ტანდაბლობა და ზრდის შეფერხება, როგორც სამედიცინო ტერმინები, გამოიყენება იმ პირთა მდგომარეობის შესაფასებლად, რომლებიც ჩამორჩებიან სიმაღლეში მისივე ასაკის, სქესის და ეთნიკური კუთვნილების ადამიანებს. პრაქტიკაში მათი გამოყენება უმეტესად ბავშვებში ხდება.
ზრდის პროცესის კლინიკური შეფასება
ბავშვი შეიძლება ჩამორჩებოდეს თანატოლებს სიმაღლეში, მაგრამ ამავე დროს იყოს სრულიად ჯანმრთელი. ეს განსაკუთრებით ბუნებრივი მოვლენაა, როცა მშობლებიც ტანდაბლები არიან, რადგან მთავარი ფაქტორი, რაც ბავშვის სიმაღლეს განსაზღვრავს, არის გენეტიკა.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზრდის ტემპი ძალიან ინდივიდუალურია. ზოგი ადრეულ ასაკში იწყებს სწრაფ ზრდას, ზოგს კი უფრო მოგვიანებით აქვს აქტიური ზრდის პერიოდი.
რიგ შემთხვევებში სიმაღლეში ჩამორჩენა შეიძლება სხვადასხვა დაავადების შედეგი იყოს. ზოგი ასეთი პათოლოგიის დროს სწორი მკურნალობით ბავშვი აღწევს გენეტიკით განსაზღვრულ სიმაღლეს, ზოგ დაავადებას კი მყარი ტანდაბლობა ახლავს მკურნალობის მიუხედავად.
ზრდის შეფერხების გამომწვევი დაავადებები
- ენდოკრინული დაავადებები:
- ზრდის ჰორმონის დეფიციტი
- ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების უკმარისობა)
- დიაბეტი
- კუშინგის დაავადება
- ქრონიკული დაავადებები:
- გულის დაავადებები
- ასთმა
- ნაწლავის ანთებითი დაავადებები
- თირკმლის დაავადებები
- იუვენილური იდიოპათიური ართრიტი
- გენეტიკური დაავადებები:
- დაუნის სინდრომი
- ტერნერის სინდრომი
- ვილიამსის სინდრომი
- ძვლის და ხერხემლის დაავადებები:
- რაქიტი
- აქონდროპლაზია
- მალნუტრიცია – საკვების ნაკლებობა
როგორ ხდება შეფასება – ზრდის სტანდარტიზირებული ცხრილები
მას შემდეგ, რაც პედიატრი ან ბავშვთა ენდოკრინოლოგი გაზომავს გამოსაკვლევი ბავშვის ზუსტ სიმაღლეს, ხდება ამ მონაცემის ანალიზი სპეციალური ე.წ. ზრდის სტანდარტიზირებული ცხრილების საშუალებით.
ეს ცხრილები შედგენილია სქესის, ასაკის და გეოგრაფიული არეალის გათვალისწინებით.
აღსანიშნავია, რომ სიმაღლეში ზრდის შეფასებისთვის მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა მაჩვენებელი ფიქსირდება მოცემულ მომენტში, არამედ ის, თუ როგორი პროგრესით მიმდინარეობს ზრდის პროცესი. ანუ მისი ანალიზი უნდა მოხდეს დინამიკაში.
საქართველოსთვის შექმნილი ჩარტების შესაბამისი მაჩვენებლები (სანტიმეტრებში) ასაკის და სქესის მიხედვით მოცემულია სურათზე.
შენიშვნა: ამ ინფორმაციას აქვს მხოლოდ ზოგადი საორიენტაციო ხასიათი დაინტერესებული მშობლებისთვის და არა ზუსტი სამედიცინო მნიშვნელობა.
ზუსტი შეფასება და ნებისმიერი გადაცდომის ინტერპრეტაცია აუცილებლად ექიმის მიერ უნდა მოხდეს.
როგორ აღიქმება ეს რიცხვები: მაგალითისთვის, თუ 10 წლის ბიჭის სიმაღლე არის 123 სმ (ანუ ქვედა ზღვარზე), ეს ნიშნავს, რომ ქართველი 10 წლის ბიჭების მხოლოდ 3% არის მასზე დაბალი. თუ 10 წლის ბიჭის სიმაღლე არის 137 სმ (ანუ საშუალო მაჩვენებელი), ე.ი. მისი თანატოლების 50% არის იგივე სიმაღლის, ხოლო თუ 10 წლის ბიჭის სიმაღლე არის 150 სმ (ანუ ზედა ზღვარზე), გამოდის, რომ მისი თანატოლების 97% მასზე დაბალია.
ზრდის დინამიკა რიცხვებში
- სიგრძე დაბადებისას:
- საშუალო სიგრძე დაბადებისას არის 50 სმ
- ეს სიგრძე ორმაგდება 4 წლის ასაკისთვის
- და სამმაგდება 13 წლის ასაკისთვის
- ზრდა პირველი წლის განმავლობაში: 23-27 სმ
- მეორე წლის განმავლობაში: 10-14 სმ
- მესამე წლის განმავლობაში: 7,5-10 სმ
- ზრდა ყოველწლიურად სქესობრივი მომწიფების დაწყებამდე: 6-7 სმ
- ზრდა სქესობრივი მომწიფების პერიოდში:
- ბიჭებში: 10-14 სმ
- გოგოებში: 8-12 სმ
სავარაუდო საბოლოო სიმაღლის გამოთვლა
გამოსადეგი ინფორმაციაა გენეტიკით განსაზღვრული სიმაღლე, რომელსაც შეიძლება მიაღწიოს ბავშვმა საბოლოოდ ზრდასრულობაში. მისი ზუსტი პროგნოზირება, ცხადია, შეუძლებელია, მაგრამ შეგვიძლია მიახლოებითი წარმოდგენის შექმნა.
მის გამოსათვლელად რამდენიმე სხვადასხვა ფორმულა არსებობს. ერთ-ერთი მათ შორის ასეთია:
- ვაჯამებთ მამის სიმაღლეს და დედის სიმაღლეს სანტიმეტრებში
- მიღებულ რიცხვს გოგოს შემთხვევაში ვაკლებთ 13 სანტიმეტრს, ბიჭის შემთხვევაში ვუმატებთ 13 სანტიმეტრს
- მიღებულ რიცხვს ვყოფთ 2-ზე.
მეორე მეთოდის მიხედვით, ბიჭის შემთხვევაში – მისი სიმაღლე 2 წლის ასაკში უნდა გამრავლდეს 2-ზე, გოგოს შემთხევაში კი 18 თვის ასაკში დაფიქსირებული სიმაღლე მრავლდება 2-ზე.
როდის წყვეტს ორგანიზმი ზრდას
2 წლამდე სხეულის ზრდა ძალიან ინტენსიური და სწრაფია. შემდეგ ტემპი მცირდება და მეორე მაქსიმუმს აღწევს პუბერტატის პერიოდში სქესობრივი მომწიფების დაწყების შემდეგ.
გოგოების შემთხვევაში ეს ფაზა ხშირად პუბერტატის დასაწყისს ემთხვევა, ბიჭების შემთხვევაში კი უფრო პუბერტატის დასასრულს.
მეორე პიკის შემდეგ ზრდის სიჩქარე თანდათან უახლოვდება ნულს. გოგონებისთვის როგორც წესი ეს ასაკი საშუალოდ 16 წელია, ბიჭებისთვის – 18 წელი.
ზოგჯერ საშუალო ასაკიდან სხეული იწყებს სიმაღლეში შემცირებას და ეს პროცესი უკვე აქტიური ხდება ხანდაზმულთა ასაკში. ამ ცვლილებას განაპირობებს, ერთის მხრივ, ხერხემლის მალთაშუა დისკების სისქის შემცირება და მეორეს მხრივ, სხვა ზოგადი დეგენერაციული პროცესები ორგანიზმში.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ შესაძლებელია დღის განმავლობაში სხეულის სიმაღლეში მცირედი ცვლილება დაფიქსირდეს. კერძოდ, დღიური ფიზიკური აქტივობების შედეგად ხერხემლის დისკებმა შესაძლოა განიცადოს კომპრესია და სიმაღლე უმნიშვნელოდ, დაახლოებით 1,5 სმ-მდე შემცირდეს დღის ბოლოსთვის. ეს სხვაობა სრულად აღდგება ძილის დროს. ცვლილება უმნიშვნელოა და უმეტესად შეუმჩნეველიც რჩება.
ძვლოვანი ასაკის დადგენა
აქვს თუ არა სხეულს სიმაღლეში ზრდის პოტენციალი დარჩენილი, ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად საუკეთესო მეთოდია ძვლოვანი ასაკის განსაზღვრა.
ბავშვთა ასაკში ძვლებს ორივე ბოლოში აქვს ე.წ. ზრდის ზონები, სადაც ხრტილოვანი ქსოვილიდან ხდება ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნა და ძვლის სიგრძეში ზრდა. როცა ეს ხრტილოვანი ზონა მთლიანად ჩანაცვლება ძვლით, ითვლება, რომ ზრდის ზონა დახურულია და სიმაღლეში მეტად ზრდა აღარ მოხდება.
სქესობრივი მომწიფების დაწყების შემდეგ, სასქესო ჰორმონების ზემოქმედება აჩქარებს ზრდის ზონების დახურვას.
ძვლოვანი ასაკის შესწავლა იძლევა წარმოდგენას სწორედ ზრდის ზონების მდგომარეობაზე. ამისთვის ტარდება მარცხენა ხელის (ცაციების შემთხვევაში მარჯვენა ხელის) მაჯის, მტევნისა და თითების რენტგენოლოგიური კვლევა. მიღებული სურათის შედარება ხდება სტანდარტულ ძვლოვან ატლასში ნორმის შესაბამის სურათებთან.
ძვლოვანი ასაკი უმეტეს შემთხვევაში უნდა მიჰყვებოდეს ქრონოლოგიურ ასაკს. თუ მათ შორის სხვაობა ფიქსირდება, უნდა გამოირიცხოს ზრდის შემაფერხებელი გარემოებების არსებობა.
შესაძლებელია თუ არა ზრდის პროცესის გააქტიურება – ზოგადი რჩევები
გენეტიკის გარდა ზრდაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს გარემო ფაქტორებიც, რომლებზეც შესაძლებელია გავლენის მოხდენა და ზრდის პროცესების უფრო გააქტიურება ბავშვთა და მოზარდთა ასაკში.
- კვების მოწესრიგება: უნდა მოხდეს დიდი რაოდენობით დაუმუშავებელი საკვების ჩართვა რაციონში, როგორიცაა ხილი, ბოსტნეული, მთლიანი მარცვლის პროდუქტები, ცილა, რძის პროდუქტები. უნდა შემცირდეს შაქრით, ნაჯერი ცხიმით, ტრანსცხიმებით, მარილით გაჯერებული საკვები.
- ძილის ჰიგიენის დაცვა: ბავშვთა და მოზარდთა ასაკში სრულფასოვან ძილს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ზრდისთვის. რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი მით მეტი ძილი ესაჭიროება დღე-ღამის განმავლობაში. შესაბამისი ინფორმაცია ვრცლად მოცემულია სტატიაში: ძილი და ჰორმონული ბალანსი
- რეგულარული ვარჯიში ძვლების და კუნთების გასამაგრებლად.
- სხეულის სწორ პოზიციაზე ზრუნვა: გამართული წელი და მხრები ვიზუალურად უფრო მაღალ შესახედაობას აძლევს სხეულს. სწორი პოზიციის დასაჭერად და შესანარჩუნებლად კარგია ისეთი სახეობის სპორტით დაკავება, როგორიცაა კალთბურთი, ცურვა. კარგია ასევე გაწელვითი ვარჯიშები, იოგა, პილატესი, რაც ხერხემლის დისკების დეკომპრესიასაც უწყობს ხელს. ეს რეკომენდაცია გამოსადეგია ასევე მოზრდილებისთვის, სადაც ზრდის ზონები უკვე დახურულია.
,,ჯადოსნური აბები” სიმაღლეში მოსამატებლად არ არსებობს არც ბავშვებისთვის და არც მოზრდილებისთვის.
ზრდის ჰორმონი და სხვა სამკურნალო პრეპარატები ჯანმრთელ პირებში სიმაღლის მომატების მიზნით არ გამოიყენება.
ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)