ფარისებრი ჯირკვალი

ექოსკოპიური ტერმინების განმარტება ფარისებრი ჯირკვლის კვლევაში

ექოსკოპიური

ულტრასონოგრაფია – იგივე ექოსკოპიური კვლევა არის მარტივი, უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცედურა, რომელიც გვეხმარება ორგანოების ვიზუალიზაციაში და მათი სტრუქტურული აგებულების შეფასებაში.

ამ მეთოდს თანამედროვე მედიცინაში ბევრი დაავადების დიაგნოსტიკა ეფუძნება.

მათ შორის არის ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა ტიპის დარღვევებიც.

რა ინფორმაციას ვიღებთ ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევით

ფარისებრი ჯირკვლის კვლევისას, უშუალოდ ორგანოს გარდა, ხდება ირგვლივმდებარე კისრის სტრუქტურების დათვალიერებაც.

ფასდება ჯირკვლის ზომები, სტრუქტურული ერთგვაროვნება, სისხლით მომარაგება, კეროვანი ცვლილებების – ჩანართების ან კვანძების არსებობა, მათი მახასიათებლები, ასევე ცვლილებები ახლომდებარე ლიმფურ კვანძებში.

პირველადი შეფასების გარდა, ექოსკოპიური კვლევა გვეხმარება უკვე დიაგნოსტირებული პათოლოგიის მონიტორინგის პროცესებშიც.

ჯირკვლის ზოგად შეფასებასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვნაძების არსებობის შემთხვევაში მათი ულტრასონოგრაფიული მახასიათებლების აღწერა.

სწორედ ექოსკოპიური შეფასების საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება, თუ როგორი უნდა იყოს კვანძოვანი ჩიყვის შემთხვევაში მართვის და მონიტორინგის შემდგომი გეგმა.

რას ნიშნავს სამედიცინო ტერმინები, რომლებიც შეიძლება ულტრასონოგრაფიულ დასკვნაში შეგვხვდეს

ექიმთან ვიზიტამდე და საბოლოო დასკვნის მიღებამდე ექოსკოპიის პასუხში ამოკითხული გაუგებარი ტერმინები ხშირად ხდება გაურკვევლობის და შფოთვის მიზეზი პაციენტებში, განსაკუთრებით, თუ საქმე ეხება კვანძოვანი წარმონაქმნის აღწერილობას.

ამიტომ, სტატიაში განვიხილავთ ძირითად სამედიცინო ტერმინებს, მათ მნიშვნელობას, შესაძლო ინტერპრეტაციებს, რაც დაგეხმარებათ, ექიმთან მისვლამდე მიახლოებითი წარმოდგენა შეგექმნათ, თუ რა ხდება ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურაში.

ფარისებრი ჯირკვლის ზოგადი აღწერილობა

აქ გვხვდება ტერმინები, როგორიცაა: მარცხენა წილი, მარჯვენა წილი და ხიდაკი – იგივე ისთმუსი – რაც აღწერს ფარისებრი ჯირკვლის ანატომიურ აგებულებას.

ის პეპლის მსგავსი ორგანოა და სწორედ ამ სამი ნაწილისგან შედგება.

ისთმუსი ანუ ხიდაკი აერთებს მარცხენა და მარჯვენა წილებს ერთმანეთთან. მათი მოცულობა და დახასიათება, როგორც წესი, დასკვნაში ერთმანეთისგან განცალკევებულად იწერება.

პარენქიმა – ფარისებრი ჯირკვლის შემადგენელი ქსოვილი მოიხსენიება როგორც პარენქიმა.

ჯირკვლის მოცულობა – საერთო მოცულობა ნორმაში ქალებში უნდა იყოს 18 სმ3-ზე ნაკლები, ხოლო მამაკაცებში – 25 სმ3-ზე ნაკლები. ქვედა ნორმა ამჟამად განსაზღვრული არ არის და თუ ჯირკვალი ფუნქციურად გამართულად მუშაობს და პასუხობს ორგანიზმის მოთხოვნას ჰორმონებზე, მცირე მოცულობის მოუხედავადაც ის ნორმალურად ითვლება.

ცვლილებები ჯირკვალში შეიძლება იყოს დიფუზური ან კეროვანი.

დიფუზური – ნიშნავს, რომ პროცესი მოიცავს მთელს ჯირკვალს თანაბრად – მაგალითად, დიფუზური ჩიყვი – აღწერს ჯირკვლის თანაბარ გადიდებას მოცულობაში.

კეროვანი ცვლილება კი შესაძლოა გამოვლინდეს ჯირკვლის ნორმალურ ან შეცვლილ პარენქიმაში ადგილობრივად ჩანართის, უბნის ან კვანძის სახით. ამ ბოლოსგან განსხვავებით, უბანს და ჩანართს არ აქვს მკვეთრი საზღვრები – კონტური.

კეროვან ცვლილებებში შესაძლოა შეგვხვდეს ფიბროზული უბნები ან ფიბროზული ჭიმები, რაც ჯირკვლის ქსოვილის დაზიანებაზე მიანიშნებს.

ექოგენობა და ექოსტრუქტურა

ექოგენობა არის ქსოვილების უნარი, აისხლიტოს და დააბრუნოს უკან ულტრაბგერითი ტალღა, რაც კვლევის პროცესში აპარატის გადამცემის საშუალებით აისახება ექოსკოპის მონიტორზე.

ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილის ექოგენობა განსხვავებულია და ექოსკოპიურ სურათზე ვიზუალიზდება გარშემომყოფ სტრუქტურებთან შედარებით უფრო მუქი ან უფრო ნათელი შეფერილობით, რაც ერთიანობაში ქმნის ორგანოს ექოსტრუქტურას.

ჰიპერექოგენური – ანუ მომატებული ექოგენობის სტრუქტურა ირგვლივმდებარე უბნებთან შედარებით უფრო ნათელი/ღია შეფერილობისაა. კვანძის შემთხვევაში ასეთი აღწერილობა ნიშნავს, რომ ავთვისებიანობის რისკი მინიმალურია.

ჰიპოექოგენური – ანუ დაბალი ექოგენობის სტრუქტურა უფრო მუქად გამოიყურება. თუ ფარისებრი ჯირკვლის კვანძი დახასიათებულია, როგორც ჰიპოექოგენური, ამ შემთხვევაში შედარებით მაღალია ავთვისებიანობის რისკი.

ანექოგენური – ანუ ექოგენობისგან თავისუფალი სტრუქტურა სრულად შავი შეფერილობით ვიზუალიზდება. ასეთია უმეტესად ფარისებრი ჯირკვლის სითხოვანი – ცისტური შენების კვანძების დახასიათება, რომლებიც თითქმის ყოველთვის კეთილთვისებიანია.

იზოექოგენური – როცა სტრუქტურა არ გამოირჩევა ექოგენობით ირგვლიმდებარე უბნებისგან.

რაც შეეხება ორგანოს მთლიან ექოსტრუქტურას, ის შეიძლება იყოს ჰომოგენური ან ჰეტეროგენური.

ნორმალური ფარისებრი ჯირკვლის ექოსტრუქტურა უნდა იყოს ჰომოგენური – ანუ თანაბრად ერთნაირი და ნათელი.

ხოლო როცა ჯირკვალში აღინიშნება სტრუქტურული ცვლილებები ჩანართების, უბნების, კვანძების სახით – ეს ქმნის არათანაბარ, განსხვავებული ექოგენობების მონაცვლეობას სურათზე და ვამბობთ, რომ ექოსტრუქტურა არის ჰეტეროგენური.

ცისტური, კოლოიდური, სოლიდური

ეს ტერმინები შეგხვდებათ კვანძის აღწერის დროს.

ფარისებრი ჯირკვლის კვანძები შეიძლება იყოს დახასიათებული, როგორც: კოლოიდური ცისტა, ცისტური კვანძი, სოლიდური კვანძი, შერეული შენების ან სოლიდურ-ცისტური კვანძი.

კოლოიდი და ცისტა – ნიშნავს, რომ კვანძი შევსებულია სითხით. სრულად სითხოვანი კვანძი ფარისებრ ჯირკვალში თითქმის ყოველთვის კეთილთვისებიანია და არ საჭიროებს ბიოფსიას დიაგნოსტიკური მიზნით. მაგრამ, თუ ის მოცულობაში ძალიან იზრდება და აწვება ირგვლივმდებარე კისრის ორგანოებს, შესაძლოა საჭირო გახდეს მისი შიგთავსის დრენირება/ სითხის ამოღება.

სოლიდური – ასეთი აღწერილობა ნიშნავს, რომ კვანძი სრულად ქსოვილოვანი აგებულებისაა. ბიოფსიური კვლევის საჭიროებას განსაზღვრავს მისი დამატებითი მახასიათებლები.

შერეული შენების ან სოლიდურ-ცისტური – ფარისებრ ჯირკვალში არსებული ასეთი კვანძი მოიცავს ორივე კომპონენტს – როგორც სითხურს, ასევე სოლიდურს. შესაძლოა გარკვეულ შემთხვევებში საჭირო იყოს ქსოვილოვანი ნაწილის დამატებითი შეფასება ბიოფსიით.

ფიჭისებრი ან ღრუბლისებრი შენების – როცა კვანძის მოცულობის ნახევარზე მეტი დაკავებულია მრავლობითი მცირე ზომის (5 მმ-ზე ნაკლები) სითხოვანი ჩანართებით (მიკროცისტები) რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია თხელი ძგიდეებით. ასეთი კვანძების უმეტესობა კეთილთვისებიანი ხასიათისაა.

კალციფიკაცია – კვანძის მცირე ზომის (მიკრო) კალციფიკატები ზრდის ეჭვს მისი ავთვისებიანობის შესახებ, თუმცა ის შესაძლოა უბრალოდ კვანძის ხანდაზმულობის მაჩვენებელი იყოს, განსაკუთრებით დიდი ზომების შემთხვევაში.

ვასკულარიზაცია, დოპლერი

ტერმინი ვასკულარიზაცია სისხლით მომარაგებას ნიშნავს.

ულრტასონოგრაფია დოპლერის ეფექტით კი აღწერს მთლიანად ჯირკვალში და კონკრეტულად კვანძში (მისი არსებობის შემთხვევაში) სისხლის მიმოქცევის ხასიათს.

ეს კვლევა ეხმარება ექიმს სხვა მონაცემებთან კომბინაციაში ეჭვი მიიტანოს ჰიპერთირეოზის გამომწვევ სხვადასხვა მიზეზებზე და შეაფასოს კვანძის ავთვისებიანობის რისკები.

კვანძის ინტენსიური ვასკულარიზაცია შესაძლოა ავთვისებიანობის მანიშნებელი იყოს, თუმცა იგივე მახასიათებლით კეთილთვისებინი კვანძებიც ხშირად გვხვდება.

ლიმფური კვანძების შეფასება

ლიმფური კვანძების დახასიათებისას ყურადღება ენიჭება: ზომას და სტრუქტურას – შენარჩუნებული აქვს თუ არა მისი ნორმალური აგებულება – ჰილუსი.

რეაქტიული ლიმფური კვანძი – აღწერს ლიმფურ კვანძს, რომელიც გადიდებულია ორგანიზმში მიმდინარე სხვა პროცესის საპასუხოდ, ეს შეიძლება იყოს ინფექცია ან ჭრილობა.

საეჭვო ნიშნები, რომლებიც ყურადღებას საჭიროებს, არის:

  • დიდი ზომა – 10 მმ-ზე მეტი
  • მიკროკალციფიკატების არსებობა
  • გაძლიერებული ვასკულარიზაცია
  • შეცვლილი ჰილუსი.

კვანძების კლასიფიკაციის სისტემაEU-TIRADS

მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ ზემოთ აღწერილი მახასიათებლებიდან დამოუკიდებლად არცერთი ადასტურებს ავთვისებიანობის არსებობას.

ამ ნიშნების მხოლოდ ერთობლიობით არის შესაძლებელი, ეჭვი მივიტანოთ კვანძის ავთვისებიანობაზე და აქედან გამომდინარე, მივაკუთვნოთ ის ჩამოთვლილი კატეგორიებიდან ერთ-ერთს:

  • ძალიან დაბალი რისკის, დაბალი, საშუალო ან მაღალი რისკის კვანძებს.

ამის შესაბამისად, იგეგმება დიაგნოსტიკის შემდგომი ეტაპი – ბიოფსია.

წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია არის ის მაღალსპეციფიკური პროცედურა, რომელიც გვეხმარება დავადგინოთ კვანძის კეთილთვისებიანი თუ ავთვისებიანი ხასიათი.

სწორედ კვანძების მახასიათებლების შეჯამებას ახდენს კლასიფიკაციის სტანდარტიზებული სისტემა EU-TIRADS, რომელიც კვანძის ავთვისებიანობის რისკებს აფასებს ქულებით 1-დან 5-მდე.

ეს აღნიშვნა შეგხვდებათ ექოსკოპიის დასკვნაში, მისი ინტერპრეტაცია კი ასეთია:

EU-TIRADS 1: კვანძოვანი წარმონაქმნი არ ფიქსირდება.

EU-TIRADS 2: კვანძი კეთილთვისებიანია, ავთვისებიანობის რისკი 0%-ია, დიაგნოსტიკური თვალსაზრისით ბიოფსიას არ საჭიროებს.

EU-TIRADS 3: კვანძი დაბალი რისკისაა (ავთვისებიანობის რისკი 2-4%-ია) – გულისხმობს ოვალური ფორმის, რეგულარული კონტურებით, იზო ან ჰიპერექოგენურ კვანძებს საეჭვო ნიშნების გარეშე. ბიოფსიას საჭიროებს, თუ მისი ზომა 20 მმ-ზე მეტია.

EU-TIRADS 4: კვანძი საშუალო რისკისაა (ავთვისებიანობის რისკი 6-17%-ია) – გულისხმობს ოვალური ფორმის, რეგულარული კონტურების, ჰიპოექოგენურ კვანძს საეჭვო ნიშნების გარეშე. ბიოფსიას საჭიროებს, თუ მისი ზომა 15 მმ-ზე მეტია.

EU-TIRADS 5: კვანძი მაღალი რისკისაა (ავთვისებიანობის რისკი 26-87%-ია) – გულისხმობს ისეთი საეჭვო ნიშნების მქონე კვანძს, როგორიცაა: არაოვალური ფორმა, არარეგულარული კონტური, მიკროკალციფიკატების არსებობა, მკვეთრად დაქვეითებული ექოგენობა. ბიოფსიას საჭიროებს, თუ მისი ზომა 10 მმ-ზე მეტია, თუმცა უფრო მცირე ზომის შემთხვევაშიც შესაძლებელია გადაწყდეს ბიოფსიის ჩატარების აუცილებლობა ან დაიგეგმოს გახშირებული მონიტორინგი.

ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)