ზოგადი, შაქრიანი დიაბეტი

გლუკომეტრი და მისი გამოყენების წესები

გლუკომეტრი

გლუკომეტრი არის მცირე ზომის მოწყობილობა, რომელიც ზომავს სისხლში შაქრის შემცველობას.

ის განკუთვნილია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ კლინიკის გარეთ გლიკემიის მუდმივი მონიტორინგის შესაძლებლობა.

სახლის პირობებში სისხლში გლუკოზას დონის თვითკონტროლი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია დიაბეტის ეფექტური მართვისთვის.

პაციენტების უმრავლესობა ამ მიზნით სწორედ გლუკომეტრის აპარატს მოიხმარს.

რატომ არის საჭირო სისხლში შაქრის შემცველობის მონიტორინგი

მიუხედავად იმისა, თუ როგორია კვება და ფიზიკური აქტივობის რეჟიმი, ჯანმრთელ ადამიანებში მარეგულირებელი მექანიზმების გამართული მუშაობის შედეგად გლუკოზას შემცველობა სტაბილურად ნორმის ფარგლებშია შენარჩუნებული.

მაგრამ დიაბეტის პირობებში ეს მექანიზმი მწყობრიდან გამოდის და შაქრის დარეგულირება ორგანიზმში საკუთარი ძალებით ვეღარ ხერხდება.

სისხლში შაქრის შემცველობის ხშირი გეგმიური კონტროლი ერთადერთი გზაა იმის დასადგენად, თუ როგორ მოქმედებს კვება, ფიზიკური აქტივობა, მედიკამენტები გლიკემიის მაჩვენებლებზე. ასევე, რა შეიძლება იწვევდეს სისხლში შაქრის დონის ზედმეტად მომატებას ან ზედმეტად შემცირებას.

ამის ცოდნა კი იძლევა შესაძლებლობას, გაანალიზდეს სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედება და დაიგეგმოს მომდევნო ნაბიჯები დაავადების ეფექტური კონტროლისთვის.

გლუკომეტრის გამოყენება

გლუკომეტრის აპარატს თან ახლავს სხვა საჭირო მოწყობილობებიც:

საჩხვლეტი კალამი – რითიც ხდება თითიდან სისხლის ნიმუშის აღება.

მასთან ერთად საჭიროა ერთჯერადი ლანცეტები (ნემსები ჩხვლეტისთვის).

ასევე ტესტჩხირები – ეს არის სპეციალური ერთჯერადი ფირფიტა, რომელზეც ხდება სისხლის ნიმუშის მოთავსება. ის ემაგრება გლუკომეტრის აპარატს.

გლუკომეტრის ყველა აპარატს თავისი შესაბამისი ტესტჩხირი ესაჭიროება.

სისხლში შაქრის შემცველობის გაზომვა კი შემდეგ საფეხურებს მოიცავს:

  1. პირველ რიგში საჭიროა ხელების დაბანა თბილი წყლით და კარგად გამშრალება.
  2. ტესტჩხირი უნდა მოთავსდეს გლუკომეტრის აპარატში.
  3. გამოუყენებელი ლანცეტი ემაგრება საჩხვლეტ კალამს.
  4. საჩხვლეტ კალამზე უნდა შეირჩეს ჩხვლეტის სიღრმე (საწყის ეტაპზე შეიძლება 2 ან 3 ნიშნულზე დაყენება. თუ ვერ იქნება მიღებული საკმარისი რაოდენობით სისხლი, მომდევნო ჯერზე საჭიროა გაიზარდოს სიღრმე, ან თუ ჩხვლეტა ძალიან მტკივნეული გამოდგა – პირიქით, შემცირდეს).
  5. სისხლის წვეთი უნდა შეეხოს ტესტჩხირს და გადავიდეს მასზე სპეციალური ნიშნულის ადგილას.
  6. რამდენიმე წამში აპარატზე დაეწერება გაზომვის შედეგად მიღებული მაჩვენებელი.

აპარატზე ორი განსხვავებული საერთაშორისო ერთეულიდან ერთ-ერთი შეიძლება იყოს დაყენებული. ესენია: მმოლ/ლ და მგ/დლ.

მათი კონვერტაციისთვის გამოიყენება შემდეგი წესი:

მგ/დლ-ში გადასაყვანად მმოლ/ლ-ში მიღებული მაჩვენებელი მრავლდება 18-ზე.

მმოლ/ლ-ში გადასაყვანად მგ/დლ-ის მაჩვენებელი იყოფა 18-ზე.

მაჩვენებლების ინტერპრეტაცია

არის თუ არა გლუკომეტრით მიღებული მაჩვენებლები იგივე სიზუსტის, რაც კლინიკაში ლაბორატორიული ტესტირებით მიიღება? რა განსხვავებაა ამ ორ მეთოდს შორის?

გლუკომეტრით გლიკემიის გასაზომვად გამოიყენება კაპილარული სისხლი მისი სრული შემადგენლობით, ყოველგვარი ფილტრაციის გარეშე. ხოლო ლაბორატორიული ტესტირება ტარდება ვენური სისხლით. ამასთანავე, მას სცილდება სისხლის წითელი უჯრედები და გამოსაკვლევ მასალად რჩება სისხლის შრატი/პლაზმა.

რომელი მათგანია უფრო ზუსტი? ცხადია, ლაბორატორიული ტესტირება უფრო მეტი სიზუსტისაა, თუმცა ეს ოდნავადაც არ ამცირებს გლუკომეტრის მნიშვნელობას: ის არაჩვეულებრივად ართმევს თავს იმ ამოცანას რისთვისაც არის შექმნილი: დაეხმაროს დიაბეტის დიაგნოზის მქონე ადამიანს მიიღოს ყოველდღიური გადაწყვეტილებები კვების, ფიზიკური აქტივობის, მედიკამენტების გამოყენების მხრივ.

განსხვავება ამ ორი მეთოდით მიღებულ მაჩვენებლებს შორის შეიძლება იყოს 15-20% და ამ შემთხვევაში მაინც მიიჩნევა, რომ გლუკომეტრით მიღებული შედეგი ზუსტია.

ასეთი არის ISO -ს (სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) გლუკომეტრების ხარისხისა და სიზუსტის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი.

ასე მაგალითად, თუ ლაბორატორიულად მიღებული მაჩვენებელია 100 მგ/დლ, დასაშვებია გლუკომეტრის ჩვენება ამ დროს იყოს 85 მგ/დლ ან 115 მგ/დლ და ეს არ ჩაითვლება გლუკომეტრის შეცდომად.

გლუკომეტრის გამოყენების სიხშირე დიაბეტის დიაგნოზის პირობებში

გლიკემიის თვითკონტროლის სიხშირეზე რეკომენდაციას გასცემს ექიმი ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად.

გასათვალისწინებელია დიაბეტის ტიპი, რა მედიკამენტებით მიმდინარეობს დაავადების მართვა და სხვა დამატებითი ფაქტორები.

გლიკემიის კონტროლი სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება საჭირო იყოს: დღეგამოშვებით, დღეში ერთხელ ან დღის განმავლობაში რამდენჯერმე.

ჩვეულებრივ, შაქრის გაზომვის ,,სტანდარტული” დროებია: ჭამის წინ და ჭამიდან 2 საათის შემდეგ. ზოგჯერ საჭირო ხდება ძილის წინ გაზომვაც.

დამატებით, სხვა სიტუაციები, როცა შეიძლება საჭირო იყოს გლიკემიის კონტროლი, განსაკუთრებით ინსულინოთერაპიაზე მყოფი პირებისთვის, არის:

  • ფიზიკური დატვირთვის წინ და/ან პროცესში
  • ყველა ისეთ სიტუაციაში, როცა ეჭვია ჰიპოგლიკემიაზე
  • ჰიპოგლიკემიის მკურნალობის შემდეგ, ვიდრე ნორმულ მაჩვენებელს არ დაუბრუნდება შაქარი
  • ისეთი მოქმედებების შესრულებამდე და/ან შესრულების დროს, როგორიცაა, მაგალითად მანქანის ტარება.

დიაბეტის მართვის პროცესში რეკომენდირებულია დღიურის წარმოება, სადაც ჩანაწერის სახით დაფიქსირდება მაჩვენებლები ყოველ გაზომვაზე, შემდეგ ამ მონაცემების ექიმთან ერთად განხილვით, რათა ერთობლივად გადაწყდეს, არის თუ არა ცვლილებები საჭირო დაავადების მენეჯმენტში.

გლუკომეტრის მაჩვენებლების საზღვრები

გლიკემიის საზღვერები, რომლის დაფიქსირებაც გლუკომეტრების უმეტესობას შეუძლია, არის 20-დან 600 მგ/დლ-მდე.

როცა სისხლში შაქრის მაჩვენებელი ნაკლებია 20 მგ/დლ-ზე, გლუკომეტრზე ფიქსირდება სიმბოლო LO (ინგლისური სიტყვიდან low – დაბალი). ხოლო როცა მაჩვენებელი მაღალია 600 მგ/დლ-ზე, გლუკომეტრზე ჩნდება სიმბოლო HI. (ინგლისური სიტყვიდან high – მაღალი).

ორივე მათგანი მიანიშნებს, რომ სიტუაცია კრიტიკულია და მოითხოვს დაუყოვნებლივ ჩარევას.

რეკომენდაციები გლუკომეტრის ეფექტურად გამოყენებისთვის

გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ შეიძლება ტკივილის და დისკომფორტის მაქსიმალური შემცირება გლუკომეტრის გამოყენების პირობებში და ასევე მაჩვენებლის მაქსიმალური სიზუსტის უზრუნველყოფა.

უშუალოდ გაზომვის წინ დაიბანეთ ხელები საპნით და თბილი წყლით.

თბილი წყალი ხელს შეუწყობს თითებისკენ სისხლის მიდინებას, ამავე მიზნით შეგიძლიათ ,,აამუშავოთ’’ და მსუბუქად გაავარჯიშოთ ხელი და თითები გაზომვის წინ.

ხელის დაბანით ამავე დროს თავიდან აიცილებთ ცრუ მაღალი შედეგის მიღებას, რაც შეიძლება გამოიწვიოს თითზე შერჩენილმა საკვების ნაწილაკებმა.

თუ მოცემულ მომენტში ხელის დაბანა არ არის შესაძლებელი, უმჯობესია პირველი წვეთი გაიწმინდოს და მეორე წვეთის გამოყენება მოხდეს, სხვა შემთხვევაში კი გაზომვა შესაძლებელია პირველი წვეთიდანაც.

ბევრ ინსტრუქციაში შედის თითის სპირტით გაწმენდა, თუმცა, რადგან ის აშრობს და აუხეშებს კანს და ამან შესაძლოა უფრო მტკივნეული გახადოს ჩხვლეტის პროცესი, ამიტომ ეს საფეხური შეიძლება ამოღებული იქნას.

როგორც წყლის, ასევე სპირტის გამოყენების შემთხვევაში გაზომვის მომენტში თითი უნდა იყოს სრულიად შემშრალი.

ტკივილის შესამცირებლად საჩხვლეტი კალამი მაქსიმალურად მჭიდროდ უნდა მიედოს კანს.

კალმის ღილაკს მაქსიმალურად სწრაფად, ყოყმანის და შენელების გარეშე უნდა დაეჭიროს ხელი, რადგან, რაც უფრო ნელა შედის ნემსი კანში, მით უფრო მტკივნეულია პროცესი.

სიღრმე უნდა შეირჩეს სწორად. თუ ჩხვლეტა მუდმივად მტკივნეულია, შესაძლოა კალამზე დაყენებული მაჩვენებელი შესამცირებელი იყოს. უნდა შეირჩეს პუნქციის (ანუ ჩხვლეტის) ისეთი სიღრმე, რომელიც შეძლებს კანის მთლიანობის დარღვევას, ისე, რომ გამოვიდეს სისხლის წვეთი საჭირო რაოდენობით, მაგრამ ამავე დროს იყოს მინიმალურად ღრმა.

მნიშვნელოვანია ყოველ ჯერზე ახალი ლანცეტის გამოყენება. რადგან ეს ნემსი ძალიან წვრილია, ერთი ჩხვლეტითაც ადვილად ბლაგვდება და მისი ხელმეორედ გამოყენება ბევრად მტკივნეული იქნება.

ჩხვლეტისთვის გამოიყენეთ თითის წვერის გვერდითი ნაწილები, რადგან აქ უფრო ნაკლებადაა წარმოდგენილი ნერვული ქსელი, ხოლო თითის ბალიშები უფრო უხვადაა მომარაგებული ნერვული დაბოლოებებით, რაც ამ მიდამოზე პუნქციას უფრო მტკივნეულს ხდის.

მუდმივად ცვალეთ თითები და ადგილები თითზე. შესაძლოა ერთ თითზე გაზომვა უფრო მოსახერხებელი იყოს, მაგრამ ეს არ არის რეკომენდირებული. ყოველ ჯერზე სხვადასხვა თითის გამოყენება კი შესაძლებლობას მისცემს კანს აღიდგინოს მთლიანობა, თავიდან იქნას აცილებული ადგილობრივი გართულებები და გლუკოზის გაზომვის პროცესი იყოს უფრო უმტკივნეულო.

აუცილებელია ტესტჩხირების შენხვის წესებისა და ვადების გაცნობა და დაცვა, რადგან ვადაგასული და დაზიანებული ტესტჩხირის გამოყენება, როგორც წესი, არასწორ მაჩვენებლებს იძლევა.

გააგრძელე კითხვა: სისხლში შაქრის შემცველობის ნორმები და სადიაგნოსტიკო ტესტები

ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)