ზოგადი

თამბაქოს მოხმარების ზეგავლენა ჰორმონებზე და ენდოკრინულ სისტემაზე

თამბაქოს მოხმარება

თამბაქოს მოხმარების მჭიდრო კავშირი ისეთ სერიოზულ მდგომარეობებთან, როგორიცაა სასუნთქი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და ონკოლოგიური დაავადებები, უკვე ყველასთვის კარგადაა ცნობილი.

ამის პარალელურად, მწეველობას მრავალმხრივი მოქმედება აქვს ჰორმონების გამომუშავებაზეც და აქედან გამომდინარე, მთლიანად ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირებზე, რაც ხშირად მნიშვნელოვან კლინიკურ პრობლემებშიც ტრანსფორმირდება.

ამ ეფექტების განმსაზღვრელია ნიკოტინის, ტოქსინ თიოციანატის და სიგარეტში შემავალი 7000-მდე სხვა ტოქსინის უშუალო ზემოქმედება.

სიგარეტის წევის შედეგად უარყოფით ზეგავლენას განიცდის ჰიპოფიზის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის, სათესლე ჯირკვლისა და საკვერცხეების ფუნქციონირება, კალციუმის მეტაბოლიზმი და ინსულინის მოქმედება.

ყველაზე თვალსაჩინო კლინიკური შედეგები კი არის:

მნიშვნელოვანი პრობლემაა თამბაქოს ზეგავლენა ნაყოფზე და მისი კვამლის შესუნთქვაც ბავშვებში.

მწეველ ორსულებში კატექოლამინების რაოდენობის ზრდის გამო შესაძლებელია შეფერხდეს ნაყოფისთვის სისხლის ადეკვატური მიწოდება.

პასიური მწეველობის (თამბაქოს ბოლის ჩასუნთქვის) შედეგად თიოციანატების მოხვედრა ორგანიზმში შესაძლოა გახდეს ფარისებრი ჯირკვლის ზომების და ფუნქციონირების ცვლილების მიზეზი.

ფარისებრი ჯირკვალი

ბევრი კვლევა უჩვენებს, რომ თამბაქოს მრავალმხრივი ზეგავლენა აქვს ფარისებრ ჯირკვლაზე.

ის მოქმედებს როგორც ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებულ ანტისხეულებზე, ასევე ჰორმონებზე და თავად ორგანოს სტრუქტურაზეც.

მწეველობის ზეგავლენა გრეივსის დაავადებაზე და მასთან დაკავშირებულ თვალისმხრივ გამოვლინებაზე (გრეივსის ორბიტოპათია) უკვე ბევრი წელია კარგადაა ცნობილი, შესწავლილი და დადასტურებული.

გრეივსის დაავადება, ისევე როგორც მასთან ასოცირებული ორბიტოპათია, აუტოიმუნური გენეზისაა. თამბაქოს კვამლში შემავალი ათასობით ტოქსინი კი ამ აუტოიმუნური ზეგავლენის გაძლიერებას იწვევს.

არამწეველებს და ასევე ყოფილ მწეველებს უფრო დიდი შანსები აქვთ მიაღწიონ დაავადების რემისიას მედიკამენტოზური თერაპიით, ვიდრე მწეველებს.

მწეველებში გრეივსთან დაკავშირებული თვალებისმხრივი ცვლილებების განვითარების რისკები გაორმაგებულია.

თუ მწეველობის ფონზე გრეივსის დაავდების სამკურნალოდ ტარდება რადიოაქტიური იოდით თერაპია, ორბიტოპათიის ჩამოყალიბების რისკი უკვე ოთხჯერ მეტი ხდება.

ამასთანავე, ეს რისკები პირდაპირპროპორციულად იზრდება დღის განმავლობაში მოწეული სიგარეტის ღერების რაოდენობის ზრდასთან ერთად. სამაგიეროდ, მწეველობის შეწყვეტისთანავე სწრაფადვე მცირდება და უტოლდება არამწეველის რისკების დონეს.

შაქრიანი დიაბეტი

მწეველობა დიაბეტი ტიპი 2-ის განვითრების ერთ-ერთ მთავარ რისკ-ფაქტორად მოიაზრება (არაჯანსაღი კვების და მჯდომარე ცხოვრების წესთან ერთად).

ანთებითი პროცესები და ოქსიდაციური სტრესი, რაც თან ახლავს სიგარეტში შემავალი ტოქსიკური ნაერთების ზემოქმედებას, აფერხებს ორგანიზმში ჰორმონ ინსულინის სწორ მუშაობას და იწვევს ინსულინრეზისტენტული მდგომარეობის განვითარებას.

სწორედ ამ მექანიზმით თამბაქოს მოხმარება 30-40-ჯერ ზრდის დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკებს არამწეველებთან შედარებით.

აქაც, რისკების ზრდის დონე პირდაპირპროპორციულია დღის განმავლობაში მოწეული ღერების რაოდენობასთან.

ასევე ინსულინრეზისტენტობის გაძლიერების შედეგად მწეველებში გაცილებით უფრო გართულებულია დიაბეტი ტიპი 2-ის მართვა და გლიკემიის (სისხლში შაქრის შემცველობის) სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა.

ინსულინოთერაპიის რეჟიმის ფონზე კი სასურველი შედეგების მისაღწევად საჭირო ხდება ინსულინის დოზების მნიშვნელოვანი ზრდა.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ მწეველობა უტევს სისხლძარღვებს და აფერხებს ორგანიზმის ჟანგბადით გაჯერებას. როდესაც ამას ემატება სისხლში მაღალი გლუკაზა, რომლის პირველი დასაზიანებელი სამიზნე ასევე სისხლძარღვებია, შედეგები დრამატული ხდება.

საერთო ჯამში, როგორც არაპირდაპირი, ასევე პირდაპირი ზემოქმედების გზით, იზრდება დიაბეტის ისეთი სერიოზული გართულებების ჩამოყალიბების რისკები, როგორიცაა გულის დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, თირკმლის და თვალის დაზიანება, ნერვული რეგულაციის დარღვევა, სისხლის მიმოქცევის გაუარესება და ამპუტაციის საჭიროება.

თამბაქოს მოხმარების შეწყვეტას კი მომენტალური დადებითი ზეგავლენა აქვს ორგანიზმზე. მართალია, ამით დიაბეტის ,,უკუქცევა” ვერ მოხდება, მაგრამ მნიშვნელოვნად უმჯობესდება მისი მართვა და მიღწეული შედეგებიც. იზრდება ინსულინის და შაქრის დამარეგულირებელი სხვა პრეპარატების მოქმედების ეფექტები.

ლიპიდური ცვლა

უკვე აღვნიშნეთ მწეველობის უარყოფითი ზეგავლენა კარდიოვასკულარულ სტატუსზე და დაავადებებზე. ამ ეფექტის განმაპირობებელი ერთ-ერთი მექანიზმი არის სწორედ თამბაქოს ზემოქმედება ლიპიდურ ანუ ცხიმოვან ცვლაზე, რაც ლაბორატორიულად ლიპიდური სპექტრის პარამეტრების ცვლილებებში აისახება.

კერძოდ, თამბაქოს მოხმარება ასოცირებულია საერთო ქოლესტერინის რაოდენობის მატებასთან, დაბალი სიმკვრივის (კარგი) ლიპოპროტეიდის შემცველი ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებასთან და ტრიგლიცერიდების დონის მკვეთრ ზრდასთან, რასაც საერთო ჯამში კარდიოვასკულარული რისკების მატებამდე მივყავართ.

ოსტეოპოროზი

მწეველობა წარმოადგენს ოსტეოპოროზის მნიშვნელოვან მოდიფიცირებად რისკის ფაქტორს, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელია.

ოსტეოპოროზი არის ძვლის დაავადება, რომელიც ხასიათდება ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურული ცვლილებებით, ძვლოვანი მასის შემცირებით და მოტეხილობების გაზრდილი რისკით.

როგორც სხვა შემთხვევებში, აქაც თამბაქოს მოხმარება რამდენიმე სხვადასხვა პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზემოქმედებით ავლენს ამ უარყოფით ეფექტს.

ესენია: ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნის დაქვეითება, სასქესო და ადრენალურ ჰორმონებზე ზეგავლენა, კალციუმის შეწოვის დაქვეითება და სხვა მექანიზმები.

შედეგად კი ვიღებთ ისეთ დაზიანებებს, როგორიცაა ოსტეოპოროზი, მოტეხილობების რისკების ზრდა, ართრიტი, პერიოდონტიტი.

ცხადია, ამ შემთხვევაშიც რისკების მოხსნა თამბაქოს მოხმარების შეწყვეტაზე არის დამოკიდებული.

სხვა უარყოფითი ეფექტები

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებისა, თამბაქო მასში შემავალი ნიკოტინის და სხვა მავნე ნივთიერებების ზემოქმედებით ცვლის კორტიზოლის, პარათირეოიდული ჰორმონის, ესტროგენების, ტესტოსტერონის, ზრდის ჰორმონის გამომუშავებასაც.

ეფექტები და რისკები თითქმის იგივეა განგრძობითი პასიური მწეველობის შემთხვევაშიც.

რაც შეეხება ელექტრონულ სიგარეტებს, მათი ზემოქმედება ენდოკრინულ სისტემაზე ჯერჯერობით არ არის სრულყოფილად შესწავლილი. ნებისმიერ შემთხვევაში, საუკეთესო ვარიანტია, ის გამოყენებული იქნას დროებით, როგორც მწეველობის შეწყვეტის ერთ-ერთი დამხმარე საშუალება და საბოლოოდ შეწყდეს მისი მოხმარებაც.

რამდენიმე რჩევა თამბაქოზე მოთვნილების გადასალახად

მწეველთა უმრავლესობისთვის სიგარეტზე უარის თქმა დიდ სირთულეს წარმოადგენს. თუმცა, ამ მავნე დამოკიდებულების გადალახვა, რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია.

გახსოვდეთ, რომ რაც არ უნდა მძაფრი იყოს სიგარეტზე მოთხოვნილება, უმეტესად 5-10 წუთია საჭირო, რომ ის თავისთავად შემცირდეს.

ამიტომ, სიგარეტზე მოთხოვნილების გაჩენის დროს მთელი ძალისხმევით შეეცადეთ მომდევნო 10 წუთი ყურადღება გადაიტანოთ სხვა რამეზე, ვიდრე ძლიერი სურვილი გაივლის. ამისთვის ერთ-ერთი კარგი ვარიანტია აქტიური ფიზიკური დატვირთვა. მაგალითად, ბუქნები, ან კიბეზე არბენა-ჩამორბენა რამდენჯერმე, ან გარემო სიტუაციასთან მორგებული სხვა რომელიმე ვარჯიშის ან აქტივობის შესრულება.

პირის აპარატისთვის სიგარეტი შეიძლება ჩაანაცვლოთ საღეჭი რეზინით, მზესუმზირით, თხილეულით ან სხვა თქვენთვის სასიამოვნო ,,საცმაცუნო” პროდუქტით.

მოერიდეთ ისეთ გარემოს ან ქმედებებს, რომლებიც თქვენთვის მოწევასთან ასოცირდება.

არ მისცეთ თავს უფლება მოწიოთ ,,მხოლოდ ერთი ღერი”, როგორც წესი, ერთს დანარჩენებიც ადვილად მოჰყვება ხოლმე.

გამოიყენეთ სტრესის მოსახსნელი ტექნიკები, მაგალითად, ღრმად სუნთქვა, მასაჟი, იოგა, წყნარი მუსიკის მოსმენა.

სცადეთ სიგარეტის დროებით ჩანაცვლება ნიკოტინის შემცველი პროდუქტებით, რომლებიც ხელმისაწვდომია პლასტირის, საღეჭი რეზინის და სხვა ფორმით.

და ხშირად შეახსენეთ თქვენს თავს თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის დადებითი მხარეები, როგორიცაა:

  • თვითშეგრძნების გაუმჯობესება
  • ორგანიზმის გაჯანსაღება
  • საყვარელი ადამიანების დაცვა მეორადი პასიური მწეველობისგან
  • ფინანსური დანახარჯების შემცირება.

არ დანებდეთ! გახსოვდეთ, რომ ყოველ ჯერზე, როცა ხდება მოწევის სურვილის წარმატებით დაძლევა, თქვენ ერთი დიდი ნაბიჯით უახლოვდებით იმ მნიშვნელოვან მიზანს, რაც თამბაქოზე დამოკიდებულებისგან განთავისუფლებაა.

ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)