ჭარბთმიანობა ანუ ჰირსუტიზმი არის მამაკაცური ტიპის თმიანობის განვითარება ქალებში.
ეს ნიშნავს, რომ ე.წ. ტერმინალური თმა, რომელიც უხეში სტრუქტურის და მუქი შეფერილობისაა, ჩნდება კანზე ისეთ ადგილებში, სადაც მისი ზრდა დამოკიდებულია მამაკაცური ჰორმონების – ანდროგენების რაოდენობაზე და არ უნდა გვხვდებოდეს ქალებში.
ეს მიდამოებია: ზედა ტუჩი, ნიკაპი, წინამხარი, ბეჭის მიდამო, ზურგის ქვედა ნაწილი და დუნდულები, ბარძაყის შიდა ზედაპირი, მუცელი, მკერდი, ჭიპის ქვედა არე ბოქვენამდე.
წარბები, იღლიები და ბოქვენი არ არის ანდროგენმგრძნობიარე ადგილები და აქ მუქი უხეში თმის ზრდა ნორმალურია.
კანის ღია შეფერილობის მქონე ქალებთან შედარებით შავგვრემნები უფრო მიდრეკილნი არიან ისეთი ჭარბთმიანობისკენ, რომელიც არ არის რაიმე დაავადებასთან დაკავშირებული.
ჰირსუტიზმის შეფასება
ჰირსუტიზმის ხარისხის შეფასება აუცილებელია, რათა დადგინდეს, უნდა ჩაითვალოს თუ არა ის კლინიკურად მნიშვნელოვან სიმპტომად. ანუ უნდა იქნას თუ არა ეჭვი მიტანილი, რომ მის უკან დაავადება დგას და შესაბამისად, უნდა დაიგეგმოს თუ არა შემდგომი დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
ჭარბთმიანობის ხარისხობრივი შეფასების მთავარი ინსტრუმენტია ფერიმან-გალვეის მოდიფიცირებული სქემა, რომელზეც მოცემულია 9 ანდროგენმგრძნობიარე ადგილის გათმიანების ოთხი ვარიანტი. თითოეული ეს არე ფასდება 0-დან (თმის არარსებობა) 4 ქულამდე (ძლიერი გათმიანება). მიღებული ჯამი ნორმაში არ უნდა აღემატებოდეს 8 -ს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს სქემა ჰირსუტიზმის შეფასების ოქროს სტანდარტია, კლინიკურ პრაქტიკაში გასათვალისწინებელია, რომ მას გააჩნია რიგი ნაკლოვანებები. მაგალითად: თუ ექიმთან ვიზიტის მომენტში უკვე გამოყენებულია თმის მოცილების სხვადასხვა საშუალება, ჰირსუტიზმის ობიექტური შეფასება გართულებულია. ასევე, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ლოკალურ ძლიერ გათმიანებას, რომელიც ჰორმონული დარღვევის შედეგია, მაგრამ მხოლოდ ეს არე ვერ ზრდის საბოლოო ქულას იმ დონემდე, რომ მდგომარეობა ჰირსუტიზმად შეფასდეს და სხვა.
ჰირსუტიზმის გამომწვევი მიზეზები
ანდროგენების ჭარბი პროდუქცია – ვლინდება ჰირსუტიზმის შემთხვევათა 80%-ში. მისი გამომწვევი თავის მხრივ შეიძლება იყოს საკვერცხის და თირკმელზედა ჯირკვლის სხვადასხვა დაავადება. სწორედ ეს ორი ორგანოა მთავარი პასუხისმგებელი მამაკაცური ჰორმონების გამომუშავებაზე და დიაგნოსტიკური კვლევების ძირითადი ნაწილიც ამ მიმართულებით ტარდება. ანდროგენების მომატებული რაოდენობის ფონზე განვითარებული ჰირსუტიზმის შეფასებისას ქულათა ჯამი უმეტეს შემთხვევაში 15-ზე მეტია, თუმცა უფრო ნაკლებიც შეიძლება იყოს.
იდიოპათიური – ანუ დაუდგენელი გენეზის ჰირსუტიზმის დიაგნოზი ფორმდება, როცა მომატებულ თმიანობასთან ერთად არ აღინიშნება ციკლის დარღვევა ან სხვა ასოცირებული სიმპტომები და სქემაზე ქულათა ჯამი 8-15-ის ფარგლებშია. ასევე ჩატარებული გამოკვლევებიც არ ადასტურებს ჰორმონული დარღვევის ან ორგანული პათოლოგიის არსებობას. ამ ტიპის ჰირსუტიზმის განვითარება აიხსნება ანდროგენების ნორმალური რაოდენობის მიუხედავად მათ მიმართ თმის ფოლიკულების მომატებული მგრძნობელობით.
მედიკამენტური – ჰირსუტიზმი შესაძლოა განვითარდეს, როგორც სხვადასხვა მედიკამენტის გვერდითი მოვლენა.
სხვა დაავადებები, რომელთა ერთ-ერთ სიმპტომად შეიძლება ჰირსუტიზმი მოგვევლინოს, არის:
- ჰიპოთირეოზი
- ჰიპერპროლაქტინემია/პროლაქტინომა
- ჭარბი წონა/სიმსუქნე
- ინსულინრეზისტენტობის სინდრომი
როდის არის აუცილებელი ექიმთან ვიზიტი
- როცა მომატებულ თმიანობასთან ერთად გამოხატულია ერთი ან რამდენიმე სიმპტომი ჩამოთვლილთაგან:
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა
- უშვილობა
- გალაქტორეა (გამონადენი ძუძუდან)
- ცენტრალური სიმსუქნე
- კლიტორის გადიდება
- თმის ცვენა
- ცხიმიანი კანი, აკნე, სებორეა
- ხმის დაბოხება
- კუნთების გამოხატული განვითარება
- ფსიქოლოგიური ცვლილებები, მაგ.: ლიბიდოს გაძლიერება, აგრესიული ქმედებები
2. როცა თმიანობა ვითარდება უეცრად და სწრაფად პროგრესირებს;
3. თუ მკურნალობის სხვადასხვა მეთოდის გამოყენების მიუხედავად ჰირსუტიზმი მაინც პროგრესირებს.
პაციენტისთვის მნიშვნელოვანი ხარისხის ჰირსუტიზმი – ეს ტერმინი აღწერს შემთხვევებს, როცა სქემაზე ქულათა ჯამი რჩება ნორმის ფარგლებში, მაგრამ არსებული გათმიანება უარყოფით ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს და აქვეითებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს. უახლესი გაიდლაინების თანახმად, ეს მდგომარეობაც მკურნალობის დაწყების ჩვენებაა.
ჰირსუტიზმის დიაგნოსტიკა
ჰირსუტიზმის მენეჯმენტის მთავარი მიზანია სერიოზული დაავადებების გამორიცხვა და ეფექტური მკურნალობის შერჩევა. ამისთვის ტარდება კომპლექსური კვლევები, რაც მოიცავს:
- ანდროგენების რაოდენობის კვლევა: ტესტოსტერონის, დეასულფატის, 17 ჰიდროქსიპროგესტერონის და საჭიროების შემთხვევაში სხვა ჰორმონების განსაზღვრა სისხლში
- ფარისებრი ჯირკვლის კვლევა
- დიაბეტის სკრინინგი
- პროლაქტინი
- საჭიროების შემთხვევაში საკვერცხის ექოსკოპია და თირკმელზედა ჯირკვლის CT ან MRI.
მკურნალობის თავისებურებები
ჰირსუტიზმის სამკურნალოდ გამოიყენება:
- მედიკამენტები – კერძოდ, ორალური კონტრაცეპტივები და ანტიანდროგენული საშუალებები
- ცხოვრების წესის ცვლილება – ჭარბი წონის და ინსულინრეზისტენტობის დროს
- კოსმეტიკური საშუალებები – დეპილაცია, მექანიკური ეპილაცია (ეპილატორით, პინცეტით, ცვილით), ფოტოეპილაცია, ელექტროლიზისი
ჰირსუტიზმის მკურნალობა ნებისმიერი დიაგნოზის შემთხვევაში ხანგრძლივი პროცესია და სასურველი შედეგის მიღება შეიძლება 6-12 თვე ან უფრო მეტიც გაჭიანურდეს. ეს განპირობებულია თმის ღერის სასიცოცხლო ციკლის თავისებურებებით. თითოეული თმის ღერის არსებობის ხანგრძლივობა რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე მერყეობს. მკურნალობის შედეგად ორგანიზმში მიღებულ ახალ ჰორმონალურ სტატუსზე რეაგირება თმის ფოლიკულს შეუძლია მხოლოს მას შემდეგ, რაც ძველი თმის ღერი დაასრულებს თავისი არსებობის ციკლს და მოწყდება ფოლიკულს.
როცა პაციენტისთვის მნიშვნელოვანია სწრაფი შედეგის მიღება, უპირატესობა ენიჭება კომბინირებულ მკურნალობას. კერძოდ, ინიშნება მედიკამენტები და პარალელურად ხდება კოსმეტიკური მკურნალობის მეთოდის არჩევა და გამოყენება.
კოსმეტიკური პროცედურებიდან თმის დროებითი მოცილების მეთოდებია: ცვილით, ძაფით, პინცეტით, ეპილატორით ეპილაცია, პარსვა და სპეციალური კრემების გამოყენება.
აღსანიშნავია, რომ დეპილაცია, ანუ თმის მოშორება პარსვის გზით, არანაირ ბიოლოგიურ გავლენას არ ახდენს თმის ფოლიკულზე და არ ცვლის თმის ზრდის ტემპს, მის სიხშირეს და ფერს. რეალურად პარსვის დროს ხდება თმის ღერის გადაჭრა ისე, რომ გაზრდილი თმის ღერის დაბოლოება აღარ არის ბუნებრივად დავიწროვებული და იძლევა შეგრძნებას, რომ უფრო სქელი და უხეშია.
მექანიკური ეპილაცია (ეპილატორით, ცვილით) არასასურველი თმის მოცილების შედარებით უსაფრთხო და იაფი მეთოდია, მაგრამ მას შეიძლება თან ახლდეს გარკვეული დისკომფორტი: ტკივილი, ჭრილობა, ფოლიკულიტი და იშვიათად ჰიპერპიგმენტაცია მუქის კანის შემთხვევაში.
ფოტოეპილაცია და ელექტროლიზისი თმის მუდმივი მოცილების მეთოდებია. მათგან ფოტოეპილაცია ნაჩვენებია წითური, ყავისფერი და შავი თმისთვის, ელექტროლიზისი კი თეთრი ან ქერა თმისთვის.
ჰირსუტიზმი ბავშვებში
მცირე ასაკის ბავშვებში ჰირსუტიზმი შეიძლება იყოს ნაადრევი სქესობრივი მომწიფების სიმპტომი. ხშირად კი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ვერც იქნას ნაპოვნი.
მოზარდებში, მოზრდილების მსგავსად, ჰირსუტიზმის წამყვანი მიზეზია პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი და ადრენო-გენიტალური სინდრომი. დიაგნოსტიკის და მკურნალობის პრინციპებიც ასაკობრივად არ განსხვავდება.
ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)