ჰიპოთირეოზი არის დაავადება, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვალი ვერ უზრუნველყოფს მისი ჰორმონების: თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის_ ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობით გამომუშავებას.
გავრცელება
სტატისტიკურად, ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე, ჰიპოთირეოზი აღენიშნება ქვეყნის მოსახლეობის 4% მდე ნაწილს, მათგან 60%-მა კი დიაგნოზის შესახებ ჯერ არ იცის.
ჰიპოთირეოზი 2-8-ჯერ უფრო ხშირად ქალებს ემართებათ. საერთო ჯამში ქალების დაახლოებით 10%ს აქვს თირეოიდული ჰორმონების დეფიციტი გამოხატული სხვადასხვა ხარისხით.
ასაკის მატებასთან ერთად იმატებს დაავადების რისკიც და სიხშირე 60 წელზე უფრო ხანდაზმულებში 2-20%-ს შეადგენს.
გამომწვევი მიზეზები
ჰიპოთირეოზის წამყვანი მიზეზებიდან შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე:
ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტი – უკვე გადატანილი ან მიმდინარე აუტოიმუნური ანთებითი პროცესი ჯირკვლის ქსოვილში, რომელიც უჯრედების უმეტესობის დაზიანებას იწვევს და ამრიგად არღვევს მათ მიერ ჰორმონების წარმოებას.
მეორე ფართოდ გავრცელებული მიზეზია იოდის დეფიციტი. რადგან იოდი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების აგებულებაში მთავარი კომპონენტია, მისი ნაკლებობის პირობებში, ჰორმონთა პროდუქციაც ფერხდება.
და მესამე ყველაზე ხშირი მიზეზი არის მკურნალობით გამოწვეული ჰიპოთირეოზი, რაც გულისხმობს სხვადასხვა დაავადების გამო ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიულ ამოკვეთას ან რადიოაქტიური იოდით განადგურებას, რისი შედეგიც თავისთავად ჰიპოთირეოზია, თუმცა ასეთ შემთხვევებში ეს უკანასკნელი საწყის პრობლემასთან მიმართებაში, შეიძლება ითქვას, უკეთესი გამოსავალია.
შედარებით უფრო იშვიათად გვხვდება ე.წ. მეორადი ჰიპოთირეოზი, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი სრულიად ნორმალურია, მაგრამ პრობლემა მოდის თავის ტვინში არსებული ჰიპოფიზიდან, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მასტიმულირებელი სიგნალის გაგზავნას ჯირკვლამდე თირეოტროპული ჰორმონის (TSH) სახით.
სიმპტომები
ვინაიდან თირეოიდული ჰორმონების მთავარი ფუნქციაა ორგანიზმის მეტაბოლიზმის სტიმულირება, მათი ნაკლებობის პირობებში, ბუნებრივია, სახეზეა მეტაბოლიზმის შენელებით გამოწვეული სიმპტომები. ესენია:
- ადვილად დაღლა/შრომისუნარიანობის დაქვეითება/საერთო სისუსტე
- წონის მატება ან წონაში დაკლების გაძნელება
- დაზიანებული, მშრალი თმა
- მშრალი, ფერმკრთალი კანი
- თმის ცვენა
- სიცივის მიმართ აუტანლობა
- სისუსტე და ტკივილი კუნთებში
- ყაბზობა
- დეპრესია
- ადვილად გაღიზიანებადობა
- მეხსიერების დაქვეითება
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა
- ლიბიდოს (სექსუალური ლტოლვა) დაქვეითება
სიმპტომების რაოდენობრივი გამოხატულება პაციენტებში მკვეთრად განსხვავდება. განსხვავებულია მათი სიმძიმის ხარისხიც, რიგ შემთხვევებში დაავადება შეიძლება უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს ან ისეთი მცირე ხარისხით იყოს ეს დარღვევები გამოხატული, რომ პრაქტიკულად შეუმჩნეველი დარჩეს.
ვინაიდან ჰიპოთირეოზის დროს ორგანიზმი თირეოიდული ჰორმონების ნაკლებობას განიცდის, მარეგულირებელ ჯირკვალ ჰიპოფიზში ძლიერდება თირეოტროპული ჰორმონის (TSH) გამომუშავება, რათა ფარისებრი ჯირკვალი აიძულოს, რომ გააძლიეროს ფუნქციონირება და უფრო მეტი ჰორმონი გამოიმუშავოს. ამ „ზეწოლის“ შედეგად ხდება ჯირკვლის ზომაში მატება და ჩიყვის ჩამოყალიბება.
დიაგნოსტიკა და მართვა
ჰიპოთირეოზის დიაგნოზი ემყარება მარტივ ტესტებს, რაც გულისხმობს პირველ რიგში თირეოტროპული ჰორმონის (TSH) კვლევას და შემდეგ საჭიროების მიხედვით სხვა ინსტრუმენტულ თუ ლაბორატორიულ კვლევებს.
ჰიპოთირეოზის მართვა უმეტეს შემთხვევაში ასევე მარტივად ხდება ჰორმონ თიროქსინის სინთეზული ანალოგის მიღებით.
მკურნალობის გარეშე დატოვებული ჰიპოთირეოზი, როგორც წესი, პროგრესირებს და შეიძლება სერიოზული დეპრესიის ან სიცოცხლისთვის საშიში კარდიოლოგიური დაავადების მიზეზი გახდეს.
ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)