ჰიპოგლიკემიის დროს სისხლში შაქრის შემცველობა მეტისმეტად დაბალია. ეს არის არა დაავადება, არამედ სიმპტომი, რომელიც მიუთითებს დაავადების არსებობაზე. ჰიპოგლიკემიის შემთხვევები ხშირია შაქრიანი დიაბეტის დროს, დიაბეტის გარეშე კი საკმაოდ იშვიათია.
როგორ რეგულირდება სისხლში შაქრის შემცველობა
გლუკოზა ენერგიის მთავარი წყაროა თავის ტვინის და მთლიანად ორგანიზმისთვის. სისხლში გლუკოზას ნორმალური დონის შენარჩუნებაში მთავარი პასუხისმგებელი ჰორმონი ინსულინია. ის ეხმარება გლუკოზას სისხლიდან გადავიდეს უჯრედებში და იქ გამოყენებულ იქნას როგორც ენერგიის წყარო. ზედმეტი გლუკოზა კი ინახება ღვიძლსა და კუნთებში ე.წ. გლიკოგენის სახით. თუ საკვების მიღება არ მოხდა რამდენიმე საათის განმავლობაში, სისხლში გლუკოზას დონე მცირდება, რის შედეგადაც აქტიურდება პანკრეასის მეორე ჰორმონი – გლუკაგონი, რომელიც უზრუნველყოფს ღვიძლსა და კუნთებში დამარაგებული გლუკოზას დაბრუნებას სისხლის მიმოქცევის სისტემაში და მისი ნორმალური რაოდენობის აღდგენას. ამ მექანიზმის გარდა, ორგანიზმს ასევე აქვს უნარი საჭიროების შემთხვევაში წარმოქმნას გლუკოზა ცხიმისა და ცილისაგან. ეს პროცესი უმეტესწილად ღვიძლში მიმდინარეობს, ნაწილობრივ ასევე თირკმელშიც. ამიტომ ამ ორგანოთა სხვადასხვა დაავადება შესაძლოა ჰიპოგლიკემიის გამომწვევი იყოს.
ამრიგად, ზემოთ აღწერილი რეგულაციის პროცესის ნებისმიერი მიზეზით დარღვევა იწვევს სისხლში გლუკოზას რაოდენობის ნორმაზე მეტად დაქვეითებას და ჰიპოგლიკემიის სიმპტომების გამოვლენას, როგორიცაა:
- ძლიერი შიმშილის შეგრძნება;
- კანკალი;
- ძილიანობა;
- მომატებული აღგზნებადობა;
- გაღიზიანება;
- დაბნეულობა;
- ოფლიანობა;
- მეტყველების გართულება;
- ძლიერი სისუსტის შეგრძნება.
- გონების დაკარგვა;
შაქრის მაჩვენებლის ნორმა
სისხლში შაქრის შემცველობის ქვედა ზღვარი ადამიანთა უმეტესობისთვის არის 70 მგ/დლ (3,9 მმოლ/ლ), თუმცა შეიძლება გვხვდებოდეს 60 მგ/დლ (3,3 მმოლ/ლ) -ის ფარგლებშიც სრულიად ჯანმრთელ პირებში.
არადიაბეტური ჰიპოგლიკემიის გამომწვევი მიზეზები
არადიაბეტური ჰიპოგლიკემია არის სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა იმ პირებში, რომლებიც არ არიან დაავადებული დიაბეტით. მისი ვარიანტებია:
- რეაქტიული ჰიპოგლიკემია, რომელიც ვითარდება ჭამის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში;
- ჰიპოგლიკემია უზმოზე, რომელიც ვლინდება დილით, საკვების მიღებამდე.
გამომწვევი მიზეზი ამ ორი შემთხვევიდან თითოეულისთვის განსხვავებულია. რეაქტიული ჰიპოგლიკემიის მიზეზები დღემდე შესწავლის საგანია. დაზუსტებით ცნობილია მხოლოდ ის, რომ ამ დროს ადგილი აქვს ინსულინის საჭიროზე მეტი რაოდენობით გამოყოფას, რის შედეგადაც ხდება გლუკოზას ზედმეტად შემცირება სისხლში.
ასევე ცნობილია, რომ რეაქტიული ჰიპოგლიკემია შეიძლება აღინიშნებოდეს, როცა:
- სახეზეა პრედიაბეტი ან შაქრიანი დიაბეტის მომატებული რისკი, რა დროსაც დარღვეულია პანკრეასის მიერ ინსულინის ადეკვატური რაოდენობით წარმოქმნა და გამოყოფა;
- კუჭზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევა, რის შედეგადაც საკვები მეტისმეტად სწრაფად გადადის წვრილ ნაწლავში;
- სხვადასხვა იშვიათი ფერმენტული პათოლოგიები, რაც იწვევს საკვების მონელების გართულებას.
რაც შეეხება ჰიპოგლიკემიას უზმოზე, მისი გამომწვევი შეიძლება იყოს:
- სხვადასხვა მედიკამენტის გამოყენება, როგორიცაა სალიცილატები (ასპირინი), სულფა პრეპარატები (ანტიბიოტიკი), პენტამიდინი (რთული ფორმის პნევმონიის სამკურნალო), ქინაქინი (მალარიის სამკურნალო);
- ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება: მშიერ კუჭზე დიდი რაოდენობით მიღება;
- სერიოზული დაავადებები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ღვიძლის, გულისა და თირკმლების მდგომარეობაზე;
- იმ ჰორმონების დეფიციტი, რომლებიც ფიზიოლოგიურ გავლენას ახდენენ ინსულინის მოქმედებაზე, ასეთია: ზრდის ჰორმონი, კორტიზოლი, გლუკაგონი და ეპინეფრინი;
- სიმსივნეები: პანკრეასის კეთილთვისებიანი სიმსივნე ე. წ. ინსულინომა, რომელიც ხასიათდება დიდი რაოდენობით ინსულინის წარმოქმნით და გამოყოფით; ასევე სხვა ორგანოების სიმსივნეები, რომლებიც გამოიმუშავებენ ინსულინის მაგვარ ჰორმონს IGF-II.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
დიაგნოსტიკა ემყარება გამოხატული სიმპტომების შეფასებას, სისხლში გლუკოზას და ინსულინის განსაზღვრას და სიტუაციის შესაბამისად სხვადასხვა დამატებით გამოკვლევებს.
მკურნალობა დამოკიდებულია ჰიპოგლიკემიის გამომწვევ მიზეზზე. მაგალითად, თუ მიზეზი სიმსივნეა, საჭიროა მისი მოცილება ქირურგიული გზით, ხოლო თუ ადგილი აქვს გამომწვევი მედიკამენტის მოხმარებას, მისი მიღება უნდა შეწყდეს.
ჰიპოგლიკემიის ეპიზოდის სწრაფი კუპირებისთვის კი საჭიროა 15-20 გრ ნახშირწყლის მიღება წვენის, ტკბილეულის ან გლუკოზას ტაბლეტის სახით, ეს რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ რამდენიმე წუთში აღადგინოს სისხლში შაქრის ნორმალური კონცენტრაცია.
კვებითი რეკომენდაციები ჰიპოგლიკემიის თავიდან ასაცილებლად მოიცავს:
- საკვების მიღება მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად, ყოველ 3 საათში ერთხელ;
- მრავალფეროვანი კვება: რაციონში უნდა შედიოდეს სხვადასხვა სახის ცილები – ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის, რძის ნაწარმი, პროდუქტები უჯრედისის მაღალი შემცველობით, როგორიცაა ცეხვილი პური, ხილი და ბოსტნეული;
- შაქრის დიდი რაოდენობით შემცველ პროდუქტებზე თავის არიდება;
- ალკოჰოლის დიდი რაოდენობის მიღებისგან თავის შეკავება, განსაკუთრებით ცარიელ კუჭზე.
ასევე მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა – რეგულარული ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს სისხლიდან გლუკოზას ათვისებას, რაც თავის მხრივ ამცირებს ინსულინის გამოყოფის საჭიროებას.
ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)
მსგავსი სტატიები:
- გლუკოზას დონე სისხლში: ძირითადი ტერმინები, გამოკვლევის მეთოდები და მაჩვენებლის ნორმები
- სისხლში გლუკოზას დონეზე მოქმედი ფაქტორები
- შაქრიანი დიაბეტის რისკ-ფაქტორები და სკრინინგი
- პრედიაბეტი