ძილის პროცესი მჭიდროდ არის დაკავშირებული ენდოკრინულ სისტემასთან.
ჰორმონები დიდ როლს თამაშობენ ძილის სიჯანსაღეში, ხოლო სრულფასოვანი, ხარისხიანი ძილი მნიშვნელოვანია ჰორმონების სწორი ბალანსისთვის ორგანიზმში.
ზოგჯერ არის შემთხვევები, როცა სწორადაა დაცული ძილის ჰიგიენა და რეჟიმი, მაგრამ ამის მიუხედავად აღინიშნება მუდმივი გამოუძინებლობის შეგრძნება და ჰორმონული დისბალანსის სხვადასხვა გამოვლინებები. ამის მიზეზი კი ერთი შეხედვით ამოუხსნელია.
სწორედ ასეთი შემთხვევების უკან ძირითადად ძილის აპნოე დგას.
რა არის ძილის აპნოე
ეს არის მდგომარეობა, როცა ძილის დროს 10-30 წამით ადამიანი აჩერებს სუნთქვას. ასეთი ეპიზოდების რაოდენობა ყოველღამე შეიძლება საათში 5-დან 30-მდე ან უფრო მეტიც იყოს.
რადგან სუნთქვის შეწყვეტას სისხლში ჟანგბადის დონის დაქვეითება მოსდევს, საპასუხოდ ტვინი აიძულებს ორგანიზმს გაიღვიძოს და განაახლოს სუნთქვა.
ეს რეაქცია იმდენად სწრაფია, შეიძლება ბოლომდე გამოფხიზლება არ მოხდეს და დილით ამ მომენტების გახსენება რთული იყოს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ირღვევა ძილის ხარისხი და შეუძლებელი ხდება ღრმად ჩაძინება და სრულფასოვანი დასვენება.
ძილის აპნოეს ტიპები
გამომწვევი მექანიზმის მიხედვით ძილის აპნოე ორი ტიპისაა, ცენტრალური და ობსტრუქციული.
ცენტრალური ძილის აპნოე – შედარებით იშვიათია და განპირობებულია თავის ტვინსა და სუნთქვაში მონაწილე კუნთებს შორის სასიგნალო კავშირების დარღვევით.
შემთხვევების უმეტესობაში კი ძილის აპნოე ობსტრუქციული ტიპისაა.
ობსტრუქციული ძილის აპნოეს განვითარებაში წამყვანი ფაქტორია ყელის კუნთების ზედმეტად მოდუნება, რის გამოც სასუნთქი გზის ნაწილი (ტრაქეა) შესაძლოა დაიხშოს ნაქის, ნუშურა ჯირკვლების ან ენის მკვეთრად უკან გადანაცვლების გამო და ვეღარ გაატაროს ჰაერი ქვედა სასუნთქ გზებში.
ობსტრუქციის მიზეზი შეიძლება გახდეს ასევე სიმსუქნის ფონზე კისრის მიდამოში ჭარბად დაგროვებული ცხიმოვანი ქსოვილიც.
მაშინ, როცა ვერ ხერხდება სწორი დიაგნოსტირება და ძილის გასაუმჯობესებლად ინიშნება საძილე პრეპარატები, ეს კიდევ უფრო აძლიერებს კუნთების მოდუნებას და აღრმავებს ძილის აპნოეს გამოვლინებებს, ამიტომ ამ მიმართულებით განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება არის საჭირო ექიმის მხრიდან.
ძილის აპნოესთან დაკავშირებული სიმპტომები
სიმპტომები, რომლებიც შეიძლება დააფიქსიროს ოჯახის წევრმა/პარტნიორმა პაციენტის ძილის დროს :
- სუნთქვის შეჩერების და განახლების ეპიზოდების ხშირი მონაცვლეობა
- ხშირი და ჩვეულებრივზე უფრო ხმამაღალი ხვრინვა
სიმპტომები, რომლებსაც აღნიშნავს თავად პაციენტი:
- ძილიანობა და დაღლილობის შეგრძნება დღის განმავლობაში
- კონცენტრაციის გართულება, გულმავიწყობა
- პირის სიმშრალე გაღვიძებისას
- თავის ტკივილი
- ხშირი გაღვიძება ღამით სუნთქვის შეკვრის შეგრძნებით
- გახშირებული შარდვა ღამით
- სექსუალური დისფუნქცია და ლიბიდოს დაქვეითება
- ხასიათის ცვლილებები, შფოთვა, დეპრესია
ძილის აპნოეს რისკ-ფაქტორები
ძილის აპნოეს განვითარების ალბათობა უფრო მაღალია, როცა აღინიშნება ჩამოთვლილი ფაქტორები:
- სიმსუქნე -კისრის არეში ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის არსებობის გამო სასუნთქი გზები შევიწროვებულია
- მამრობითი სქესი – თუმცა შემთხვევები იმატებს ქალებშიც მენოპაუზის შემდეგ
- ასაკი – უფრო ხშირია ასაკოვან პირებში, მაგრამ შეიძლება ბავშვებშიც კი შეგვხვდეს
- ალკოჰოლის მოხმარება – იწვევს კუნთების მოდუნებას,მათ შორის კისრის მიდამოშიც
- სედატიური მედიკამენტები, ტრანკვილიზატორები – ასევე იწვევს კუნთების მოდუნებას
- თამბაქოს მოხმარება – მწეველებში სამჯერ უფრო ხშირია აპნოეს შემთხვევები არამწეველებთან შედარებით
- სამედიცინო მდგომარეობები – გულის უკმარისობა, მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი ტიპი 2, ასთმა, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, ჰორმონული დარღვევები.
ენდოკრინული დაავადებები და ძილის აპნოე
ძილის აპნოე იწვევს ზოგიერთი ჰორმონის ნორმალური სეკრეციის დარღვევას, როგორიცაა მაგალითად, ტესტოსტერონი, ესტრადიოლი, პროგესტერონი, ზრდის ჰორმონი, ალდოსტერონი, ვაზოპრესინი.
თავის მხრივ, ამ ჰორმონების დისბალანსი ძილის აპნოეს განვითარების ან მისი გაუარესების მიზეზი შეიძლება გახდეს.
ეს ჯაჭვური ურთიერთკავშირი განაპირობებს ორივე მდგომარეობის პარალელურ რეჟიმში მკურნალობის საჭიროებას, რათა წარმატება იქნას მიღწეული თითოეული ამ დაავადების მართვაში.
სიმსუქნე
სიმსუქნე ძილის აპნოეს რისკ-ფაქტორების ჩამონათვალში ერთ-ერთ მთავარ ადგილს იკავებს. ძილის აპნოეს შემთხვევების 70%-ში წარმოდგენილია ჭარბი წონა.
წონაში კლება ძილის პროცესის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას იძლევა.
თავად ძილის აპნოეს გავლენა სიმსუქნეზე არაერთგვაროვანია. გარკვეული მექანიზმებით მას შეუძლია მასის მატება გამოიწვიოს, სხვა მექანიზმებით კი პირიქით – კლება. ამიტომ გარკვეულწილად მასის შენარჩუნებას აქვს ადგილი.
დისგლიკემია
სიმსუქნესთან ასეთი მჭიდრო კავშირის გამო, გასაკვირიც არ არის ძილის აპნოეს ასოციაცია პრედიაბეტთან და ტიპი 2 დიაბეტთან. თუმცა კავშირები იკვეთება ასევე ტიპი 1 დიაბეტთანაც, რომლის განვითარების მექანიზმში მასის სიჭარბე საერთოდ არ ფიგურირებს.
სიმსუქნისგან დამოუკიდებლად აღინიშნება ძილის აპნოეს გავლენა ინსულინრეზისტენტობაზე და ინსულინის წარმომქმნელ პანკრეასის ბეტა უჯრედებზე.
ძილის აპნოეს თანხვედრისას ტიპი 2 დიაბეტის დროს აღინიშნება უზმოდ გლიკემიის უფრო მაღალი ციფრები, უფრო მაღალი გლიკირებული ჰემოგლობინი და ზოგადად სისხლში შაქრის მაჩვენებლების არასტაბილურობა. ასევე დიაბეტის თანმხლები მიკრო და მაკრო სისხლძარღვოვანი გართულებების გაუარესება.
ვარაუდობენ, რომ ტიპი 1 დიაბეტის დროს ძილის აპნოეს განვითარება განპირობებული უნდა იყოს ავტონომიური ნეიროპათიით დიაბეტის გართულების გამო. ამ კავშირის სრულად დადგენა მეტ შესწავლას საჭიროებს.
ჰიპოთირეოზი
ჰიპოთირეოზი ძილის აპნოეს მსგავსად ხშირი პათოლოგიაა და შესაძლებელია უბრალოდ დაემთხვეს მათი თანაარსებობა, თუმცა ხშირად თავად ჰიპოთირეოზი არის ხოლმე ძილის აპნოეს გამომწვევი და ამ შემთხვევაში მისი მკურნალობა ორივე მდგომარეობის გაუმჯობესებას იწვევს.
ჰიპოთირეოზისთვის დამახასიათებელია ლორწოვანი გარსების მუკოპოლისაქარიდული შეშუპება, მათ შორის ხორხის მიდამოშიც, რაც სასუნთქი გზების მექანიკური ობსტრუქციის და ძილის აპნოეს გამომწვევი ხდება.
ამასთან, თავად ჰიპოთირეოზსაც ახასიათებს ძილის აპნოეს მსგავსად დღის მანძილზე მომატებული ძილიანობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ ძილის აპნოეს დადასტურების შემთხვევაში ჩატარდეს ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა და ასევე პირიქით, ჰიპოთირეოზის დროს ძილის აპნოეს გამოკვლევაც მოხდეს.
ზრდის ჰორმონი
აკრომეგალია შედარებით იშვიათი ენდოკრინული პათოლოგიაა. ის უმეტესად ვითარდება ჰიპოფიზის კეთილთვისებიანი სიმსივნის გამო, რომელიც გამოყოფს დიდი რაოდენობით ზრდის ჰორმონს.
ზრდის ჰორმონის სიჭარბეს ახლავს რბილი ქსოვილების, ძვლების, ხრტილების გადიდება და ამის გამო ერთ-ერთი გამოვლინება 80%-ში არის ძილის დროს სასუნთქი გზების დახშობა.
პრობლემის დროული აღმოჩენა და მკურნალობა თავიდან გვაცილებს შეუქცევად ცვლილებებს და აუმჯობესებს ძილის პროცესს.
სასქესო ჰორმონები
ძილის აპნოე ხშირად ასოცირებულია ჰიპოგონადიზმთან – სასქესო ორგანოების ფუნქციის დაქვეითებასთან. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ძილის აპნოეს გამო თავის ტვინის ჰიპოქსიის შედეგად ჰიპოფიზსა და სასქესო ორგანოებს შორის სასიგნალო ურთიერთკავშირების დარღვევა.
შედეგად ძილის აპნოეს დროს შეინიშნება ქალებში ესტრადიოლის და პროგესტერონის რაოდენობის შემცირება. ეს ფაქტი მიუთითებს ძილის აპნოეს კავშირზე საკვერცხის ფუნქციონირების დარღვევასთან და უშვილობასთან, რაც შეიძლება გამოსწორებადი იყოს აპნოეს მკურნალობით.
ასევე ქალებს პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომით ხშირად აღმოაჩნდებათ ხოლმე ძილის აპნოეც, რაც სავარაუდოდ სიმსუქნესთან და ჭარბ ვისცერულ ცხიმოვან ქსოვილთან უნდა იყოს კავშირში.
კორტიზოლი და ალდოსტერონი
კორტიზოლის სინთეზი და გამოყოფა მჭიდროდაა დაკავშირებული ძილის ფაზებთან. ასევე თავად კორტიზოლსაც შეუძლია ძილის პროცესზე გავლენის მოხდენა.
ხოლო ალდოსტერონის სეკრეციაზე ზეგავლენის გამო ძილის აპნოე შეიძლება გახდეს რეზისტენტული არტერიული ჰიპერტენზიის მიზეზი.
ძილის აპნოეს გართულებები
ამრიგად, უყურადღებოდ დატოვებული ძილის აპნოე შეიძლება გახდეს ისეთი დიდი პრობლემების გამომწვევი, როგორიცაა:
- გულის დაავადებები, მაღალი არტერიული წნევა, არითმია
- მეტაბოლური სინდრომი, ტიპი 2 დიაბეტი
- ძილიანობა დღისით, რაც განსაკუთრებით საფრთხის შემქმნელია საჭესთან
- მეხსიერების პრობლემები, დეპრესია
ძილის აპნოეს დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ძილის აპნოეზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში დიაგნოზის დასადასტურებლად ტარდება პოლისომნოგრაფიული კვლევა, რაც გულისხმობს მთელი ღამის განმავლობაში გულის მუშაობაზე, სუნთქვის პროცესზე, თავის ტვინის მოქმედებაზე, სისხლში ჟანგბადის კონცენტრაციაზე დაკვირვებას.
მკურნალობისთვის პირველ რიგში საჭიროა აპნოესთან ასოცირებული თანმხლები დაავადებების მართვა. ამასთან ერთად, მსუბუქ შემთხვევებში, როგორც წესი, საკმარისია ცხოვრების წესის მოდიფიკაცია, რაც დაავადების პრევენციისთვისაც გამოდგება და მოიცავს შემდეგ ქმედებებს:
- ჭარბწონიანობის შემთხვევაში წონაში დაკლება
- რეგულარული ფიზიკური აქტივობა
- ალკოჰოლის რაოდენობის შემცირება ან მასზე უარის თქმა
- თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა
- გვერდზე ძილი ზურგზე წოლის ნაცვლად
- საძილე საშუალებების გამოყენებაზე თავის არიდება
უფრო რთულ შემთხვევებში კი სიმპტომების შესამსუბუქებლად და გართულებებისგან თავის დასაცავად საჭირო ხდება სპეციალური CPAP აპარატის გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს ძილის დროს ჟანგბადის უწყვეტ მიწოდებას.
ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)