სადღესასწაულო პერიოდი ადამიანების უმრავლესობისთვის სასიამოვნო ემოციებთან, ოჯახურ შეკრებებთან და დასვენებასთან ასოცირდება.
თუმცა, ორგანიზმისთვის ეს დღეები ხშირად სტრესული დატვირთვის, რეჟიმის დარღვევისა და ჰორმონული დისბალანსის პერიოდია.
სწორედ ამიტომ, ახალი წლის შემდეგ ბევრს უჩნდება დაღლილობის და მოთენთილობის შეგრძნება, წონის მატება ან ტკბილის გაძლიერებული მოთხოვნილება.
რატომ ირღვევა ჰორმონული ბალანსი სადღესასწაულო დღეების შემდეგ?
როგორ ვლინდება ეს ცვლილებები?
რომელი ჰორმონები რეაგირებენ ყველაზე მძაფრად?
როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან ჯანმრთელად და უსაფრთხოდ?
ეს სტატიაში განხილული საკითხების ჩამონათვალია.
რატომ არის სადღესასწაულო პერიოდი სტრესული ორგანიზმისთვის
სადღესასწაულო დღეები ჩვენი ორგანიზმისთვის უმეტესწილად ასე გამოიყურება:
- მეტი სტრესი
- ნაკლები ძილი
- მეტი ტკბილეული და ალკოჰოლი
- ნაკლები სტაბილურობა და ორგანიზებულობა დღის რეჟიმში
ამიტომ ასეთი დღეების ჩავლის შემდეგ სასიამოვნო მოგონებებთან ერთად ხშირად ჰორმონული დისბალანსიც გვრჩება საჩუქრად, რაც ასე შეიძლება გამოიხატოს:
> დილით დაღლილი იღვიძებთ, მაგრამ გიჭირთ ღამით ჩაძინება
> გაქვთ ტკბილის მიღების გაძლიერებული მოთხოვნილება
> გაწუხებთ შეშუპება ან შებერილობა
> განწყობა და მოტივაცია ცვალებადია
> ჩვეული ფიზიკური აქტოვობების შესრულება გერთულებათ.
რა ენდოკრინოლოგიური ძვრები დგას ამ ცვლილებების უკან
1) კორტიზოლის მკვეთრი მატება/კლება – ჩვენი მთავარი სტრეს-ჰორმონი კორტიზოლი მკვეთრად მომატებულია სადღესასწაულო დღეებში, რადგან არა მხოლოდ უარყოფითი, არამედ ჭარბი დადებითი ემოციებიც სტრესია ორგანიზმისთვის. მის მატებას ხელს უწყობს ძილის ნაკლებობაც.
ხმაურიანი და დატვირთული დღეების ჩავლის შემდეგ კორტიზოლის დონე მკვეთრად ეცემა, რადგან ორგანიზმი ცდილობს გამოვიდეს სტრესული პერიოდიდან და აღიდგინოს ძალები. ამას თან სდევს სისუსტის შეგრძნება, დაქვეითებული გუნება-განწყობილება, ადვილად გაღიზიანებადობა.
კორტიზოლის ცვლილებები სხვა ჰორმონების მოქმედებაზეც აისახება.
2) სისხლში შაქრის რეგულირების დარღვევა – ბევრი ტკბილეული, კერძის დიდი პორციები, კვების არარეგულარული რეჟიმი, შემცირებული ფიზიკური აქტივობა – ეს ყველაფერი სისხლში შაქრის მაჩვენებლის მომატებაში შეიძლება აისახოს დიაბეტის, პრედიაბეტის ან ინსულინრეზისტენტობის სინდრომის მქონე პირებში.
ინსულინრეზისტენტობის გაუარესებას ხელს უწყობს წონაში მატებაც (თუნდაც 1-3 კგ-ით) და ძილის დაღვევა.
3) ეს ცვლილებები აისახება სასქესო ჰორმონების ბალანსზეც, განსაკუთრებით ქალებში და შესაძლოა გამოიხატოს მენსტრუალური ციკლის ცვლილებებით, პრემენსტრუალური სიმპტომების გამძაფრებით, ლიბიდოს დაქვეითებით, წყლის შეკავებით ორგანიზმში.
როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან
პირველ რიგში რა არ უნდა გავაკეთოთ – ეს არის მკაცრი შეზღუდვების დაწესება ორგანიზმისთვის დიეტების სახით, რადგან ორგანიზმს ვერ გამოვიყვანთ სტრესიდან სტრესის დამატებით.
ამის სანაცვლოდ:
- დაუბრუნდით რეგულარულ კვების რეჟმს
- შეამცირეთ შაქრის და მარტივი ნახშირწყლების მიღება, თუნდაც ეტაპობრივად
- გაზარდეთ რაციონში ჯანსაღი ცილის, უჯრედისის შემცველი ბოსტნეულის რაოდენობა
- გაზარდეთ წყლის მიღება
- განაახლეთ ფიზიკური აქტივობა – დაიწყეთ მსუბუქად
- თუ სიმპტომები გახანგრძლივდა – მიმართეთ ექიმს შესაბამისი კვლევების დასაგეგმად.
ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)





