ზოგადი

რა გავლენას ახდენს ლაზერული ეპილაცია ენდოკრინულ ორგანოებზე და ჰორმონებზე

ლაზერული ეპილაცია

ლაზერული პროცედურები დღეისთვის ფართო გამოყენებით სარგებლობს კოსმეტიკურ დერმატოლოგიაში და არა მარტო.

თმის მოცილება, კანის გაახალგაზრდავება, ტატუს მოშორება – ეს პროცედურები მათგან ყველაზე მოთხოვნადია.

ენდოკრინოლოგთან ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ, უსაფრთხოა და შესაძლებელია თუ არა ამ მეთოდით სარგებლობა ენდოკრინული ორგანოების სხვადასხვა დაავადებების დროს, როგორიცაა, მაგალითად, კვანძოვანი ჩიყვი, აუტოიმუნური თირეოიდიტი და სხვა.

ამ მიმართულებით განსაკუთრებით ყურადღების ქვეშ ექცევა ხოლმე ფარისებრი ჯირკვალი მისი ანატომიური მდებარეობის გამო კისრის წინა ზედაპირზე კანთან ახლოს.

ლაზერის უსაფრთხოების დონის განხილვისთვის, პირველ რიგში, უნდა ავხსნათ, რას წარმოადგენს და რა პრინციპით მოქმედებს ის.

რა არის ლაზერი

ტერმინი ,,Laser” ინგლისურ ენაზე იშიფრება, როგორც – Light Amplification by Stimulated Emission of Radiation.

მარტივად რომ ვთარგმნოთ, ეს არის ერთი მიმართულების ერთად შეკრებილი სინათლის სხივების კონა, რომელსაც ძლიერი თერმული ზემოქმედების უნარი აქვს. იმდენად ძლიერი, რომ კანის მოვლის და სხვადასხვა სამედიცინო, მათ შორის, ქირურგიული პროცედურების გარდა, ის შეიძლება გამოყენებული იქნას მეტალის დასაჭრელადაც კი.

ზოგადი უსაფრთხოება

ლაზერის სხივი მიეკუთვნება არამაიონებელ ანუ არარადიაციულ გამოსხივებას, რაც დაბალი დოზით გამოყენებისას ორგანიზმისთვის მინიმალური საფრთხის შემცველია.

ლაზერის სხივის მოქმედების სიღრმე (ალექსანდრიტის და დიოდის შემთხვევაში დაახლოებით 3-4 მმ) როგორც წესი, არ სცდება კანქვეშა ქსოვილს და ვერ აღწევს ორგანოებამდე, შესაბამისად, მოკლებულია უნარს ზიანი მიაყენოს მათ.

მისი ზემოქმედება არ იწვევს ენდოკრინული ორგანოებში სტრუქტურულ, ხოლო ჰორმონულ მაჩვენებლებში – ფუნქციურ ცვლილებებს.

ლაზერული ეპილაცია

უშუალოდ თმის მოცილების პროცესი მიმდინარეობს შემდეგნაირად:

ლაზერის სხივები კანში აღწევს თმის ფოლიკულებთან, სადაც შთაინთქმება თმის მელანინის მიერ (ეს არის პიგმენტი, რომელიც განაპირობებს თმის შეფერილობას), აქ სინათლის ენერგია გარდაიქმნება სიმხურვალედ და აზიანებს ფოლიკულს, რის შედეგადაც ფერხდება თმის ზრდა.

ლაზერული ეპილაციის დროს სპეციფიურად შერჩეულია ტალღების სიგრძე და იმპულსების ხანგრძლივობა ისე, რომ ის არ გასცდეს თმის ფოლიკულს და არ დააზიანოს კანი.

გვერდითი მოვლენები და ეფექტურობა

ლაზერული პროცედურების თანმხლები (უმეტესად დროებითი) გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს:

  • კანის გახანგრძლივებული სიწითლე
  • ტკივილი და დისკომფორტი
  • მგრძნობელობის მომატება
  • ქავილი
  • კანის პიგმენტაციის ცვლილებები
  • ნაწიბურები
  • დამწვრობა
  • ბაქტერიული ინფექციები

ლაზერული ეპილაციის პროცედურის ეფექტურობა დამოკიდებულია: შემსრულებლის პროფესიონალიზმზე, გამოყენებულ აპარატურაზე, პროცედურის სახეობაზე, კანის ტიპზე, ფერზე და ლოკაციაზე, თმის ზრდის ციკლზე და ასევე ჰორმონული ბალანსის სტატუსზე.

ჰორმონული პროფილის გავლენა ლაზერული ეპილაციის შედეგებზე

მართალია, როგორც უკვე შევთანხმდით, ლაზერის გამოყენება არ ზემოქმედებს ენდოკრინულ სისტემაზე, თუმცა თავად ჰორმონებს და ენდოკრინულ დარღვევებს მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვთ პროცედურის შედეგებზე.

ჰორმონული ცვლილებები შესაძლოა გახდეს ლაზერის მოქმედების მიმართ თმის ფოლიკულების არასაკმარისი რეაქციის მიზეზი. ასევე შესაძლოა ჰორმონულმა ძვრებმა გამოიწვიოს თმის ზრდის ტემპის დაჩქარებაც, რის გამოც საჭირო ხდება სასურველი შედეგის მისაღწევად ეპილაციის პროცედურების რაოდენობის გაზრდა.

ჭარბი თმის ზრდა – მამაკაცური ტიპის გათმიანება, იგივე ჰირსუტიზმი სწორედ ჰორმონული დისბალანსის შედეგია.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტესტოსტერონის დონე.

პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია, ადრენალური ჰიპერპლაზია, ჰიპერპროლაქტინემია – ეს არის ის ენდოკრინული დარღვევები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ლაზერული პროცედურის შემდეგ თმის ზრდის სისწრაფესა და ინტენსივობაზე.

ჰირსუტიზმის მიზეზების ამოცნობა და მისი მკურნალობა აუცილებელია. თმის მოცილებას ლაზერით მხოლოდ ამ მკურნალობასთან კომბინაციაში შეიძლება ჰქონდეს სასურველი გრძელვადიანი შედეგი.

ლაზერი და მენსტრუალური ციკლი

ლაზერული ეპილაციის ჩატარება დაშვებულია მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ ფაზაში, მათ შორის, უშუალოდ მენსტრუაციის დროსაც. ციკლის ფაზა არ ახდენს გავლენას პროცედურის უსაფრთხოებაზე და ეფექტურობაზე.

თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მენსტრუაციის და მის წინა პერიოდში მომატებულია ორგანიზმის ზოგადი მგრძნობელობა და ეპილაციის პროცესი შესაძლოა უფრო მტკივნეულად და არაკომფორტულად აღიქმებოდეს.

კანის მომატებული მგრძნობელობის გამო, ამ პერიოდში შესაძლოა უფრო ინტენსიურად გამოვლინდეს ადგილობრივი გვერდითი მოვლენები (სიწითლე და შეშუპება), რაც, რა თქმა უნდა, დროებითია და მალევე ალაგდება.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, დისკომფორტის შესამცირებლად, ლაზერული ეპილაციისთვის იდეალური პერიოდია მენსტრუაციის დასრულების შემდეგ მომდევნო 1-2 კვირა.

შეუძლია თუ არა ლაზერულ ეპილაციას დაარღვიოს მესტრუალური ციკლის ნორმალური მიმდინარეობა? ამის დამადასტურებელი სამედიცინო ფაქტები და მტკიცებულებები არ მოიპოვება. იგივე მიზეზით, რომ ლაზერის სხივი ვერ აღწევს ორგანოებამდე სიღრმეებში, მას არ შესწევს უნარი, ზემოქმედება მოახდინოს საკვერცხეების ფუნქციონირებაზე.

ლაზერული ეპილაცია ბავშვთა ასაკში

ლაზერული ეპილაციის გამოყენებას არ აქვს ასაკიბრივი შეზღუდვა უსაფრთხოების თვალსაზრისთ. ის პედიატრიულ პოპულაციაში არ ახდენს გავლენას სქესობრივ მომწიფებაზე და შესაძლებელია უსაფრთხოდ იქნას გამოყენებული მენსტრუალური ციკლის დაწყებამდე.

თუმცა, მნიშვნელოვანი ფაქტორია ამ პერიოდში ლაზერული ეპილაციის ეფექტის მიღწევის საკითხი. რადგან ჰორმონული მომწიფება ჯერ კიდევ არ არის დასრულებული და თმის ღერის სტრუქტურაც განსხვავებულია; ასევე ჰორმონული დისბალანსის გამო არ არის კარგად ჩამოყალიბებული თმის ზრდის ფაზები – ყოველივე ეს განაპირობებს იმას, რომ შესაძლებელია პროცედურას არ ჰქონდეს მოსალოდნელი ეფექტი.

მცირე ასაკში უფრო მაღალია ტკივილის შეგრძნების ზღურბლიც.

სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ლაზერული ეპილაციის დაწყება რეკომენდირებულია 12-14 წლის ასაკიდან.

ლაზერის გამოყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ

ლაზერის თვისებების გამოყენებას დიდი პერსპექტივები აქვს მედიცინაში. უკვე დანერგილია და ასევე ტესტირების პროცესშია მისი უფრო ფართოდ მოხმარება სხვადასხვა დაავადების, მათ შორის ენდოკრინული პათოლოგიების მართვისთვის.

ლაზერის გამოყენების სფეროებია:

  • სტომატოლოგია
  • ვარიკოზული ვენების მკურნალობა
  • პროსტატის, კანის და თვალების ქირურგია
  • თირკმლის კენჭების დაშლა
  • სხვადასხვა სიმსივნეების მკურნალობა – მათ შორისაა კანის სიმსივნეებიც.

ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)

ინფორმაცია