სწორი კვება

ჯანმრთელი კვების ზოგადი პრინციპები

ჯანმრთელი

ჯანმრთელი კვება წარმოადგენს ენერგიისა და საკვები ნივთიერებების სათანადო კომბინაციას.

საკვები უნდა იყოს დაბალანსებული და მოიცავდეს ყველა აუცილებელი ნივთიერების მიღებას განსაზღვრული რაოდენობით თუ ყოველდღიურად არა, თუნდაც კვირის განმავლობაში მაინც.

გამხდარი ფიგურის შესანარჩუნებლად ხშირად მიმართავენ სხვადასხვა პოპულარულ დიეტებს, რომლებშიც სრულიად დარღვეულია საკვები ნივთიერებების ბალანსი და რომლებიც გულისხმობს, მაგალითად, ცხიმის სრულ გამორიცხვას რაციონიდან, რამდენიმე კვების ამოგდებას რეჟიმიდან, ერთი სახეობის საკვების მიღებას ყოველდღიურად და ა. შ.

ამ სახის დიეტების ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს   ენერგიის და შრომისუნარიანობის დეფიციტი, ძვლების სტრუქტურის დაზიანება, თმის ცვენა, მეხსიერების დაქვეითება, გონებრივი შესაძლებლობების დარღვევა, მენსტრუალური დისფუნქცია ქალებში.

ჯანმრთელ კვებას აქვს ოთხი მახასიათებელი, ის უნდა იყოს: ადეკვატური, ზომიერი, ბალანსირებული, მრავალფეროვანი. რას გულისხმობს თითოეული მათგანი:

ადეკვატურობა

დიეტა რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმს ჯანმრთელობისთვის საჭირო ენერგიით, საკვები ნივთიერებებით და უჯრედისით.

ზომიერება

ერთი სახეობის საკვების დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სხვა ნივთიერების მოხმარების შეზღუდვა, რათა არ მოხდეს კალორიების გადაჭარბება. ეს კი გამოიწვევს კვების ბალანსის დარღვევას.

ბალანსი

კვება უნდა უზრუნველყოფდეს ორგანიზმისთვის ყველა აუცილებელი ნივთიერების მიწოდებას, რაც სხვადასხვა სახეობის პროდუქტის ბალანსირებული მიღებით არის შესაძლებელი. მაგალითად, ის, რაც არ არის ხორცში, არის ბოსტნეულში.

მრავალფეროვნება

სასურველია ყოველკვირეულად ახალი პროდუქტების ჩართვა/ჩანაცვლება მოხდეს რაციონში და თავიდან იქნეს აცილებული მუდმივად ერთიდაიგივე პროდუქტის მოხმარება (მაგალითად, ვაშლის ჩანაცვლება მსხლით, ბოსტნეულის სახეობების ცვლილება და სხვა).

ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)