ფარისებრი ჯირკვალი

მკურნალობის მეთოდის არჩევა გრეივსის დაავადების დროს

გრეივსის მკურნალობის მეთოდები

გრეივსის დაავადება, იგივე დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის პათოლოგიური გააქტიურებით ხასიათდება.

დაავადება აუტოიმუნურია. აუტოანტისხეულები გამომუშავდება ფარისებრი ჯირკვლის ერთ-ერთი სტრუქტურული კომპონენტის (თირეოტროპული ჰორმონის რეცეპტორების) მიმართ, რაც ჯირკვლის ზენორმული გააქტიურების და მის მიერ ჰორმონების ჭარბი გამომუშავების მიზეზი ხდება.

გრეივსის დაავადების წამყვანი გამოვლინებებია:

მკურნალობის ვარიანტები

დიაგნოზის დადასტურების შემდეგ უნდა შეირჩეს მკურნალობის მეთოდი.

ამერიკის თირეოიდული ასოციაციის გაიდლაინის მიხედვით გრეივსის დაავადების სამართავად არჩევანი უნდა გაკეთდეს დღეისათვის ხელმისაწვდომ სამ მეთოდს შორის. ესენია:

  1. რადიოიოდთერაპია
  2. ანტითირეოიდული მედიკამენტების გამოყენება
  3. თირეოიდექტომია – ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიული ამოკვეთა

მკურნალობის არჩევის საკითხი წყდება ერთობლივად ექიმის და ინფორმირებული პაციენტის მიერ. განხილული უნდა იქნას:

  • მეთოდის ლოკალური ხელმისაწვდომობის საკითხი
  • მკურნალობის სასურველი ეფექტის მისაღებად საჭირო პერიოდის ხანგრძლივობა
  • მკურნალობის შემდგომი აღდგენის სავარაუდო პერიოდი
  • მეთოდის დადებითი მხარეები
  • პოტენციური გვერდითი ეფექტები
  • ღირებულება

კვლევების თანახმად, ცხოვრების ხარისხი მომავალში თანაბარია მკურნალობის ამ მეთოდებიდან სამივე მათგანის გამოყენების შემთხვევაში.

რადიოიოდთერაპია

მეთოდის არსი ასეთია: პაციენტი იღებს რადიოაქტიური იოდის შერჩეულ დოზას, რომელიც ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ შთაინთქმება ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების მიერ. აქ მოხვედრილი იოდი თავისი რადიოაქტივობის ხარჯზე იწყებს უჯრედების განადგურებას და შედეგად ფარისებრი ჯირკვალი წყვეტს ფუნქციონირებას/ჰორმონების წარმოქმნას.

მართალია, სიტყვა ,,რადიოაქტიური” შეიძლება შემაშფოთებლად ჟღერდეს, მაგრამ ეს მეთოდი უკვე რამდენიმე ათეული წელია წარმატებულად გამოიყენება მედიცინაში და ითვლება გრეივსის დაავადების და ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობის უსაფრთხო და ეფექტურ საშუალებად.

კლინიკური სიტუაციები, რაც თერაპიის ამ მეთოდზე არჩევანის გაკეთებას ამართლებს და პაციენტები, რომლებიც რადიოიოდთერაპიის კარგი კანდიდატები არიან:

  • ქალი, რომელსაც სურს დაორსულება ახლო მომავალში (რადიოიოდთერაპიიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 6 თვე)
  • პაციენტები ისეთი თანმხლები დაავადებებით, რომლებიც ზრდის ქირურგიული ჩარევის რისკებს
  • პაციენტები, რომლებსაც წარსულში ჩატარებული აქვთ ქირურგიული მკურნალობა ან კისრის მიდამოს დასხივება
  • ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციებში სათანადოდ გამოცდილ ქირურგთან წვდომის არქონა
  • პაციენტები, რომლებშიც უკუნაჩვენებია ანტითირეოიდული მედიკამენტების მიღება, ან ამ მედიკამენტების გამოყენებით ვერ იქნა მიღწეული სასურველი შედეგი
  • პაციენტები პერიოდული თირეოტოქსიკური ჰიპოკალემიური პარალიზით

რადიოიოდთერაპია უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც არიან:

  • ორსულები
  • მეძუძური დედები
  • ქალები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას მომდევნო 4-6 თვის განმავლობაში
  • პირები, რომლებიც ვერ შეძლებენ დაიცვან რადიოიოდთერაპიის შემდგომი უსაფრთხოების რეკომენდაციები
  • გრეივსის დაავადების პარალელურად ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის დადასტურების ან მასზე ეჭვის არსებობის დროს

მკურნალობის ამ მეთოდის არჩევისას პაციენტისთვის მეტად პრიორიტეტულია:

  • ჰიპერთირეოზის ეფექტური სრული კონტროლი
  • ქირურგიული ჩარევისგან თავის არიდება
  • ანტითირეოიდული პრეპარატების გვერდითი მოვლენებისგან თავის დაცვა

უარყოფითი მხარეები:

  • ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მედიკამენტის სახით მიღების საჭიროება ცხოვრების ბოლომდე
  • თირეოტოქსიკოზის შედარებით ნელი კუპირება
  • გრეივსის ორბიტოპათიის აღმოცენების ან გამწვავების პოტენციური შესაძლებლობა

მკურნალობა ანტითირეოიდული მედიკამენტებით

ამ ტიპის მედიკამენტები ბლოკავს ფარისებრ ჯირკვალში ჰორმონების სინთეზის პროცესს და უზრუნველყოფს ლაბორატორიული მაჩვენებლების ნორმალიზებას და ჰიპერთირეოზის სიმპტომების აღმოფხვრას შესაბამისი დოზებით მიღების ფონზე.

მკურნალობა გრძელდება მინიმუმ 12-18 თვის განმავლობაში. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ თუ ლაბორატორიული მონაცემები იძლევა ამის საშუალებას, შესაძლებელია მედიკამენტის შეწყვეტა.

გარკვეულ შემთხვევებში მკურნალობის შეწყვეტას შესაძლოა მოჰყვეს რემისია – დაავადებამ დაიხიოს უკან. ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე. წლების შემდეგ მაინც რჩება ალბათობა, რომ დაავადების გამოვლინებები ისევ თავიდან დაიწყოს.

მკურნალობის ამ ვარიანტისთვის შესაფერისი კანდიდატები არიან:

  • პაციენტები, რომლებსაც რემისიის (დაავადების დროებით შეჩერების) მაღალი ალბათობა აქვთ. ესენია: პაციენტები, განსაკუთრებით ქალები, დაავადების მსუბუქი მიმდინარეობით, ჩიყვის მცირე ზომებით, თირეოიდული რეცეპტორების საწინააღმდეგო ანტისხეულების მცირედ მომატებული ან უარყოფითი მაჩვენებლით
  • ორსულები
  • ხანშიშესული ან ნაკლები ასაკის ისეთი პაციენტები, რომელთაც აქვთ მაღალი ქირურგიული რისკები ან მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირებულია თანმხლები დაავდებების გამო
  • პირები, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა დაიცვან რადოიოიოდთერაპიის შემდგომი უსაფრთხოების რეკომენდაციები
  • პაციენტები, რომელთაც ადრე უკვე ჩაუტარდათ ქირურგიული ჩარევა ფარისებრ ჯირკვალზე
  • პაციენტები, რომელთაც არ აქვთ წვდომა გამოცდილ თირეოიდულ ქირურგთან
  • პაციენტები საშუალო და მძიმე აქტივობის გრეივსის ორბიტოპათიით
  • პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ თირეოტოქსიკოზის სიმპტომების სწრაფ მოხსნას.

მეთოდის უკუჩვენებები:

  • ანტითირეოიდული მედიკამენტების გამოყენების ძირითადი უკუჩვენებაა წარსულ ანამნეზში დაფიქსირებული მათი გვერდითი ეფექტების გამოვლინების შემთხვევები.

მეთოდის დადებითი მხარეები:

  • დაავადების რემისიის მიღწევის ალბათობა
  • ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ცხოვრების ბოლომდე მიღების საჭიროების თავიდან აცილება
  • ქირურგიული ჩარევის თავიდან აცილება
  • რადიოაქტიური იოდით დასხივების თავიდან აცილება

უარყოფითი მხარეები:

  • მედიკამენტებისთვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები
  • მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ დაავადების ხელახლა აღმოცენების შესაძლებლობა

ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიული ამოკვეთა

გრეივსის დაავადების დროს ქირურგიული ჩარევა მოიცავს ჯირკვლის ქსოვილის ამოკვეთას მთლიანად.

ქირურგიული მეთოდის არჩევისთვის შესაფერისი კანდიდატები არიან:

  • ქალები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას 6 თვეზე ნაკლებ პერიოდში (აქ შედის ჰორმონული მაჩვენებლების მოსაწესრიგებლად საჭირო პერიოდიც)
  • დიდი ზომის ჩიყვის მქონე პაციენტები, რომლებშიც გამოხატულია კომპრესიის სიმპტომები
  • რადიოაქტიური იოდის ჩართვის დაბალი მაჩვენებელი
  • როცა დადასტურებულია, ან ეჭვი არსებობს ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეზე
  • უფუნქციო ან მცირე ფუნქციური აქტივობის კვანძების შემთხვევაში, განსაკუთრებით, თუ მათი ზომა მეტია 4 სმ-ზე
  • თუ არის თანმხლები ჰიპერპარათირეოზი (ფარისებრახლო ჯირკვლების დაავადება), რომელიც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას
  • თუ თირეოტროპული ჰორმონის რეცეპტორების საწინააღმდეგო ანტისხეულების მაჩვენებელი ძალიან მაღალია
  • თუ ანტითირეოიდული მედიკამენტებით მკურნალობა არ იძლევა რემისიას
  • პაციენტები გრეისვის ორბიტოპათიის საშუალო და მძიმე მიმდინარეობით.

ქირურგიული ჩარევის უკუჩვენებები:

  • თანმხლები მძიმე დაავადებები
  • ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციებზე გამოცდილ ქირურგთან წვდომის არქონა
  • ორსულობა მხოლოდ ნაწილობრივი უკუჩვენებაა. ქირურგიული ჩარევა ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა თირეოტოქსიკოზის სწრაფი მოხსნა და ამისთვის მედიკამენტების გამოყენება ვერ ხერხდება. ქირურგიული ჩარევისთვის შედარებით უსაფრთხო პერიოდია მეორე ტრიმესტრი.

მეთოდის დადებითი მხარეები:

  • ჰიპერთირეოზის მუდმივი მყარი კონტროლი
  • რადიოაქტიური იოდით დასხივებაზე თავის არიდება
  • ანტითირეოიდული მედიკამენტების შესაძლო გვერდით მოვლენებზე თავის არიდება

უარყოფითი მხარეები:

  • ქირურგიული ჩარევის თანმხლები პოტენციური რისკები
  • თირეოიდული ჰორმონით ჩანაცვლებითი თერაპიის მუდმივი საჭიროება.

ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)