ პროცესებმა არ გამოიწვიოს სისხლში შაქრის მკვეთრი დაქვეითება – ჰიპოგლიკემია.

ხოლო მარხვის დასრულების შემდეგ, მაღალია რისკი, რომ მონატრებული საკვების რაციონში დაბრუნებამ გამოიწვიოს გადაჭარბებული კვება და შედეგად მივიღოთ სისხლში გლუკოზის მაჩვენებლის გაზრდა – ჰიპერგლიკემია.

რეკომენდაციები რისკების შესამცირებლად:

გლიკემიის გახშირებული თვითკონტროლი აუცილებელია – მარხვის გაგრძელების საკითხი უნდა გადაიხედოს, თუ ფიქსირდება ჰიპოგლიკემია – შაქრის მაჩვენებელი <70 მგ/დლ (3,8 მმოლ/ლ); ან მკვეთრი ჰიპერგლიკემია – შაქრის მაჩვენებელი > 300 მგ/დლ (16,6 მმოლ/ლ).

ჰიპოგლიკემიის ასაცილებლად – იმ შემთხვევაში, თუ მარხვაზე გადასვლით კვებითი რეჟიმი მკვეთრად იცვლება, განსაკუთრებით, მისი ნახშირწყლოვანი კომპონენტი, შესაძლოა საჭირო გახდეს დანიშნული პრეპარატების დოზის ცვლილებები, რა თქმა უნდა, მკურნალი ექიმის ჩართულობით. ყურადღება განსაკუთრებით საჭიროა, თუ ეს პრეპარატი არის ინსულინი ან სულფანილშარდოვანას ჯგუფის წარმომადგენელი (რომელიც აძლიერებს პანკრეასის მიერ საკუთარი ინსულინის გამოყოფას).

ჰიპერგლიკემიის ასაცილებლად – მარხვის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვანია, ნელ-ნელა მოხდეს პროდუქტების დაბრუნება რაციონში, ყურადღება მიექცეს და კვლავაც გაგრძელდეს უჯრედისის და ჯანსაღი ცხიმების გამოყენება.

ცილის დეფიციტის ასაცილებლად – ცილის მცენარეული წყაროები საკმარისად უნდა ჩაერთოს რაციონში – პარკოსნები (ლობიო, ბარდა, სოიო, ოსპი და სხვ.), თხილეული, თესლეული, სოკო, მცენარეული რძე (ნუშის, ქოქოსის, სოიოს).

ვიტამინების და მინერალების დეფიციტის ასაცილებლად – მარხვის დაწყებამდე უნდა მოხდეს ყურადღების გამახვილება კალციუმის და B12 ვიტამინის ადეკვატურ შემცველობაზე ორგანიზმში. გასნსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, როცა დანიშნულია მეტფორმინი, რომლის ხანგრძლივი გამოყენება ისედაც ასოცირებულია B12 ვიტამინის დეფიციტთან.

საჭიროების შემთხვევაში, ეკლესიის მიერ დაშვებულია, რომ გამონაკლისის სახით, კვებითი შეზღუდვები შემსუბუქდეს სხვადასხვა დაავადების, მათ შორის, შაქრიანი დიაბეტის დროსაც. მაგალითად, ასეთ შემთხვევებში, გამოყენებული იქნას რძის პროდუქტები.

ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)

ინფორმაცია

გამოყენებული წყაროები:

https://pmc.ncbi.nlm.nih.gov; https://www.diabetes.org.uk; https://www.sciencedirect.com; https://www.holyorthodox.org; https://www.mdpi.com; https://www.researchgate.net; https://diabetesjournals.org