მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებასა და სიმსუქნეს შორის ბოლო წლების მონაცემებით გარკვეულწილად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
კერძოდ, როდესაც სიმსუქნის ფონზე ფიქსირდება TSH-ის იზოლირებული მომატება (<10) და მას თან არ ახლავს სხვა ლაბორატორიული მაჩვენებლების დარღვევები, ეს ცვლილება შესაძლებელია გამოწვეული იყოს თავად სიმსუქნისგან და არა პირიქით.
ფაქტია, რომ ჰიპოთირეოზის მკურნალობა მხოლოდ მცირედით ამცირებს წონას -კლება უმეტესად სხეულის მასის 10%-ზე ნაკლებია.
ეს იძლევა საფუძველს ვიფიქროთ, რომ სიმსუქნე ყოველთვის არ არის მეორადი წარმომავლობის და ჰორმონული ცვლილებები შეიძლება იყოს კომპენსატორული მოვლენა სიმსუქნის საპასუხოდ.
დიფერენცირებითვის TSH-ის გარდა ყურადღება უნდა მიექცეს სხვა პარამეტრებსაც. თუ ფიქსირდება აუტოიმუნური მარკერების მომატება, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების (FT4 და FT3) დაქვეითება და ჰიპოთირეოზის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები, ეს დანამდვილებით მიუთითებს ფარისებრი ჯირკვლის პირველადი დაავადების არსებობაზე.
სიმსუქნის მქონე პირთა უმეტესობას არ აღენიშნება ფარისებრის ჯირკვლის ფუნქციური და სტრუქტურული ცვლილებები.
დანარჩენ შემთხვევებში კი, ჩატარებული კვლევების ანალიზის თანახმად, ადგილი აქვს შემდეგი ტიპის გავლენას: კილოგრამების დაკლება იწვევს TSH da FT3-ის კლებას, ხოლო წონაში მატება, პირიქით, ზრდის ამ მაჩვენებლებს.
როცა სიმსუქნე არის გამომწვევი მიზეზი და არა შედეგი, ამ დროს თავისუფალი თიროქსინის (FT4) მაჩვენებელი ნორმალური ან ზედა ნორმასთან ახლოსაა.
ეს განასხვავებს მას ჭეშმარიტი სუბკლინიკური ჰიპოთირეოზისგან (ჰიპოთირეოზის ტიპი, როცა მომატებულია TSH, მაგრამ FT4 ფორმალური ნორმის საზღვრებში რჩება), რომელსაც უფრო ახასიათებს FT4-ის დაბალ ნორმასთან ახლოს მაჩვენებელი.
ჰიპოთირეოზის განვითარების მომატებული რისკის გარდა, სიმსუქნეს შეუძლია სხვა ტიპის ზიანიც მიაყენოს ფარისებრ ჯირკვალს.
კვლევების თანახმად, სიმსუქნე ასევე ზრდის აუტოიმუნური თირეოიდიტის განვითარების რისკებს.
ეს ეფექტი განსაკუთრებით გამოხატულია ბავშვებში და გამოვლინდება ფარისებრი ჯირკვლის საწინააღმდეგო ანტისხეულების (Anti-TPO, Anti-TG) მომატებით.
ცვლილებები შეიძლება დაფიქსირდეს ულტრასონოგრაფულ (ექოსკოპიურ) სურათზეც, რაც გამოიხატება დიფუზურად დაქვეითებული ექოგენობით და ჯირკვლის საერთო მოცულობის გაზრდით.
ხშირად ეს გამოვლინებები ემთხვევა იმ ნიშნებს, რაც დამახასიათებელია ჰაშიმოტოს თირეოიდიტისთვის.
ამიტომ, სიმსუქნის ფონზე აუტოიმუნური თირეოიდიტის დიაგნოზი არ უნდა დაისვას მხოლოდ ულტრასონოგრაფიის საფუძველზე, ანტისხეულების გამოკვლევის გარეშე, რათა არ მოხდეს დიაგნოსტიკური შეცდომა.
TSH-ის მატება იწვევს ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების აქტივაციას და მათი ზომების ზრდას, რის შედეგადაც იზრდება მთლიანად ჯირკვლის საერთო მოცულობა/ზომა.
ამავე მიზეზით მაღალია ჯირკვალში კვანძების, მათ შორის ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების რისკები.
მკურნალობის თავისებურებები
სიმსუქნით გამოწვეული ჰიპერთირეოტროპინემია (მაღალი TSH) გარდამავალია და გამოსწორდება სხეულის მასის კლების შედეგად.
ცხოვრების წესის მცირედი ცვლილებაც კი, რაც გამოიხატება ფიზიკური აქტივობის გაზრდით და კუნთოვანი მასის განვითარებით, თუნდაც არ მოხდეს სხეულის მასის ინდექსის ცვლილება, იწვევს TSH და FT4-ის დონის შემცირებას.
ნორმალიზებას ექვემდებარება ულტრაბგერითი ცვლილებებიც.
ზოგი რეკომენდაციით ეს მდგომარეობა ჩანაცვლებით თერაპიას არ საჭიროებს. მაგრამ გასათვალისწინებელია მომატებული TSH-ის გავლენები ჯირკვლის სტრუქტურაზე, რამაც შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის ჩამოყალიბებამდე მიგვიყვანოს. მითუმეტეს, თუ წონაში კლებას და მის ნორმალიზებას არ ექნება ადგილი.
ამასთანავე, თუ ვერ მოხერხდა სათანადოდ დიფერენცირება და სიმსუქნეს დაემთხვევა ”ნამდვილი” ჰიპოთირეოზი, მკურნალობის გარეშე დარჩენის შემთხვევაში მას შეუძლია კიდევ უფრო გაზარდოს სიმსუქნის თანმდევი რისკები კადიოვასკულური დაავადებების განვითარების და სხვადასხვა მეტაბოლური დარღვევების მიმართულებით.
ჰიპოთირეოზი იწვევს ცხიმოვანი ცვლის დარღვევას და ამ მხრივაც ხდება სისხლძარღვოვანი დაზიანების ხელშემწყობი.
და ბოლოს, მკურნალობის გარეშე დარჩენილი ჰიპოთირეოზი შეიძლება გახდეს წონაში კლებისკენ მიმართული ღონისძიებების წარუმატებლობის მიზეზი.
ამიტომ, რადგან გამოკვლევაც და მკურნალობაც არის იაფი და უსაფრთხო, სჯობს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება სიმსუქნის მქონე პაციენტებში გამოკვლეული იქნას რუტინულად.
ამრიგად, ორივე შემთხვევაში ჰორმონული ბალანსის კორექცია უნდა მოხდეს სათანადო მკურნალობით.
თუმცა, პაციენტს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რომ ჰიპოთირეოზის პირველადი დარღვევის სახით არსებობის შემთხვევაშიც კი მისგან გამოწვეული მასის მატება არის ძირითადად მსუბუქი.
ამიტომ მას არ უნდა ჰქონდეს გადაჭარბებული მოლოდინი, რომ ჰიპოთირეოზის მკურნალობა იზოლირებულად სხვა ჩარევების გარეშე მნიშვნელოვან შედეგს გამოიღებს სიმსუქნის საწინააღმდეგოდ.
მით უმეტეს სასურველი შედეგი ვერ იქნება მიღწეული, როდესაც სიმსუქნეა პირველადი გამომწვევი და ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია მხოლოდ მისი შედეგია.
ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)