პაციენტის გვერდი, შაქრიანი დიაბეტი

კეტონების კონტროლის მნიშვნელობა დიაბეტის დროს

კეტონების კონტროლი დიაბეტის დროს

კეტონების კვლევას მნიშვნელოვანი როლი აქვს შაქრიანი დიაბეტის, განსაკუთრებით, ტიპი 1-ის მართვის პროცესში, რადგან მათი რაოდენობის პათოლოგიური მატება იმდენად დამაზიანებელია ორგანიზმისთვის, რომ შესაძლოა სიცოცხლისთვის სახიფათოც აღმოჩნდეს.

რა არის კეტონები, როგორ წარმოიქმნება, რა სიმპტომები ახლავს მის მატებას, როგორ იზომება და რა უნდა გაკეთდეს, როცა ზენორმულად მომატებული მაჩვენებელი ფიქსირდება?

კეტონების როლი

ჩვენს საკვებში შემავალი ნახშირწყლები ენერგიის ძირითადი წყაროა ორგანიზმისთვის.

როგორ მუშაობს ეს მექანიზმი:

კუჭ-ნაწლავში მოხვედრილი ნახშირწყლოვანი საკვები გარდაიქმნება გლუკოზად და ამ ფორმით გადადის სისხლში.

სისხლიდან უჯრედებს მიაქვს გლუკოზა და იყენებს მას, როგორც ენერგიის წყაროს სხვადასხვა სასიცოცხლო ფუნქციების განსახორციელებლად.

ამ ეტაპზე მთავარ მოქმედ გმირად გვევლინება ინსულინი. ინსულინის გარეშე შეუძლებელია გლუკოზას ათვისება სისხლიდან უჯრედებში.

ამრიგად, ინსულინის ნაკლებობის ორი მთავარი შედეგია: გლუკოზას დაგროვება სისხლში, რაც ჰიპერგლიკემიას გვაძლევს და უჯრედების დარჩენა ენერგიის გარეშე.

ამ მოცემულობაში უჯრედებს უწევს ენერგიის დამატებითი წყაროს მოძიება. ეს წყარო კი არის ცხიმი.

ცხიმის დაშლის შედეგად სწორედ კეტონები თავისუფლდება. ეს პროცესი ღვიძლში მიმდინარეობს.

წარმოქმნილი კეტონები გამოიყენება თავის ტვინის და ორგანიზმის სხვა ქსოვილების მიერ ენერგიის ალტერნატიულ წყაროდ, მაშინ, როცა გლუკოზა არ არის საკმარისი.

ამრიგად, კეტონების წარმოქმნა ანუ კეტოზი ნორმალური ფიზიოლოგიური და უსაფრთხო მოვლენაა და ის მიმდინარეობს, მაგალითად, ძილის, შიმშილის პერიოდის გახანგრძლივების ან ძლიერი ინტენსივობის ვარჯიშის დროს.

მაგრამ ეს პროცესი შესაძლოა ტრანსფორმირდეს ორგანიზმისთვის სახიფათო მდგომარეობად ინსულინის მწვავე დეფიციტის პირობებში (ტიპი 1 დიაბეტის დროს ან ტიპი 2 დიაბეტის დროს, თუ მისი მართვა ინსულინით მიმდინარეობს).

როცა კეტონების რაოდენობა ნორმაზე მეტად იზრდება, ეს იწვევს მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევას სისხლში და შესაძლოა განვითარდეს კეტოაციდოზი, რაც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა და გადაუდებელ ჩარევას საჭიროებს.

დიაბეტური კეტოაციდოზი

დიაბეტური კეტოაციდოზის განვითარება იწყება ორგანიზმში ინსულინის მწვავე ნაკლებობით.

ვიცით, რომ ტიპი 1 დიაბეტის მქონე პირებში აღინიშნება ინსულინის აბსოლუტური დეფიციტი და ორგანიზმი სრულად არის დამოკიდებული ინექციების სახით მიღებულ ინსულინზე. შესაბამისად, ეს ჯგუფი ყველაზე მეტად მოწყვლადია კეტოაციდოზის განვითარების მიმართ.

პროცესების გამშვები შეიძლება გახდეს:

  • ინსულინის დოზის გამოტოვება
  • არასაკმარისი დოზით ინექცია ან
  • ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილება ინსულინზე, რასაც არ მოყვება დოზირების შესაბამისი ზრდა.

ასეთი მდგომარეობა ტიპი 1 დიაბეტის პირობებში შეიძლება დაფიქსირდეს:

ამ ყოფითი მდგომარეობების დროს მნიშვნელოვანია სისხლში შაქრის დონის ჩვეულებრივზე უფრო ხშირი მონიტორინგი და ინსულინის დოზირების ცვლილებები საჭიროების შემთხვევაში, რაც ასევე უზრუნველყოფს დიაბეტური კეტოაციდოზის პრევენციას.

კეტონების დონის შემოწმება უნდა მოხდეს, როცა სისხლში შაქრის მაჩვენებელი აჭარბებს 240 მგ/დლ-ს (13,3 მმოლ/ლ).

როგორ ამოვიცნოთ კეტონების რაოდენობის მატება

კეტონების მატების დამახასიათებელი სიმპტომები, რასაც უნდა მიექცეს ყურადღება, არის:

  • აცეტონის ან ხილის დამახასიათებელი სუნი ამონასუნთქ ჰაერში
  • სისხლში შაქრის ძალიან მაღალი შემცველობა (ჰიპერგლიკემია)
  • გახშირებული შარდვა
  • ძლიერი წყურვილის შეგრძნება
  • ძლიერი დაღლილობა
  • კუჭის მიდამოში ტკივილი
  • სუნთქვის გაღრმავება
  • დაბნეულობა
  • სიფერმკრთალე
  • სისუსტის შეგრძნება

ამ სიმპტომების შემჩნევას უნდა მოჰყვეს დაუყოვნებელი რეაგირება – პირველ რიგში, კეტონების რაოდენობის შემოწმება. მათი მომატების შემთხვევაში კი სამედიცინო დახმარების ძიება.

სახლის პირობებში კეტონების რაოდენობის შემოწმება შესაძლებელია რამდენიმე სხვადასხვა გზით:

შესაძლოა გამოყენებული იქნას შარდში კეტონების საზომი ტესტ-ჩხირები ან სისხლში კეტონების შემცველობის გასაზომი აპარატი.

როგორ მუშაობს შარდში კეტონების გაზომვის მეთოდი:

კონტეინერში შეგროვებულ შარდში ტესტ-ჩხირის მოთავსებით იცვლება ტესტ-ჩხირის შეფერილობა. ტესტს მოყვება სანიმუშო ცხრილი, თუ რომელი შეფერილობა კეტონების რა რაოდენობას შეესაბამება. გამოყენებული ტესტ-ჩხირის ფერი სწორედ ამ ნიმუშს უნდა შედარდეს და შესაბამისად განისაზღვროს მაჩვენებელი.

აღსანიშნავია, რომ შარდში კეტონების გაზომვა უჩვენებს არა კონკრეტულად იმ მომენტში ორგანიზმში კეტონების დონეს, არამედ იმას, თუ რამდენი იყო ის ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, რაც მისი სიზუსტის მხრივ ერთ-ერთ ნაკლოვანებას წარმოადგენს.

შარდში კეტონების საზომი ტესტ-ჩხირები ამაზონზე >> https://amzn.to/47nMy1J

სისხლში კეტონების გასაზომი აპარატი კი დაახლოებით გლუკომეტრის პრინციპით მოქმედებს: თითში ნემსით ჩხვლეტის შედეგად მიღებული სისხლის წვეთი გადაიტანება ტესტ-ჩხირზე და თავსდება საზომ აპარატში, რომლის მონიტორიც რამდენიმე წამში უჩვენებს კეტონების დონეს.

სისხლში კეტონების გასაზომი აპარატი ამაზონზე >> https://amzn.to/439QEs1

იგივე აპარატის ლანცეტი და ტესტ-ჩხირები >> https://amzn.to/3KSue8a

ხელმისაწვდომია აპარატებიც, რომლითაც შესაძლებელია ერთდროულად გაიზომოს გლიკემიაც და კეტონების რაოდენობაც.

გლიკემიის და კეტონების საზომი აპარატი ამაზონზე >> https://amzn.to/47DUzyN

იგივე აპარატის ტესტ-ჩხირები კეტონებისთვის >> https://amzn.to/47DUzyN

იგივე აპარატის ტესტ-ჩხირები გლიკემიისთვის >> https://amzn.to/3Wuo6FU

იგივე აპარატის ლანცეტები >> https://amzn.to/3JAEa65

სისხლში კეტონების გაზომვის მეთოდი უფრო ზუსტია, რადგან ის კეტონების მატებას აფიქსირებს ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე ის ამოჩნდება შარდში. გარდა ამისა, შარდში კეტონების რაოდენობა საკმაოდ ვარიაბელურია სხვადასხვა ფაქტორის ზეგავლენით, როგორიც შეიძლება იყოს, მაგალითად, დეჰიდრატაცია.

თუმცა შარდში კეტონების საზომი ტესტ-ჩხირები გაცილებით უფრო იაფი ვარიანტია.

შექმნილია ასევე აპარატი, რომელიც ამონასუნთქ ჰაერში ზომავს აცეტონის დონეს. აცეტონი წარმოიქმნება კეტონების სინთეზის პროცესში და მისი რაოდენობის მატება ასახავს კეტონების მატებასაც.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდი გაცილებით მარტივია და იძლევა შესაძლებლობას ხშირად იქნას გამოყენებული, ის ნაკლებად ზუსტია და ხშირად შესაძლოა დაფიქსირდეს არასწორი შედეგი სხვადასხვა გარე ფაქტორების გავლენით, როგორიცაა: ალკოჰოლი, საკვები, კბილის საწმენდი პასტები და სხვა. ამიტომ ამ აპარატის გამოყენება შესაძლოა სასარგებლო იყოს ზოგადი ტენდენციის შესაფასებლად.

სუნთქვის ტესტის აპარატი კეტონებისთვის ამაზონზე: https://amzn.to/4oMtXCj

შედეგების ინტერპრეტაცია და მოქმედების გეგმა

კეტონების რაოდენობის შეფასება ასეთია:

კეტონების დონე 0,6 მმოლ/ლ-ზე ნაკლები – მიიჩნევა ნორმად.

0,6-1,5 მმოლ/ლ შუალედური მაჩვენებელი აღნიშნავს საშუალო დონის მატებას – ამ დროს ექიმის რეკომენდაციით შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულინის ინექციის დამატება და დიდი რაოდენობით სითხის მიღება.

1,5 მმოლ/ლ-ზე მეტი მაჩვენებელი – მიუთითებს დიაბეტური კეტოაციდოზის მნიშვნელოვნად გაზრდილ რისკზე და ამ დროს საჭიროა სამედიცინო რჩევის მიღება ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება.

3 მმოლ/ლ-ზე მეტი მაჩვენებელი – ეს უკვე შესაძლოა დიაბეტური კეტოაციდოზის მდგომარეობა იყოს და სასწრაფო სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.

მოკლე შეჯამება

ამრიგად, კეტონები მნიშვნელოვან უხილავ როლს ასრულებენ ორგანიზმში ენერგიის (გლუკოზას) დეფიციტის პირობებში. მაგრამ მათი რაოდენობის მკვეთრი ზრდა პრობლემად იქცევა შაქრიანი დიაბეტის დროს, როცა დაავადების მართვა სრულად ინსულინოთერაპიით მიმდინარეობს.

თუმცა, ამ პრობლემისგან თავის დაცვა შესაძლებელია და ამისთვის საჭიროა:

  • პაციენტი იყოს ინფორმირებული რისკების და კრიტიკულ სიტუაციებთან გამკლავების შესახებ;
  • ინსულინის ინექციების და კვების რუტინა იყოს მოწესრიგებული და რეგულარული;
  • ხელმისაწვდომი იყოს გლიკემიის ხშირი თვითკონტროლი;
  • ხელმისაწვდომი იყოს საჭიროების შემთხვევაში კეტონების თვითკონტროლი სახლის პირობებშიც.

ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *