ნახშირწყლოვანი ცვლა, სწორი კვება

სიმსუქნე ბავშვებში

სიმსუქნე

სიმსუქნე ბავშვთა ასაკში თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ჭარბი წონისა და სიმსუქნის მქონე ბავშვების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. გამომწვევი მიზეზი უმეტეს შემთხვევაში გენეტიკური მიდრეკილების პარალელურად არააქტიური ცხოვრების რეჟიმი და არასწორი კვებაა. მხოლოდ ძალიან მცირე შემთხვევებში არის ამ ასაკში სიმსუქნის მიზეზი რაიმე სერიოზული დარღვევა ორგანიზმში.

ტელევიზორის, კომპიუტერის, ვიდეოთამაშების როლის ზრდა განაპირობებს იმ ფაქტს, რომ უფრო და უფრო იზრდება დრო, რომელსაც დღის განმავლობაში ბავშვი ატარებს მჯდომარე არააქტიურ მდგომარეობაში. ამას ემატება საკვები, რომელიც მდიდარია კალორიებით, მაგრამ არ გამოირჩევა სასარგებლო ნივთიერებების შემცველობით. ასევე ისეთ გარემოში ცხოვრება, სადაც არის სკვერების და საბავშვო მოედნების ნაკლებობა.

სიმსუქნის განვითარების რისკი მაღალია თუ აღინიშნება

  • დიდი მასა დაბადებისას და დედის გესტაციური დიაბეტი
  • ჩვილობის ასაკში სხეულის მასის სწრაფი მატება
  • ოჯახურ ანამნეზში: სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ჰიპერლიპიდემია, ჰიპერტენზია, ძილის აპნოე და გულის დაავადებები

მართალია ბავშვებში უფრო მცირე სიხშირით აღინიშნება სიმსუქნესთან ასოცირებული დარღვევები, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მსუქანი ბავშვი ხშირ შემთხვევაში ხდება მსუქანი მოზრდილი და ამრიგად დიდია რისკი იმისა, რომ უფრო ადრეულ ასაკში განვითარდეს ისეთი მძიმე პათოლოგიები, როგორიცაა შაქრიანი დიაბერი ტიპი 2 და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. ასეთი ბავშვები ასევე უფრო მიდრეკილნი არიან, რომ განუვითარდეთ დეპრესია, დაბალი თვითშეფასება, გახდნენ თანატოლებისგან ჩაგვრის მსხვერპლნი.

სიმსუქნის შესაძლო სიმპტომები, რომლებიც განსხვავებული სიხშირით და ხარისხით გვხვდება

  • უფერული სტრიები მუცელზე და ბარძაყის მიდამოებში, ცხიმოვანი ქსოვილის აკუმულირება სარძევე ჯირკვლის მიდამოებში, რაც განსაკუთრებით ბიჭებისთვისაა პრობლემატური
  • სუნთქვის შემოკლება ფიზიკური აქტივობის დროს, ძილის დროს სუნთქვის დარღვევები
  • ყაბზობა, გასტროეზოფაგური რეფლუქსი (გულძმარვა)
  • ადრეული სქესობრივი მომწიფება და არარეგულარული ციკლი გოგოებში, ხოლო ბიჭებში სქესობრივი მომწიფების შეფერხება/დაგვიანება
  • ბრტყელტერფიანობა

მდგომარეობები, რომელთა განვითარების რისკ-ქვეშ არიან ჭარბი წონის/სიმსუქნის მქონე ბავშვები

  • მომატებული ქოლესტერინი
  • მომატებული არტერიული წნევა
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ადრეულ ასაკში
  • შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2
  • მეტაბოლური სინდრომი
  • ძვლების სისუსტე
  • კანის დაავადებები, როგორიცაა, სხვადასხვა სახის გამონაყარი, მათ შორის ჩირქოვანი პროცესები, აკნე
  • ასთმის განვითარების მომატებული რისკი
  • ძილის დარღვევები
  • მომავალში რეპროდუქციული დარღვევები, ღვიძლის დაავადების და ზოგიერთი სახის სიმსივნის მომატებული რისკი.

როგორ ფასდება ბავშვის სხეულის მასა

ბავშვთა ასაკში სხეულის მასის შესაფასებლად გამოიყენება სპეციალური ცხრილები. ფასდება სიმაღლე, წონა, ასაკი, ფიზიკური განვითარების მიმდინარეობა, გენეტიკა.

როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი ბავშვს პრობლემის დაძლევაში

საუკეთესო ვარიანტია მშობლებმა თავად მისცენ შვილს სწორი კვების და ცხოვრების რეჟიმის მაგალითი. ისე, რომ მთელი ოჯახის ჩვეულებები უნდა შეიცვალოს და გახდეს ჯანსაღი, რაც ბუნებრივია თავად ოჯახის სხვა წევრებისთვისაც ძალიან სასარგებლოა. თუ ბავშვი ხედავს, რომ მშობლები არიან ფიზიკურად აქტიურები და სიამოვნებასაც იღებენ ამ აქტივობით, თავადაც შეეცდება იგივეს გამეორებას.

არ არის აუცილებელი ბავშვმა აერობიკა და ვარჯიშები აკეთოს, მარტივადაა შესაძლებელი დაიგეგმოს ოჯახური გასვლები სასეირნოდ, ფეხით ან ველოსიპედით, ცურვა და სხვა. აუცილებელია ამ პროცესში გათვალისწინებული იქნას ბავშვის შესაძლებლობანი, რადგან ზედმეტი წონის მქონე ბავშვს შეიძლება უჭირდეს გარკვეული აქტივობის განხორციელება. მიზნის მისაღწევად ასევე შესაძლებელია გამოყენებული იქნას მისი ინტერესები, ჰობი.

მინიმუმამდე უნდა შემცირდეს დრო, რასაც ოჯახის წევრები ატარებენ ტელევიზორთან თუ კომპიუტერთან მჯდომარე მდგომარეობაში.

კვება

უნდა შემცირდეს სწრაფი კვების ობიექტებში სტუმრობის სიხშირე, გაზიანი სასმელების მოხმარება; გაიზარდოს მიღებული ხილის და ბოსტნეულის წილი. გაკონტროლდეს ულუფის მოცულობა. ბავშვებს არ ესაჭიროებათ დასანაყრებლად მოზრდილი ადამიანისთვის საჭირო რაოდენობა.

წონის კლება ბავშვებში სიფრთხილით და ნელ-ნელა უნდა მოხდეს, მასის სწრაფი შემცირება არ არის რეკომენდირებული.

იხილეთ ასევე: ბავშვთა სწორი კვების რეკომენდაციები

ყველა მშობელმა უნდა იცოდეს და ახსოვდეს, რომ ვიდრე დაიწყება ზრუნვა ბავშვის განათლებაზე, აღზრდაზე, ჩაცმა-დახურვაზე და სხვ., პირველ რიგში საუკეთესო რამ, რაც მშობელმა შვილს შეიძლება მისცეს, ეს არის ჯანსაღად ცხოვრების ჩვევის გამომუშავება პატარაობიდანვე, რითიც შეძლებს უდიდესი სამსახური გაუწიოს მას ცხოვრების ბოლომდე.

ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)