ფარისებრი ჯირკვალი

რეკომენდაციები ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციის შემდგომი პერიოდისთვის

ნაწიბური

ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიული ამოკვეთა (სამედიცინო ენაზე თირეოიდექტომია) საჭირო ხდება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა:

  • მრავალკვანძოვანი ჩიყვი
  • ტოქსიკური კვანძოვანი ჩიყვი
  • ავთვისებიანი ან საეჭვო კვანძი ფარისებრ ჯირკვალში
  • გრეივსის დაავადება

ქირურგიული ჩარევის ტიპი პირველადი დიაგნოზის მიხედვით განსხვავებულია და შესაძლოა მოიცავდეს:

  • ჯირკვლის სრულ ამოკვეთას
  • ჯირკვლის ნაწილის ამოკვეთას
  • სრულ ამოკვეთას კისრის ლიმფურ კვანძებთან ერთად

ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ოპერაციის შემდგომი აღდგენის პერიოდი ინდივიდუალურად მიმდინარეობს. სტატიაში მოცემული ზოგადი ხასიათის რჩევები შეგიძლიათ გაითვალისწინოთ იმ შემთხვევაში, თუ პირადი ექიმისგან სხვაგვარი რეკომენდაციები არ გაქვთ მიღებული.

ჭრილობა და ნაწიბური ოპერაციის შემდეგ

შხაპის მიღება შესაძლებელია ქირურგიული ჩარევიდან 24 საათის შემდეგ.

აბაზანა, ჯაკუზი და აუზში ცურვა არ არის რეკომენდირებული მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში.

ოპერაციიდან 1-3 დღის შემდეგ ჭრილობის გარშემო შესაძლებელია განვითარდეს შეშუპება ან ჩალურჯება.

პირველი ერთი კვირა ძილის დროს უმჯობესია 2-3 ბალიში იქნას გამოყენებული,რათა თავი და კისერი შემაღლებულზე იყოს. ეს ამცირებს შეშუპებას და დისკომფორტს.

პირველი 1-2 კვირის განმავლობაში ასევე შესაძლებელია საყლაპავის მიდამოში გაჩნდეს სიმკვრივის, შეშუპების, სისავსის შეგრძნება და ადგილი ჰქონდეს ყლაპვის გაძნელებასაც. ეს შეგრძნებები ნორმალურია და გაივლის 6-8 კვირის ვადაში.

ნაწიბური ყველაზე მეტად შესამჩნევია პირველი 1-2 თვის განმავლობაში. 2-3 თვეში მისი ვიზუალური მხარე საგრძნობლად უმჯობესდება და მომდევნო 6-9 თვეში თანდათან ფერმკრთალდება.

მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით ნაწიბური შესაძლებელია გამუქდეს, ამიტომ საჭიროა მზისგან დამცავი კრემის გამოყენება მინიმუმ პირველი წლის განმავლობაში.

ნაწიბურს თავისი საბოლოო ფორმის და ფერის მისაღებად სრული ერთი წელი სჭირდება და საბოლოოდ ის თითქმის შეუმჩნეველი ხდება.

ტკივილი ოპერაციის შემდეგ

ჭრილობის მიდამოში ცივი საფენების დადება ამსუბუქებს ტკივილს და შეშუპებას. ეს განსაკუთრებით ეფექტურია პირველი 24 საათის განმავლობაში.

თავად განაკვეთთან დაკავშირებული ტკივილი, როგორც წესი, მსუბუქია. უფრო მეტი დისკომფორტი შეიძლება გამოიწვიოს ტკივილმა საყლაპავის მხრიდან.

ზოგჯერ ასევე აღინიშნება კისრის, მხრების, ზურგის კუნთების დაჭიმულობა და ტკივილი მოძრაობისას, რაც რამდენიმე დღეში ან კვირაში გაივლის.

ამ სიმპტომების შესამსუბუქებლად ხშირად საკმარისია აცეტამინოფენის (პარაცეტამოლის) მიღება, მსუბუქი მასაჟები და თბილი კომპრესები.

ხშირად ჭრილობის გარშემო დაბუჟების შეგრძნება ჩნდება და მის გაქრობას შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს, იშვიათად კი პერმანენტული ხასიათიც მიიღოს.

თავის მოძრაობა შეზღუდული არ არის, თუმცა საწყის პერიოდში უნდა იქნას არიდებული თავის მკვეთრად უკან გადაწევა.

ხმის შეცვლა

ქირურგიული ჩარევის შემდეგ შეიძლება ხმა გახდეს უხეში, ხრინწიანი ან შესუსტებული. უმრავლეს შემთხვევაში ეს ნორმალური მოვლენაა და არ ნიშნავს იმას, რომ ხმის მაკონტროლებელი ნერვი არის დაზიანებული.

ამ შემთხვევაში ხმის შეცვლის მიზეზი არის სასუნთქი მილის გამოყენება ოპერაციის მსვლელობისას, რაც იწვევს სახმო იოგების მექანიკურ გაღიზიანებას.

ხმა ჩვეულებრივ ნორმას უბრუნდება 6-8 კვირის ვადაში.

თუ ოპერაციის დროს შემთხვევით დაზიანდა ხმის მაკონტროლებელი ნერვი (რომელიც ანატომიურად ფარისებრ ჯირკვალთან ძალიან ახლოს მდებარეობს), ხმის ცვლილება ამ შემთხვევაში შეიძლება შეუქცევადი იყოს.

მედიკამენტები ოპერაციის შემდეგ

თირეოიდული ჰორმონი – იმის მიხედვით, თუ რა მასშტაბის ჩარევა ჩატარდა, ჯირკვლის რა ნაწილი იქნა ამოღებული და რა იყო საწყისი დიაგნოზი, ხშირად საჭირო ხდება ე.წ. ჩანაცვლებითი თერაპიის დაწყება. ეს გულისხმობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მედიკამენტის სახით მიწოდებას, რათა თავიდან იქნას აცილებული ჰიპოთირეოზის (თირეოიდული ჰორმონების დეფიციტი) განვითარება. თუ ჯირკვლის ქსოვილი მხოლოდ ნაწილობრივ ამოიკვეთა, შესაძლოა ფუნქციური უკმარისობა არც დაფიქსირდეს და დარჩენილმა ნაწილმა სრულად აიღოს თავის თავზე ორგანიზმის მომარაგება საჭირო რაოდენობის ჰორმონებით.

კალციუმის პრეპარატები – ჯირკვლის სრული ამოკვეთის შემდეგ კალციუმის დონე ორგანიზმში შეიძლება დაქვეითდეს. ამის მიზეზი არის ქირურგიული ჩარევის გავლენა პარათირეოიდული ჯირკვლებზე, რომლებიც არეგულირებენ კალციუმის ცვლას. ეს 4 პატარა ენდოკრინული ორგანო უშუალოდ ფარისებრი ჯირკვლის უკანა კედელზე არის განლაგებული, ამიტომ პარათირეოიდული ჯირკვლების ფუნქციონირების გარდამავალი, დროებითი დარღვევა თირეოიდექტომიას ხშირად ახლავს. მათი სრულფასოვანი მოქმედების აღდგენამდე კი, საჭირო ხდება კალციუმის პრეპარატების გამოყენება. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ კალციუმის პრეპარატის მიღება არ უნდა მოხდეს თიროქსინთან ერთად, მათ შორის შუალედი უნდა იყოს მინიმუმ 4 საათი. რადგან კალციუმი აფერხებს თიროქსინის პრეპარატის ათვისებას.

D ვიტამინი – კალციუმთან ერთად, როგორც წესი, ინიშნება D ვიტამინიც, რომელიც აუცილებელია ნაწლავებიდან კალციუმის სრულყოფილი შეწოვისთვის.

თუ ქირურგიული ჩარევა ჩატარდა ავთვისებიანი კვანძის გამო, ოპერაციის შემდგომ პერიოდში შეიძლება დაიგეგმოს რადიოაქტიური იოდით მკურნალობა, რაც ანადგურებს ორგანიზმში დარჩენილ ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებს და ამით მინიმუმამდე დაჰყავს რეციდივის რისკი.

ფიზიკური აქტივობების განახლება

7 კგ-ზე მეტი სიმძიმის აწევის შეზღუდვა უმეტესად იხსნება 2 კვირის შემდეგ, თუ სხვა რეკომენდაცია არ არის გაცემული პირადი ექიმისგან. ასევე ამ პერიოდის შემდეგ სრულად შეიძლება აღდგეს ყოველდღიური ფიზკური აქტივობები.

მანქანის ტარება დაშვებულია მას შემდეგ, რაც შესაძლებელი გახდება თავის თავისუფლად მიტრიალება ოთხივე მიმართულებით ტკივილის გარეშე. ასევე თუ არ ხდება ძლიერი ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლების გამოყენება.

საოფისე სამსახურში დაბრუნება შესაძლებელია მალევე, 2-3 დღის ან ერთი კვირის შემდეგ. ხოლო თუ სამსახური ფიზიკურ შრომასთან არის დაკავშირებული, მუშაობის განახლების ვადები სჯობს ქირურგმა განსაზღვროს საკონტროლო ვიზიტისას.

ოპერაციის შემდგომი შესაძლო გართულებები

თირეოიდექტომია ზოგადად უსაფრთხო პროცედურაა, მაგრამ, ისევე როგორც ნებისმიერ ქირურგიულ ჩარევას, მასაც შეიძლება ახლდეს გართულებების რისკები, როგორიცაა:

  • სისხლდენა
  • ინფექცია
  • პარათირეოიდული ჰორმონის დეფიციტი მისი წარმომქმნელი ჯირკვლების დაზიანების გამო
  • სასუნთქი გზების ობსტრუქცია სისხლდენის გამო
  • ხმის შეცვლა შეუქცევადად: გაუხეშება ან შესუსტება ნერვის დაზიანების გამო.

როდის არის საჭირო ექიმთან მიმართვა

უმეტეს შემთხვევაში პოსტოპერაციული პერიოდი გართულებების გარეშე მიმდინარეობს, მაგრამ თუ აღინიშნება რომელიმე ჩამოთვლილთაგან, სჯობს ექიმთან მოხდეს გასაუბრება:

  • ლაპარაკის ან სუნთქვის გაძნელება
  • დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება ტუჩებზე და პირის გარშემო, ან თითების ბოლოებში სხეულის ორივე მხარეს. თუ ეს სიმპტომი გაგრძელდა 30 წუთზე მეტ ხანს, ის შეიძლება მიუთითებდეს კალციუმის კრიტიკულ დეფიციტზე
  • სხეულის ტემპერატურის მომატება 38.5 C-ზე მაღლა. ტემპერატურის ხშირი სინჯვა ოპერაციის შემდეგ არ არის რეკომენდირებული. გასინჯვა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თვითშეგრძნებაზე დაყრდნობით სავარაუდოა მისი მომატება. მცირედი აწევა საღამოს და დილით ადრე ჩვეულებრივი მოვლენაა და არ მიანიშნებს ინფექციის არსებობაზე.
  • სუნთქვის გაძნელება და ყვითელი ფერის ნახველი
  • ცვლილება ჭრილობის მიდამოში: გაწითლება ან ჭარბი გამონადენი
  • შარდვის გაძნელება
  • თუ არინიშნება ზოგადი თვითშეგრძნების გაუარესება გაუმჯობესების ნაცვლად.

ავტორი: ელგა გიორგაძე