მედიცინაში ადამიანის სხეულის მასის შეფასების ძირითადი მიზანია ჭარბ წონასა და სიმსუქნესთან ასოცირებული ქრონიკული დაავადებების რისკის დადგენა.
ამისთვის ერთ-ერთი მიღებული მეთოდია სხეულის მასის ინდექსის გამოთვლა. ის განსაზღვრავს, თუ როგორია სხეულის მასა სიმაღლესთან მიმართებაში.
მის გამოსათვლელად საჭიროა მასა (კილოგრამებში) გაიყოს კვადრატში აყვანილ სიმაღლეზე (მეტრებში), ანუ
სმი = მასა (კგ)/სიმაღლე ²(მ²)
მიღებული მაჩვენებლის ინტერპრეტაცია ხდება შემდეგნაირად:
- <18,5 _ მასის დეფიციტი
- 18,5-24,9 _ ნორმალური მასა
- 25-29,9 _ ჭარბი წონა
- 30- 34,9 _ სიმსუქნე I ხარისხი
- 35-40 _ სიმსუქნე II ხარისხი
- >40 _ მორბიდული (უკიდურესი) სიმსუქნე.
სხეულის მასის ინდექსის ეს ფორმულა არ გამოიყენება ორსულების და 18 წლამდე ბავშვებისა და მოზარდების მასის შეფასებისთვის.
მეთოდის ნაკლოვანებას წარმოადგენს ის, რომ ფორმულაში არ არის გათვალისწინებული ისეთი პარამეტრები, როგორიცაა ასაკი, სქესი, ეთნიკური კუთვნილება და სხეულის აგებულების თავისებურებანი.
ამიტომ სრულყოფილი სამედიცინო შეფასებისთვის მნიშვნელოვანია გაიზომოს წელის გარშემოწერილობაც.
წელის გარშემოწერილობის გაზომვით დგინდება, აქვს თუ არა ადგილი ზედმეტი ცხიმის დაგროვებას მუცლის მიდამოში.
ის ფაქტორი, თუ რა ადგილას არის ცხიმი უმეტესად აკუმულირებული ადამიანის ორგანიზმში, შეიძლება მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იყოს ჯანმრთელობის პრობლემების შეფასებისთვის: მუცლის მიდამოში ცხიმის ჭარბი დაგროვება უფრო დიდი რისკის მაჩვენებელია, ვიდრე თეძოებსა და სხეულის სხვა ნაწილში.
წელის გარშემოწერილობის ნორმაა:
- მამაკაცისთვის _ 102 სმ-ზე ნაკლები
- ქალისთვის _ 88 სმ-ზე ნაკლები.
ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)