ფარისებრი ჯირკვალი

ფარისებრი ჯირკვალი და სიმსუქნე

ფარისებრი ჯირკვალი და სიმსუქნე

პოპულარული მოსაზრების თანახმად, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები სხეულის მასის მატების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია. თუმცა, ასეთი ზოგადი ფორმულირება კონკრეტულ შემთხვევებში შეიძლება ზოგჯერ შეუსაბამო აღმოჩნდეს.

ფარისებრი ჯირკვალი და მისი როლი

ფარისებრი ჯირკვალი პეპლის ფორმის ორგანოა. ის მდებარეობს კისრის წინა ქვედა ზედაპირზე და მონაწილეობს უმნიშვნელოვანეს სასიცოცხლო პროცესებში.

კერძოდ, მისი ჰორმონების დახმარებით რეგულირდება სხეულის ტემპერატურა, კუნთოვანი ძალა, გულის მუშაობა, სუნთქვა, რეპროდუქცია და სხეულის მასა.

სიმსუქნე

სიმსუქნე ქრონიკული დაავადებაა და ხასიათდება ზედმეტი რაოდენობის ცხიმის დაგროვებით.

მასთან არის დაკავშირებული ისეთი სერიოზული დაავადებებების რისკების ზრდა, როგორიცაა: გულის პათოლოგიები, მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ზოგიერთი ორგანოს სიმსივნეები.

კავშირი ფარისებრ ჯირკვალსა და სხეულის მასას შორის

ეს კავშირი ძალიან მჭიდროა. სხვა მრავალ სასიცოცხლო პროცესთან ერთად ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით რეგულირდება მიღებული საკვების ენერგიად გარდაქმნის და შემდეგ ამ ენერგიის მოხმარების პროცესები.

უფრო კონკრეტულად, მათი ზედამხედველობის ქვეშ არის ე.წ. ძირითადი ცვლა (ეს არის ორგანიზმის მიერ ენერგიის ხარჯვა ფიზიკური აქტივობის გარეშე სრულად მოსვენებულ მდგომარეობაში), ასევე სითბოს წარმოქმნა, ცხიმის და ნახშირწყლების სინთეზი და დაშლა, მადის ინტენსივობა.

ამიტომ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების რაოდენობრივი ცვლილებები აისახება სხეულის მასაზეც.

თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა ამ პროცესში ფარისებრი ჯირკვლის გარდა ასევე მონაწილეობს სხვა ბევრი ჰორმონი, პროტეინი, ქიმიური ნაერთი. რაც ართულებს განსაზღვრას, რა კონკრეტული ეფექტი შეიძლება იქონიოს ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევებმა სხეულის მასაზე.

სხეულის მასის ცვლილება ჰიპერთირეოზის დროს

ჰიპერთირეოზი ფარისებრი ჯირკვლის აქტივობის პათოლოგიური მომატებაა, რაც მისი ჰორმონების ჭარბი გამომუშავებით ვლინდება.

ჰორმონების რაოდენობის მატება მათი მოქმედების ინტენსივობასაც ზრდის. კონკრეტულად, ხდება ძირითადი ცვლის გაძლიერება, კალორიების მოხმარების და შედეგად, საკვებზე მოთხოვნილების ზრდაც. ეს კი მადის მომატებით ვლინდება.

ჰიპერთირეოზის ერთ-ერთი მახასიათებელი სიმპტომია წონაში კლება. რაც სხვა სიმპტომების მსგავსად ზოგჯერ გამოვლინდება (და ამ შემთხვევაში ის საკმაოდ მკვეთრადაა გამოხატული), ზოგჯერ – არა.

მადის მომატების გამო შესაძლებელია ზოგ შემთხვევაში მასის მატებაც კი დაფიქსირდეს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად იზრდება მიღებული კალორიების რაოდენობა.

ჰიპერთირეოზის წარმატებული მკურნალობის შემდეგ ჰორმონული მაჩვენებლები უბრუნდება ნორმას. ასევე საწყის დონეზე ბრუნდება დაკლებული წონაც. ანუ ჰიპერთირეოზის გამო დაკლებული კილოგრამების შენარჩუნება არ ხდება.

ჰიპოთირეოზის გავლენა სხეულის მასაზე

ჰიპოთირეოზი მდგომარეობაა, როცა ფარისებრი ჯირკვალი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით ჰორმონებს და ორგანიზმში მათი დონე ნორმალურზე ნაკლებია.

ჰიპოთირეოზის სიმპტომების ჩამონათვალში საპატიო ადგილს იკავებს სიმსუქნე.

ზედმეტი კილოგრამების მქონე პაციენტებში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევა ხშირად ტარდება იმ იმედით, რომ აღმოჩენილი იქნება თავად სიმსუქნის ან წონის კლებისკენ მიმართული ღონისძიებების წარუმატებლობის მიზეზი.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნაკლებობამ ნამდვილად შეიძლება გაზარდოს სიმსუქნის რისკები, რადგან ამ დროს ადგილი აქვს ძირითადი ცვლის პროცესების ინტენსივობის დაქვეითებას.

უფრო კონკრეტულად, წონაში მატების მიზეზი შეიძლება გახდეს:

  • მოსვენებულ მდგომარეობაში საჭირო ენერგიაზე მოთხოვნილების შემცირება, რაც ამცირებს ცხიმის დაშლას/მოხმარებას და ზრდის მის მარაგებს
  • დაქვეითებული ფიზიკური აქტივობა, რისი მიზეზიც არის ჰიპოთირეოზის მახასიათებელი ზოგადი სისუსტე და სხვა სიმპტომები
  • სითხის შეკავება, რაც ჰიპოთირეოზის მახასიათებელი ერთ-ერთი გამოვლინებაა.

მიუხედავად ამისა, უმეტეს შემთხვევაში წონის მასიური მატება ჰიპოთირეოზის ფონზე ნაკლებად აღინიშნება. უშუალოდ ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციით გამოწვეული ნამატი ძირითადად 5 კგ-ის ფარგლებშია. შესაბამისად, ჰიპოთირეოზის მკურნალობამ (ცხოვრების სტილის მოდიფიკაციის გარეშე) შეიძლება ვერ მოგვცეს სასურველი მკვეთრი შედეგი წონის კლების თვალსაზრისით.

თუ სიმსუქნის პარალელურად არ არის გამოხატული ჰიპოთირეოზის დამახასიათებელი სხვა სიმპტომებიც, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი გამომწვევი მიზეზი ფარისებრი ჯირკვალია.

ასევე, თუ მკურნალობის შედეგად ყველა სხვა სიმპტომები გამოსწორდა, სხეულის მასა კი დარჩა იგივე დონეზე, დიდი ალაბათობით სიმსუქნე არ არის გამოწვეული ფარისებრი ჯირკვლიდან.

ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა გვახსოვდეს, რომ სიმსუქნის ეტიოლოგია კომპლექსურია და ზედმეტი კილოგრამების მიზეზად არ უნდა იქნას მიჩნეული მხოლოდ ჰიპოთირეოზი.

ონლაინ კონსულტაცია

ამასთან, ბევრი ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტიც არსებობს ნორმალური წონით.

პაციენტს არ უნდა ჰქონდეს გადაჭარბებული მოლოდინი, რომ თიროქსინით მკურნალობის დაწყების შემდეგ წონაში მნიშვნელოვანი კლება მოხდება (სხვა ღონისძიებების: ჯანსაღი დიეტა, ფიზიკური აქტივობა და ა.შ. გარეშე). რადგან უმეტეს შემთხვევაში კლება მხოლოდ მსუბუქადაა გამოხატული და ზოგ შემთხვევაში საერთოდაც არ აქვს ადგილი.

სიმსუქნის გავლენა ფარისებრ ჯირკვალზე

როგორც ბოლო წლების მანძილზე დადგინდა, ზოგჯერ თავად სიმსუქნე შეიძლება იყოს ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული ცვლილებების გამომწვევი და არა პირიქით.

კერძოდ:

  • სიმსუქნე იწვევს TSH-ის მაჩვენებლის მომატებას
  • ზრდის ჰიპოთირეოზის განვითარების რისკებს
  • ზრდის ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადებების რისკებს, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში
  • იწვევს სტრუქტურულ ცვლილებებს ჯირკვალში და მისი მოცულობის ზრდას
  • ზრდის ფარისებრი ჯირკვლის კვანძების, მათ შორის ავთვისებიანი სიმსივნეების, განვითარების რისკებს

უფრო მეტი ინფორმაცია ამ მიმართულებით მოცემულია სტატიაში ექიმებისთვის: სიმსუქნის გავლენა ფარისებრ ჯირკვალზე

თიროქსინის პრეპარატების გავლენა სხეულის მასაზე

წარსულში თიროქსინის პრეპარატები აქტიურად გამოიყენებოდა წონაში კლების მიზნით ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური აქტივობის დროსაც.

დღეს კი ეს აღარ არის მიღებული პრაქტიკა, რადგან ორგანიზმში თიროქსინის ნორმაზე მეტ რაოდენობას ახლავს სერიოზული გვერდითი მოვლენები: ძვლების, გულ-სისხლძარღვთა და სხვა ორგანოთა სისტემების დარღვევების სახით.

გარდა ამისა, პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ, მისი წყალობით დაკლებული მასა ისევ უკან ბრუნდება.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ პაციენტთა გარკვეული ნაწილი მკაფიოდ აფიქსირებს ჰიპოთირეოზის მკურნალობის მიზნით თიროქსინის პრეპარატების მიღების ფონზე მასის კიდევ უფრო მომატებას. თუმცა, ამ დროისთვის არ არსებობს დადასტურებული მონაცემები იმის შესახებ, რომ ამ პრეპარატებს შეიძლება მსგავსი გვერდითი მოვლენა ჰქონდეს.

არის მოსაზრება, რომ გარკვეული მდგომარეობების თანხვედრისას შესაძლოა ხდებოდეს მედიკამენტის სახით მიღებული ჰორმონის ჭარბი გარდაქმნა მის არააქტიურ ფორმად. საკითხის ბოლომდე გარკვევა მეტ კვლევებს და ანალიზს საჭიროებს.

ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)