ნახშირწყლოვანი ცვლა, შაქრიანი დიაბეტი, წამლების გვერდი

მეტფორმინი – პასუხები კითხვებზე

მეტფორმინი

მეტფორმინი არის მედიკამენტი, რომელიც მოქმედებს გლუკოზის მეტაბოლიზმზე და ფართოდ გამოიყენება ტიპი 2 დიაბეტის მართვაში.

ის შეიძლება დაინიშნოს ასევე ინსულინრეზისტენტობის სინდრომის, პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომის, პრედიაბეტის, გესტაციური დიაბეტის შემთხვევაში და ხანდახან – სხეულის მასის კლების მენეჯმენტისთვისაც კი.

ბევრი სხვა თანამედროვე მედიკამენტისგან განსხვავებით, მეტფორმინი არ არის სპეციალურად შექმნილი ნაერთი იმისთვის, რომ მორგებოდა განსაზღვრულ მოლეკულურ მექანიზმებს და მისი სამიზნე ყოფილიყო კონკრეტული დაავადება.

ამის საპირისპიროდ, პრეპარატი მიღებულია ბუნებრივი რესურსებისგან. კერძოდ, მცენარისგან, რომლის სახელწოდებაა Galega officinalis. ამ მცენარის მიერ სისხლში შაქრის დამაქვეითებელი მოქმედება შემჩნეული იქნა ჯერ კიდევ 1918 წელს.

როგორ მოქმედებს მეტფორმინი?

სწორედ მეტფორმინის ბუნებრივი წარმომავლობიდან გამომდინარე, მიუხედავად კლინიკური გამოყენების 60 წლიანი ისტორიისა, მისი მოქმედების მექანიზმი დღემდე არ არის სრულყოფილად გაშიფრული.

რაც ზუსტად ვიცით, არის ის, რომ პრეპარატი ამცირებს ღვიძლის მიერ გლუკოზის წარმოქმნას და ამრიგად, ამ გზით სისხლში შაქრის ნაკლები რაოდენობა ხვდება.

მეტფორმინი ასევე აუმჯობესებს უჯრედების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ, რის შედეგადაც ჰორმონის მოქმედება ხდება უფრო ეფექტური და უჯრედები უკეთ ითვისებენ სისხლიდან გლუკოზას, რაც თავისთავად ხელს უწყობს სისხლში მისი კონცენტრაციის შემცირებას.

ბოლო წლებში აქტიური დაკვირვების ქვეშ არის მეტფორმინის ზემოქმედება ნაწლავურ მიკროფლორაზე, რადგან აქ მიმდინარე პროცესებიც სისხლში გლუკოზის დამაქვეითებელ ერთ-ერთ მექანიზმად მიიჩნევა.

რომელია მეტფორმინის სავაჭრო დასახელებები?

პრეპარატი საქართველოში გვხვდება სხვადასხვა სავაჭრო დასახელებით, როგორიცაა: ასფორმინი, გლიკოფრენი, გლიფორი, გლუკოსტოპი, გლუკოფაჟი, ინსუფორი, მატოფინი, მეთფოგამა, მეტფორიქსი, მეტფორმინი დენკი, სიოფორი.

მეტფორმინი შედის ასევე კომბინირებული პრეპარატების შემადგენლობაში გლიკემიის მართვისთვის განკუთვნილ სხვა ჯგუფის მედიკამენტებთან ერთად.

ასეთია, მაგალითად: ამარილი M, გალვუსმეტი, გლიკლამეტი, გლორმეტი, გლუკოვანსი, ვილმეტფორი, ვილტამეტი, იანუმეტი, ნორმოგლიპი M, სიმვია, სინოვიმეტი, სიტადიაბ მეტი, სიტანორი მეტი.

რა ხშირი გვერდითი მოვლენები ახლავს მეტფორმინის მიღებას?

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ შეიძლება გამოვლინდეს: კუჭის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი და მადის დაქვეითება.

ეს მოვლენები მეტად შესაძლებელია გამოიხატოს მედიკამენტის დაწყების პირველ დღეებში ან დოზის მკვეთრი გაზრდის შემთხვევაში.

ამ გვერდითი ეფექტების რისკების შესამცირებელი სტრატეგიებია:

  • პრეპარატის მიღების დაწყება მცირე დოზებით და დოზის თანდათან მატება;
  • პრეპარატის გახანგრძლივებული გამონთავისუფლების (XR) ფორმის გამოყენება;
  • მიღება კვების დროს ან უშუალოდ კვების შემდეგ.

სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენებია:

მეტალის გემო პირში.

B12 ვიტამინის დეფიციტი – რაც ვლინდება მეტფორმინის ხანგრძლივი მიღებისას, განსაკუთრებით, მაღალი დოზების შემთხვევაში.

რამდენ ხანში ვლინდება მეტფორმინის ეფექტი?

მეტფორმინის მიღების დაწყების შემდეგ თვითშეგრძნებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი, მითუმეტეს, თუ დარღვევებს სიმპტომური გამოვლინებები არ ახლავს და მხოლოდ ლაბორატორიულ კვლევებში აისახება.

თუმცა, ამის მიუხედავად, პრეპარატის დადებითი ზემოქმედება ორგანიზმზე იწყება პირველი დოზის მიღებისთანავე.

შესაძლებელია თუ არა ალკოჰოლის მიღება მეტფორმინთან ერთად?

ალკოჰოლის და მეტფორმინის კომბინაცია ზრდის სისხლში შაქრის ნორმაზე მეტად დაქვეითების – ჰიპოგლიკემიის რისკებს.

დასაშვებია თუ არა ალკოჰოლის მიღება და რა რაოდენობით – ეს საკითხი სჯობს დაზუსტდეს მკურნალ ექიმთან.

როგორ უნდა მოიქცეთ თუ გამოგრჩათ მეტფორმინის მიღება?

მიიღეთ გამოტოვებული დოზა როგორც კი გაგახსენდებათ, თუ უკვე მოახლოვებული არ არის მომდევნო დოზის მიღების დრო.

არ დალიოთ მეტფორმინის გაორმაგებული დოზა გამოტოვებული აბის სანაცვლოდ.

რამდენი ხნით შეიძლება გაგრძელდეს მეტფორმინის მიღება?

თუ პრეპარატი დანიშნულია ტიპი 2 დიაბეტის მართვისთვის, მისი მიღება შესაძლოა გაგრძელდეს მუდმივად, იქამდე, ვიდრე ის ეფექტური იქნება.

თუ მეტფორმინი სხვა მიზეზით არის დანიშნული (გესტაციური დიაბეტი, ინსულინრეზისტენტობის სინდრომი, პრედიაბეტი), მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად და ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს 3-დან X თვემდე.

იწვევს თუ არა მეტფორმინი წონაში მატებას?

მეტფორმინი არ იწვევს სხეულის მასის მატებას. ზოგ შემთხვევაში, პირიქით, წონაში კლების ხელშემწყობი მიზეზიც შეიძლება გახდეს, თუმცა ეს ეფექტი ყველასთან თანაბრად არ გამოვლინდება.

შეიძლება თუ არა მეტფორმინის მიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში?

მეტფორმინის მიღება ორსულობის და ლაქტაციის დროს დაშვებულია. გადაწყვეტილება პრეპარატის გამოყენების შესახებ აუცილებლად ექიმი სპეციალისტის მიერ უნდა იქნას მიღებული.

როდის შეიძლება გახდეს საჭირო სასწრაფო სამედიცინო რეაგირება?

მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, თუ მეტფორმინის მოხმარების ფონზე გამოვლინდა ისეთი საყურადღებო სიმპტომები, როგორიცაა: მწვავე მუცლის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ძლიერი სისუსტე, ძილიანობა.

დაშვებულია თუ არა მეტფორმინის მიღება ქირურგიული ჩარევის წინ?

თუ დაგეგმილია ქირურგიული ჩარევა, ამ შემთხვევაში ექიმისგან მიიღებთ რეკომენდაციას, რომ შეწყდეს პრეპარატის მიღება ქირურგიულ პროცედურამდე რამდენიმე დღით ადრე, რათა მისმა ეფექტებმა არ შეუწყოს ხელი გართულებების გამოვლინებას.

მეტფორმინის დროებით შეწყვეტა შესაძლოა მოგიწიოთ კომპიუტერული ტომოგრაფიის, ანგიოგრაფიის ან რადიოლოგიური კვლევის წინ, როცა კონტრასტული ნივთიერების გამოყენებაა საჭირო. კონკრეტული რეკომენდაციები ამ საკითხთან დაკავშირებით დამოკიდებულია თირკმლების ფუნქციურ მდგომარეობაზე, გამოსაყენებელი კონტრასტის რაოდენობაზე, პაციენტის ასაკზე.

დიაბეტის დღიური

საჭიროა თუ არა მეტფორმინის მიღების დროს კვებაში შეზღუდვები?

უნდა შეიზღუდოს ალკოჰოლის გადაჭარბებული რაოდენობით მოხმარება.

საკვები პროდუქტების შეზღუდვა უშუალოდ მეტფორმინთან მიმართებაში არ გვაქვს. საჭიროა ბალანსირებული, ჯანსაღი რაციონი და ფიზიკური აქტივობა პრეპარატის ეფექტურობის მატებისთვის და იმ დაავადების შესაბამისი კვება, რისი მართვისთვისაც არის დანიშნული.

აზიანებს თუ არა მეტფორმინი თირკმელს და სხვა ორგანოებს?

ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მითია მეტფორმინთან მიმართებაში და ის სიმართლეს არ შეესაბამება.

შაქრიანი დიაბეტი პროგრესირებადი დაავადებაა და როცა ჰიპერგლიკემიის მენეჯმენტი არასრულყოფილია, იზრდება მისი ერთ-ერთი შორეული გართულების – თირკმლის დაზიანების რისკები. მისი გამოვლენა კი, რა თქმა უნდა, არის არა მეტფორმინის ეფექტი, არამედ არასრულად გაკონტროლებული მაღალი შაქრების შედეგი.

მეტფორმინი სხვა მრავალი პრეპარატის მსგავსად გამოიყოფა თირკმლების საშუალებით და როცა თირკმელი ვერ მუშაობს გამართულად, ეს შეიძლება ამ პრეპარატის დანიშვნის უკუჩვენება იყოს.

თავად მეტფორმინი თირკმლის დაზიანებას არათუ არ იწვევს, არამედ პირიქით, ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ შაქრიანი დიაბეტის დროს მეტფორმინის გამოყენება იცავს ორგანოს და დიაბეტური ნეფროპათიის ჩამოყალიბების შემთხვევაში გადაავადებს თირკმლის ტერმინალური უკმარისობის განვითარებას.

მეტფორმინი ასევე დადებითად ზემოქმედებს ღვიძლზე, განსაკუთრებით, ღვიძლის გაცხიმოვნების დიაგნოზის დროს, რაც ხშირად ახლავს ხოლმე ტიპი 2 შაქრიან დიაბეტს.

აღინიშნება პრეპარატის დამცავი მოქმედება გულზე.

მეტფორმინს ასევე შესაძლოა ჰქონდეს სიმსივნეებისგან დამცავი ეფექტიც. ამ მიმართულებით მეტი მონაცემების მისაღებად მიმდინარეობს კვლევები.

რას ნიშნავს გახანგრძლივებული მოქმედების (XR) მეტფორმინი და რა განასხვავებს მას სტანდარტული მეტფორმინისგან?

მეტფორმინის გახანგრძლივებული გამონთავისუფლების XR ფორმა სტანდარტული მეტფორმინის ტაბლეტისგან განსხვავებით უფრო ნელა შეიწოვება სისხლში, უფრო ხანგრძლივად ცირკულირებს, მისი მოქმედებაც ხანგრძლივია და ეს თვისებები შესაძლებლობას იძლევა დღიური დოზა უმეტესად დაინიშნოს ერთ მიღებაზე, ძირითადად, ვახშმის შემდეგ.

სტანდარტული მეტფორმინი კი სწრაფად შეიწოვება სისხლში, მისი მოქმედება შედარებით ხანმოკლეა და მაღალი დოზები ნაწილდება დღის განმავლობაში 2-3 მიღებაზე.

სავაჭრო დასახელების მაგალითებია: გლუკოფაჟი XR, სიოფორი XR და ა.შ.

როგორია მეტფორმინის მაქსიმალური დღიური დოზა?

სტანდარტული მეტფორმინის მაქსიმალური დღიური დოზა არის 3000 მგ. ხოლო მისი გახანგრძლივებული – XR ფორმის მაქსიმუმს შეადგენს 2000 მგ/დღეში.

დოზირების ზღვარი დამოკიდებულია თირკმლის ფუნქციურ მდგომარეობაზე, პაციენტის ასაკზე და სხვა ფაქტორებზე.

ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)