სწორი კვება

ბავშვთა სწორი კვების რეკომენდაციები

სწორი კვება

სწორი კვების პრინციპები ბავშვთა ასაკისთვის არ განსხვავდება მოზრდილთა კვების რეკომენდაციებისგან.

ჯანმრთელი კვების რეჟიმი უზრუნველყოფს ბავშვებში:

  • ენერგიის შენარჩუნებას
  • გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებას
  • დადებითი განწყობის ჩამოყალიბებას
  • სულიერ სიჯანსაღეს
  • ნორმალური წონის შენარჩუნებას, რითიც უზრუნველყოფილია ისეთი ქრონიკული დაავადებებისაგან დაცვა, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, კარდიოლოგიური პრობლემები, ჰიპერტენზია და სხვ.

სიმსუქნე ბავშვებში

მნიშვნელოვანი მითითებები

დიდი რაოდენობით ბოსტნეული რაციონში

ბოსტნეულს განსაკუთრებული ადგილი უკავია ბავშვთა კვებაში. ცუდი ბოსტნეულის ცნება არ არსებობს, მაგრამ არის გარკვეული სახეობები, რომლებიც უფრო მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით.

ასეთია მკვეთრი შეფერილობის ბოსტნეული, როგორიცაა მაგალითად სტაფილო, ბროკოლი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა.

ჯანსაღი საკვები მზადაა თუ ამ პროდუქტებიდან ერთერთს დაემატება ცილოვანი პროდუქტი, ხილი და მთლიანი მარცვლეულით დამზადებული პურეული.

ხილის მიცემა უმჯობესია არა ნატურალური წვენის, არამედ ცოცხალი ბუნებრივი სახით.

საუზმე

საუზმე დღის აუცილებელი დასაწყისია. კარგი ვარიანტია კვერცხი, რძე, იოგურტი უჯრედისით მდიდარ ნახშირწყლებთან (ხილი, ბოსტნეული, მთლიანი მარცვალი) ერთად. ცილოვანი საკვები კარგად ანაყრებს და საიმედოდ უზრუნველყოფს ბავშვის ორგანიზმს ენერგიით მომდევნო კვებამდე.

საკმარისი რაოდენობით კალციუმი და D ვიტამინი

კალციუმი აუცილებელია ბავშვის ჯანმრთელი ძვლებისა და კბილებისთვის.

კალციუმის მდიდარი წყაროა რძე და მისი პროდუქტები: ყველი, იოგურტი. ასევე ნუში, თეთრი და წითელი ლობიო,  ფორთოხალი, მწვანე ბოსტნეული. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ნორმალური რაოდენობით D ვიტამინის არსებობა ორგანიზმში, რომელიც აუცილებელია კალციუმის ასათვისებლად.

D ვიტამინი წარმოიქმნება კანში მზის სხივების ზემოქმედების შედეგად. აპრილი – ოქტომბრის განმავლობაში ყოველდღიურად 10-15 წუთი მზეზე ყოფნა საკმარისად უზრუნველყოფს ბავშვის ორგანიზმს ვიტამინით მთელი ზამთრის განმავლობაში. მისი შემცველობით გამორჩეული საკვებია: კვერცხი და ცხიმიანი თევზი.

საკმარისი რაოდენობით რკინის მიღება

რკინა მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ჰემოგლობინის, რომლის საშუალებითაც ხდება სისხლის წითელი უჯრედების მიერ ჟანგბადის მიწოდება უჯრედებამდე.

რკინის წყაროა წითელი ხორცი, ორაგული, კვერცხი, ღვიძლი, მუქი მწვანე ფერის ბოსტნეული, მარცვლეულის გარსი, მშრალი ხილი, ლობიო, კაკალი.

ამ პროდუქტების მიღება უმჯობესია C ვიტმინის შემცველ საკვებთან ერთად, როგორიცაა ბროკოლი, პომიდორი, ფორთოხალი, მარწყვი, რადგან ის ეხმარება ორგანიზმს მცენარეული რესურსიდან რკინის ადვილად ათვისებაში.

ტკბილეულობა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში

შაქარი კვების რაციონის შემადგენელი ერთერთი აუცილებელი კომპონენტია. მას ბევრი ისეთი პროდუქტიდან ვიღებთ, როგორიცაა ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, ასევე რძის პროდუქტები, ამიტომ ტკბილეულის დამატებით მიღება სარგებლის ნაცვლად მხოლოდ კალორიებით ზედმეტ დატვირთას ემსახურება.

ამ პროდუქტის სრული აკრძალვა არ არის რეკომენდირებული, რადგან ამან პირიქით შეიძლება სურვილის უფრო გაძლიერება გამოიწვიოს, რასაც შედეგად მოყვება შესაძლებლობის შემთხვევაში მიღებულ რაოდენობაზე კონტროლის დაკარგვა.

ამიტომ საუკეთესო გამოსავალია, არ იქცეს ტკბილეულის მიღება ყოველდღიურ რუტინად, არამედ მისი მიღებისთვის გამოიყოს კვირაში ერთი დღე, როგორც გამონაკლისი.

აქვე განიხილება გაზიანი სასმელები, რომლებშიც შაქრის შემცველობა ერთ ულუფაში სამჯერ და მეტად აღემატება ბავშვისთვის დღიურ ნორმას (3 ჩაის კოვზი).

გარდა ამისა მათი მიღება იწვევს სიმაძღრის შეგრძნებას, რის გამოც ბავშვს აღარ უჩნდება იმ საკვების მიღების სურვილი, რომელიც აუცილებელია მისი ზრდისა და ჯანმრთელი განვითარებისთვის.

ასევე დიდი რაოდენობით შაქრითაა დატვირთული ე.წ. ნატურალური წვენები. ჩაანაცვლეთ ეს სასმელები წყლით და რძით.

იხილეთ ასევე: როგორ გავაჯანსაღოთ ჩვენი ყოველდღიური საკვები

სიფრთხილე ცხიმის გამოყენებასთან მიმართებაში

ცხიმი აუცილებელია ორგანიზმისთვის, მთავარია არაჯანსაღი ცხიმის ჩანაცვლება მოხდეს ჯანმრთელი ვარიანტით, როგორიცაა; მზესუმზირის, ზეითუნის , სელის, კაკლის ზეთი, თევზის ცხიმიანი სახეობები.

მოერიდეთ მარგარინს, მაიონეზს, ჩიფსებს, კრეკერებს და სხვა დამუშავებულ-დაფასოვებულ საკვებს, რომელთა დიდი ნაწილი ცხიმის გარდა ასევე გადაჭარბებული რაოდენობით მარილს შეიცავს.

დღის სწორი რეჟიმის და მათ შორის კვების რუტინა რჩება ადამიანის თანმდევად მოზრდილ ასაკშიც, თუ მისი შესწავლა და მიჩვევა ხდება ბავშვობიდან. ბავშვები კი ყველაზე უკეთ ითვისებენ იმ ქცევებს, რის მაგალითსაც ოჯახში იღებენ. სწორედ ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს მშობლის მიდგომებს.

ზოგადი რეკომენდაციები მშობლებისთვის

მშობელი უნდა წარმოადგენდეს მაგალითს მისი შვილისთვის. როგორც წესი, ბავშვები ჭამენ იმას და ისე, რასაც და როგორც მისი მშობლები მიირთმევენ;

იზრუნეთ ჯანმრთელი საკვების მიჩვევაზე ჯერ კიდევ დაბადების პირველი წლიდან, რადგან სწორედ ამ დროს ყალიბდება ბავშვებში საკვებისადმი დამოკიდებულება;

კვება უნდა იყოს მრავალჯერადი და მცირე ულუფებით;

გამოიყენეთ მინიმალური ოდენობით დამუშავებული, დაფასოვებული და დაკონსერვებული საკვები; ბავშვს შეიძლება ძალიან მოუნდეს ჩიფსის მირთმევა, მაგრამ ვერ შეჭამს მას, თუ მშობელი არ შეუძენს; შეამცირეთ სწრაფი კვების ობიექტებში სტუმრობის სიხშირე;

ნუ დააძალებთ ბავშვს თეფში ბოლომდე მოასუფთავოს, ამით შესაძლოა გადაძღომის ჩვევის ჩამოყალიბებას შეუწყოთ ხელი. თუ მშობელი უზრუნველყოფს სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარი საკვების მიცემას, მცირე რეოდენობაც შეიძლება სრულიად საკმარისი იყოს ორგანიზმის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ორგანიზმი თავად განსაზღვრავს რა რაოდენობით საკვები სჭირდება. ხშირად ბავშვები კვირის განმავლობაში აბალანსებენ საჭირო ნივთიერებების მიღებას, რაც სრულიად ნორმალურია;

ნუ მისცემთ ბავშვს უფლებას მიირთვას ეკრანის წინ, რათა არ მოხდეს გაუცნობიერებლად ზედმეტი კალორიებით გადატვირთვა;

ჯანსაღი ცხოვრების აუცილებელი კომპონენტია ფიზიკურ აქტივობა, მას უნდა ეთმობოდეს დღეში მინიმუმ 60 წუთი; ეს შეიძლება იყოს: სპორტულ მოედანზე თამაში, ცურვა, თოვლში თამაში, ოჯახური გასეირნება, ფოთლების შეგროვება და სხვა  _ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.

სწორი
პრეტენზიული მჭამელი ბავშვები

ავტორი: ელგა გიორგაძე (MD) (http://online.endocrinolo.gy)