ენდოკრინული სისტემა თვალსაჩინო ზეგავლენას ახდენს ორგანიზმის ფუნქციონირებაზე მრავალ ასპექტში. ეს მოიცავს ნივთიერებათა ცვლას, ზრდას, სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას და ასევე მენტალურ მდგომარეობას, რადგან ჩვენი ემოციები და გუნება-განწყობილებაც ჰორმონების მკაცრი კონტროლის ქვეშ არის მოქცეული.
მენტალური ჯანმრთელობა გულისხმობს ემოციურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კარგად ყოფნას. ის განსაზღვრავს ჩვენს ფიქრებს, გრძნობებს და ქცევებს.
ენდოკრინული მდგომარეობები, ორგანოები და ჰორმონები, რომელთა როლიც წამყვანია ამ სფეროს მართვაში, არის:
- ფარისებრი ჯირკვალი და მისი ჰორმონები
- კორტიზოლი
- სასქესო ჰორმონები – ესტროგენი, პროგესტერონი, ტესტოსტერონი
- შაქრიანი დიაბეტი
- D ვიტამინი და კალციუმი
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს, მისი როგორც ჰიპერფუნქციის ისე ჰიპოფუნქციის პირობებში, ფიზიკალურ სიმპტომებთან ერთად ხშირად ახლავს ემოციური და მენტალური გამოვლინებებიც. ესენია:
- ადვილად გაღიზიანებადობა
- ემოციური ლაბილობა
- გუნება-განწყობილების მკვეთრი და მოულოდნელი ცვალებადობა
- შფოთვა, რასაც შეიძლება ახლდეს გულისცემის აჩქარება, კანკალი, სისუსტის და უენერგიობის შეგრძნება
- დეპრესია, რასაც შეიძლება ახლდეს უხასიათობა, ტირილიანობა, მადის დაკარგვა, ძილიანობა.
ემოციური სფეროს ამ გამოვლინებების გარდა, დამახასიათებელია მენტალური დარღვევებიც რაც უფრო მეტად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების დროს გვხვდება. კერძოდ:
- კონცენტრაციის გართულება
- მეხსიერების ხარვეზები (ბოლო პერიოდში მომხდარ მოვლენებთან მიმართებაში)
- ინტერესების დაკარგვა
თირეოიდული ჰორმონების კონცენტრაციის სწრაფი ცვლილება განსაკუთრებით მკვეთრად აისახება ამ გამოვლინებების ხარისხზე.
საბედნიეროდ, როცა მიზეზი ნამდვილად ფარისებრი ჯირკვლის დარღევევებშია, ჰორმონების დონის მოწესრიგებასთან ერთად სიმპტომებიც ალაგდება, თუმცა ამ პროცესს შესაძლებელია გარკვეული დრო დასჭირდეს.
თუ გამოვლინებები ძალიან მწვავეა, ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კომპენსაციის პირობებში მეტისმეტად ხანგრძლივად გრძელდება, საფიქრელია, რომ ამ მდგომარეობას სხვა მიზეზი შეიძლება ედოს საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში საჭიროა დიაგნოსტიკური ძიების განახლება/გაგრძელება.
კორტიზოლი
კორტიზოლი, რომელიც გამომუშავდება თირკმელზედა ჯირკვლის მიერ, ცნობილია, როგორც სტრესული ჰორმონი, ამიტომ გასაკვირიც არ არის მისი მნიშვნელოვანი კავშირები და გავლენები მენტალურ ჯანმრთელობაზე.
კორტიზოლის რაოდენობის დრამატული მომატება სისხლში კუშინგის სინდრომისთვის არის დამახასიათებელი. ამ სინდრომის გამომწვევი მიზეზი, თავის მხრივ, შეიძლება იყოს კეთილთვისებიანი წარმონაქმნი ჰიპოფიზში, თირკმელზედა ჯირკვალში ან სხვა ორგანოში.
კორტიზოლის რაოდენობის ზენორმული მომატება ფიზიკალურ სიმპტომებთან ერთად ასევე შესაძლოა გამოვლინდეს ფსიქიკური სფეროს დარღვევებითაც, როგორიცაა, მომატებული გაღიზიანებადობა, შფოთვა, გუნება-განწყობილების დაქვეითება, დეპრესია, გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება.
უკიდურესად იშვიათ შემთხვევაში მას შეიძლება ფსიქოზური გამოვლინებებიც ახლდეს.
აღწერილია სამედიცინო შემთხვევა, როდესაც 10 წლის განმავლობაში შეცდომით ხდებოდა ფსიქიატრების მიერ შიზოფრენიის მკურნალობა. 10 წლის შემდეგ კი დაისვა კუშინგის სინდრომის დიაგნოზი, ჩატარდა სათანადო მკურნალობა და მოხდა სიმპტომების ალაგება.
ნეიროფსიქიკური გამოვლინებები ახასიათებს ასევე კორტიზოლის დეფიციტს (ადისონის დაავადება). ეს შეიძლება იყოს დეპრესია, ენერგიის ნაკლებობა, ძილის დარღვევები.
სასქესო ჰორმონები
ქალების უმეტესობამ საკუთარი გამოცდილებით კარგად იცის, თუ რა დიდი ზეგავლენა აქვს მენსტრუალური ციკლის პერიოდში სასქესო ჰორმონების მკვეთრ ცვალებადობას გუნება-განწყობილებაზე და ფსიქონევროზულ სფეროზე.
ესტროგენის მაღალი დონე ასოცირებულია კარგ განწყობასთან, მის შემცირებას კი საპირისპირო ეფექტი აქვს.
გარდა მენსტრუალური ციკლისა, სასქესო ჰორმონების მკვეთრი ცვლილებების გამო მენტალურ დარღვევებს ადგილი აქვს ქალის ცხოვრების ისეთ ეპიზოდებშიც, როგორიცაა: მენარქე (ანუ პირველი მენსტრუაცია), ორსულობა, მშობიარობის შემდგომი პერიოდი და მენოპაუზის წინა პერიოდი.
კაცების შემთხვევაში ტესტოსტერონია ის წამყვანი სასქესო ჰორმონი, რომელიც სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულების პარალელურად ფსიქოემოციურ სფეროზეც ახდენს გავლენას. მისი რაოდენობის შემცირებაც ასოცირებულია მენტალურ დარღვევებთან.
ტესტოსტერონის კონცენტრაცია სისხლში ბუნებრივად მცირდება ასაკთან ერთად, მაგრამ, გარდა ამისა, მისი მკვეთრი შემცირება ახასიათებს სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობებს, ტრამვებს, ან გარკვეული ტიპის მედიკამენტებს.
ამრიგად, ტესტოსტერონის დეფიციტი, რომელიც ჰიპოგონადიზმის სახელით არის ცნობილი, შესაძლოა გახდეს დეპრესიის და სხვა სერიოზული ემოციური პრობლემების გამომწვევი მიზეზი მამაკაცებში.
დიაბეტი
დიაბეტის შემთხვევაში კავშირებს აქვს ორმხრივი ხასიათი.
მენტალურ პრობლემებს შეუძლია გააუარესოს დიაბეტის მიმდინარეობა და ასევე დიაბეტიც თავის მხრივ ართულებს მენტალურ დაავადებებს.
საბედნიეროდ, როცა ერთ-ერთი მათგანის მიმდინარეობა უმჯობესდება. ეს დადებითად აისახება მეორე მდგომარეობაზეც.
მაგალითად, დეპრესია, რომელსაც თან ახლავს ინტერესების დაკარგვა საკუთარ თავზე, სამუშაოზე, საყვარელ საქმიანობაზე, ასევე ზეგავლენას ახდენს დიაბეტის თვითმართვის უნარებზეც.
სტატისტიკა კი ასეთია:
დიაბეტის მქონე პირებს 2-3 ჯერ უფრო ხშირად აღენიშნებათ დეპრესია, ვიდრე დიაბეტის არმქონე ადამიანებს. მათგან კი მხოლოდ 25-დან 50%-მდე შემთხვევებში ხდება დეპრესიის დიაგნოსტირება და სათანადო მკურნალობა.
ფსიქოთერაპია, მედიკამენტები ან ორივე ერთად, როგორც წესი, მაღალეფექტურია და რაც უფრო ადრეულ ეტაპზე დაიწყება ჩაირევა, უფრო მეტად დადებითია ზეგავლენა ცხოვრების ხარისხზეც და დიაბეტის მართვაზეც.
მკურნალობის გარეშე კი დაავადება უარესობისკენ მიდის.
ასევე აღსანიშნავია სტრესის ზეგავლენა.
ჩვენი ცხოვრება სავსეა სტრესული ფაქტორებით. გადაჭარბებული სტრესის ზემოქმედება შეიძლება გამოიხატოს როგორც შიში ან სიბრაზე, ფიზიკურად კი მისი გამოვლინება შეიძლება იყოს ძლიერი ოფლიანობა ან გულისცემის გახშირება.
ამ დროს გამომუშავებული სტრესული ჰორმონები იწვევენ გლიკემიის უცაბედ ცვლილებებს. აქვე იგულისხმება სხვადასხვა დაავადების ან ტრამვის შედეგად მიღებული სტრესიც.
დიაბეტის დიაგნოზს შემთხვევათა 20%-ში ასევე ახლავს შფოთვითი მდგომარეობები.
თავად დიაბეტის გამკლავებასთან დაკავშირებულმა სირთულეებმა შეიძლება წარმოშვას დიაბეტის დისტრესის მდგომარეობა. ასეთ დროს დიდია რისკი, რომ მკურნალობის პროცესში განცდილი იმედგაცრუების, წარუმატებლობის გამო ადამიანმა ხელი აიღოს დაავადების მართვაზე, რაც მძიმე შედეგებს იწვევს.
ამიტომ, მენტალური ჯანმრთელობის მოწესრიგება დიაბეტის მენეჯმენტის გეგმაში ერთ-ერთი პრიორიტეტული კომპონენტი უნდა იყოს.
D ვიტამინი და კალციუმი
მართალია ეს საკითხი ბოლომდე დადასტურებული არ არის, მაგრამ კველევების ნაწილი ამტკიცებს, რომ D ვიტამინის დეფიციტი აუარესებს დეპრესიის და შფოთვითი აშლილობის გამოვლინებებს და ამ მდგომარეობების დროს საჭიროა მისი სკრინინგული კვლევა ჩატარდეს.
დეფიციტის აღმოჩენის შემთხვევაში კი მოხდეს მისი კორექცია.
იგივე მოსაზრება არსებობს კალციუმთან დაკავშირებით. კალციუმით მდიდარი საკვების მიღება ასოცირებულია დეპრესიის და მენტალური დაავადების რისკების შემცირებასთან.
თუმცა ამ კავშირების დასადასტურებლად ასევე დამატებითი კვლევებია საჭირო.
ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)